ზოგი რამ ნატოს ისტორიიდან

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ზოგი რამ ნატოს ისტორიიდან

21/04/2019

აპრილის დასაწყისში ვაშინგტონში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიუბილეო სამიტი. 70 წელიწადი გავიდა ნატოს შექმნიდან დღემდე. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს ერთადერთმა მძლავრმა სამხედრო-პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის „ამბიციურ სამხედრო“ გეგმებში, რომელთა მთავარი მიზანი, მსოფლიო „ბატონობა“ იყო.

ნატოს სამხედრო ბლოკის შექმნის ინიციატორი აშშ-ს პრეზიდენტი ტრუმენი გახლდათ, რომელმაც გაიზიარა დიდი ბრიტანეთის, იმჟამად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჩერჩილის მოსაზრება საბჭოთა კავშირის აგრესიული პოლიტიკის და მისთვის საპირისპირო ორგანიზაციის ჩამოყალიბების თაობაზე.

ანტიჰიტლერული კოალიციის სამეულის — აშშ, სსრკ-ს და დიდი ბრიტანეთის ურთიერთდამოკიდებულება მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე იწყებს ცვლილებას, გაუარესების მიმართულებით, რაც თვალნათლივ აისახა 1946 წლის სიტყვაში, რომელიც ჩერჩილმა ფულტონში წარმოთქვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე ნატოს შექმნა (შემქმნელთა განმარტებით) საბჭოთა აგრესიით და მსოფლიო ბატონობის სურვილის შესაკავებლად იყო გამოწვეული. და რომ არა საბჭოეთის ამბიციური გეგმები — ნატო არ შეიქმნებოდა. თუ რამდენად შეესაბამებოდა სასურველის რეალობად წარმოსახვა, ისტორიას ჩავხედოთ.

ერთის შეხედვით მარქსიზმ-ლენინიზმის იდეების  (მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია) შემხედვარე კაპიტალისტურ სამყაროს მართლაც ჰქონდა თავსატკივარი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილმა ანტიჰიტლერულმა კოალიციამ და მჭიდრო თანამშრომლობამ დასავლეთს დაანახა იმ სერიუზული და ფუნდამენტური ძვრების შესახებ, რასაც ამ იდეებში ჰქონდა ადგილი.

კომინტერნი, მსოფლიო რევოლუციის მთავარი იარაღი, სტალინის ინიციატივით 1943 წელს გაუქმნდა. გარდა ამისა ომის დამთავრებისთანავე სტალინმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი დასავლეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების თაობაზე.

სტალინის აზრით, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დადებოდა ორივეს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულება. მოგვიანებით, ხრუშჩოვმა გამოაცხადა დასავლეთთან საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი თანაარსებობის იდეა, მაგრამ დასავლეთმა ყური არ უგდო საბჭოეთის ხელმძღვანელის სამშვიდობო სურვილებს და განაგრძო სსრკ-ს „აგრესიული“ პოლიტიკის შემაჩერებელი ორგანიზაციის განმტკიცება-განვითარება.

ნატოს შექმნის მიზნებზე და ამოცანებზე მოსწრებულად თქვა ამ ორგანიზაციის პირველმა გენერალურმა მდივანმა ლორდმა ისმეიმ: „ნატო შეიქმნა იმიტომ, რომ ამერიკელები იყვნენ ევროპაში, საბჭოთა კავშირი — ევროპის გარეთ, გერმანია — ევროპის ქვეშ“. თუმცა გერმანია 1955 წელს შეიყვანეს ნატოში.

გერმანიის ნატოში გაწევრებით ნატოს გაფართოება არ შეწყვეტილა, პირიქით პროცესი შეუქცევადი გახდა, განსაკუთრებით „ცივი ომის“ დასრულებისთანავე, რითაც დასავლეთმა დაარღვია სიტყვიერი დაპირება — რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვაშინგტონი დაპირდა მაშინდელ საბჭოთა ლიდერ გორბაჩოვს, რომ ნატოში არ შეიყვანდნენ ვარშავის ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებს. ამის თაობაზე წერს ამერიკული ჟურნალი „ნეშენალ ინტერესტი“. ჟურნალის მიხედვით, დაპირების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ნატოს დაშლის შიშით, რაც ლოგიკურად ჟღერს.

ორგანიზაცია — შექმნილი საბჭოთა საფრთხის შესაჩერებლად, აღარ იყო საჭირო, საფრთხის (სსრკ) გაქრობის გამო. „საბჭოთა საფრთხემ“ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთნი მოითხოვდნენ ორგანიზაციის დაშლას, მეორენი — მოქმედების მიმართულობის შეცვლას. გაიმარჯვა მეორემ.

ვაშინგტონმა ნატოს ახალი სული შთაბერა — ბალკანეთში შეჭრით, ხოლო 1994 წელს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ჩამოყალიბებით. პროგრამა შეიქმნა ნატოს არაწევრი სახელმწიფოებისთვის, ე.ი. ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისთვის, ისე, როგორც ყოფილ საბჭოეთში შემავალი რესპუბლიკებისთვის.

პროგრამის სულისჩამდგმელი აშშ-ს პრეზიდენტი კლინტონი იყო, რომელმაც ვერ გაიხსენა წინამორბედთა სიტყვიერი პირობა — მიცემული საბჭოთა ლიდერის გორბაჩოვისთვის — ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე.

კლინტონის ქცევა ნათელი დამადასტურებელი იყო აშშ-ს ცრუ, ქამელეონისებური პოლიტიკისა. რუსეთის ხელისუფლება, განსაკუთრებით პრეზიდენტი პუტინი — დასავლური პოლიტიკის ესოდენი ფლიდობით იმედგაცრუებული, სინანულით ამბობდა აშშ-ს ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის მიერ გორბაჩოვისთვის მიცემული პირობის დოკუმენტში არ ასახვის თაობაზე. პრეზიდენტი კლინტონი კი ურცხვად აცხადებდა — ვაშინგტონს გორბაჩოვისთვის არავითარი პირობა არ მიუციაო, რაც უარყო გასულ წელს აშშ-ს მიერ საიდუმლო სახელმწიფო საარქივო მასალების გამოქვეყნებამ.

დოკუმენტებში შემონახულია ზეპირი მოლაპარაკებების მასალები, ცხადია გორბაჩოვის სასარგებლოდ, რაც ოთხმოცდაათიანი წლების ისტორიას ვერ შეცვლის. ის მხოლოდ ისტორიისთვის გამოდგება, სათაურით —„როგორ მოატყუეს გორბაჩოვი ამერიკელებმა“.

როგორ მოიქცნენ ვარშავის პაქტის ყოფილი წევრები? — ისე, როგორც მშიერს შეეფერება. აქოდა, აშშ-ი ფულად დახმარებას გაგვიწევსო, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სხვა ქვეყნები უმალ ჩადგნენ ნატოში შესასვლელ, უფრო სწორად გრანტების მისაღებ რიგში. ასედაამრიგად ნატო უშუალოდ მიადგა რუსეთის საზღვრებს და თუ საღმა აზრმა გავლენა არ იქონია ბრიუსელზე, ნატო-რუსეთის დაპირისპირება, ჯერ-ჯერობით ვერბალური, ცხელში გადაიზრდება.

აშშ-ს ზოგიერთი პოლიტიკოსის და მაღალჩინოსანი სამხედროს, ისე, როგორც ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის აზრით სრული შესაძლებელია უკრაინა, საქართველო, მოლდოვას ნატოს რიგებში ხილვა, ანუ უფრო სწორად ნატოს შესვლა აღნიშნულ ქვეყნებში — გახშირებული ერთობლივი წვრთნების, სამხედრო ბაზების შექმნის სახით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბრიუსელი, ვაშინგტონი, ლონდონი, ბერლინი და პარიზი რუსეთის რეაქციას ზემომოყვანილი სამეულის ნატოში გაწევრებაზე.

ნატოს მოქმედებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს ნატოს წევრები ადეკვატურად ვერ აღიქვამენ რუსეთის მოსალოდნელ რეაქციას. არადა, ვითარების არასწორმა შეფასებამ სრული შესაძლებელია სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენოს. ნაბიჯები აღნიშნულისკენ იდგება. ერთ-ერთი, ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის განცხადებაა, რომელიც მან თბილისში „ნატო-საქართველო 2019“ სამხედრო წვრთნების დროს გააკეთა: „ვიმედოვნებ, რომ მალე ვიხილავთ საქართველოს ნატოში, რუსეთის პროტესტის მიუხედავად“.

მოსკოვმა აღნიშნული განცხადება „პროვოკაციად“ შეაფასა. დავუშვათ, სტოლტენბერგის ნათქვამი ასრულდა, რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

ესოდენ დიდი ავანსის მიცემა საქართველოსთვის ნატოს მორიგ სამიტამდე, რომელიც ამ ზაფხულს ბრიუსელში გაიმართება, რაღაცას ნიშნავს. თბილისი ამ სამიტიდან „მაპის“ მიღებას ელოდება, რომლის შესრულების შემდეგ მას ნატოში გაწევრება ელოდება. მოდით პირდაპირ დავსვათ კითხვა — რას აძლევს ნატოს წევრობა საქართველოს ან უკრაინას?

ორივე ქვეყანამ რუსოფობია სახელმწიფო პოლიტიკად გადააქცია. ორივენი ცდილობენ ნატოში შესვლით ამოეფარონ იმ ორგანიზაციას, რომელსაც ისინი უძლეველად თვლიან. იქ შესულები გაათმაგებული ძალებით გააგრძელებენ რუსეთზე პოლიტიკურ თავდასხმებს, ისე, როგორც პოლონეთი, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. არ არის გამორიცხული ააღორძინონ საკუთარი რევანშისტული პოლიტიკა (ნატოს იმედით) დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რითაც უდავოდ გამოიწვევენ რუსეთის ადეკვატურ რეაქციას.

რა მოჰყვება ამას? ნატოს წესდების მე-5 პუნქტის ამოქმედება?! და რას ნიშნავს ეს, თუ არა ვაშინგტონის, პარიზის, ბერლინის, … მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებას? ანუ მესამე მსოფლიო ომს თბილის-კიევის ამბიციებიდან გამომდინარე?

ვეჭვობ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკოსების ოცნება, საკუთარი ქვეყნის განადგურება იყოს, მაგრამ  თუ თბილისმა და კიევმა — ნატოში შესულებმა, თავიანთი წინდაუხედავობით გადადგეს მილიტარისტული ნაბიჯი, ნატო გულხელდაკრეფილი შეხვდება აღნიშნულს და არ დაიცავს თავის წევრებს?

თუ არ დაიცავს, რაც სრული შესაძლებელია თვით ეს ორგანიზაცია გახდება ლანძღვის ობიექტი და სამხედრო ბლოკი, რომელმაც საკუთარი წევრების დაცვა ვერ შეძლო — დაიშლება.

როგორ აფასებენ აღნიშნულს რუსეთში? — მარტივად. თუ ნატომ კარი გაუღო საქართველოს — ეს ნიშნავს იმას, რომ ნატო მზადაა რუსეთთან საომრად. არამყარი სახელმწიფოების ნატოში შესვლა ხელს მისცემს ნატოს (თუ მას ასეთი სურვილი აქვს) ნებისმიერ დროს წააქეზოს ისინი რუსეთის წინააღმდეგ, რასაც უდავოდ მოჰყვება რუსეთის რეაქცია.

სტატიის დასაწყისში აღვნიშნე ვაშინგტონის სამიტის თაობაზე, რომლის დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინა-საქართველოს დამატებითი მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ შავი ზღვის აუზში. „ჩვენ ვაფართოვებთ ძალისხმევას შავი ზღვის რაიონში. შევათანხმეთ ღონისძიებათა პაკეტი დაზვერვითი სამუშაოების საწარმოებლად და ჩვენი პარტნიორების უკრაინა-საქართველოს დახმარების მიზნით.“ , — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან ხშირად გაისმის მონტრიოს 1936 წლის ხელშეკრულების შეცვლის თაობაზეც, რომელიც, შავი ზღვის ქვეყნებისგან განსხვავებით, არაშავი ზღვის ქვეყნებს შეზღუდვებს უწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს წევრი სამხედრო გემები შავ ზღვაში მხოლოდ 21 დღით შეიძლება იყვნენ და მათ საერთო ტონაჟი 30000 ტონას არ უნდა სცდებოდეს.

შეცვლიან თუ არა ხელშეკრულებას ძნელი სავარაუდოა, ვინაიდან ნატოს წევრი თურქეთი წინააღმდეგია ამისა, მაგრამ ნატოს პროვოკაციული ნაბიჯები შავ ზღვაში საქართველო-უკრაინის მონაწილეობით, უდავოდ საგანგაშოა — საერთო მშვიდობისთვის, უპირველესად საქართველოს კეთილდღეობისთვის. საქართველოს ხელისუფლება უყოყმანოდ ასრულებს ბრიუსელის დაკვეთას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკუთარ სურვილებს, საქართველო-უკრაინის დაჟინებულ თხოვნად ასაღებს.

შავი ზღვის „უსაფრთხოებასთან“ დაკავშირებით ნატოს წევრსა და შავი ზღვის ქვეყანას ბულგარეთს ბრიუსელისგან განსხვავებული  მოსაზრება აქვს. ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა კარაკაჩანოვმა განაცხადა: „სოფია არის ნატოს ლოიალური პარტნიორი, მაგრამ ქვეყანა აწარმოებს კომპრომისების ძებნის და არა ვითარების დაძაბვის პოლიტიკას. ის არ გეგმავს ნატოს სამხედრო-საზღვაო ბაზების განლაგებას თავის ტერიტორიაზე“.

შავ ზღვაში ნატოს ძალების აქტივიზაცია ჯდება იმ გეგმაში, რასაც „აგრესიული“ რუსეთის შეკავება ჰქვია. ჩვენთვის, ისე, როგორც უკრაინელებისთვის ნატოს აღნიშნულ პროექტში ჩათრევა მხოლოდ ნატოსთვის არის სასარგებლო და არა საქართველო-უკრაინისთვის. ორივემ კარგად ვიცით — რამდენად არის ნატო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტორი. თუ დასავლეთი აღნიშნული ორი ქვეყნიდან შეეცდება ანტირუსული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შეკვრას, მაშინ რუსეთი იძულებული იქნება სიტყვებიდან საქმეზე გადავიდეს, საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

და ბოლოს გავიხსენოთ ისტორია და ვთქვათ სიმართლე — რამდენად შეესაბამება საბჭოთა კავშირისთვის და მისი მემკვიდრე რუსეთისთვის სიტყვა „აგრესორის“ და სხვა მსგავსის მიკერება, როდესაც თვით „აგრესორი“ ოფიციალურად ოთხჯერ შეეცადა „აგრესორობიდან“ უმანკო კრავობაში გადასვლას, მაგრამ „მშვიდობისმოყვარე“, „ბუნჩულა“ და „დემოკრატმა“ ნატომ ოთხჯერვე უარი სტკიცა კრემლს.

ნატოს სურვილის შემთხვევაში შეეკავებინა ჯერ საბჭოთა, შემდეგ რუსული აგრესია, უმჯობესი იქნებოდა შეესრულებინა კრემლის თხოვნა და თავის რიგებში გაეწევრებინა „პოტენციური აგრესორი“.

ანტირუსულ პროპაგანდას, რომელსაც თან ახლავს ნატოს სამხედრო მანქანის გაძლიერება, აქაოდა რუსული გამოწვევის შესაკავებლად, მილიარდობით დოლარი ჯდება, რაც უდავოდ ხელს აძლევს სამხედრო-სამრეწველო ბიზნესს. ამასთანავე ძაბავს საერთაშორისო ვითარებას და მსოფლიო მშვიდობას სასწორზე დებს.

სულ ახლახანს ნორვეგიელებმა, რომლებსაც კარგად ახსოვთ საბჭოთა ჯარების მიერ ნორვეგიის ვაშიზმისგან განთავისუფლება, შეარცხვინეს მათი ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტოლტენბერგი — ამჯერად ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც აშშ-ის კონგრესში გამოსვლის დროს მოითხოვა დაფინანსების გაზრდა რუსეთიდან მომავალი საფრთხის შეკავებისთვის. მან სტალინი ჰიტლერს გაუთანაბრა, რითაც შეურაცხყო ისტორია.

დასავლეთს, კერძოდ ნატოს თავში ჩაბეჭდილი აქვს და ცდილობს სხვასაც ჩაუბეჭდოს მითი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ, რომელიც გამოიხატება ევროპაში კიბორჩხალას მსგავსი საცეცებით ევროპული დემოკრატიის დანგრევაში და ევროპის ქვეყნების დაქვემდებარებაში.

არადა ისტორიის მიხედვით, მოსკოვი ოთხჯერ (1954, 1983, 1991 და 2002 წწ.) შეეცადა დაერწმუნებინა ნატო საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთის ნატოში გაწევრების აუცილებლობაში, ევროპაში უსაფრთხოების სისტემის შექმნისთვის, რომელსაც უნდა გამოერიცხა ომები და გამყოფი ხაზები ევროპაში. თხოვნა უკუაგდო ნატომ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი