პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

„რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პატივმოყვარე ხელისუფლის სახელს უკავშირდება ამ სასახლის მშენებლობა. ის ბოლოს და ბოლოს ჩვენი ხალხის შრომა-რუდუნებით შემდგარი ბიუჯეტით არის წამოჭიმული თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას.“, – წერს გურამ წიკლაური გაეზეთ „საქართველოს რესპუბლიკის ა.წ. 11 დეკემბრის ნომერში.

წერილის ავტორის პათოსს ვიზიარებ და მხარს ვუჭერ. დიახ! პრეზიდენტის სასახლეში ბინა უნდა დაიდოს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ნაცვლად ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლისა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება მის თავმდაბლობას მივაწეროთ და მოვუწოდოთ მას დაიკავოს ის შენობა, რომელშიც უკვე საქართველოს 2 პრეზიდენტი მუშაობდა.

ორბელიანების სასახლე არაფრით შეესაბამება „სასახლის“ სახელის მატარებელ შენობას. მას უდავოდ ჰქონდა ხიბლი ორბელიანების დროინდელ თბილისში. დღეს, ნაკლებად, მიუხედავად რეკონსტრუქციისა – მიშენებ-მოშენებისა. ამ „სასახლეში“ გასული საუკუნის სამოციან წლებში განთავსებული იყო საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურული ურთიერთობების საქართველოს საზოგადოება და საგარეო საქმეთა სამინისტრო. შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩო.

მქონდა ბედნიერება მემუშავა იმჟამინდელ საგარეო უწყებაში, რაც შესაძლებლობას მაძლევს ვილაპარაკო აღნიშნული შენობის ავ-კარგზე. თავიდანვე ვიტყვი – შენობა, ასე თუ ისე ძნელად აკმაყოფილებდა მასში განთავსებული დაწესებულებების მოთხოვნებს, მაგრამ სრულიად შეუფერებელია (მიუხედავად მიშენებისა) პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის.

შენობის პრეზიდენტის სასახლედ გადაქცევის შემდეგ დაკნინდება თვით პრეზიდენტის ინსტიტუტი. არადა დროშასთან, გერბთან, ჰიმნთან ერთად პრეზიდენტის სასახლე სიმბოლო და სახეა ქვეყნის. სასახლე ისეთივე ხელშეუხებელია, როგორც ჰიმნი, დროშა, გერბი.

სახელმწიფო წყობიდან გამომდინარე საბჭოთა საქართველოს არ ჰქონდა პრეზიდენტის სასახლე. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში გაჩნდა პრეზიდენტის სასახლის აშენების აუცილებლობა. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლებლობა მქონდა მენახა ზოგიერთი მათგანი, ზოგიც ტელევიზიის საშუალებით გახდა ცნობილი, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის.

თურქმენეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის პრეზიდენტების სასახლეებთან შედარებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლე ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება. და იმასაც ვანადგურებთ?!

პრეზიდენტის ინსტიტუტი, თვით პრეზიდენტი, რაც არ უნდა შეზღუდული უფლებებისა იყოს – ქვეყნის სახე და სიმბოლოა. მას ყოველთვის ექნება წარმომადგენლობითი ფუნქცია, რომელიც პროტოკოლის თვალსაზრისით არავის გაუუქმებია.

წლების განმავლობაში ქვეყნის პროტოკოლის სამსახურის უფროსად მუშაობამ დამანახა ის პრობლემები, რომელებიც საბჭოთა საქართველოდან დაწყებული, პრეზიდენტის სასახლის აშენებამდე ჰქონდა ქვეყანას. პრეზიდენტის სასახლის აუცილებლობამ უმალ იჩინა თავი გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევისთანავე.

იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის „პიონერთა სასახლის“ შენობის პრეზიდენტისთვის გადაცემა, თუმცა თვით პრეზიდენტმა თქვა უარი, ბავშვებისთვის სასახლის ჩამორთმევაზე. ბოლოს გადაწყდა მთავრობის სასახლის იმ ნაწილის, სადაც საბჭოთა კავშირის დროს მინისტრთა საბჭო იყო განთავსებული, პრეზიდენტის და მისი აპარატისთვის გადაცემა.

პრეზიდენტ შევარდნაძის დროს უცხოელი სტუმრების მიღება სწორედ იქ ხდებოდა. ბატონი შევარდნაძე, რომლის სამუშაო კაბინეტი სახელმწიფო კანცელარიაში იყო, სტუმრების მისაღებად პარლამენტის შენობაში გადმოდიოდა.

ასე გაგრძელდა სააკაშვილის დროსაც – პრეზიდენტის სასახლის აშენებამდე. ამ სასახლის აშენებით მოიხსნა უდიდესი პრობლემა, რომელიც არსებობდა სასახლის უქონლობის გამო. თვით სასახლე უსაფრთხოებისა და პროტოკოლის სრული დაცვის თვალსაზრისით არის აშენებული. მაღალი რანგის სტუმრების დახვედრის ცერემონიალი სასახლის წინა ეზოში იმართება. თვით სასახლის მდებარეობა ქალაქს არ უქმნის დამატებით პრობლემებს – ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა სახით, რაც გამორიცხული იქნება ათონელის ქუჩაზე.

თბილისელებს არ დავიწყებიათ ტრანსპორტის საცობები და ფეხით მოსიარულეთა პრობლემები, როდესაც ორბელიანების სასახლეში აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. არც შენობის წინ, შუაგულ ქუჩაზე აშენებული დამცავი კედელი დავიწყებიათ.

ვიმეორებ, პრეზიდენტს რაც არ უნდა შეეზღუდოს ფუნქციები, საზღვარგარეთის დელეგაციების მიღებას ვერ ავუკრძალავთ. აქედან გამომდინარე სისტემატურად გადაიკეტება ათონელის ქუჩა ტრანსპორტისთვის, და არა მარტო. ათონელის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებაც გაჭირდება. ასე რომ შეიქმნება არცთუ უმნიშვნელო პრობლემა. რა გვსჯის, რატომ ვიტკივებთ აუტკივარ თავს?

დღევანდელი სასახლე ვიღაც-ვიღაცეებს, საქმეში ნაკლებად ჩახედულებს, ვაი პატრიოტებს, დიდ ფუფუნებად მიაჩნიათ ღატაკი სახელმწიფოსთვის. როგორც ჩანს, მათ სამარადისოდ გადაუწურავთ იმედი საქართველოს ნათელ მომავალზე. დღეს თუ არა ხვალ ქვეყანა რომ ფეხზე წამოდგეს და გაჩნდეს მოთხოვნილება პრეზიდენტის სასახლის აშენებაზე –  ახალი ავაშენოთ? ისევ ვყაროთ ფული ახლის მშენებლობაში?

არადა, თუ ავლაბრის სასახლეს რომელიმე ორგანიზაციას ან ბიზნესს მიჰყიდიან, მისი მორჯულება გაჭირდება, ვინაიდან ახალი მეპატრონე უდავოდ გადააკეთებს მას, საკუთარი გემოვნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.

გაივლის წლები, ხელისუფლებაში მოვლენ სხვები, რომლებიც სასახლის საკითხს ისევ დასვამენ დღის წესრიგში. დაიბრუნებენ ძველს – დანგრეულ-გადაკეთებულს და დაიწყებენ მის აღდგენას, რომელსაც უამრავი ფული დასჭირდება.

რაღა შორს წავიდეთ, პარლამენტის შენობის მაგალითიც კმარა. სააკაშვილმა, რომელმაც პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა, ძველი შენობა ბიზნესს გადასცა. ახალმა პატრონმა ისე დაიწყო შენობის საკუთარ ბიზნესზე მორგება, რომ სახელმწიფოს ძვირი დაუჯდა მისი აღდგენა.

რა გვჭირს? რა ავადმყოფობა შეგვეყარა დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში?

ჯერ იყოდა პარლამენტის შენობის დანგრევა მოინდომეს 1991 წლის ომის შემდეგ – ესოდა „სატანის“ ანუ გამსახურდიას ბუდეაო. ეს, რომ არ გამოუვიდათ, ბიზნეს ცენტრის გახსნა მოინდომეს ამ უნიკალურ შენობაში, ხოლო პარლამენტის ახალი შენობის აშენება თბილისის ზღვაზე გადაწყვიტეს, რამეთუ თავიდან აეცილებინათ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მიტინგები და სახალხო შეკრებები. ვაი, ჩვენს თავს!

მავანი იმასაც ამბობს – პრეზიდენტის სასახლის შენახვა (განათება, დასუფთავება, სხვა ტექნიკური მომსახურება) ძვირი ჯდებაო. და ამას ამბობენ ისინი, ვინც ვერ ამჩნევენ კოსტავას, პეკინის, ბულაჩაურის ქუჩებზე გაჩენილ ველოტრეკებს, ავტომანქანების შევიწროებულ გზას, რაც იწვევს ხანგრძლივ საცობებს, ავტომანქანების გამონაბოლქვის ზრდას და ა.შ.

ვინმემ ერთხელ მაინც თვალი მოჰკრა ველოტრეკზე მონავარდე ველომოყვარულს? თუ ამ ველოტრეკისთვის ან თუნდაც გერმანიაში წიგნის ბაზრობის მოწყობისთვის (18 მილიონი) ფული არ გვენანება, პრეზიდენტის სასახლის შენახვისთვის გვენანება?

მავანი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის „ნასასახლარი“ არ უნდა იყოს, უნდა დაინგრეს ან გასხვისდეს.

ჩვენი რომ არ ვიცით, იქნებ სხვისი მაგალითებით გვეხემძღვანელა?

ბოლშევიკებს თუ რა დონეზე სძულდათ მეფე – კარგად არის ცნობილი, მაგრამ მშვენივრად აითვისეს კრემლი. სულ ახლახანს, „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს არგენტინის პრეზიდენტმა მაკრიმ ვარდისფერ სასახლეში უმასპინძლა მსოფლიოს ლიდერებს. იმ სასახლეში, სადაც სამხედრო ხუნტის თავი, იმჟამინდელი გენერალი და პრეზიდენტი გალტიერი იმყოფებოდა.

ეს, ის პრეზიდენტია, რომელმაც ფოლკლენდის კუნძულებისთვის ომი გააჩაღა დიდ ბრიტანეთთან. თუ როგორ დასრულდა ეს ამბავი, იცით. არგენტინა დამარცხდა, ხოლო ხუნტას არგენტინელებმა წირვა გამოუტანეს და პრეზიდენტი გალტიერი ციხეში გაისტუმრეს. ახალ პრეზიდენტს და მის შემდგომებს თავში აზრადაც არ მოსვლიათ ძველის სანაცვლოდ ახალი სასახლის აშენება.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ ესეც კმარა.

დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ წიკლაურს მართლაც მამულიშვილური წერილისთვის და მოვუწოდო ხელისუფლებას ქარს არ გაატანოს რის ვაი-ვაგლახით აწყობილი ახალი საქართველოს ტრადიცია – პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის სახით.

დიახ! საქართველოს ესაჭიროება პრეზიდენტის სასახლე. ასეთი კი ისაა – ავლაბრისა რომ ჰქვია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი