პრემიერ-მინისტრის მორიგი ცვლა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა. გადადგა თუ გადააყენეს?

ალბათ უფრო მეორე, ვინაიდან გადადგომისთვის გამზადებული მტკიცედ არ იტყოდა, რომ წასვლას არ აპირებს. მან ეს თქვა რამდენიმე თვის წინ – გაბეზრებულმა ჟურნალისტების შეკითხვებით. რა შეიცვალა კვირიკაშვილის მაშინდელი ოპტიმისტური განცხადებიდან დღემდე?

ბევრი არაფერი. ცხოვრება ისეთივე მძიმეა, როგორც მაშინ. მოსახლეობაც ისეთივე დათრგუნული, როგორც მაშინ, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირე და სავალალო სოციალური ვითარება საქართველოს მოსახლეობას არასდროს უბიძგებდა ქუჩის დემონსტრაციებისა და მიტინგებისკენ. ზოგი ქარაფშუტა მავანის განმარტებით ქართველი არასდროს გააპროტესტებს უპურობას, შიმშილს. მას ეს პირად შეურაცხყოფად მიაჩნია.

ევროპისკენ მიმავალი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია მსგავსი აზროვნება. იქ, კვირა ისე არ ჩაივლის, დემონსტრაციების, ქუჩის გამოსვლების, გაფიცვებისა და მანიფესტაციების ტალღამ არ გადაუაროს საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, სხვა ქვეყნებს. ქუჩის დემონსტრაციების 80%-ზე მეტი სწორედ ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებს ეხება ანუ ცხოვრებას. ხშირ შემთხვევაში ქუჩა აღწევს მიზანს და ხელისუფლებას აიძულებს შეცვალოს პოლიტიკა. ხელისუფალთა გაჯიქების შემთხვევაში ხალხი რევანშს, არჩევნების დროს იღებს. არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აქვს გამონაკლისის სახე.

ხელისუფლება, რომელმაც ვერ გაართვა ქვეყნის მართვას თავი, კარგავს ხელისუფლებას. ეს, მარტივი ჭეშმარიტება, შორს არის საქართველოს მოსახლეობის აზრისგან. მას რატომღაც სოციალურ საკითხებზე ქუჩის აქციების მოწყობა ეთაკილება.

კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი არ ყოფილა ქუჩის სოციალური აზვირთება, ასე რომ საბაბი მისი წასვლისა სხვაა. „როგორ აროა?“ – შემედავება მავანი, – „განა საქართველოში  შექმნილი მძიმე სოციალური ფონი, გადადგომის ინიციატორი არ არისო?“

არის, მაგრამ ვინ იცის, რომ სოციალურ გაუსაძლისობას, სოციალურ უთანასწორობას, შიმშილს აქვს ადგილი? ყველამ იცის, მაგრამ ქუჩაში არვინ გამოდის.

ხელისუფლებამ იცის, რომ ქართველი უპურობის გამო ქუჩაში არ გამოვა. მან არათუ იცის, დარწმუნებულიცაა ამაში და თავს უფლებას აძლევს სოციალური საკითხები მხოლოდ სახელისუფლებო დონეზე მოაგვაროს. უზომო ხელფასები, სახელისუფლებო შეღავათები, ძვირადღირებული უცხოური კუნტრუში, სხვა სიკეთეები მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ისინი ხომ რჩეულები არიან?!

„კარგი ცხოვრება“ ყველას არ ეყოფა და რახან ასეა, ვისაც ეყოფა – ხელისუფლებაა. ხალხმა იცის, რომ ასეა და მას ვერაფერი შეცვლის, ამდენად ზის სახლში და გაუსაძლისობით „ტკბება“.

ხალხი რისთვისაც გამოდის, ბოლო თვის მოვლენებმა დაგვანახა – მაგალითად, უხეშად რომ ვთქვათ, ნარკომანიის დასაცავად, შვილმოკლული მამის დასახმარებლად.

მიძინებული ქვეყნისთვის სახალხო მიტინგები უდავოდ მაღვიძარას როლს ასრულებდა, მაგრამ ის არ იყო ისეთი მასშტაბური, ხელისუფლების ყოფნა-არყოფნას რომ დამუქრებოდა.

დიახ! იყო მოწოდებები პრემიერ-მინისტრის, სხვა მინისტრების გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ არა იმ ძალის და მასშტაბის, რასაც მეზობელ სომხეთში ჰქონდა ადგილი.

კვირიკაშვილი ამ მიტინგების გამო არ გადამდგარა. მაშ, რამ აიძულა კვირიკაშვილი გადამდგარიყო?

პარლამენტმა, რომელსაც შეეძლო პრემიერის და მთავრობის მუშაობა უარყოფითად შეეფასებინა და უნდობლობის ვოტუმი გამოეტანა?

არა!

ოპოზიციამ?

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის კვირიკაშვილი და მთავრობა მუდამ მიუღებელი იყო, სურვილი მისი ვერ ასრულდებოდა, მარტივი მიზეზის გამო – ის უმცირესობაა. აი, რაც შეეხება უმრავლესობას, ერთი სიტყვაც არ დასცდენია მთავრობის უსუსურობის თაობაზე. პირიქით, ისეთ ხოტბას ასხამდა, თითქოს მართლაც ყოფილიყო ქების ღირსი.

რა ძალამ იმოქმედა კვირიკაშვილზე, რომ დარჩენის გადაწყვეტილება, წასვლით შეეცვალა?

ღვთიურმა ძალამ, რომლის გავლენის არეალი უკიდეგანოა – მას ივანიშვილი ჰქვია, კაცი, რომელიც ბედკრულ საქართველოში ლამის ღმერთთანაა გატოლებული. გადადგომის წინადღეს „ოცნების“ შეკრებაზე უმსჯელიათ საკადრო საკითხებზე და ივანიშვილის გადაწყვეტილებაც მოუსმენიათ, მაგრამ რატომღაც „ოცნების“ ბობოლა წევრებმა სინამდვილე დაუმალეს ხალხს. ჟურნალისტების კითხვაზე – კრებამ განიხილა თუ არა საკადრო საკითხები? – უმრავლესობის საპარლამენტო ლიდერმა თალაკვაძემ თქვა: „ჩვენ ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებზე. … მე, დაბეჯითებით გეუბნებით, რომ საკადრო საკითხების განხილვა არ ყოფილა“.

ამ „სიმართლემ“ მხოლოდ რამდენიმე საათი გაძლო.

როდესაც ესოდენ აქტუალურ თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უტიფრად ატყუებს ხალხს, სხვა შემთხვევაში რას იზამს? – მაგრამ ხალხიც მიეჩვია ტყუილებს, ვითომ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას რომ ეხება.

ელექტრონული და ბეჭდვითი მედია გაჯერებულია საქართველოს ეკონომიკური წარმატებებით სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში და უცბათ საკითხი, რაზეც „ოცნების“ უმრავლესობამ „იმსჯელა“ – სიღარიბის ზრდა. გაეროს UNICEF-ის (ბავშვთა ფონდის) მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია. 2017 წელს მოსახლეობის 5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 2015 წელს, ეს მონაცემები 2.1%-ს შეადგენდა.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – ამაზეა ნათქვამი. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სისტემატურად გვესმის სახელისუფლებო ექსპერტებისა და „ოცნების“ ფანების განცხადებები – ისინი ბევრს აკეთებენ, მაგრამ PR-ი არ აქვთ. ანუ თურმე დაპირებული ქარხანა-საწარმოებიც გუგუნებს და სოფლის მეურნეობაც ყვავის, თუმცა ამის შესახებ არვინ იცის, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამომავლო პროექტებში ყელამდე ჩაფლულებს, იმის დროც არ რჩებათ უკვე გაკეთებულზე აუწყონ ხალხს. სააკაშვილის წყალობით ერთ მტკაველ ქვეყანაში ჩიტის გაფართხალებაც ისე ისმის, ვითარცა არწივის და აღმოსავლეთში ან პირიქით დასავლეთში აგუგუნებული ქარხნის ხმაური გამორჩებოდა ხალხს?

UNICEF-ის დასკვნა უდავოდ საგანგაშოა, ვინაიდან UNICEF-საა და მეტი არაფერი, თორემ ის, რაც ამ ორგანიზაციამ თქვა, ჩვენ დიდი ხანია ვიცით, იცის ხელისუფლებამაც, მაგრამ საკუთარი თავისა და ნათესავ-მეგობრების დაპურება უპირველესად მიაჩნია. ასეა ყველა დონეზე – ქვეყნის პრეზიდენტიდან დაწყებული, რეგიონის რიგითი მოხელით დამთავრებული. ასე იქნება მომავალშიც, ვინაიდან არ ჩანს მანკიერი სისტემის ცვლის მცდელობაც კი.

ივანიშვილის გამოკლებით, მესამე პრემიერ-მინისტრი მოევლინა ქვეყანას – სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ წლებში. არვინ იცის, რატომ, რა პარამეტრებით, რა კრიტერიუმებით ინიშნება პრემიერი; ისე, როგორც არვინ იცის, რისთვის ტოვებს ის თანამდებობას – სააკაშვილის დროიდან – გაფარჩაკებულს (სააკაშვილის ტერმინოლოგია).

სულ ახლახანს ჟურნალისტის კითხვას მთავრობის არაკარდინალურ შეცვლასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ასე უპასუხა – რეფორმები, რომლებიც ჩვენ დავგეგმეთ, სწრაფ მოქმედებას საჭიროებას. ახალი მინისტრი კი საქმეში მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაერკვევაო. მინისტრი და არა პრემიერ-მინისტრი. აქ კი, როგორც ჩანს საქმეს არვინ უყურებს. ერთი კაცის მოწონება-არმოწონებით წყდება ყველაფერი. ასეთი ქვეყნის პოლიტიკას, კუდი ყავარზე არ უნდა ჰქონდეს გადებული და სხვებს, მხედველობაში მყავს მეზობლები, ქილიკით არ უნდა მოიხსენიებდეს, არადემოკრატიულ ქვეყნებად.

UNICEF-ის კვლევა სერიოზული მანიშნებელია იმისა, რომ გავერანებულს უდავოდ მწვანე შუქს არვინ აუნთებს ევროსაბჭოს ან ნატოს კარიბჭესთან. ევროკავშირი, რომელსაც უამრავი პრობლემა დაუგროვდა, ახლის აკიდებას საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვის სახით ვერ გარისკავს, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც „დიდი ბატონი“ (აშშ-ის სახით) ალმაცრად უყურებს თვით ამ ორგანიზაციის არსებობას.

ეს სხვა თემაა და სხვა დროს შევეხებით, სიღარიბის აღმოფხვრა კი ერთობ მძიმე რამ არის და მისი ზედაპირული განცხადებებით დაძლევა შეუძლებელია, თუნდაც ასეთით: „თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე. … ამისთვის საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი. … მე, დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“.

ამის წამკითხველს უდავოდ დაებადება კითხვა – აქამდე ვინ უშლიდა ხელს დანაპირების შესრულებაში?!

არც არავინ, გარდა საკუთარი თავისა. ჩვენ კი, მორჩილი საზოგადოება, დაველოდებით საამური ცხოვრების უკვე მერამდენე ვირტუალურ მოსვლას.

ნათქვამია – მანამდე არაფერი გეტკინოსო – ასე მიმართავენ სხვაზე მიშტერებულ, სხვის იმედზე მყოფებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი