ევროატლანტიკური გზა მიგვიყვანს საყდრამდე?

2014 წლის კიევის „მაიდანი“ უკვე ისტორიის კუთვნილებაა და სრულიად გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ახალი წესრიგის დასაწყისი. თავისი მნიშვნელობით და პოლიტიკური სიღრმით, თუ პირველი „მაიდანი“, ყოფილი საბჭოთა სივრცის „ფერადი რევოლუციების“ წარმატებული დასაწყისი იყო, მეორე „მაიდანი“ ერთპოლუსიანობის განმტკიცების საწინდარია – აქედან გამომდინარე ქმედებებითა და მიზნებით.

ორივე „მაიდანმა“ სერიოზული დაღი დაასვა საერთაშორისო არენას და ფართო გასაქანი მისცა ერთპოლუსიანობის მუდამ მოტრფიალე ჰეგემონ ქვეყანას, რომელიც მხოლოდ თავის თავს ხედავს ერთპოლუსიანი მსოფლიოს სათავეში. აშშ-ი და დანარჩენი მსოფლიო და არა აშშ-ი დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად. მსოფლიოს მართვა ამერიკული დირექტივებით და, რაც მთავარია, მსოფლიოს საკუთარ თარგზე გამოჭრა – ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და თავისუფლების ძახილით.

დღევანდელი მსოფლიო, მისი იდეოლოგია, პოლიტიკური სტრუქტურა არ იზიარებს საყოველთაო მრავალპოლუსიანობის იდეას. ის, თანახმაა გააგრძელოს ცხოვრება ისე, როგორც „ცივი ომის“ დამთავრების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე. თუმცა არიან ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, სხვები, რომლებიც ნაკლებად იზიარებენ ერთპოლუსიან სისტემას და დაბეჯითებით იღვწიან მრავალპოლუსიანობის შესაქმნელად.

აქვე უნდა ითქვას, რომ მათ ბრძოლას მრავალპოლუსიანობისთვის აკლია „რაღაც“ და მასთან ერთად თანმიმდევრობა, რომლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ეს „რაღაც“ არის მძლავრი ეკონომიკა და საფინანსო სისტემა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დანარჩენ მსოფლიოზე, ამერიკის მიერ თავსმოხვეული, ანუ ამერიკული საფინანსო-ეკონომიკური გავლენის საპირისპირო, გონივრული მოქმედება, აშშ-ს მსგავსი მძლავრი სამხედრო მანქანის შექმნა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საკუთარი იდეების ექსპორტისა და განმტკიცების გარანტი იქნება.

მიუხედავად უდიდესი ვალებისა, ეკონომიკური ჩავარდნებისა, დოლარის კურსის დაწევისა, საზღვარგარეთ წარმოებული ომების წარუმატებლობისა, მსოფლიოში აშშ-ს მიმართ გაჩენილი სკეპტიციზმისა და ნაკლები სიყვარულისა, ეს ქვეყანა მაინც რჩება ჰეგემონად და არათუ უძლებს გარე შემოტევებს, მუდამ შეტევაზეა გადასული – ახალი ტერიტორიების საკუთარ სივრცეში მოსაქცევად.

ამ გზაზე საკუთარი და მსოფლიო ხალხების დასარწმუნებლად აშშ-ს აქვს მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა და მოკავშირეთა მედია. მთლიანობაში ეს არის ქვეყანა, როგორც იდეოლოგიის, ისე ეკონომიკისა და ფინანსების, აგრეთვე სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, რომელთანაც ამ ეტაპზე ჭირს პაექრობა.

იმისთვის, რომ აშშ-ს მეტოქე ქვეყნებმა – რუსეთმა და ჩინეთმა, შეძლონ საგნობრივი წინააღმდეგობის გაწევა, საჭიროა საფინანსო-ეკონომიკური სისტემის განვითარება, სამხედრო მანქანის დახვეწა-მშენებლობა და ისეთი იდეოლოგიის ჩამოყალიბება, რომელიც მიმზიდველი იქნება სხვა ქვეყნებისთვის.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სერიოზულ პაექრობას უწევდა დღევანდელ ჰეგემონსა და მის დასავლელ სატელიტებს – საბჭოთა კავშირი იყო. ხანგრძლივ ბრძოლასა და დაპირისპირებაში, აშშ-ა მოახერხა საბჭოთა კავშირში თანამოაზრეთა აღმოჩენა და მათი ხელით საბჭოთა იმპერიის დაშლა. გორბაჩოვის, იაკოვლევის, შევარდნაძის და სხვათა წყალობით, ისტორიას ჩაბარდა ქვეყანა – ერთადერთი მეტოქე დასავლეთისა. საბჭოთა ლიდერებმა დაშალეს და გაანადგურეს არა მარტო ბერლინის კედელი, არამედ ვარშავის პაქტი, გამოიყვანეს ჯარი გერმანიიდან.

შეგნებულად თუ შეუგნებლად, მათ არც კი გახსენებიათ „ნატოს“ სამხედრო ბლოკის შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხი. არადა საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ არც „ნატოს“ უნდა ეარსება.

საბჭოთა ლიდერები მხოლოდ ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის ბუშ-უფროსის სიტყვიერ დაპირებას დასჯერდნენ – დაანგრევთ ბერლინის კედელს, ფეხს არასდროს გადმოვდგამთ აღმოსავლეთისკენ, ანუ ნატო არ გაფართოვდება ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიებზე.

არც შევარდნაძეს და არც გორბაჩოვს თავში არ მოსვლიათ ბუშის დაპირების ქაღალდზე გადატანა და ხელშეკრულების გაფორმება. მაშინდელი „გულუბრყვილობა“, დღეს მძიმედ უჯდება რუსეთს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რასაც საფუძველი დაუდო ბელოვეჟის ტევრის სამთა შეთანხმებამ, ერთობ არალეგიტიმურმა და ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოებიდან ამოვარდნილმა, ყოფილი საბჭოთა კავშირი, უპირველესად რუსეთი, აშშ-ს სრულ დაქვემდებარებაში მოაქცია.

რუსეთის პრეზიდენტის ელცინის უსუსურმა პოლიტიკამ ეს ქვეყანა ე.წ. ლიბერალთა და ამერიკელ მოხელეთა სანავარდო სავანედ აქცია. და რომ არა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის დაგვიანებული გამოფხიზლება – რუსეთი თითქმის აღარ იარსებებდა, ანუ იქნებოდა მესამეხარისხოვანი, ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყანა.

ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებიდან დაწყებული, რუსეთი ცდილობს „სახელმწიფოს“ სახელის დაბრუნებას. ქვეყნის ეკონომიკისა და სამხედრო ძლიერების ჩამოყალიბებას. ბევრი რამ გაკეთდა ამ თვალსაზრისით, რამაც სერიოზული ფიქრი გამოიწვია ვაშინგტონში და რაც მთავარია, ახალი გეგმების შემუშავება.

ნურვინ იფიქრებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით ამერიკამ მიაღწია საწადელს და შეწყვიტა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთთან დაპირისპირება. პირიქით, დღის წესრიგში დადგა რუსეთის დაშლა. ჩეჩნეთის ომი ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა იყო.

მამა-ბუშის შემდგომმა პრეზიდენტმა კლინტონმა ახალი პროექტი შეიმუშავა – „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ და მასში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მიიზიდა. გარდა ამისა, გააფართოვა ნატოს გავლენა არა მარტო ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიებზე, არამედ ყოფილ საბჭოთა სივრცეზეც.

ვიღას ახსოვდა მამა-ბუშის დაპირება – „ერთი დიუიმითაც“ არ მივუახლოვდებით საბჭოთა საზღვრებსო. აშშ-ა ფართოდ გაშალა „ყვავილოვანი“ რევოლუციების ქსელი და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველო-უკრაინაში მისთვის ლოიალური ხელისუფლების მოყვანა მოახერხა. თვით რუსეთში მძლავრი ანტისახელმწიფოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება შეძლო.

აშშ-ს გავლენის ქვეშ მოქცეულმა საქართველო-უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ, ამერიკაში ნავარჯიშებმა და გაწვრთნილმა, უმალ წამოიწყო ყველა დარგის რეფორმა – განსაკუთრებით განათლების სისტემის. უკრაინის სკოლის სახელმძღვანელოებში გაქრა სამამულო ომის ცნება; წინა პლანზე წამოიწია უკრაინის არარსებულმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ; უკრაინელი ხალხის განსაკუთრებულობამ და, რაც მთავარია, უკრაინელსა და რუსს შორის უდიდესმა სხვაობამ.

უმდიდრესი  საბჭოთა რესპუბლიკა უკრაინა – ქურდულ სახელმწიფოდ იქცა. დედამიწაზე იშვიათია დღევანდელ ღარიბ უკრაინის ტოლ ქვეყანაში აუარება მილიარდერის არსებობა. ოლიგარქებისა და მარიონეტი უკრაინელი ხელისუფლების წყალობით და, რაც მთავარია, ვაშინგტონის კარნახით, უკრაინა, რუსეთს დაუპირისპირდა.

აშშ-ს ადმინისტრაციამ ყველაფერი იღონა უკრაინის გადასაბირებლად – ფული, იდეოლოგია, პროპაგანდა. და მივიღეთ ის, რასაც ჰქვია მეორე „მაიდანი“; მივიღეთ ის, რასაც ჰქვია ძმათა შორის ომი; პერმანენტული „ცხელი წერტილი“; რუსეთის საზღვრებთან სერიოზული თავსატკივარი და რაც მთავარია, რუსეთისადმი მტრულად განწყობილი უკრაინა.

სამწუხაროა, რომ ამ არაკეთილსინდისიერ საქმეში აშშ-ს გვერდს უმაგრებს ევროკავშირი, ზოგიერთი სხვა ქვეყანა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა, როგორც ასეთი, იმდენად აინტერესებს დასავლეთს, რამდენადაც ტრამპლინი რუსეთზე შეტევისთვის. თვით უკრაინის ბედი ნაკლები დარდია მისთვის.

უკრაინის მორჯულებითა და გაამერიკულებით იწყება რუსეთის დაშლის გეგმის ამოქმედება. რუსეთისთვის წყლის შესაყენებლად, რა არ იყო გამოყენებული – ხოდორკოვსკის პატიმრობა, მაგნიტსკის საქმე, ფუსი რიოტი, 2008 წლის ცხინვალის ომი, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევა, „ბოლოტნაია“ და ბოლოს უკრაინა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 23 წელიწადი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ნატო მჭიდროდ მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს. ევროპაში, რუსეთის სიახლოვეს, იგეგმება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება; რუსეთს უწესდება ეკონომიკური სანქციები, რომლებიც საბოლოო ჯამში დააკნინებს მის ეკონომიკას; რუსეთი მოიხსენიება აგრესიულ, აგრესორ ქვეყნად, სადაც დემოკრატია და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი.

რუსეთის იმიჯის დაცემაში უდიდესი წვლილი შეაქვთ ამ ქვეყნის ლიბერალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სისტემატურად ქადაგებენ ტელეკომპანიების „დოჟდის“, “RTYI”, რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში. არც სხვა ტელევიზიები აკლებენ ხელს.

ცნობილი რუსი ლიბერალები სისტემატურად უგზავნიან წერილებს აშშ-ს პრეზიდენტ ობამას, აშშ-ს ადმინისტრაციას, მაღალჩინოსნებს, თხოვნით – დაიცვან რუსეთი პუტინისგან. სულ ახლახანს ბრიტანულმა ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-მ ნახევარსაათიანი ვიდეო-ფილმი მიუძღვნა უკრაინის მოვლენებსა და რუსეთის პრეზიდენტს – ფილმის მიხედვით, დამნაშავე პუტინს.

ფილმში მთავარი გმირები, რუსი ლიბერალებია , ისეთები, როგორებიც არიან პავლოვსკი, შევცოვა, მურატოვი, ხოდორკოვსკი, დუგინი. ფილმში ხაზგასმულია რუსეთის ჯარისა და სამხედრო ტექნიკის არსებობა უკრაინის ტერიტორიაზე, მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში პუტინის წვლილი და ა.შ.

მეორე „მაიდანმა“ რუსეთის საზღვრებთან მიიყვანა ნატო; უზარმაზარი უკრაინა ჩამოაშორა რუსეთს და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა მას; შეარყია რუსეთის იმიჯი მსოფლიოში; გაუჩინა პერმანენტული თავსატკივარი უკრაინის სახით; განადგურებით დაემუქრა რუსეთის ეკონომიკას. და არა მარტო ეკონომიკას, საერთოდ არსებობას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის გელეტეის ოფიციალური განცხადება ბირთვული ბომბის შექმნის შესახებ, ამის დასტურია. უკრაინა, რომელსაც უკვე ჰქონდა ბირთვული არსენალი, ორი წლის განმავლობაში შეძლებს მის შექმნას. უკრაინას უკვე აქვს სამხედრო თვითმფრინავების სახით ბირთვული იარაღის მიზნამდე მიტანის საშუალება.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოჰყვეს  რუსეთის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ბირთვულიარაღიანი უკრაინის ხელისუფლების ქარაფშუტულ ქმედებას?!

გელეტეის განცხადებას რატომღაც არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია არც აშშ-ს და არც ევროკავშირის მხრიდან, ისე, როგორც ამას ადგილი არ ჰქონია ოდესის საზარელი მოვლენების ან აღმოსავლეთ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის დროს. ბირთვულიარაღიანი უკრაინა ერთობ არაკომფორტული სახელმწიფო იქნება მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩვენთვის.

  რას მოიმოქმედებს რუსეთი საპასუხოდ? მომავალი გვიჩვენებს.

უკრაინით, აშშ-ა განიმტკიცა ჰეგემონის პოზიციები, დაიმორჩილა პოლიტიკურად უსუსური და უთავმოყვარეო ევროკაშვირი და რაც მთავარია, მთელ მსოფლიოს დაანახა – როდესაც არსებობს აშშ-ს ინტერესები, არავითარი საერთაშორისო სამართალი არ არსებობს.

ბოლო 23 წელიწადის განმავლობაში აშშ-ს მოქმედებამ დაგვანახა, რომ მისთვის სხვისი კულტურა, აღმსარებლობა, ცხოვრების წესი არაფერია. მისთვის მთავარია იყო ისეთი, როგორც თვითონ. ვინც ამ მოსაზრებას არ გაიზიარებს – დაისჯება. აშშ-ს მოქმედებამ უნდა თვალი აგვიხილოს და დაგვაფიქროს – არის თუ არა არჩეული ევროატლანტიკური გზა ისეთი, საყდრამდე რომ მიგვიყვანს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.