მიტინგების ქვეყანა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

2 დეკემბერი, მიტინგი, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ – საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული „ნაცების“ მიტინგი. „ნაციონალური მოძრაობისა“ და საარჩევნო კოალიციის ერთიანი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადება – არ ვცნობთ უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს. ის ბათილად უნდა გამოცხადდეს. უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

დღეს, 2018 წლის 2 დეკემბერია. მიტინგი კი ისეთია, როგორიც  ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი, დაახლოებით იგივე მოთხოვნებით, ისეთივე შემართებით, როგორიც 30 წლის განმავლობაში. იცვლება (ნაწილობრივ) პოლიტიკოსთა სახეები, მოთხოვნები – ძველებური.

საქართველო, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ის „დემოკრატიაა“, დასავლეთს რომ მოსწონს და გვაქებს – კარგი ბიჭები ხართო. საქართველო, ის „დემოკრატიაა“, სადაც მიტინგომანია მტკიცე და სტაბილურია, ისეთი, ფუნდამენტს რომ ვერაფერი შეურყევს. საქართველო, ის „დემოკრატიაა“, სადაც მუდმივი მიტინგებია.

30 წლის წინათ დაბადებული რომ დაბადებისთანავე მიტინგს ეზიარა, უკვე გაიზარდა, დავაჟკაცდა და წინათ თუ მშობლებს დაჰყავდათ მიტინგზე, დღეს თვითონ დადის – ბრძოლისთვის შემართული.

საქართველო, ის ქვეყანაა, სადაც მიტინგი ხელისუფლების გადადგომისთვის ეწყობა. მიტინგი ერთადერთი ფორმაა მისი მოშორებისთვის. საქართველო, ის ქვეყანაა, სადაც მიტინგი არ ეწყობა სოციალურ საკითხებზე. საქართველო „ამაყი“ ხალხის ქვეყანაა, სოციალურ საკითხებზე რომ მიტინგის მოწყობა ეთაკილება.

საქართველო, ის ქვეყანაა, მისი დამშეული მოსახლეობა სანაგვე ყუთებში რომ იქექება, ქუჩაში ხელგამოწვდილი რომ დგას და ფულს ითხოვს. საქართველო, ის ქვეყანაა, რომლის მოსახლეობას ეთაკილება სოციალური მიტინგი, მაგრამ არ ეთაკილება ნაგავში ქექვა, ქუჩაში მათხოვრობა.

საქართველოს „პოლიტიკოსთა“ დღის წესრიგში არასდროს მდგარა სოციალურ საკითხებზე მიტინგის მოწყობა. მათაც ეთაკილებათ ასეთი. ისინი უფრო „მაღალ მატერიებზე“ აწყობენ მიტინგებს. არადა, იმ თემებზე რაზეც ისინი იწუხებენ თავს და ხალხსაც აწუხებენ იქ, იმ „დალოცვილ“ დასავლეთში არავინ შეწუხდება, რაც არ არის გასაკვირი და რატომ?

იმიტომ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების ჩატარება, სახელმწიფო სისტემა და სხვა მრავალი ისეთია, ეჭვი, რომ არვის გაუჩნდება. დამისახელეთ თუნდა ერთი გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, …, რომელიც საკუთარ ხმას 25-30 ევროდ გაყიდოს ან კარუსელს მოაწყობს, ან მეორეს, საარჩევნო კაბინაში შეჰყვება და მიუთითებს ვინ შემოხაზოს.

წარმოიდგინეთ, ნებისმიერი ევროკავშირელი, რამდენიმე კილოგრამ კარტოფილზე, შაქარზე ან სხვა პროდუქტზე – ხელისუფლების მიერ ანგარებით ნაჩუქარზე, რომ მოიქრთამოს და ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს.  ასეთს, ვერც ვერავინ წარმოიდგენს.

წარმოიდგენთ, ხელისუფლებიდან ვინმე, იმ „დალოცვილ“ ევროპაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს აფრთხილებდეს, თუ ჩვენს კანდიდატს ხმას არ მისცემთ, სამსახურიდან დაგითხოვთო? ან ვინმე წარმოიდგენს მოქალაქეს, რომ ძალით ერეკებოდეს  საარჩევნო უბნისკენ?

საქართველო, ის ქვეყანაა, სადაც ისეთი „დემოკრატიაა“, ქვეყნის საქმეები რომ ქურდულად ირჩევა. იტყვის ერთი კაცი და მისი ნათქვამი პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის ნათქვამზე ავტორიტეტულია, ამდენად სამთავრობო სამეული ისეთი მორიდებული და დაშინებულია იმ ერთის მხრიდან, მართვის თავიც რომ არ აქვს.

საქართველო ის „დემოკრატიაა“, სადაც ინტელიგენცია პირში წყალჩაგუბებულია, იმ ერთი კაცის წყალობით. იმ წყალს – ფული ჰქვია ანუ მათი გასაჩუმებელი ფული – იმ ერთის მიერ მიცემული. ინტელიგენცია, რომელსაც ახალგაზრდა დემოკრატიის ავანგარდსაც უწოდებენ, გატრუნულია და იმ ერთის ფულზე დახარბებული თავს არ იწუხებს, ვინაიდან ქვეყანაში, სადაც მეეზოვის „თანამდებობა“ სანთლით საძებარია, ვინ იტყვის უარს იმ ერთის მიერ მიცემულ სამოწყალო ფულზე?!

როდესაც მშიერი ხარ, აღარ აქცევ ყურადღებას იმ ერთის მიერ მოცემული ფულის წარმომავლობას. აღარც იმას აქცევ ყურადღებას, რომ იმ ფულის მიღების შემდეგ სახელმწიფოებრივ საქმეზე ვეღარ იფიქრებ, ვეღარ ილაპარაკებ, ვეღარ იბრძოლებ ნამდვილი დემოკრატიისთვის, ვეღარ ჩაატარებ გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს.

 ჩაატარებ ისეთს, როგორიც სულ ახლახანს ჩაატარე, რომელიც არაფრით განსხვავდება 30 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებისგან. და რახან ასეა, პარლამენტის შენობის წინ ჩატარებული საპროტესტო მიტინგიც იყო, არის და იქნება, ვინაიდან დღევანდელი მომიტინგე, ხვალინდელი ხელისუფლებაა.

ის, ვინც კაბინეტში შესვლისთანავე ეთხოვება „მიტინგიან“ წარსულს, უმალ იფერებს თანამდებობას და იქიდან გამომდინარე სიკეთეებს. იშენებს სახლებს, სასახლეებს, უთავბოლოდ დაეხეტება უცხოეთში. იქ ცხოვრობს „ხუთვარსკვლავიანი“  ცხოვრებით. აგროვებს კაპიტალს, უძრავ-მოძრავ ქონებას. ისე ერთობა პირადი საქმით, სახელმწიფო საქმიანობა რომ ავიწყდება. ასეთი დათმობს ზღაპრულ ცხოვრებას?

ამიტომაც, ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლებისთვის უმთავრესი იყო ნებისმიერი გზით ხელისუფლების შენარჩუნება, რასაც ბოლო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.

საქართველო, ის ქვეყანაა, სადაც არჩევნები ტარდება ასობით საერთაშორისო დამკვირვებლის „მახვილი“ მზერის ფონზე. ისინიც მკაცრად აფასებენ ამ პროცესს – კრიტიკით, გაოცებით – ეს რა ვნახეთო, რასაც მყისიერი რეაქცია უნდა მოჰყვეს დასავლეთის მხრიდან – არჩევნების არაკანონიერად ცნობით, მაგრამ ამას აქ არც არასდროს ჰქონია ადგილი და როგორც ჩანს არც ექნება.

უარყოფითად შეფასდა ბოლო არჩევნები, მაგრამ ითქვა რომ ჩატარდა – კონკურენტულად ანუ ოპოზიცია რომ საარჩევნო ყუთებამდე მიუშვეს დიდი მონაპოვარი ყოფილა.

ესეც, თქვენი დასავლეთი და მისი ორმაგსტანდარტიანი „დემოკრატია“. და თუ არც ქვეყნის შიგნით, მითუმეტეს მის გარეთ, გარდა ოპოზიციისა არავის ეთქმის აუგი ფალსიფიცირებულ არჩევნებზე – არცთუ ცუდად გვქონია საქმე.

თუ არც დასავლური „დემოკრატია“, მითუმეტეს აქაური, ე.წ. ასეთ არჩევნებს წარმატებულად მიიჩნევს, სამიტინგო რაღა არის?!

ეს კითხვა მეორდება 30 წლის განმავლობაში და ასეც იქნება მომავალი 30 წლის შემდეგაც, ვინაიდან პასუხის გაცემას მოითხოვს ყოველი ჩვენგანისგან. პასუხის, ისეთის ჭეშმარიტების მარცვლებიდან აკრეფილის და არა ტყუილის პრიალა მძივებით ასხმულის.

ვერ გავცემთ პასუხს კითხვას და ვერ შევქმნით ქვეყანას დემოკრატიულს, თავისუფალს, სოციალური პრობლემებისგან შორს მდგომს. ისეთს, სადაც კაცს დაედგომება. ისეთს, სადაც კაცი იშრომებს და საკუთარი შრომის საფასურს შეუფერხებლად მიიღებს. ისეთს, საიდანაც კაცი ლუკმა-პურის საძიებლად არ გაიქცევა – სამარადისოდ სხვაგან არ დასახლდება. ისეთს, სადაც სიტყვას ფასი ექნება, სადაც ხელსუფლებას ეცოდინება, რომ დაპირება უნდა შეასრულოს და თუ ვერ, სხვას უნდა დაუთმოს ადგილი – ყოველგვარი მიტინგის, ძალისმიერი შეხსენების გარეშე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი