ამერიკელი კარპენტერიდან დაწყებული ანტირუსული აქციები გრძელდება

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ანტირუსული ისტერიის ახალი ტალღის ამგორებელი რომ აშშ-ს მიერ საქართველოში შექმნილი ე.წ. „თავისუფალი რუსული ფონდია,“ ე .ი. ამერიკაში მოქმედი ანტირუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალი, დიდი გამოცნობა არ სჭირდება. სწორედ ამ ფონდის აქაურმა ხელმძღვანელმა, წარმოშობით რუსმა, მაგრამ მსოფმხვედველობით, სულით და ხორცით ანტირუსმა ეგორ კუროპტევმა, ცხადია ვაშინგტონური ცენტრის დავალებით, ვრცელი ინტერვიუ გამოაცხო საქართველოში ჩამოსულ ექსპერტთან მაიკლ კარპენტერთან.

რესპონდენტი, ჯო ბაიდენის, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლობით იყო დაკავებული და ისე, როგორც ბაიდენი (სრულიად შესაძლებელია მისი რჩევითაც), აშკარა ანტიპუტინურ განწყობას აფიქსირებდა.

თანამედროვე ისტორიას შემორჩა ყოვლისშემძლე ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის მოსკოვში ვიზიტი (მაშინ პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო) და მისი შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინთან, რომლის მთავარი მიზანი იყო პუტინი დაეყოლიებინა უარი ეთქვა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაზე.

ეს, ის პერიოდია, როდესაც მედვედევის საპრეზიდენტო ვადა იწურებოდა. აშშ-ს სურდა მხარი დაეჭირა მედვედევის მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის, ვინაიდან ის მედვედევს ლიბერალურ პოლიტიკოსად თვლიდა, ხოლო დამოუკიდებელი აზროვნების მატარებელ პუტინს მიუღებლად.

კარპენტერის თბილისში ვიზიტიდან დაიწყო ანტირუსული ახალი ტალღა, რომელმაც მიწასთან გაასწორა ის უმნიშვნელო „დათბობის“ ხანა, რასაც ადგილი ჰქონდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში.  ვიდრე კარპენტერის ნათქვამს შევეხები, დავსვამ მარტივ კითხვას — რა შუაშია „თავისუფალი რუსეთის ფონდი“ და საქართველო ან რატომ უნდა არსებობდეს ანტირუსული არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში?

რუსეთში, კერძოდ მოსკოვში რომ გაიხსნას ანტიქართული NGO — „თავისუფალი საქართველოს ფონდი“, რა თვალით შევხედავთ მას? და რატომ გვგონია რომ ანალოგიური რეაქცია ანუ ნეგატიური არ ექნება რუსეთს?

კითხვა ისეთია, ახსნაც რომ არ სჭირდება. საქართველოს ხელისუფლება აინუნშიაც არ აგდებს იმას, რომ მსგავსი ქმედება აუარესებს რუსეთთან ისედაც მძიმე ურთიერთობას. რაც შეეხება ოპოზიციას — მისთვის რაც უარესი იქნება, მით უკეთესი.

ამ ვითომდა პატარ-პატარა ანტირუსულ ბრწკენებს, სერიოზულიც ახლავს —  საქართველოში აშშ-ს 2 სახმელეთო და ერთი საზღვაო ბაზის გახსნის თაობაზე ინფორმაციის გაჟღერება. და ვინ იცის ეს „საჩუქარიც“ მალე მოგვიძღვნას ჩვენმა „სტრატეგიულმა პარტნიორმა“.

განა, ბაზების გახსნა საგანგაშო არ არის რუსეთისთვის?!

განა, მოაზროვნე ერისთვის ანტირუსული სამხედრო ბაზების საქართველოში გახსნა სახიფათო არ არის თვით საქართველოსთვის?!

უდავოდ არის, ვინაიდან პუტინის დაპირებით, რუსეთი ყველაფერს იღონებს ბაზის ლიკვიდაციისთვის. ე.ი. დაჰკრავს სამხედრო ბაზებს ანუ ჩვენს ტერიტორიას, სადაც ბაზები იქნება განთავსებული. პუტინმა ისიც თქვა, რომ იმასაც დაჰკრავს, სადაც მოხდა ბაზების განთავსების გადაწყვეტილების მიღება.

რას ნიშნავს ეს, თუ არა მესამე მსოფლიო ომს — ამ შემთხვევაში ბირთვულს?!

აღსრულების ფაზაშია სააკაშვილის ოცნება — საქართველოს, მსოფლიოს ღერძად გადაქცევის თაობაზე. სააკაშვილი შორს არის საქართველოდან, მაგრამ საქართველოს ანტისააკაშვილისტური ხელისუფლება, ასე თავგამოდებულით რატომ ცდილობს მისი ავადმყოფური ბოდვებისთვის ფრთების შესხმას?!

დავუბრუნდეთ კარპენტერს და მის რჩევებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით რუსეთი არის მტერი ტურიზმშიც, უძრავი ქონების შეძენაშიც, საზღვრების გადმოტანაშიც და ა.შ.

მისი რჩევა, რომელიც ბრძანებას უფრო ჰგავდა, მეზობელ რუსეთთან არავითარ ურთიერთობას არ ითვალისწინებს. არადა, როგორ უნდა წარმართოს საქართველოს ხელისუფლებამ საშინაო და საგარეო პოლიტიკა — მეზობელი ვეება რუსეთის იგნორირებით, როდესაც თვით აშშ-ი, ათასობით კილომეტრით დაშორებული რუსეთისგან, ამას ვერ ახერხებს?

ეს კითხვა უპასუხოდ რჩება და ასეთად დარჩება კარგა ხნის განმავლობაში, ვინაიდან იმას, რასაც აშშ-ი აკეთებს, მხოლოდ პოზიტიურად აღიქმება საქართველოში, ხოლო, რასაც რუსეთი — ნეგატიურად. ჩვენივე ხელისუფალთა წყალობით — ორ დაპირისპირებულ გიგანტს შორის ვართ მომწყვდეული და ნაცვლად თავის გადარჩენისა, გონიერებას მოვუხმოთ — საწინააღმდეგოს ვაკეთებთ.

კარპენტერის ვიზიტს მოჰყვა აშშ-ში დაგეგმილი და თბილისში განხორციელებული 20-21 ივნისის ბუნტი, „რუსთავი-2“-ს ჟურნალისტის გაბუნიას ავსიტყვაობა, მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენცია და ამერიკელ ექსპერტ კრამერისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ ინაშვილს შორის დაპირისპირება. და ეს ყველაფერი დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული ანტირუსული გამოხდომებია, რომელთა მთავარი მიზანი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაა.

შეძლეს, „თავისუფალი რუსეთის ფონდმა“ და მასთან მჭიდროდ მოთანამშრომლე „ნაცებმა“, „ევროპულმა საქართველომ“,  „პატრიოტულმა“ ძალებმა მიზნის მიღწევა?

ნაწილობრივ შეძლეს, რითაც უდავოდ გააუარესეს საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური ვითარება, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განსაკუთრებით პენსიონერებზე, უმუშევრებზე და ა.შ.

დასკვნა — საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც შეგნებულად ცდილობენ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმას, ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკური სისტემის განადგურებას, სახელმწიფოს დაშლას, რასაც მხარს დასავლელი ე.წ. პარტნიორები უჭერენ — ცხადია საკუთარი მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.

დასტური ამისა არის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დენიელ ფრიდის მოსაზრებები, გაჟღერებული „რადიო თავისუფლებაში“. ფრიდი მონაწილეობას ღებულობდა თბილისში ჩატარებული „მაკკეინის ინსტიტუტის“ კონფერენციაში. ფრიდის გამონათქვამები ანტირუსული ხასიათისაა და არაფრით განსხვავდება კარპენტერის ან კრამერის  განცხადებებისგან.

რა გაეწყობა, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? რატომ ვაძლევთ მათ ასეთი მოსაზრებების საქართველოდან სროლის შესაძლებლობას? რატომ ვუგდებთ მათ ყურს და შემდეგ ზედმიწევნით, მონდომებით ვუსრულებთ ჩანაფიქრს, ანტირუსული რომ ჰქვია?

გავყვეთ ფრიდის ინტერვიუს: „არ მგონია, რომ რუსეთი ყოველთვის იქნება ისეთივე ცუდი მოთამაშე, როგორიც დღეს არის … .თავისუფალმა მსოფლიომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ამ აგრესიას, იმისთვის, რომ დავაჩქაროთ იმ დღის დადგომა, როცა უკეთესი რუსეთი აღმოცენდება“.

რატომ თვლის ფრიდი რუსეთს ცუდ მოთამაშედ? ან რატომ მიიჩნევს, რომ საქართველომ ხმალამოღებულმა, უკანასკნელ ქართველამდე უნდა იბრძოლოს „უკეთესი“ რუსეთისთვის?

იმიტომ ხომ არა, რომ რუსეთი ტოლს არ უდებს აშშ-ს და მიიჩნევს, რომ მისთვის მთავარი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება და სუვერენიტეტის დაცვაა?

გორბაჩოვისა და ელცინის მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულება რომ უდავოდ დადებითი იყო, მტკიცება არ სჭირდება. მაშინ ამერიკელები ისე აფათურებდნენ ხელს რუსეთის საშინაო საქმეებში, როგორც ბატონ-პატრონები. ამერიკელთა წყალობით რუსეთი დაჩოქილ ქვეყნად იქცა, ყველაფერი სტრატეგიული, დასავლელთა ხელში აღმოჩნდა და რომ არა შემორჩენილი საზრიანი, პატრიოტი რუსების გაბრძოლება, ხელისუფლებაში პუტინის მისვლა, ერთიანი რუსეთი არ იარსებებდა ანუ ახდებოდა ამერიკელთა ოცნება, მათ შორის ფრიდის და ოლბრაიტის (ყოფილი სახელმწიფო მდივანი), რომელიც დაუფარავად ამბობდა — რუსეთში არსებული წიაღისეული და სხვა სიმდიდრეები, რუსეთის კი არა, ყველას საკუთრება უნდა იყოსო.

სახეზეა ორი გიგანტის დაპირისპირება, რაც შესაძლებელი გახდა პუტინის გაპრეზიდენტებით. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა უყვარდეს თავისი სამშობლოს ინტერესების დამცველი პუტინი ვაშინგტონს? აშშ-ს ეყვარება თუ არა რუსეთი, საქართველო რა შუაშია?

ფრიდის განცხადებით —  რას ნიშნავს „უკეთესი რუსეთი“?

ამერიკელთა აზრით, უკეთესი რუსეთი ნავალნის რუსეთია, იმ ნავალნის, რომელსაც აშშ-ი დოლარებით კვებავს — იქნებ ანტიპუტინური რევოლუცია მოაწყოსო. თუმცა უშედეგოდ.

გავიხსენოთ უახლესი ისტორია — „უკეთესი მომავლისთვის“ რა ფერად-ყვავილოვანი რევოლუციები მოაწყო აშშ-ა ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, აფრიკის ჩრდილოეთში და რა ჰქვიოდა ამას, თუ არა რევოლუციების ექსპორტი და არასანდო ხელისუფლებების დამხობა?

გავიხსენოთ ისიც, რა ტრაგიკული შედეგი მოიტანა ქვეყნისთვის „ვარდების რევოლუციამ“. ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყანაში რევოლუციებს, გადატრიალებებს ახდენს — ვერ იქნება (და არც არის) დემოკრატიული. ის უფრო ავანტურისტი და მოძალადეა.

ფრიდი იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, რომელზეც საქართველოს არ მისცეს ამ ორგანიზაციაში გაწევრების „სამოქმედო გეგმა“ და ეთანხმება ჟურნალისტს, რომ ნატოს მოქმედებამ უბიძგა პუტინს 2008 წლის ცხინვალის ომისკენ.

ჯერ ერთი, მაშინ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში საქართველოს აგრესიის საპასუხიდ.

ფრიდი შეგნებით იმეორებს იმ აზრს, რომ აგრესია რუსეთმა განახორციელა და არა სააკაშვილის რეჟიმმა, რომელსაც სწორედ გარკვეულმა ამერიკულმა ჯგუფებმა კრეს ხელი აგრესიისკენ. ფრიდი თვალთმაქცობს, ვინაიდან მან კარგად იცის ომის სცენარის თაობაზე, ვაშინგტონში რომ შემუშავდა, რომლის მიხედვით რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მუდმივი ანტირუსული „ცხელი წერტილი“ უნდა აგიზგიზებულიყო და რომ არა რუსული სწრაფი პასუხი, ვინ იცის ამ „წერტილს“ დღესაც ეგიზგიზა. რა შედეგი ექნებოდა მას საქართველოსთვის ცნობილია, ისეთი, რასაც უკრაინაში ვხედავთ.

„ამერიკა არ ცდილობს მოკიდოს ხელი საქართველოს და შეათრიოს ნატოში“ — გვატყუებს ფრიდი.

ფაქტი კი ასეთია — 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტი ბუში ყველაფრით ცდილობდა საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭებას, მაგრამ არ გამოუვიდა — ნატოს სხვა წევრების უარყოფითი პოზიციის გამო. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა მოკავშირეების დაყოლიება ასეთ ფორმულირებაზე: „საქართველო და უკრაინა შევლენ ნატოში“. „თუკი დემოკრატიული ქვეყნის ხალხს სურს ალიანსში ყოფნა, ჩვენ მათ უნდა ვუპასუხოთ“, — ამბობს ფრიდი.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, თითქოს ხალხიც „დაჟინებით“ მოითხოვს ნატოში შესვლას, მაგრამ არ გვიღებენ. რატომ?

იმიტომ ხომ არა, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ იყო აგვისტოს ომი, რომელიც საქართველომ წამოიწყო, რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ომი რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ნაკლები ბარიერები ექმნებოდა ნატოში გაწევრების გზაზე.

და კიდევ ერთი რამ — რუსეთის ფაქტორი. პუტინმა განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრების. ითვალისწინებს თუ არა ვაშინგტონ-ბრიუსელი რუსეთის პოზიციას?

რაც არ უნდა იძახონ ბრიუსელში არაო, ითვალისწინებს. ეს და სხვა ფაქტორები, მათ შორის საქართველოში დემოკრატიული მშენებლობის სიმწირე, ისაა, რაც ნატოში შესვლაში გვეღობება.

ეჭვს იწვევს NDI-ის მიერ ამასწინათ ჩატარებული გამოკითხვის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე, ვინაიდან შეუძლებელია 70% მეტი მხარდამჭერი იყოს წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ნათლად დაინახა — რა არის ნატო, რა „სიკეთე“ მოაქვს მას მიზანშიამოღებული ქვეყნებისთვის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ფრიდის შემდეგი ნათქვამი: „ნატოს წევრობა კეთილგონივრული პოზიციაა, აგრეთვე სიმართლეა, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ შესრულდება“.

და შემდეგ ის გვიხსნის, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ნატოში შეგვიშვან. ჩამონათვალი გრძელია, მაგრამ მათში პირველობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზეა გამახვილებული, რომელთა შესრულებას თაობების ცვლა სჭირდება.

ფრიდი ღმერთი არ არის და არც აშშ-ს პრეზიდენტია, მაგრამ გამოცდილი დიპლომატია და იცის აშშ-ს პოლიტიკური ცხოვრების წიაღში მიმდინარე დინებები. ასე რომ, ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხში მისი აზრი საყურადღებოა. იქნებ აქედან გამომდინარე დაგვეწყო სხვაგვარად ფიქრი და განსჯა ამ ორგანიზაციასთან, ჩვენს მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ა ახალი ავანტიურისტული ტალღა ააგორა საქართველოს ტერიტორიისა და ანტიქართული ადგილობრივი „პოლიტიკოსების“, მათზე ჩამოკიდებული ვითომ პატრიოტი ახალგაზრდების გამოყენებით.

ხელისუფლება, სადაც ანტირუსული განწყობა არცთუ იშვიათია, თითქოს ეწინააღმდეგება პროვოკაციას, მაგრამ ერთსულოვანია რუსეთთან ისეთივე პოლიტიკის გატარების, როგორსაც ადგილი ჰქონდა კარპენტერიდან დაწყებული ყველა ღონისძიების მსველობის დროს.

ნაცვლად იმისა, რომ მან (ხელისუფლებამ) სწრაფი  ნაბიჯები გადადგას მსგავსი მოვლენების აღსაკვეთად, ნელა ირჯება, ერთ ადგილს ტკეპნის და თავის მართლების რეჟიმშია.

სადამდე?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი