პრობლემებით აღსავსე ქალაქი

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით თბილისელთა ყურადღება მიიპყრო ცნობილი მწერლის გურამ ფანჯიკიძის კრიტიკულმა სტატიამ „თბილისი, გუშინ, დღეს, ხვალ“. მწერალი ყურადღებას ამახვილებდა დედაქალაქში არსებულ ნაკლოვანებებზე — ობიექტურად, საქმის ღრმა ცოდნით, გულისტკივილით, კეთილმოსურნე თბილისელის პოზიციიდან.

სტატიამ, რომელიც ცენტრალურ პრესაში დაიბეჭდა, დიდი გამოხმაურება პოვა საზოგადოებაში, რომელიც იზიარებდა ავტორის კრიტიკულ შეფასებას, თან იმედოვნებდა, რომ მწერლის მიერ ნასროლი ბასრი ისარი მიზანს მიაღწევდა.

ეს, ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე ვასილ მჟავანაძე ედუარდ შევარდნაძემ  შეცვალა. ახალ პარტიულ და ქვეყნის ხელმძღვანელს ობიექტური კრიტიკისადმი არ ჰქონია გაღიზიანებული დამოკიდებულება, პირიქით კრიტიკას, მისი მხრიდან, სწრაფი რეაგირება მოჰყვა, რამაც დადებითი როლი ითამაშა დედაქალაქის განვითარებაში.

ცნობისთვის შეგახსენებთ — იმჟამად გაზეთში გამოქვეყნებულ კრიტიკას, სატელევიზიო გადაცემას, ქვეყნის ხელმძღვანელების მიმართ მიწერილ წერილს უმალ მოჰყვებოდა ხოლმე საკითხის შესწავლა და გადამჭრელი ზომების მიღება. საზოგადოება გრძნობდა, რომ მისი ნათქვამი ხელისუფლებას ყურადღებას მიაქცევინებდა და საქმისადმი გადამჭრელ ნაბიჯებსაც გადადგმევინებდა.

ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება ძველ ცხოვრებაში ჩარჩა, მივიწყებას მიეცა. არადა, მას სწორედ დამოუკიდებელი ცხოვრების პირობებში უნდა ჰქონოდა მეტი გასაქანი, ვიდრე საბჭოური ცხოვრების დროს.

თანამედროვე ცხოვრება გაჯერებულია სუბიექტური თუ ობიექტური ინფორმაციით, ტყუილ-მართლით, კრიტიკით, ლანძღვა-გინებით, დაუმსახურებელი ქება-დიდებით და სხვა მრავალი ნეგატიურით, რამაც საზოგადოების ყურადღება ისე მოადუნა, რეაქციაც კი აღარ აქვს.

ანალოგიური სენი ხელისუფლებასაც შეეყარა. მას არ აინტერესებს რას წერენ გაზეთები, რას ამბობს ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი — აქებენ თუ აგინებენ მას. ერთი სიტყვით ხელისუფლება სრულ ინდიფერენტიზმს ავლენს მედიაში გამოქვეყნებული კრიტიკის მიმართ.  მისი დევიზი მარტივია, ისეთი, საუკუნეებს რომ გაუძლო — „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.

საბჭოურ სისტემას, დღეს რომ თავდავიწყებით ვლანძღავთ და ვაგინებთ, ერთი კარგი (და არა მარტო ერთი) თვისება ჰქონდა — მოქალაქეთა მიღება. სკკპ ცენტრალური კომიტეტიდან, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმიდან, მინისტრთა საბჭოდან, სამინისტროებიდან დაწყებული და ადგილობრივი ხელმძღვანელი ორგანოებით დამთავრებული, ყოველ ორშაბათს კარს უღებდნენ რიგით მოქალაქეს (მრავლობით რიცხვში) პირადი თუ საზოგადო საქმისთვის მისულს და შეძლებისგვარად უჭრიდნენ პრობლემებს.

ეს, „მავნე“ პრაქტიკაც ისტორიას ჩაბარდა და თუ ვინმე ჩინოსანი თავს „გაიწირავს“, მიმსვლელს დაელაპარაკება — იშვიათობას უნდა მივაწეროთ.  30-წლიანმა ისტორიამ დაგვანახა ეს და ისე შეგვიცვალა აზრი, როგორც ქართულ თანამედროვეობას შეეფერება. ანუ ხელისუფლება ცალკე, ხალხი ცალკე. ამ უკანასკნელს არჩევნების წინ თუ იხსენებენ, თანაც რამდენიმე დღით. ეს არის და ეს.

ხალხი ისე უდგება ხელისუფლებას, როგორც სავაჭრო ობიექტს. დაახლოებით ასე: მომცემ ფულს, სურსათ-სანოვაგეს და მოგცემ ხმას. ამომრჩეველმა იცის — თუ რამეს წაღლეტს ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ, შემდეგ ის იქცევა პრობლემებით აღსავსე მასად, რომლისკენაც ხელისუფლებას გახედვა არ სურს.

რომ გითხრათ ასეთი ზერელე დამოკიდებულებაა დეპუტატსა და ამომრჩეველს ან მინისტრსა და ხალხს შორის ცივილიზებულ დასავლეთში — მოგატყუებთ. ამას წინათ წავიკითხე აშშ-ს სენატორის მუშაობის შესახებ სტატია, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი სენატორის ყოველდღიური მუშაობის განრიგი, რომელშიც ხალხის მიღებასა და მოქალაქეთა წერილების განხილვას დიდი დრო ხმარდება. ყოველთვიურად სენატორი  საშუალოდ 10000 წერილს იღებს, თანაშემწეებთან ერთად იხილავს და პასუხებს სცემს.

არც სხვა ქვეყნებში რჩება მოქალაქე უყურადღებოდ, რასაც ვერ ვიტყვით „მოჭარბებულად დემოკრატიულ“ საქართველოზე.

ვატყობ ხელი გამექცა, დიდი შესავალი გამომივიდა, მაგრამ რა გაეწყობა, რეალობა მაიძულებს ვთქვა ის, რაც წაკითხვის შემდეგ ხელისუფლებას არ მოეწონება, თუმცა არც იმის იმედი მაქვს, რომ წაიკითხავს.

თუ რამ კარგი აქვს თბილისს — შესანიშნავი ლანდშაფტი და ძველი უბანია, სადაც ისტორიული უძველესი ძეგლები თავს აწონებენ შინაურსაც და გარეულს — ნარიყალა, მეტეხი, სიონი, გოგირდის აბანოები, … . რომელი ერთი ჩამოვთვალო. ძველი ქალაქი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. არაერთხელ მინახავს ამ სილამაზით აღტაცებული, რომელიც გაფაციცებით აღბეჭდავს გაჯეტებსა თუ ვიდეო-კამერებზე ნანახს. იმასაც შევსწრებივარ, რაოდენ გაოცებით შეჰყურებენ ძველ ქალაქში ისარივით შეჭრილ, გაუგებარი დანიშნულებისა და მდარე გემოვნების ორ ნაგებობას — თუნუქით გადახურულ „ტრუბებს“, რომლებსაც კომპაქტურ, ძველ ქალაქში აუტანელი დისონანსი შეაქვს.

ეს „შემოქმედება“ სააკაშვილის ნაღრძობი ტვინის პირმშოა — დაუმთავრებელი, მიტოვებული. იცვლებიან თბილისის მერები, იცვლება ხელისუფლება, ეს საშინელება უცვლელი რჩება. როგორც ჩანს „საოცნებო“ ხელისუფლება დიდის რუდუნებით ცდილობს შეუნახოს არქიტექტურული „შედევრი“  — იდეის ავტორ სააკაშვილს.

სააკაშვილის მეორედ მოსვლას ელოდება  ველოსიპედის „მონუმენტი“, სხვა ღირსშესანიშნაობები, რომლებითაც ასე უხვად დაგვაჯილდოვა ყველაფრის მცოდნე (მათ შორის ხუროთმოძღვრების) სააკაშვილმა.

დაჟანგული, შიფერმიკრული ბოძის სახეს ტოვებს გმირთა მოედნის შუაგულიდან ამოწვერილი „გაუგებრობა“, რომელსაც თბილისელებმა ხუმრობით ფალოსი შეარქვეს. იქვეა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალიც. ჩემის აზრით ერთობ შეუფერებელ ადგილას განთავსებული.

მემორიალი სიმშვიდეს, სიწყნარეს, გახსენებას, პატივის მიგებას უკავშირდება, რაც უდავოდ შეუძლებელია ავტომანქანების მოჭარბებულ ზრიალსა და ზომაზე მეტად დაბინძურებულ ატმოსფეროში. რაოდენ მწყრალად უნდა იყოს განწყობილი ხელისუფლება მემორიალისა და საკუთარი თავისადმი, რომ მაღალი თუ დაბალი რანგის დელეგაციები მიიყვანოს მემორიალის გვირგვინებით შესამკობად.

ვაკის პარკში არსებული დიდ სამამულო ომში დაღუპულთა და უცნობი ჯარისკაცის სამარადისო სასუფეველი ფართოდ გაუღებდა კარს გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალს. ვაკის პარკის გრანდიოზული ნაგებობა — მერაბ ბერძენიშვილის მარჯვენისა და გენიალური გონების ნამოღვაწარი, თავისი შინაარსითა და დანიშნულებით, შესანიშნავად შერჩეული ადგილით, სწორედ ისაა, აფხაზეთის ომში დაღუპულებს რომ შეეფერება.

ჩვენო სასიქადულო ხუროთმოძღვრებო, ქალაქის მესვეურებო დარწმუნებული ვარ გიფიქრიათ ამის შესახებ, მაგრამ რაღაცას ხელი შეუშლია. ჩემის აზრით, დიდი საქმის კეთების დროს „რაღაც“ მუდამ გამოჩნდება, მაგრამ თანმიმდევრული ბრძოლით უდავოდ დაიძლევა.

7 წელიწადია „ოცნება“ მართავს ქვეყანას, რაც საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ძველ ქალაქში გადებული „ორი ტრუბა“, ქვეითად მოსიარულეთა ხიდი, ველოსიპედის ძეგლი, გმირთა მოედნის სვეტი-ფალოსი დაშლილიყო და სხვაგან გადატანილიყო. ძველ ადგილს დაბრუნებოდა დავით აღმაშენებლის ძეგლი.

მერია აცხადებს, რომ ფინანსები არ გააჩნია. იქნებ ის, რასაც მერია აკეთებს და მასში ფულს ხარჯავს, შეწყდეს და გაკეთდეს ის, რაც აუცილებელია. მაგალითად, მერიამ გვამცნო, რომ „დედა ენის“ ბაღისა და მეორე ბაღის, სადაც მხატვრებმა დაიდეს ბინა, მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება ერთმანეთს.

არ მგონია, რომ ამ ბაღების ერთმანეთთან დაკავშირება გადაუჭრელი აუცილებლობით იყოს გამოწვეული. ფული, რომელიც ამ გვირაბის მშენებლობაში იხარჯება, ეყოფოდა თუნდაც ველოსიპედის გადატანას, დავით აღმაშენებლის დაბრუნებას, გმირთა მემორიალის ვაკეში (პარკში) გახსნას და მერიის წინ დაუმთავრებელი შენობის ჩონჩხის დემონტაჟს.

დღეს, ეს ჩონჩხი რეკლამით არის დაფარული. როგორც ჩანს ყველა მერს მოსწონს ცხვირწინ აშვერილი დაუმთავრებელი კარკასი, თორემ შესაბამის თანხებსაც გამოძებნიდა მის დასანგრევად. მარტო კოსტავას ქუჩის და სააკაძის მოედნის რემონტისთვის დახარჯული თანხა ეყოფოდა ამ საქმეს.

ცალკე თემაა ქუჩების დავიწროება, ცალმხრივი მოძრაობის გაკეთება, ველობილიკების მოწყობა. თბილისისთვის მსგავსი მშენებლობის წარმოება გრანდიუზულის კატეგორიაში გადის — ცვლის ქალაქის ცხოვრებას, ქალაქელთა ყოფას და ა.შ.

პროექტის განხორციელება მოსახლეობასთან და სპეციალისტებთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ უცხოელი არქიტექტორების მოწვევა და მათთვის დიდი ანაზღაურების გადახდა გაუმართლებელია. ზემომოყვანილი „ძეგლების“ ავტორები, ხშირ შემთხვევაში უცხოელები არიან. მათ არ იციან თბილისი, არ სტკივათ თბილისის. ფულს იღებენ და მიდიან, გვიტოვებენ რა საძაგლობებს, რომელთა ატანა შეუძლებელია.

ყოფილმა მერმა გვითხრა, რომ სააკაძის მოედნის სატრანსპორტო გზაჯვარედინის გამტარიანობის გასაუმჯობესებლად უცხოური კომპანია მოიწვია. გაკეთდა ახალი „უსაფრთხოების“ კუნძულები, შუქნიშნები, სხვა სამუშაოები. დაიხარჯა ფული. მოვიდა ახალი მერი, რომელმაც ძველის ნაჯაფი მიწასთან გაასწორა. არის თუ არა ეს სახელმწიფო ფულის განიავება?

ამას რომ თავი დავანებოთ, გაუარესდა ტრანსპორტის მოძრაობა, ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა — გადაადგილების თვალსაზრისით. ატმოსფეროს დაემატა ავტომანქანების მომწამვლელი გამონაბოლქვი, გაძვირებული საწვავის პირობებში, დანიშნულებამდე მისვლაში იხარჯება ზედმეტი საწვავი.

ყაზბეგის პროსპექტიდან და კანდელაკის ქუჩიდან მერიის და ვახუშტის ხიდის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი, პეკინის ქუჩის ბოლომდე გადის, უხვევს სპორტის სასახლესთან და კოსტავას ქუჩით უკან ბრუნდება, რაც ზედმეტი ხარჯია, დაბინძურებული ჰაერი, დაკარგული დრო.

კოსტავასა და პეკინის ქუჩების ცალმხრივად გადაკეთებამ და ამ ქუჩებზე ველობილიკების მოწყობამ ბუდაპეშტის, ვაჟა-ფშაველას და სხვა პატარა ქუჩებზე მუდმივი საცობები გააჩინა, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს და ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანთა დროის ხარჯვას, ნერვიულობას.

უნებლიედ იბადება კითხვა — დღეში რამდენი ველოსიპედისტი სარგებლობს ველობილიკით?

დღიდან გაკეთებისა თითო-ოროლა — და რატომ?

თბილისი მთაგორიანი ქალაქია და ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენება შეუძლებელია. გარდა ამისა ახალგაზრდებმა, რომლებმაც ველოსიპედით უნდა იარონ, შავი „ჯიპებით“ დადიან. მათ ვერვინ აიძულებს ველოსიპედზე გადაჯდომას.

რაც შეეხება პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე ვარჯიშს და ველოგასეირნებას ტრანსპორტიდან გადმოფრქვეული მავნე გამონაბოლქვი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ევროპის ქვეყნებიდან ვიდრე რაღაცას გადმოვიღებდეთ, მრავალჯერ უნდა დავფიქრდეთ — რამდენად მისაღები იქნება თბილისისთვის.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მერიის მუშაკები ძალით უმწარებენ ცხოვრებას ავტოტრანსპორტით მოსარგებლეებს. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც ჟვანიას მოედნიდან (ყოფილი გაგარინი) წამოსული ტრანსპორტი, ნაცვლად იმისა პეკინის ქუჩას გაჰყვეს, ბარიერი მარჯვნივ, ვაჟა-ფშაველაზე ახვევინებს, შემდეგ მარცხნივ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის დამაკავშირებელ ვიწრო ქუჩაზე — სადაც გაუსაძლისი საცობები იქმნება.

ძველი მოძრაობის ახლით შეცვლა მხოლოდ მაშინ არის მოზანშეწონილი, თუ მოქალაქეთა გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნება. პეკინისა და კოსტავას ქუჩების ცალმხრივად გადაკეთებამ, ნაცვლად გაიოლებისა, გააუარესა მდგომარეობა, დამატებითი პრობლემები გააჩინა.

პრობლემებს აჩენს შუქნიშნებიც. მერიამ უნდა იცოდეს, რომ შუქნიშანთან ავტომანქანის გაჩერება და დაძვრა (პირველ-მეორე სიჩქარის გამოყენებით) ყველაზე მძიმე, ჯამრთელობისთვის მავნე გამონაბოლქვის  გამომწვევია. ვიწრო, მოკლე ქუჩებზე შუქნიშნების დაყენება ავტომანქანის იძულებითი შეჩერებაა — შესაბამისი საწვავის ხარჯვით და გამონაბოლქვი საწამლავით. განა არ შეიძლება ღამის საათებში შუქნიშნების მოციმციმე რეჟიმში გადაყვანა, მაშინ ხომ თითო-ოროლა ავტომანქანაა გზაზე?

ავტომანქანების გამონაბოლქვს ემატება სამშენებლო მტვერი — მეტადრე გზების რემონტით გამოწვეული. მერიის თაოსნობით ქალაქის რამდენიმე ადგილას, ერთდროულად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელთა დამთავრებას ბოლო არ უჩანს. ნახევარ წელზე მეტია არემონტებენ კანდელაკის ქუჩას. ამ ხნის განმავლობაში მტვრით და წვიმიან დღეს ტალახით შეწუხებულმა მაცხოვრებლებმა პროტესტით, არაერთხელ, მიაკითხეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.

სამშენებლო კომპანია, რომელიც არემონტებს ქუჩას არაფრად აგდებს მაცხოვრებლების დისკომფორტულ ყოფას და ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ერთ თვეში მოამთავროს — 6 თვით და მეტით ჭიმავს. გზის სამუშაოებს სისწრაფე, ხარისხიანი და რაც მთავარია „სმენობით“ მუშაობა სჭირდება. აქ კი ტრადიციაა ქცეული ქუჩის გადათხრა და სამუშაოების მიტოვება.

კანდელაკის ქუჩის სამუშაოები დღესაც გრძელდება, ისე, როგორც ჭავჭავაძის პროსპექტის, საარბრიუკენის ხიდის, „დედაენის“ და „მხატვართა“ ბაღების დამაკავშირებელი გვირაბის, აეროპორტის გზის და ა.შ., რაც იწვევს ისედაც დაბინძურებული ქალაქის ჰაერის კიდევ უფრო  დაბინძურებას, ტრანსპორტის საცობებს, მოძრაობის შეფერხებას.

რემონტი და მშენებლობა რომ ერთჯერადი იყოს, მოსახლეობა აიტანდა, მაგრამ ეს მუდმივი, უწყვეტი პროცესია, ამდენად საჭიროებს სერიოზულ მომზადებას, 24-საათიან მუშაობას, საქმისადმი პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას, ეკოლოგიის მოთხოვნების უყოყმანო შესრულებას, დისციპლონას და რაც მთავარია მოსახლეობის პატივისცემას.

არც ერთი ჩამოთვლილი, არ სრულდება.

მერიამ გვაუწყა, რომ ჭავჭავაძის პროსპექტზე ნაგვის ყუთები ავტომატურად მიწაში დაიმალება — ნაგვის ყუთები არასახარბიელო შესახედიაო. კეთილი, მაგრამ გაცილებით ცუდი შესახედია ამ პროსპექტზე არსებული სახლების ფასადები, დაზიანებული წვიმის მილებით და ჩამოცვენილი ბათქაშით. რახანია შენობებს რემონტი არ ღირსებია. დარწმუნებული ვარ ნაგვის ყუთების ავტომატური ჩასვლა-ამოსვლა უმალ გამოვა მწყობრიდან და ახალი პრობლემა გაჩნდება.

მეგობრებო, მოდით შევეშვათ „ნოვაციას“, ვაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ასეთი ექსპერიმენტისთვის მზად არ ვართ, ისე, როგორც ჭავჭავაძის პროსპექტის შუა ნაწილში ავტობუსებისთვის სავალი გზის მოსაწყობად. მერიას გადაწყვეტილი აქვს, როგორც ჭავჭავაძის, ისე რუსთაველის პროსპექტებზე მსგავსი ნოვაციის განხორციელება. გარდა იმისა, რომ ეს პროექტები, დიდი ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, უდიდეს დამატებით პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას, ტრანსპორტის მოძრაობას, დაანგრევს ისტორიულს, ტრადიციულს — ვოლუნტარისტულად, დაუფიქრებლად.

მერიას ეს პროექტი ხალხთან არ განუხილავს, ისე, როგორც კოსტავასა და პეკინის ქუჩების ცალმხრივად გადაკეთება. ვითომ ესოდენ აუცილებელია ექსპერიმენტი, რომელიც ნეგატიურის მომტანია, მაშინ, როდესაც ქალაქის წინაშე გადაუდებელი პრობლემებია?

მაგალითად, წლობით დაუმთავრებელი მშენებლობები, მიტოვებული შენობა-ნაგებობები. სადამდე უნდა უყურონ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა ყოფილი „ზაკვოს“ მიტოვებულ შენობას ან რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ან ჭავჭავაძის პროსპექტზე დოლბანდჩამოფარებულ გადაფერდებულ, დაუმთავრებელ შენობას („ლიბერთი-ბანკის“ გვერდით), დავით აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი სასტუმრო „რუსთავის“ და კინოთეატრ „ოქტომბრის“ გამოკეტილ უნიკალურ შენობებს?

დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობებს და მიტოვებულ შენობებს რა ჩამოთვლის. სწორედ აქ უნდა იგრძნობოდეს ქალაქის მერიის ხელი და არა ჭავჭავაძისა და რუსთაველის პროსპექტების დამახინჯებაში.

მერიამ ვერადავერ მოიცალა ჭავჭავაძის პროსპექტზე არსებული ყოფილი სტუდქალაქის ამორტიზებული შენობების ასაღებად. ვეჭვობ, რომ ისინი ქალაქელთა გულს ან უცხოელთა თვალს ახარებდეს.

ქალაქს ბევრი პრობლემა აქვს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის მესვეურები საქმის ცოდნით, მოქალაქეთა პატივისცემით ეკიდებოდნენ მათ წინაშე არსებულ ურთულეს საკითხებს, ზედაპირულობა შეინიშნება, რაც უდავოდ არ წაადგება ქალაქს.ომარ მარგველაშვილი