საარჩევნო მარათონი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საპრეზიდენტო მარათონმა და მასზე მიბმულმა ტყუილ-მართალმა – ყურებს რომ უჭედს საზოგადოებას, ისეთ მწერვალებს მიაღწია, საიდანაც რბილად დაშვება უდავოდ შეუძლებელია. „ნაციონალები“ – თავბრუდამხვევ შეტევაზე გადასული, წამსაც არ ტოვებენ ხელისუფალთა სალანძღავად. ვალში არც „ოცნება“ რჩება, თუმცა „ნაცებამდე“ ბევრი აკლიათ.

„ნაცთა“ შეუპოვრობა, ორგანიზებულობა, თავხედობა და ყველა სხვა ნეგატიური თვისება, რითიც უხვადაა დაჯილდოვებული ეს ორგანიზაცია და მისი მხარდამჭერები, სერიოზული ძალაა და მასზე ზედაპირულად, ხელისწამოკვრით ლაპარაკი ბევრის არაფრის მომტანია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც „ნაცებმა“ შესანიშნავად აითვისეს ლანძღვა-გინების ატანის ტექნოლოგია და შეტევაზეც ისე გადადიან, თითქოს ცამდე მართლები იყვნენ ცხრაწლიან სასტიკ მმართველობაში.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაუხედავი ადამიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისგან შობილი მონათესავე პარტიების წარმომადგენელთა განცხადებები გარკვეული პოზიტიური შთაბეჭდილების შემქმნელია, ვინაიდან უცხოსთვის „ნაცთა“ უტიფრობა და თანაც ასეთი, უბრალოდ წარმოუდგენელია.

„ნაცებმა“ დაივიწყეს „ცოცხებიდან“ დაწყებული ყველა საზარელი ქმედება – უხვად რომ ჰქონდათ ჩადენილი მათი მმართველობის პერიოდში და ისეთი შემართებით გვიტევენ, როგორც მამა აბრამის ბატკნები. „ოცნება“ თავს იცავს და იშვიათი კონტრშეტევით, ისეთ შეცდომებს უშვებს, უარესს „ნაციონალებიც“ რომ ვერ ინატრებდნენ.

ისე, როგორც წინათ, მთავარი სავაჭრო თემა, უფრო სწორად დამადანაშაულებელი ფარული აუდიო-ჩანაწერებია, სადაც მტყუან-მართლის გარჩევა არცთუ იოლია, მაგრამ საზოგადოება, რომელიც „ოცნების“ უნიათო მმართველობის უშუალო ობიექტია, ოპოზიციის გულშემატკივარია, უფრო სწორად ოპოზიციის გულშემატკივარი და აშკარა მხარდამჭერი იქნებოდა, „ნაცების“ ნაცვლად სხვები რომ ყოფილიყვნენ.

არსებულ რეალობაში საზოგადოება ვერ გარკვეულა საით – დღევანდელს დაუჭიროს მხარი თუ საძულველ გუშინდელს. აი, ამ განცდაშია ამომრჩეველი, რაც ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის არცთუ სახარბიელოა.

ხშირად გვესმის, რომ კოჰაბიტაციის შემოღებით „ოცნებამ“ ისეთი ფანდი გვაგემა, სულ მუდამ რომ მის სასარგებლოდ ჩავყრით საარჩევნო ყუთებში ბიულეტენებს. ხშირად ვიხსენებთ „ოცნების“ შემქმნელის ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს – ორი ძლიერი პარტია უნდა იყოს, დანარჩენი უნდა გაიკრიფოსო.

პარტიები, ცხადია 2-ზე მეტია და 200-სს აჭარბებს, მაგრამ ქაღალდზე. სინამდვილეში სიცოცხლისუნარიანი მართლაც ორია – სამთავრობო „ოცნება“ და ოპოზიცია – „ნაცები“. ხშირად ისიც გვესმის – ახია „ოცნებაზე“, ნაცვლად იმისა, რომ „ნაცები“ დაესაჯა – კოჰაბიტაციას მიჰყო ხელიო. ცხადია ამაში დასავლეთსაც მიუძღვნის წვლილი, მათი „საყვარელი“ „ნაცების“ სასარგებლოდ, მაგრამ კოჰაბიტაციით შექმნილმა გარემომ რომ „ოცნების“ წისქვილზე მიუშვა წყალი – სრული ჭეშმარიტებაა.

მარტივი კითხვა იბადება – ვის უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა – საზარელ „ნაცებს“ თუ ბევრის შემპირებელ „ოცნებას“, რომელმაც ყველა დაპირება ქარს გაატანა და ისე გველაპარაკება, თითქოს რაღაც მაინც გაეკეთებინოს უამრავი დაპირებიდან.

ხალხი ისე დაიღალა გაუსაძლისი ყოფით, რომ აღარაფრად აგდებს დოლართან მიმართებაში ლარის 2,70-მდე გაუფასურებას. ლარის კურსის ყოველდღიურმა ვარდნამ, რასაც ყოველდღიური ფასების მატება მოსდევს საწვავზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, ტრანსპორტზე და ა.შ. ლამის სასუნთქი არტერია გადაგვიკეტოს.

„არსაიდან ხმა, არსით ძახილი“. ხელისუფლება წინასაარჩევნო და აუდიო-ჩანაწერების ომშია ჩართული – ლამის „გმირად“ ქცეული სუბელიანის ყოველწამიერი ხსენებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი დროის ისეთ „გმირებზე“, როგორებიცაა ყიფიანი, ოქუაშვილი, ჩხარტიშვილი, მამაცაშვილი, … . სიას ბოლო არ უჩანს. ხელისუფლებას ქვეყნის მართვისთვის დრო არ რჩება, მითუმეტეს ეკონომიკურ-საფინანსო ვითარების მოსაწესრიგებლად. შედეგი სავალალო. მთავრობა, ოპოზიცია თავისთვის, ხალხი – თავისთვის. არადა, არც მესამე ძალა ჩანს, სხვაგან რომ უმალ იჩენდა თავს.

სხვაგან – ვგულისხმობ დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა ასეთში ისეთ რეალობას არ ექნებოდა ადგილი, რასაც აქ აქვს. იქ, საზოგადოება უმალ ორივეზე იტყოდა უარს. აქ კი, მსგავსი შეუძლებელია, ვინაიდან, ტორტთან, რომელსაც ხელისუფლება-ოპოზიცია მადიანად შეექცევა, სხვას არ გაიკარებს.

საკუთარ თავში დარწმუნებული ხელისუფლება  შეცდომას-შეცდომაზე უშვებს, რომელსაც ოპონენტი უმალ ააშკარავებს, მაგრამ მისი არვის სჯერა – ცამდე მართალიც რომ იყოს – წარსულში ჩადენილ ბოროტებათა გამო.

„გვეშველება რამე?“ – ამ შეკითხვას ხშირად მოკრავთ ყურს ქუჩაში სიარულის ან  საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის დროს. პასუხიც ისეთია, შეკითხვას რომ შეესაბამება – არაფერი!

როდესაც თვალს ვავლებთ დამოუკიდებლად ცხოვრების განვლილ წლებს, ობიექტური შეფასების შემთხვევაში ნათლად ვხედავთ, რომ ერთ ადგილს ვტკეპნით, წინ ვერ ვიწევთ. პრობლემებისთვის (მცირე ნიუანსების გამოკლებით) ვერ მოვიცალეთ. ხელისუფლება, მედია – ერთად შეკრული, ისე „ზრუნავს“ ჩვენზე, ცივ ნიავსაც არ გვაკარებს. ამდენად არაფერი ვიცით – რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ყოფილ საბჭოელებში.

ჩვენ ხომ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების სასტარტო მდგომარეობა თანაბარი გვქონდა? უფრო მეტიც, მათზე გაცილებით უკეთეს პირობებში ვიყავით, როდესაც დამოუკიდებლობა გვიბოძეს.

აღარაფერს ვამბობ სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებზე, დღეს რომ ევროკავშირში არიან მოკალათებული. ჩვენ არც არაფერი ვიცით რა ხდება ევროკავშირსა და ნატოში, რა პირობებში არიან იქ გაწევრებული ქვეყნები, რა აწუხებთ მათ და აწუხებთ თუ არა რამე?

ჩვენ გვგონია, რომ რახან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ევროკავშირის კარი გავიხსენით. ჩვენ არავინ გვითხრა, რომ ეს ხელშეკრულება არ ნიშნავს ევროკავშირში ოდესმე შესვლას. პირიქით, ჩვენ მუდამ ვისმენთ ხელისუფალთაგან, რომ ევროკავშირი და ნატო მოუთმენლად გველის. და როდესაც ამას ისმენ – მუდმივად და დაბეჯითებით აშშ-ის პრეზიდენტის ობამას ნათქვამი – „საქართველოს ადგილი ნატოში არ არის“ – მხოლოდ მისი სუბიექტური მოსაზრების ნაყოფი გვგონია.

რაღა შორს წავიდეთ. სულ ახლახანს აქ ჩამოსულმა ევროკავშირელმა ემისარმა პირდაპირ გვახალა – საქართველო ევროკავშირში ვერ შევაო. მას სიტყვა „ჯერ-ჯერობით“ არ გამოუყენებია.

ნათქვამი იმდენად შემაღონებელი იყო, რომ ერთხელ ითქვა და მასზე კომენტარი არვის გაუკეთებია. ხელისუფლებას მითუმეტეს – ცივი ნიავის არმოკარებიდან გამომდინარე. ზემოთ ნახსენებს გავიმეორებ ხელისუფლება „ზრუნავს“, რომ ცივი ნიავი ანუ ამბავი არ მოგვაკაროს.

მედია თავს იკავებს იმ მოვლენების ჩვენთვის გაცნობისგან, რასაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში აქვს ადგილი. არვინ გვეუბნება – როგორ ცხოვრობენ შუააზიის ქვეყნები, ბელორუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი, თუნდაც ჩვენი „დაუძინებელი“ მტერი რუსეთი.

ამ უკანასკნელზე ისეთ წარმოდგენას გვიქმნიან, თითქოს იქ, გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები იყოს. არადა, ვინც ერთხელ მაინც თვალს შეავლებს ტელეკომპანიების „დოჟდის“, RTVI, „ეხო მოსკვის“, სხვათა მუშაობას დარწმუნდება, რომ იქ ისეთი სიტყვის თავისუფლებაა, დემოკრატიის „აკვანი“, კოლექტიური დასავლეთიც რომ ვერ ეღირსება.

როდესაც ევროკავშირი მთლიანად და მასში შემავალი 28 ქვეყანა ცალ-ცალკე ვერაფერს აკეთებს ვაშინგტონის შიშით და თვალი სულ მისკენ გაურბის, რომელ დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე ვლაპარაკობთ?!

როდესაც ბულგარეთი, რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას „სამხრეთ ნაკადის“ (გაზის) მის ტერიტორიაზე გავლასთან დაკავშირებით, სოფიაში ჩასული სენატორი მაკკეინის შიშით აუქმებს, რითაც იუარესებს საკუთარ ენერგეტიკულ მდგომარეობას და უარს ამბობს სატრანზიტო მილიონობით შემოსავალზე, სუვერენიტეტი და დემოკრატიაა?!

სენატორი მაკკეინი აღარ არის, მაგრამ არის რუსული გაზის გარეშე დარჩენილი ბულგარეთი, რომელიც ყელგამოწვდილი ეხვეწება რუსეთს ხელშეკრულების აღდგენაზე. რაღა დროსაა. მატარებელმა ჩაიარა.

როდესაც სკრიპალების ყბადაღებული „მოწამვლის“ საქმეს რუსეთს აბრალებენ ძმადნაფიცი ინგლის-ამერიკა და ყველა ქვეყანას აიძულებენ ისე დაადანაშაულონ რუსეთი, როგორც თვით, რა დემოკრატიაა?!

როდესაც  ვიღაც აქაური მეტიჩარა ე.წ. ექსპერტი ან პოლიტიკოსი რუსეთს სკრიპალების მოწამვლაში და სირია-უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაში ადანაშაულებს, განა დაუფიქრებლად დასავლური მედიის მიერ შეთხზული სიცრუის გამეორება არაა?!

ასეთებს ყოველთვის მოეჩვენებათ, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაგვიწყო. არა სააკაშვილმა, არამედ პუტინმა.

სულ ახლახანს, სოჭში გამართულ „ვალდაის“ საერთაშორისო კლუბის მორიგ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა თავისი სათქმელი თქვა.

„ვალდაის“ ფორუმი მერამდენე წელია მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს ქვეყნების მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, მეცნიერები. წლევანდელ შეხვედრას, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 30 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობილი პოლიტოლოგის თეოდორ ლუკიანოვის მიერ დასმულ კითხვას რუსეთის პრეზიდენტმა ისეთი პასუხები გასცა, რაც ჩვენთვისაც საყურადღებო უნდა იყოს. მან სააკაშვილიც ახსენა, როდესაც უკრაინაზე ილაპარაკა. „უკრაინა დღეს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით, რის შედეგად საქართველომ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა“.

პუტინის ნათქვამში „დაკარგა“ – რაღაც ისეთი მენიშნა, იმედს რომ საბოლოოდ არ წურავს. იქნებ ვცდები, იქნებ სხვაგვარად მომესმა? მაგრამ სხვასაც რომ ისე მოესმა, როგორც მე. იქნებ, დაგვედგინა – ჩვენ რომ მოგვესმა დამაიმედებელია თუ პირიქით?

იქნებ, ნაცვლად ძველი ხერხისა – ლანძღვა-გინება რომ ჰქვია, ახალი ანუ ისიც ძველი, გამოგვეყენებინა – მოლაპარაკება რომ ჰქვია?

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა ნაწყვეტი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, სადაც შემდეგი ამოვიკითხე: „საჭიროა სტრუქტურების მოდიფიცირება, მათი ადაპტაცია ჩვენს დადგენილ პრიორიტეტებთან, ესენია ნატო და აშშ, ევროპა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია“.

მართალია, ყოველივე აღნიშნული წარსულს ეხება, მაგრამ ეს წარსული დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, ვინაიდან მასთან ნორმალური ურთიერთობის გარეშე აქ არვინ ჩადებს ინვესტიციას.

რუსეთთან ცუდი ურთიერთობა თავისთავად იწვევს ყოყმანს ინვესტორთა მხრიდან. ფულს სიმშვიდე უყვარს და არა ისეთი წივილ-კივილი, ჩვენ რომ გვაქვს ატეხილი რუსეთის მიმართ.

და კიდევ ერთი რამ. სუბელიან-ოქუაშვილის და სხვათა სეირის შემყურე ევროპა, ფართოდ გაგვიღებს კარს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი