კლოუნი პრეზიდენტყოფილის განცხადებიდან გამომდინარე

ბატონ გურამ გოგიაშვილს

„რუსეთი ოკუპანტია“ – ამ შინაარსის „სტიკერებმა“ – მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დამზადებულმა „რეკლამებმა“, მოსახლეობის ყურადღება მიიქციეს. სად არ არის გაკრული „მრგვალი“ შეხსენება – მაღაზიების კარებზე, ავტომანქანებზე, სახლების ფასადებზე, ყველგან, სადაც ადამიანის თვალი შეიძლება მიწვდეს.

ანალოგიური „რეკლამებით“ აივსო საქართველოს მედია, განსაკუთრებით ელექტრონული. ერთმანეთს ეცილებიან ქორფა პოლიტიკოსები და არანაკლებ ქორფა ექსპერტები რუსეთის ლანძღვა-გინებაში, ისეთი ამბების გახსენებაში, რუსეთს რომ არ დაესიზმრება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება 2008 წლის აგვისტოს ომზე და რუსეთის აგრესიაზე პატარა საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ, ტერიტორიების ოკუპაციაზე და იმ „საშინელებებზე“, რასაც რუსეთი „სჩადის“ დაპყრობილ ტერიტორიებზე.

2008 წლის აგვისტოს ომის გახსენება ყოველ წელს ხდება. ყოველ წელს, ხელისუფლება და ოპოზიცია გვირგვინებით ამკობენ ომში დაღუპული მეომრების საფლავებს. სპეცსიუჟეტებიც კეთდება საქართველოს ტელეარხებზე. ტელე-შოუ ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტები ინტერვიუებს იღებენ იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების და მეომრებისგან.

ამაში გასაკვირი არაფერია. კიდევ კარგი რომ სიტყვით მაინც ვიხსენებთ. წლევანდელი გახსენება წინანდელთან შედარებით გამორჩეულია, ვინაიდან „საიუბილეოა“ ანუ ათი წელი.

10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოდან, რომელმაც მძიმე დაღი დაასვა საქართველოს. შეცვალა მისი პოლიტიკურ-გეოგრაფიული ვითარება. რუსეთი აქცია მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ მოთამაშედ. საფუძველი ჩაუყარა მრავალპოლუსიაობას.

2008 წლის აგვისტოს ომს და მის შედეგებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს.  იქით ამბობენ, რომ ეს იყო შეიარაღებული აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, აქეთ – რუსეთის აგრესია, პატარა, დაუცველი საქართველოს მიმართ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი მოქმედება იყო იძულებითი ნაბიჯი რუსი სამშვიდოების და მოქალაქეების გადასარჩენად. დასავლეთი – ნირწამხდარი მოვლენების ისეთი განვითარებით, როგორსაც მაშინ ჰქონდა ადგილი, იმასღა აცხადებდა და აცხადებს – რომ რუსეთის მხრიდან არასიმეტრიულ მოქმედებას ჰქონდა ადგილიო.

მაინც რას ნიშნავს არასიმეტრიული?

დღემდე, დასავლეთიდან ამ სიტყვის განმარტება არ ჩანს, რაც ჩანს – ღიმილის მომგვრელია. ამ „განმარტებით“ აშშ-ი ყოველთვის იყენებდა არასიმეტრიულ სამხედრო ძალას მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ წლებში; გავიხსენოთ კორეა, ვიეტნამი, ერაყი, იუგოსლავია, … .

სხვათა შორის „არასიმეტრიული“ ძალის გამოყენების თაობაზე იყო გაჟღერებული იმ დასავლური საერთაშორისო გამოძიების დასკვნით დოკუმენტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი.

კარგა ხნის განმავლობაში იმუშავა კომისიამ, შეისწავლა ომის წინმსწრები პერიოდი, ომის მსვლელობის და შემდგომი ვითარება და მივიდა დასკვნამდე, რომ აგრესორი საქართველო იყო.

დასკვნითი დოკუმენტი გაიზიარა გაერომ, ევროსაბჭომ და თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მაშ, რას ამტკიცებენ დღეს ქართველი პოლიტიკოსები (ზოგიერთების გამოკლებით), ექსპერტები და მედია? რატომ შეჰყავთ საქართველოს მოსახლეობა სიცრუის ჭაობში? რატომ ეხმარება გარკვეული დასავლური ძალები საქართველოს პოლიტიკას, არასამთავრობო სექტორს, მედიას – ილაპარაკოს სიცრუე?

10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან და ნაცვლად იმისა, რომ ქართულმა პოლიტიკამ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, პრაგმატული ნაბიჯები გადადგას ქვეყნის სასარგებლოდ, ხალხის საკეთილდღეოდ, საწინააღმდეგოს აკეთებს – უმტკიცებს რა ყველას, მათ შორის უცხოეთსაც, რომ ომი საქართველომ კი არა რუსეთმა დაიწყო.

ყბადაღებულ პროპაგანდაში ვერვინ შეეცილება 2008 წლის ცხინვალის ომის მთავარ შემოქმედს, მე ვიტყოდი მთავარ დამნაშავეს, პრეზიდენტყოფილ სააკაშვილს. ამერიკული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს, როგორ ემზადებოდა პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად და ამ დროს რუსეთის შემოჭრა.

არც ის და არც მისი გუნდის წევრები ასეთ მზაკვრობას არ ელოდნენ და იძულებული შეიქმნენ წინააღმდეგობა გაეწიათ საქართველოში შემოჭრილი ათასობით ტანკის, თვითმფრინავის და ქვეითისათვის. ანალოგიური გაიმეორა მან რუსული „ეხო მოსკვი“-ს და ტელეკომპანია RTVI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დამნაშავე სააკაშვილი ისე ყვებოდა 10 წლის წინანდელ საშინელებაზე, წამითაც წარბიც არ შერხევია. ბედის უკუღმართობას რა ვუთხარი, თორემ მისი ადგილი თეატრშია, უფრო ზუსტად ცირკში, სადაც კლოუნი, სერიოზული, მიამიტური სახით ატყუებს მაყურებელს. სააკაშვილის სახით დიდი მსახიობი დაკარგა თეატრმა, ცირკმა, მაგრამ პოლიტიკამ?

პოლიტიკამ, განსაკუთრებით ქართულმა – ისეთი გაიძვერა შეიძინა, შუბლძარღვგაწყვეტილს, თვალებში პირდაპირ შემყურეს, რომ შეუძლია გვიმტკიცოს – თეთრი, შავია; რომ ომი მას არ დაუწყია, რუსეთმა დაიწყო, თან დასტურად ვიღაც რუსი სამხედროების ნათქვამ-ნაწერი მოიყვანოს.

სააკაშვილი კომპასია არა მარტო „ნაცმოძრაობის“ და მისგან გასული პატარ-პატარა პარტიებისთვის, არამედ მთელი ქართული პოლიტიკის და მედიისთვის, რომლებიც ისე აჟივჟივდნენ რუსული აგრესიის დასაგმობად და რუსეთის გასაშავებლად, თვით სააკაშვილსაც რომ შეშურდებოდა.

ომის დაწყებიდან 10 წლისთავზე რა მივიღეთ?

არც ერთი პოზიტური ნაბიჯი, დაშვებული დანაშაულის აღმოსაფხვრელად, ვითარების შესაცვლელად, მოწინააღმდეგე რუსეთთან დიალოგის დასაწყებად, წასული, ყოფილი ავტონომიების დასაბრუნებლად.

რაც მოვახერხეთ, ისაა, რომ სააკაშვილი და საქართველო გავაიგივეთ. ასე ხდება, როდესაც დამნაშავე არ ისჯება. ნაცვლად იმისა, რომ „საოცნებო“ ხელისუფლებას ერთ-ერთი მთავარი დანაპირები – სამართლიანობის აღდგენა შეესრულებინა, კოჰაბიტაცია გამოაცხადა დამნაშავეებთან, ომის გამჩაღებლებთან, საქართველოსა და მისი მოსახლეობის ცხოვრების გამაუკუღმართებლებთან.

2008 წლის აგვისტოს ომმა უდავოდ გააუკუღმართა საქართველოს მოსახლეობის ყოფა; მორალურად, ფსიქოლოგიურად დასცა მისი ცხოვრება; დაარწმუნა საკუთარ უსუსურობაში; ნათესაური, მეზობლური, საქმიანი კავშირები გააწყვეტინა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, რუსეთში მცხოვრებ საკუთარ სისხლთან და ხორცთან.

სააკაშვილის და მისი ხროვის დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე განუზომელია და მისთვის თავზე ხელის გადასმა, მისი რიტორიკის გაზიარება ისეთივე დანაშაულია, როგორც ომის გაჩაღება.

დიახ! ომი სააკაშვილმა დაიწყო და არა ხალხმა, მაგრამ რა ვუყოთ იმ „ხალხს“, ვინც პარლამენტის შენობის წინ გამართულ სცენაზე დამნაშვე ხელისუფლების წარმომადგენლების აღვირახსნილ ტლინკაობას, „პატრიოტულ“ გამოსვლებს ტაშს უკრავდა; ბალტიისპირა ქვეყნების მაგალითზე, საპროტესტო ცოცხალ ჯაჭვს აკეთებდა – „რუსთი ოკუპანტია“-ს ბღავილით.

მაშინ მოახერხა სააკაშვილმა და მისმა „ნაცებმა“ „ბელადის“ საქართველოსთან გაიგივება. სხვაგან ომის გამჩაღებელ ხელისუფლებას ხალხი სამართლიანად ექცევა და შესაბამის საზღაურს აკისრებს – ხანგრძლივ პატიმრობას. ასე გაისტუმრეს ციხეში არგენტინის მმართველი გენერლები, რომლებმაც ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებისთვის ომი გამოუცხადეს ინგლისს და დამარცხდნენ.

ჩვენ შევინდეთ, მოვეფერეთ, მათაც შეიფერეს. საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნდნენ და ახალი დანაშაულების გზა განაგრძეს – პატიმრების წამებით, ანალურ არხში ცოცხის ტარის გარჭობით და სხვა ისეთი ქმედებით, გახსენებაც რომ ჟრუანტელს გვრის ნორმალურ ადამიანს. მაგრამ ასეთნი ცოტანი არიან. დანარჩენნი, დამნაშავე სააკაშვილს გმირად ახასიათებს, რუსეთს აგრესორად. ყველანაირად ცდილობს ისე დაძაბოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, უარესს რომ ვერ ინატრებდა ორივე ქვეყნის მტერი.

10 წლის გავლის შემდეგ, სისტემატური ცრუ პროპაგანდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილი, თუ უმრავლესობა არა, დაბეჯითებით გაიძახის იმას, რასაც სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი „ნაცები“. და არა მარტო. ახალგაზრდა თაობა სიცრუის გარემოცვაში იზრდება, ვინც სიმართლეს ამბობს სასტიკად მათრახდება (საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით ვერბალურად) „უზომოდ პატრიოტი“ ჟურნალისტების, ექსპერტების, პოლიტიკოსების მიერ. ისინი ერთ დროს მათ სათაყვანებელ პოლიტიკოსსაც არ ინდობენ – ეს როგორ თქვაო. არადა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გულწრფელად თქვა სიმართლე – ომი სააკაშვილმა დაიწყო.

ზურაბიშვილს ეს ამბავი პირველად არ უთქვამს. მასზე ადრე აცხადებდნენ ნინო ბურჯანაძე, სხვები, რომლებიც ლამის ქვეყნის მოღალატეებად შერაცხეს. არადა, ნამდვილი მოღალატე ევროპაში ხარობს და სიცრუეს, კონვეირივით აფრქვევს აქეთ-იქით.

სიცრუის სამყაროში ცხოვრება და სურვილი პერმანენტული თავის მართლებისა არ იძლევა ვითარების კარდინალური შეცვლის შანსს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ცხადია „ნაცებით“ დაშინებული ან სიჩუმეს ამჯობინებს, ან ნახევარსიმართლეს – სააკაშვილმა ომი დაიწყო, მაგრამ რუსულმა მხარემ გამოიწვია და მას სხვა შესაძლებლობა არ დაუტოვაო.

სადამდე შეიძლება მივიდეს ზოგიერთთა დასნეულებული ფანტაზია?

2018 წლის აგვისტოს ცხინვალის ომის გახსენებამ გვაჩვენა, რომ ისევ ძველ ვერსიას ვტკეპნით; ისევ სხვას ვადანაშაულებთ, ნაცვლად საკუთარი დანაშაულის აღიარებისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებისა.  

ამ მიდგომით ჩვენ ვერასდროს გავიზიარებთ ომის შემდგომი ფინეთის მაგალითს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში აღადგინა კეთილმეზობლური კავშირურთიერთბები რუსეთთან. პატარა ფინეთმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ და ყოფილი მტრის ნაცვლად, პრაგმატული პარტნიორის სახით, ისეთი ცხოვრება აიწყო, მსოფლიო ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის თვალსაზრისით, პირველობას რომ ვერვინ შეეცილება.

ფინეთის გონებაგახსნილ პოლიტიკოსებს არ უთქვამთ – თუ საბჭოთა კავშირს სურს ურთიერთობა ჯერ ტერიტორიები დაგვიბრუნოს და მერე ვნახოთო, ისე, როგორც ეს თქვა საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

ბირთვულ სახელმწიფოსთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკი დადებითი შედეგის მომტანი ვერ იქნება. გარდა ამისა, საქართველო რა, შეღავათს უწევს რუსეთს? – ვგონებ საშეღავათო ჩვენ გვაქვს.

ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული დაკარგულის შემოერთებაში და არა რუსეთი. მას არ ეჩქარება. ჩვენ უნდა ვჩქარობდეთ, რამეთუ თითოეული საათი, დღე, თვე და წელი სამუდამო განშორების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი