ბრძოლა პირველობის შენარჩუნებისთვის გრძელდება

სულ ახლახანს, ორი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა ბრაზილიაში: ერთი – ფეხბურთში, მეორე – პოლიტიკაში. ორივე წარმატებით წარიმართა, თუმცა პირველმა თვით მასპინძელ ქვეყანას თავს ლაფი დაასხა და სამომავლო რევანშის ანაბარა დატოვა.

ბრაზილიის ფეხბურთს, თავისი არსებობის განმავლობაში, არასდროს განუცდია ესოდენ შეურაცხმყოფელი მარცხი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების თვალსაზრისით, ბრაზილიამ გაიმარჯვა.

დღეს, ყველა, როგორც ერთი აღიარებს, რომ ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ბრაზილიის ჩემპიონატი გამორჩეულია. ჩემპიონატის ორგანიზებულობამ და მისი ჩატარების სიმსუბუქემ მთელს მსოფლიოს დაანახა 200 მილიონიანი წარმატებული ბრაზილიის შესაძლებლობები. საშინაო ჩემპიონატში ბრაზილიის გუნდი მეოთხე აღმოჩნდა, არადა ქვეყანა პირველობას ვარაუდობდა.

ბრაზილიას არ გაუმართლა სპორტში, მაგრამ გაუმართლა პოლიტიკაში. მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ მან უმასპინძლა დიდ პოლიტიკურ ფორუმს – „ბრიკს”-ის სახელწოდებით. ამ შეხვედრაში თვით ბრაზილია იგულისხმება და მასთან ერთად მსოფლიოს ისეთი განვითარებადი ქვეყნები, როგორებიცაა: რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

თავისებური ლოგიკაა იმაში, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა, რომელმაც ესტაფეტა ბრაზილიას გადასცა. ამ უკანასკნელმა კი რუსეთს. სამივენი „ბრიკს”-ის წევრები არიან და დაბეჯითებით იღვწიან, ისე, როგორც ორგანიზაციის ორი წევრი ჩინეთი და ინდოეთი, მსოფლიო პოლიტიკის პლურალიზაციისთვის.

ბრაზილიის საკურორტო ქალაქ ფორტალეზაში გამართული სამიტი ბევრი რამით იყო აღსანიშნავი, უპირველესად კი შედეგით. „ბრიკს“-ის მე-6 სამიტში, მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებმა გამოაცხადეს საკუთარი საფინანსო პროექტის შემოღების თაობაზე, რომელმაც ჯეროვანი კონკურენცია უნდა გაუწიოს სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს.

ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ სწავლობენ თანამშრომლობის ახალ სფეროებს, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების აღიარების საკითხს, მოსახლეობის დასაქმების, საკადრო და დაზღვევის პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკის დაგეგმარების, საგარეო ვაჭრობის დაზღვევის თემებს, ელექტრონული ვაჭრობის სფეროში სემინარების ჩატარების საკითხს და სხვა.

სამიტმა დაადგინა „ახალი განვითარების ბანკის“ დაარსების და სავალუტო რეზერვის (100 მილიარდი დოლარი) შექმნის თაობაზე.

თავისთავად იბადება კითხვა – შეწყვეტენ „ბრიკს“-ის წევრი სახელმწიფოები საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის დაფინანსებას? ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია დამოკიდებული არიან მსოფლიო ბანკის დაფინანსებაზე, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ ეს ასე მოხდება არის, თუ არ შეიცვალა მსოფლიო საფინანსო სისტემის ხასიათი.

ფრანგული „ლე მონდი“ წერს: – „ბრიკს“-ის წევრებს სურთ შეეწინააღმდეგონ აშშ-ს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათ არ გააჩნიათ საერთო ალტერნატიული პროექტი, რომელიც შეცვლის მსოფლიო საფინანსო სისტემას“.

ჯერ-ჯერობით და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან თვით ორგანიზაცია 6 წელიწადია არსებობს, ხოლო მისი წევრების დაჟინებული სურვილი, რომ შეიცვალოს მსოფლიოს პოლიტიკური და საფინანსო კონსტიტუცია იმდენად დიდია, რომ ძნელია მას წინ რამე აღუდგეს.

მაინც რით არის გამოწვეული ამ ხუთეულის გეგმები?

მსოფლიოში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, როგორც პოლიტიკურმა, ისე საფინანსომ, დაანახა ხუთეულს, რომ ვითარება მძიმეა, არ ექვემდებარება შეცვლას, რაც სერიოზულ ზიანს მოუტანს არა მარტო მათ, არამედ მსოფლიოს. მათ დაინახეს, რომ დასავლეთი და მათი ლიდერი აშშ-ი, მოწოდებული არ არიან თანამედროვე მსოფლიო განვითარებას აუწყონ ფეხი. საერთაშორისო ვითარებისთვის დამახასიათებელი გახდა გაურკვევლობა, მოულოდნელობა, გაუთვლელი პოლიტიკის დომინირება, საინფორმაციო ომის ტენდენციურობა, ორმაგი სტანდარტების ზეობა და სხვა ნეგატიური მაგალითები.

როდესაც ჰეგემონი ქვეყნის პრეზიდენტი კმაყოფილებით იტყვის, რომ მძლავრმა ამერიკულმა საინფორმაციო მანქანამ დაარწმუნა მსოფლიო რუსული დათვის მზაკვრულობასა და აგრესიულობაში, ყველაფერი ნათელია.

„ბრიკს“-ის შექმნით გაჩნდა გზა დაკარგული მსოფლიო ბალანსის აღსადგენად, მსოფლიო სტაბილურობის აღდგენისა და განვითარებისთვის. პირველი სამიტი, 2009 წელს გაიმართა ქ.ეკატერინბურგში. თვალი შევავლოთ „ბრიკს“-ის სტატისტიკას – ერთიანი ეროვნული პროდუქტი – მსოფლიოს 27%-ია, ელექტროენერგიის მოხმარება – 35%, ოქროსა და ვალუტის რეზერვი – მსოფლიო რეზერვის 40%, „ბრიკს“-ის ქვეყნებში მსოფლიო მოსახლეობის 43%.

„ბრიკს“-ის მნიშვნელობა არა მარტო ამ მშრალი ციფრებით გამოიხატება. ამ ორგანიზაციას სხვაც აქვს – ფართო წარმომადგენლობა ცივილიზაციურ და სოციო-კულტურულ დარგში. მონაწილე ქვეყნები არიან მთავარი წარმომადგენლები მსოფლიოს 5 ცივილიზაციის არეალისა, რაც თავისთავად უწყობს ხელს მათ, გულთან ახლოს მიიტანონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის პრობლემები.

მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და რუსეთის წინააღმდეგ ვაშინგტონ-ბრიუსელის სანქციების პრაქტიკამ თავისთავად გამოიწვია ორგანიზაციის მიერ ახალი საწინააღმდეგო მექანიზმების შემოღების აუცილებლობა – საერთაშორისო ანგარიშსწორების ახალი სისტემა, კოლექტიური სადაზღვევო ფონდის დაარსება და სხვა. გარდა ამისა საინფორმაციო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

იმთავითვე ნათელი იყო, რომ „ბრიკს“-ის შექმნა და მისი საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკურ დონეზე აყვანა, უდავოდ გამოიწვევდა კოლექტიური დასავლეთისა და აშშ-ს გაღიზიანებას. „ბრიკს“-ის სახით ამ უკანასკნელმა მიიღო საკუთარი ჰეგემონიზმის საწინააღმდეგო გამოწვევა. და ნაცვლად იმისა, რომ მას გაცილებით ნაკლები კონფრონტაციული გზა აერჩია, ანუ „ბრიკს“-თან საერთო ენის გამოძებნის გზა, მან ნაცადი, ძველი მეთოდი გამოიყენა – კონფრონტაციის და დაპირისპირების.

სიბერეში შესულმა ჰეგემონმა, რომელსაც შემოაკლდა ვასალთა მხარდაჭერა – კონფრონტაციის გარდა ვერაფერი მოიფიქრა. „ბრიკს“-ს თავისთავად გააჩნია, როგორც ავტორიტეტი, ისე ძალა გაუმკლავდეს გამოწვევას და შესაბამისი პასუხი გასცეს მას. ცხადია, აღნიშნულს არა მარტო შიდა კონსენსუსი სჭირდება, არამედ დრო და რაც მთავარია დაძაბული შრომა.

მეექვსე სამიტი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მეორე სამუშაო დღე ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებთან შეხვედრას დაეთმო, ვინც იზიარებს „ბრიკს“-ის იდეას. ასეთთა რიცხვი ჯერ-ჯერობით 12-ია, მომავალში კი ზრდა უნდა ვივარაუდოთ.

“ბრიკს”-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საპირწონედ ვაშინგტონმა უმალ გამოაცხადა სადამსჯელო ღონისძიება – მოსკოვისთვის ახალი, ანუ ე.წ. ეკონომიკური სანქციების დაწესების მესამე ფაზა. საბაბი – უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსეთის აქტიური ჩარევა. არადა, თუ ვინმე დაბეჯითებით ითხოვს ომის შეჩერებას და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აქტიურ ჩარევას – რუსეთია.

უფრო მეტიც, რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა თავის საზღვრებზე უკრაინასთან, განალაგოს ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რათა დაარწმუნოს დასავლეთი, რომ არავითარ სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის (მეომრების) რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში შესვლა-შეტანას ადგილი არ აქვს. რატომღაც ამ წინადადებას არც ვაშინგტონი და არც კიევი არ გამოხმაურებია, რაც იმის მაუწყებელია, რომ ისინი მხოლოდ რიტორიკის დონეზე მოითხოვენ საომარი ვითარების ჩაცხრომას და არა საქმით.

კიევის დღევანდელი ხელისუფლება, ვაშინგტონის და მხოლოდ ვაშინგტონის მარიონეტი, არაფრად აგდებს ევროპელთა გამუდმებულ შეხსენებას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მეამბოხეებთან მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. თითქოს, ეს მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ სერიოზული გაგრძელება აღარ ჰქონია. უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც თითქოს თანახმაა მსგავსი მოლაპარაკების, მეორე წუთში საწინააღმდეგოს აკეთებს და ეს მეორე წუთი ვაშინგტონთან კონსულტაციის შემდეგ დგება. ყოველივე ამას კი უდიდესი მსხვერპლი და ლტოლვილთა დიდი ნაკადი ახლავს თან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სადამსჯელო ოპერაციას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. გარდა ამისა ნადგურდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა. უკრაინის მოქალაქეები იძულებული არიან გადალახონ რუსეთის საზღვარი და თავშესაფარი მოითხოვონ იქ. ბოლო მონაცემების მიხედვით ნახევარი მილიონი ადამიანი იმყოფება რუსეთში – უკრაინიდან გამოქცეული, ცარიელ-ტარიელი, შეშინებული და იმაზე მაფიქრალი, რომ სამარადისოდ უარი თქვას უკრაინისკენ გახედვაზე. მათი მიზანი – რუსეთში დარჩენაა და იქ ახალი ცხოვრების დაწყება.

რას ნიშნავს ყოველივე ეს?

ერთ მარტივ პროექტს, რომელსაც დაუფარავად მუდამ გაიძახის კიევის „მთავრობა“ – რუსული წარმოშობის მოქალაქეებისგან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის განთავისუფლება.

უკრაინის სადამსჯელო ოპერაცია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის მოსახლეობიდან განთავისუფლებას გულისხმობს, ეუთოს დამკვირვებლებმაც თავიანთი თვალით დაინახეს. მათი აზრით, „სეპარატისტების“ წინააღმდეგ კი არ მიმდინარეობს საომარი მოქმედება, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

შედეგი  სახეზეა – დანგრეული საცხოვრებელი სახლების, საყოფაცხოვრებო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვის სახით. ასეთ დროს, ნაცვლად იმისა, რომ ვაშინგტონმა სხვაგვარად, მკაცრად მოსთხოვოს პასუხი კიევს, პირიქით, ახალისებს მას და ნაცვლად ცეცხლის შეწყვეტისა, ომის ესკალაციისკენ მოუწოდებს.

უკრაინული სამხედრო პოლიგონი სხვა საქმისთვისაა გამოგონილი. მისი დანიშნულება, დღესავით ნათელია, თუმცა მისაღები დღევანდელი კიევის მთავრობისთვის.  ეს პოლიგონი რუსეთისთვისაა გამოგონილი, მისი დაჩოქებისთვის, მსოფლიო არენაზე დისკრედიტაციისა და გაშავებისთვის.

ამ საქმეში ჰეგემონს, უდავოდ ხელს უწყობს ევროპელი პარტნიორი „ევროკაშირი“, თუმცა ხშირად მასაც უჩნდება ეჭვი, მაგრამ რა გაეწყობა, საკუთარი სურვილით გაჰყო თავი იმ ამერიკულ უღელში, ისე როგორც საქართველომ ევროკავშირის უღელში.

საქართელოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და ისეთი ვერბალური ზარ-ზეიმი მოაყოლა – ესაოდა ახლად იშვა ქვეყანაო. არადა იმ უღელში გაჰყო თავი, რომელსაც სუვერენიტეტი ნამდვილად არ ჰქვია. ქართველ პარლამენტარებს „გაბედნიერება“ მიულოცა ევროკავშირის წევრობით დავრდომილმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არადა ბულგარეთს რა აქვს სათქმელი, როდესაც ევროკავშირში 10-წლიანმა ყოფნამ მხოლოდ ნგრევა და უბედურება მოუტანა. ერთ დროს წარმატებული აგრარულ-სამრეწველო ქვეყნის მოქალაქეები მათხოვრებად არიან მოდებული ევროპას.

პარლამნტის საზეიმო სხდომაზე ქართველთა წამახალისებელმა ბულგარელმა მინისტრმა მანამდე რუს კოლეგასთან გამართა მოლაპარაკება – „სამხრეთის ნაკადის“ (გაზის) მშენებლობის თაობაზე. „ბულგარელებს გვინდაო ამ პროექტის განხორციელება, მაგრამ საბოლოო პასუხი ბრიუსელმა უნდა თქვასო“, – არადა „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობაზე რახანია ბულგარელებმა ხელი მოაწერეს.

მოაწერეს, მაგრამ მერე რა? მან, როგორც ჩანს, ვერც თავი დაიცვა და ვერც ქვეყნის სუვერენიტეტი. სოფიაში ჩასულმა, გაცოფებულმა ამერიკელმა სენატორმა მაკკეინმა და მისმა კოლეგებმა, სულ სახეში ურტყეს ბულგარეთის მთავრობას – ეს, როგორ გაბედეთო. არადა ბულგარეთი, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, დიდ შემოსავალს ელოდება „სამხრეთის ნაკადის“-გან, გარდა ამისა, გაზს.

ესეც თქვენი სუვერენიტეტი!

ბულგარეთი რა მოსატანია, როდესაც მძიმეწონიანი გერმანია ლამისაა ფიანდაზად გაეგოს ამერიკელ ობამას. გასაოცარია მისი ქცევაც. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ერთ პოზიციას აფიქსირებს, ხოლო ობამასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ – მეორეს. ასე იყო ამჯერადაც. ბრაზილიაში, პუტინთან შეხვედრის შედეგი, ობამასთან სატელეფონო საუბრის დროს შეიცვალა და თუ მთლად არა, მერკელმა ნაწილობრივ მხარი დაუჭირა ობამას წინადადებას სანქციების დაწესების თაობაზე.

ესეც თქვენი ევროპა და ევროპული პრინციპულობა. ესეც თქვენი მერკელი – ამერიკელთა მიერ არაერთხელ შეურაცხყოფილი სატელეფონო საუბრების მოსმენით და ა.შ.

მალაზიის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით მერკელის აზრის ცვალებადობა აოცებს კაცს. ჯერ განაცხადა, რომ გამოძიებამდე არ შეიძლება ვინმეს დადანაშაულება, ხოლო შემდეგ, ობამასთან სატელეფონო საუბრით გაბრუებულმა, დაურეკა საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდს და მოუწოდა არ მიჰყიდოს რუსეთს სამხედრო გემი „მისტრალი“.

მერკელის გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კემერონის სატელეფონო ზარმა. ბრიტანეთი, როგორც ყოველთვის, მზადაა შეასრულოს ვაშინგტონის ნებისმიერი დავალება.

ფორტალეზას მე-6 სამიტი რომ უღრუბლოდ არ ჩაივლიდა, იმთავითვე იყო ცნობილი. ისიც ცნობილი იყო, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ყველაფერს იღონებდა მოსკოვის წარმატებისთვის ტყუილ-მართალი ბარიერებით, მეტადრე ცილისწამებით, პრობლემები შეექმნა. მალაზიის თვითმფრინავის კატასტროფამ ჰაერივით მიუსწრო, ამერიკას. მიუსწრო, თუ …

ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება თვითმფრინავის დაღუპვასთან დაკავშირებით. გაეცემა თუ არა მათ კომპეტენტური პასუხი, არავინ იცის.

თვითმფრინავის კატასტროფიდან დღემდე, ოფიციალური ვაშინგტონის ქცევა აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ თვითმფრინავის „კარტი“ სწორედ ისაა, რამაც საფუძვლიანად უნდა შეურყიოს რუსეთს მსოფლიო ავტორიტეტი,  გამოიყვანოს ის აგრესორი, მზაკვარი ქვეყანა, რეიგანისა არ იყოს – ბოროტების ბუდე. როდესაც აშშ-ი პრეზიდენტი, გამოძიების დაწყებამდე აცხადებს, რომ თვითმფრინავი პრორუსულმა ძალებმა ჩამოაგდეს, რუსეთის დახმარებით, ყველაფერი ნათელია – დამნაშავე გამოვლენილია და დამნაშავის დამხმარე რუსეთიც.

არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ აინტერესებთ, რუსეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ამბოხებულთა მოსაზრება. მათთვის მთავარია დადანაშაულება. მსგავს ვითარებაში შეიძლება თუ არა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება და სინამდვილის დადგენა?

მაინც რა სჯიდა აშშ-ს პრეზიდენტს წინასწარ ხელი დაედო დამნაშავეზე? სრულიად მარტივი რამ – მოწინააღმდეგე რუსეთის ლაფში ამოსვრა, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კონტაქტების გაუქმება, ალყაში მოქცევა და საბოლოო ჯამში დაჩოქება.

ნაწილობრივ მან უკვე მიაღწია საწადელს. დასავლური მედია და ექსპერტები დაბეჯითებით ატრიალებენ ანტირუსულ „პლასტინკას“, განსაკუთრებით ანტიპუტინურს და ნაცვლად იმისა, წამით მაინც ყური დაუგდონ “დამნაშავე“ რუსეთის არგუმენტებს, თავისას (ვაშინგტონისას) გაიძახიან.

არადა არგუმენტები უდავოდ სერიოზულია და თუ მთლად არ არის ამერიკელთა მიერ სიმართლე და ჭეშმარიტება ფეხქვეშ გათელილი, მიუმხრობელმა საგამოძიებო კომისიამ ყურადღება უნდა მიაქციოს მათ.

რა არგუმენტები აქვს რუსეთს?

პირველი – საომარი პერიოდის განმავლობაში, უკრაინის ხელისუფლებამ რატომ არ აკრძალა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენება?

მეორე – უკრაინელმა (კიევი) დისპეტჩერებმა რატომ აიძულეს ლაინერის კაპიტანი შეეცვალა ფრენის კურსი 500 კილომეტრით ჩრდილოეთისკენ, ანუ იმ ტერიტორიისკენ, სადაც მიმდინარეობს აქტიური ომი?

მესამე – რით ამტკიცებს კიევის ხელისუფლება და მასთან ერთად აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ თვითმფრინავი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს?

მეოთხე – რით ამტკიცებს კიევის ხელისუფლება, რომ მეამბოხეებს აქვთ ისეთი იარაღი, რომელიც თავისუფლად ჩამოაგდებს ათი კილომეტრის სიმაღლეზე  მფრენ თვითმფრინავს?

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შესაბამისი რაკეტის ქონა უკრაინის მეამბოხეებს არაფერს აძლევს, ვინაიდან რაკეტის გაშვებას ესაჭიროება კვალიფიციური სამხედრო სპეციალისტები. კვალიფიციური სამხედრო სპეციალისტები კი რუსეთს ჰყავს, რომლებიც შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ისროლეს, ჩამოაგდეს მალაზიის თვითმფრინავი, ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ რუსეთში.

ამ ბავშვური ვერსიის გაბათილება მარტივად შეიძლება, თუკი დამოუკიდებელი ექსპერტები არატენდენციურად მიუდგებიან საქმეს. იბადება ერთობ უბრალო კითხვა – რაში სჭირდებოდა რუსეთს სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება?

არც არაფერში. და თუ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რაკეტას რუსი სპეციალისტები სჭირდებოდა, ასეთი სპეციალისტები, უდავოდ დაადგენდნენ, რომ თვითმფრინავი, სამოქალაქოა, თანაც უცხო ქვეყნის.

გამოძიება მალე დაიწყება, თუმცა რამდენ ხანს გასტანს ან რა შედეგს დადებს ძნელი  სათქმელია. არ არის გამორიცხული გამოძიებაზე ზეწოლაც, მაგრამ ის, რომ რუსეთი ვერასდროს ჩამოირეცხავს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ნასროლ დამადანაშაულებელ ტალახს, ფაქტია.

ბრძოლა პირველობის შენარჩუნებისთვის გრძელდება. ერთ მხარეს ვაშინგტონი და მისი მოკავშირეებია, მეორეზე ის ქვეყნები, მათ შორის “ბრიკს”-ის წევრები, რომლებიც მოწადინებული არიან შეცვალონ მსოფლიოს არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა და ვიდრე ეს კეთილშობილური პროექტი განხორციელდება – სისხლიც დაიღვრება, მათ შორის უდანაშაულოთა და მართლიც გამტყუნდება. რა გაეწყობა, მსოფლიოს ახალი წესრიგის შექმნას დრო და მსხვერპლი სჭირდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.