აშშ-ს ერთადერთი იარაღი – ეკონომიკური სანქციები

„დიპლომატიაში სანქციების დაწესების გარდა სხვა ბერკეტი არ გაგაჩნიათ?“ – იყო შეკითხვა გაეროში აშშ-ს წარმომადგენლის ქალბატონ ნიკი ჰეილის მიმართ.

ავტორი შეკითხვისა გახლდათ რუსეთის წარმომადგენელი გაეროში ბატონი ვასილი ნებენზია. პოლემიკის არენა – გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა – მოწვეული ა.წ. 5 იანვარს აშშ-ს წარმომადგენლის ინიციატივით. საკითხი – ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლების საწინააღმდეგო ანუ აღმკვეთი ღონისძიებების გატარება ხელისუფალთა მხრიდან.

ირანში მიმდინარე პროცესზე დაკვირვების შედეგად ირანის ხელისუფლებამ დაადგინა ბუნტის წამქეზებლები – აშშ-ი, ისრაელი, საუდის არაბეთი. თეირანის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება – ბრალდება სერიოზულ კვლევას ეფუძნება. მასში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ვაშინგტონში, გასული წლის 12 დეკემბერს გამართულ მოლაპარაკებაზე –  ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჰერბერტ მაკმასტერსა და მის ისრაელელ კოლეგა მეირ ბენ-შაბათს შორის. მხარეები შეთანმხდნენ ირანის წინააღმდეგ ერთობლივ გეგმაზე. მოგვიანებით ორივე ქვეყანამ გამოხატეს თავიანთი მზადყოფნა მხარში დადგომოდნენ ანტისახელისუფლებო გამომსვლელებს.

ტრამპმა გამოხატა პატივისცემა ირანელთა მიმართ, რომლებიც იბრძვიან კორუმპირებული ხელისუფლების მოსაშორებლად. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა: „ისრაელის და ირანის ხალხები კვლავ გახდებიან დიდი მეგობრები მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება თეირანში“.

 დავუმატოთ ამას პოლიტიკური ლოზუნგები, რომლებიც უხვად იყო იმ ბობოქარ დღეებში ირანის ქალაქების ქუჩებში: „სიკვდილი როუჰანის“ (პრეზიდენტს), „სიკვდილი რაჰბარს“ (ირანის სულიერ ლიდერსა და მეთაურს ჰამენეის), „სიკვდილი სამხედროებს, კერძოდ გენერალ სულეიმანის“ – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა მეთაურს და მივიღებთ იმას, რასაც აცხადებს ირანის ხელისუფლება – ბუნტი, მოწყობილი ქვეყნის გარედან.

ირანის გამოსვლებმა პოლიტიკური ელფერი მოგვიანებით შეიძინეს, მანამდე მთავარი თემა – გაუარესებული ეკონომიკურ-სოციალური პირობები იყო. და მართლაც, ირანში არსებული პრობლემები ერთობ დასაფიქრებელია, რაც უდავოდ გახდება ირანის ხელისუფალთა მსჯელობის საგანი.

რამ გამოიწვია ირანელთა უკმაყოფილება?

შეკითხვა მარტივია, თუმცა მასზე პასუხის გაცემა არც ისე იოლი, ვინაიდან იმ მზაკვრულ პოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც აშშ-ი მიმართავს ათვალწუნებული მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ. ეს, ის პოლიტიკაა ბატონმა ნებენზიამ რომ შეახსენა ჰეილის – ეკონომიკური სანქციების დაწესება.

რა იწევს ამერიკის ათვალწუნებას?

მარტივი რამ – დაუმორჩილებლობა. აშშ-ს არ მოსწონს, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა აწარმოებს დამოუკიდებელ პოლიტიკას, ანუ როდესაც ქვეყანა თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელია. ასეთთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია: რუსეთი, ჩინეთი, ირანი, კუბა, ჩრდილო კორეა, … დანარჩენი, როგორც ფინანსურად, ისე ეკონომიკურად, აღარაფერს ვამბობ სამხედროზე, ისეა მიჯაჭვული აშშ-ზე, როგორც ადამიანი დედამიწაზე. ავიღოთ ისეთი დემოკრატიული ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ან ევროკავშირის ნებისმიერი სხვა ქვეყანა და დავსვათ კითხვა – რამდენად სუვერენულები და დამოუკიდებლები არიან ისინი?

პასუხი მარტივია – არც ერთი მათგანი ვაშინგტონის კარნახის გარეშე ფეხს ვერ გადადგამს. ან რა დამოუკიდებელ პოლიტიკაზე შეიძლება ილაპარაკონ გერმანიამ, იაპონიამ, სხვებმა, როდესაც მათი ტერიტორიები აშშ-ს სამხედრო ბაზებით არის დაფარული. გერმანიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე ბირთვული ბომბების რაოდენობა ყოველგვარ ლოგიკურ ფარგლებს სცილდება, რაც კარგად მოეხსენება ამ ქვეყნის ხელისუფლებას, მაგრამ არაფერი შეუძლია ამ იარაღის ტყვეობიდან თავის დასახსნელად. გერმანიას არც არვინ ჰკითხავს ბირთვულ ბომბებთან დაკავშირებით. ანალოგიური ვითარებაა იაპონიაში, სხვაგან, მაგრამ არა იმ ქვეყნებში, ზემოთ რომ ვახსენე, ვინაიდან ისინი დამოუკიდებლები არიან.

მოდით ახლა პარალელი გავავლოთ ევროკავშირის „დამოუკიდებელ“ ქვეყნებსა და საქართველოს შორის. რომელი უფრო დამოუკიდებელია?

ვგონებ, შეკითხვაც უადგილოა, ვინაიდან ისინი –  ეკონომიკურად ძლიერნი, რაღაც დამოუკიდებლობას მაინც ფლობენ, ჩვენ, ეკონომიკურად გაპარტახებულები ხომ ვაშინგტონის, უფრო სწორად საქართველოში აშშ-ს დიპწარმომადგენლის შიშით, ტუალეტშიც ვერ შევსულვართ. ასე რომ, ის დამოუკიდებლობა, რომელიც 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გვერგო, ცოტა ხნით ვიმყოფინეთ და სულ მალე (რამდენიმე თვეში) აშშ-ს ჩავაბარეთ. მას შემდეგ ურცხვად გავყვირით დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის თაობაზე, თითქოს მართლაც ასეთი ვიყოთ.

რაც შეეხება მართლა დამოუკიდებელ ქვეყნებს, მათი ბედი არცთუ შესაშურია ამერიკული სანქციების შემხედვარე. ავიღოთ კუბა – ლათინური ამერიკის პატარა ქვეყანა, რევოლუციამდე აშშ-ს გართობის სავანე. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ აშშ-ს პოლიტიკური გავლენიდან გამოსვლა გადაწყვიტა, ვაშინგტონმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა სახის ანტიკუბურ სამხედრო და არასამხედრო პროვოკაციებზე, რომლებსაც სისტემატურად ჰქონდა ადგილი.

ნახევარი საუკუნეა ეს ქვეყანა ამერიკული ეკონომიკური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც არა მარტო ამერიკა-კუბის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე ვრცელდება, არამედ ყველა იმ ქვეყანასა და კომპანიაზე, ვინც კუბასთან დაიჭერს ურთიერთობას. მიუხედავად ამისა კუბამ გაუძლო ამერიკულ შემოტევას, თუმცა გაცილებით უკეთესი ვითარება იქნებოდა იქ, რომ არა ეკონომიკური სანქციები.

საბჭოთა კავშირის არსებობის დროს სანქციების სხვადასხვა სახეობას ჰქონდა ადგილი –  აშშ-ს და მისი კარნახით დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულს.

მრავალი წელია ეკონომიკური სანქციები მოქმედებს ჩრდილო კორეის მიმართ, რამაც უდავოდ შეაფერხა ამ ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, თუმცა პოლიტიკურად წელში ვერ მოდრიკა. პირიქით, ჩრდილო კორეელები დარაზმა ქვეყნის ხელისუფალთა ირგვლივ.

საქართველომაც მიმართა დასავლურ მანკიერებას და აიძულა რუსეთი სანქციები დაეწესებინა აფხაზეთის წინააღმდეგ, რამაც ერთობ გააღიზიანა აფხაზეთში მცხოვრებნი და კიდევ უფრო მტრულად განაწყო ოფიციალური თბილისის მიმართ.

სანქციები მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან – ყირიმის მიერთების და დონბასის მოსახლეობის მხარდაჭერის გამო. მართალია რუსეთი, რომელმაც თავის მხრივ სანქციები დაუწესა დასავლეთის ქვეყნებს, უძლებს გამოწვევას, მაგრამ როდემდე?

ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ მძიმე ვითარება შეიქმნა თეირანსა და ვაშინგტონს შორის. ვაშინგტონი, რომელიც ვერაფერს გახდა რევოლუციურ ირანთან, სხვა გზით შეეცადა „მოლების მმართველობის“ დამხობას. ეს სხვა გზა ეკონომიკური სანქციები იყო. აშშ-ს ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭომ რამდენჯერმე დაუწესა ირანს სანქციები, ხოლო აშშ-ა ცალკე განახორციელა ანალოგიური ღონისძიებები – საბაბი კი ირანის ბირთვული პროგრამა იყო. თითქოს ეს ქვეყანა ბირთვული ბომბის დამზადების პროცესში იმყოფებოდა. არადა ბირთვული ბომბის დამზადებისთვის ურანის 90%-მდე გამდიდრება იყო საჭირო. ირანს კი ეს პროცესი 7-9%-მდე ჰქონდა, რაც არ იყო საკმარისი ბირთვული იარაღისთვის, მაგრამ საკმარისი იყო სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის.

სანქციების პერიოდში ირანის ნავთობისა და გაზის შეძენა აეკრძალათ აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებს, მათ შორის ევროკავშირის. სანქციების გამო ირანმა დაკარგა დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტა, რამაც გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა (450%-ით) და ფასების მატება. 2013 წელს ინფლაციამ 31%-ი შეადგინა, მოგვიანებით, ვითარება შეძლებისდაგვარად დასტაბილურდა. 2016 წელს ინფლაციამ 11%-მდე დაიწია და მსოფლიო ბანკის გათვლებით მომავალი სამი წლის განმავლობაში 12%-ს არ გადააჭარბებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ირანული  ოჯახი საშუალოდ 15%-ით გაღარიბდა. 2014 წელს 8 მილიონზე მეტი ირანელი დღეში 5,5 დოლარად ცხოვრობდა. სახელმწიფო, ღარიბ მოსახლეობას ყოველთვიურად დახმარების სახით 13 დოლარს აძლევს.

სტატისტიკის მიხედვით, საშუალო ირანულმა ოჯახმა 30-50%-მდე შეამცირა ხორცის, რძის და პურის მოხმარება. 40%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების ფასები.

ყოველივე აღნიშნულმა გააღიზიანა ირანელები, გააღვივა მათში ანტისახელისუფლებო განწყობა და ხელი ჰკრა ქუჩის გამოსვლებისკენ. აღნიშნულს დაემატა დასავლეთის მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, მოწოდებები ხელისუფლების დასამხობად.

ეკონომიკურ სანქციებს, რასაც აშშ-ი სისტემატურად მიმართავს, აქვს მთავარი მიზანი – აშშ-სთვის არასასურველი ხელისუფლების დაცემა. გათვლა მარტივია – სანქციებით, ეკონომიკრ-სოციალური სასუნთქი არხების დახშობა, ხალხის უკმაყოფილების გამოწვევა და ამ ტალღაზე რევოლუციის აგორება. ბოლო წლებში არაბულ სამყაროსა თუ სხვაგან აგორებულ ე.წ. რევოლუციებში სოციალური პრობლემატიკა ის მთავარი საფუძველი და მამოძრავებელი იყო, რასაც პოლიტიკური მოთხოვნები ეფუძნებოდა.

ირანის მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ ხალხის პრობლემატურ, ყოველდღიურ სოციალურ ვითარებაზე უმალ აღმოცენდა პოლიტიკური მოწოდებები – სახელმწიფოებრივი სისტემის სწრაფი შეცვლისთვის, „მოლათა დიქტატურის“ დამხობისთვის.

აშშ-ს სულსწრაფობა შეუმჩნევებელი არ დარჩენილა. მისი მოქმედება ამოხსნა ვაშინგტონის „საყვარელმა“ „მოლათა დიქტატურამ“ და საჯაროდ განაცხადა, რომ ვაშინგტონი, ისე, როგორც ყოველთვის, გადატრიალებას გეგმავს ირანში, რასაც ირანის ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი