პოლიტიკური ქაოსი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ტრადიციისდა მიხედვით ისევ უბრუნდება ნაცად გზას, რასაც ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა ჰქვია. ძალისმიერში არ იგულისხმება ძალოვანი სტრუქტურების გამოყენება ხელისუფალთა შესაცვლელად, თუმცა ვინ იცის — წინ საკმაო დროა.

ძალისმიერი ანუ სამხედროთა ჩართვა სახელმწიფოს მართვის საქმეში, ჩვენი ქვეყნისთვის უცხო არ არის. გვახსოვს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობას ვინ დაუსვა წერტილი. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროსაც ჰქონდა ადგილი ამგვარ ქმედებას. მაშინ, ქვეყნის უშიშროების სამსახურის შეფს იგორ გიორგაძეს, რომ იტყვიან სულზე მიუსწრეს და შეაჩერეს დაგეგმილი სამხედრო გადატრიალება. მთავარი შემოქმედი ქვეყნიდან გაიქცა, თანაშემოქმედი, „მხედრიონელთა“ მოთავე ჯაბა იოსელიანი ციხეში გაისტუმრეს.

ამ ორი არასასიამოვნო ეპიზოდის გახსენება სახელმწიფო სტრუქტურის მანკიერების სრულ შთაბეჭდილებას ქმნის, რაც ხელს უწყობს ქვეყნის არასტაბილურ განვითარებას. ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობის ამ ორი მაგალითის გარდა, არც სახალხო ჯანყის შედეგად ხელისუფლების სახლში გაშვების მაგალითები გვაკლია. სწორედ ასეთი ჯანყის გამოისობით დაემხო შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებები.

ამ მაგალითების გახსენებასა და რეანიმაციასთან გვაქვს საქმე ამჯერადაც. ისე, როგორც წინათ, კვლავ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, გაიშალა კარვები, დაიწყო მიტინგები, პოლიტიკოსთა გამოსვლები, მოწოდებები, ლოზუნგები, უხვი დაპირებები და რაც მთავარია ე.წ. პატრიოტული განცხადებები. „რევოლუციურ“ ატმოსფეროს საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტიკოსები მართავენ — თითო-ოროლა ახალგაზრდასთან ერთად.

მასებში ძველი სახეები ჩანან, ისინი, ვინც გამსახურდიას დროიდან მოყოლებული ავსებენ პარლამენტის შენობის წინმდებარე სივრცეს. მათთან ერთად მათი შვილები დგანან, უკვე დავაჟკაცებულები — ისინი ხომ პატარაობიდან, მამებთან ერთად სტუმრობდნენ მიტინგებს. უყურებ 30 წლის ახალგაზრდობას, იმ პირველი მომიტინგეების შვილებს და თვალნათლივ ხედავ რომ არაფერი შეცვლილა.

1991 წლის დეკემბრიდან დღემდე საკმაო დრო გავიდა. კარგად გვახსოვს საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის გორბაჩოვის სატელევიზიო გამოსვლა — გადადგომასთან და მსოფლიოში უდიდესი იმპერიის დაშლასთან დაკავშირებით. მაშინ, თბილისის ომში გართულებმა, არაჯეროვანი ყურადღება მივაქციეთ მოსკოვიდან მოვლენილ თავისუფლებას — ტყვიების ზუზუნმა შეგვიშალა ხელი.

შემდეგ იყო უცხოეთის ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება. ქვეყნისთვის, მისი ხალხისთვის ამ ისტორიულ მოვლენაშიც ვერ ჩავატანეთ გემო — სიცივემ, შიმშილმა, უშუქობამ, ყაჩაღობამ, ცენტრისა და რეგიონების სისხლიანმა დაპირისპირებამ შეგვიშალა ხელი.

დროებითი ხელისუფლების ორგანიზებით ჩატარებული უზენაესი საბჭოს არჩევნები, მთავრობის ჩამოყალიბება, ქაოტურდ წარიმართა. ვაკეთებდით საქმეს, რომლის მსგავსი არასდროს გაგვიკეთებია. ქვეყანა გადაგვყავდა სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე, ყველასთვის უცნობ სისტემაზე — ბნელ ოთახში ხელის ფათურით, სპონტანურდ, არცთუ იშვიათად გაუაზრებლად —  დაფიქრებისთვის საჭირო დროის არარსებობის, უცოდინრობის გამო.

საქართველო იყო პირველი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელმაც ფასადი კი არ შეუცვალა ქვეყნის მართვის სისტემას, არამედ ძირფესვიანად გადააბრუნა არსებული. დღეს ხშირად ისმება კითხვა — რა იქნებოდა 9 აპრილი რომ არ ყოფილიყო, რომ არ ჩატარებულიყო საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რამაც მოიტანა ის, რაც მოიტანა?

ისტორიას ვარაუდებით ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა საზოგადოების გარკვეული, ინტელექტუალური ნაწილი, ამ ჭეშმარიტების გვერდის ავლით აცხადებს, ზემომოყვანილი მაგალითები არ იქნებოდა, ხალხს რომ პატრიარქის შეგონებისთვის დაეჯერებინა და არა ცეტი, უცოდინარი ე.წ. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისთვის.

საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოწინავე საბჭოთა საქართველო ამ ბრძოლის მსხვერპლად იქცა, რამაც დიდი დაღი დაასვა ქვეყნის შემდგომ ცხოვრებას. დამოუკიდებელი ქვეყნის შენების სტარტის დროს დაშვებულმა შეცდომებმა, თვით დამოუკიდებლობის, თავისუფლების მცნებას მიაყენა ზარალი და მძიმე ცხოვრებით გაწამებულ ხალხს ნოსტალგია გაუჩინა ძველის მიმართ.

არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, საბჭოეთიდან თავის დასახსნელ ბრძოლაში ისეთი დანაკლისი არ განუცდია, რამდენიც საქართველომ. ყველა დანარჩენს თავისუფლება — ლანგარზე დადებული მიართვეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულს ეროვნული  მოძრაობის სულსწრაფობას აწერს, რამაც საბჭოეთის ნანგრევებში მოგვაყოლა.

მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა — საკმაო დრო ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ცუდათ დაწყებული „ახალი ცხოვრება“ დროდადრო ნეგატიურად გვახსენებს თავს — გაუთავებელი მიტინგებით, ჯანყის გზით ხელისუფლების ჩამოშორებით, ფსევდოპატრიოტული მოწოდებებით და ა. შ.

ჯანყით მოსული ყველა ხელისუფლება ჩოხასავით ირგებს კანონებს — ქვეყნის სათავეში ხანგრძლივად  ყოფნისთვის. უმალ ეჩვევა „მაღლა“ ყოფნის სიკეთეებს, სწრაფი ტემპით ახერხებს პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას, კაპიტალის დაგროვებას, ოჯახის წევრების, ნათესავების დასაქმებას; აკეთებს იმას, რისთვისაც წინამორბედი დაამხო.

გადახედეთ ჩვენს უახლეს ისტორიას — განა ამასთან არ გვაქვს საქმე? მაინც რა ბაცილით არის გაჯერებული სამთავრობო კაბინეტები, რომ ასე სწრაფად ავიწყებს იქ შესულ, ყოფილ ოპოზიციას, ოპოზიციურ წარსულს და წინამორბედის მსგავსად ან უფრო უარყოფითად აქცევს მას.

სააკაშვილის პერიოდის კანონმდებელი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი შევარდნაძის დროინდელთან შედარებით უფრო ნამუსგარეცხილი, მომხვეჭელი, სასტიკი და საქვეყნო საქმის ფეხზედამკიდებელია, ივანიშვილისა კი — სააკაშვილის დრონინდელებთან შედარებით. თვალნათელი დამადასტურებელი ამისა მილიონების მქონე პარლამენტარებია. არადა, ოპოზიციაში მყოფნი, რა შემართებით  ადანაშაულებდნენ მაშინდელ ხელისუფალთ კორუმპირებლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვაში, სისასტიკეში, ქვეყნის ძარცვაში?!

აგინებდნენ საპარლამენტო არჩევებამდე და აგინებენ არჩევნებში გამარჯვების დღიდან, დღემდე, თან გინების პარალელურად საკუთარ საქმეს იკვარახჭინებდნენ. ამ პროცესში გართულებს, ქვეყანა დაავიწყდათ. მესამე ვადით გამარჯვების შემდეგ მივხედავთ ქვეყანასო — აცხადებენ ისინი, რამაც ჭკუიდან გადაიყვანა ოპოზიცია.

ოპოზიციამ ვერ აიტანა კიდევ ოთხი წლით ქვეყნის ძუძუდან მოშორება. 8 წელიწადი ელოდა ის ხელისუფლებიდან „ოცნების“ წასვლას, „ოცნებას“ კი კიდევ უნდა ყოფნა — სახელმწიფო საქმეების გასაკეთებლად, ამომრჩევლისთვის დაპირებულის შესასრულებლად.

8 წელი განა საკმარისი არ იყო დაპირების შესასრულებლადო — უყვირის ოპოზიცია ანუ გუშინდელ ხელისუფლება, რომელსაც კარგად მოეხსენება ხალხის „ზრუნვის“ თემა. ისიც ხომ ისე „ზრუნავდა“ ხალხზე, როგორც დღევანდელი?

იგრძნეს რა მოსალოდნელი პოლიტიკური ქარიშხალი მმართველი პარტიის წევრებმა და მასთან კოალიციაში მყოფმა პარტიების წარმომადგენელებმა — სწრაფად იწყეს უმრავლესობიდან გასვლა. არც ერთ მათგანს პარტია, მითუმეტეს პარლამენტი არ დაუტოვებია. ისინი მისატმასნად, ახალ პარტიას ეძებენ.

საპარლამენტო კოალიციების არამდგრადობა, საპარლამენტო ცხოვრების 30-წლიანმა გამოცდილებამ არაერთხელ დააფიქსირა. ახალი მოწვევის მუშაობის დაწყებიდან ერთი ან ორი წლის განმავლობაში კოალიციები იშლება.

საქართველოს პარლამენტის ისტორიიდან, ამ თვალსაზრისით, „ოცნება“ ყველაზე სტაბილურია, რაც პარტიის ლიდერის მატერიალურ შესაძლებლობებსაც უკავშირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან აქაც იჩინა თავი, ისე, როგორც პარლამენტის მუშაობის 4-წლიანი ციკლის ნაკლებეფექტიანობამ.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს 4-წლიანი საპარლამენტო ციკლი, ისეთი ჩამოუყალიბებელი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა — არაეფექტურია. გაცილებით უმჯობესი იქნებოდა მისი 2 წელიწადნახევრამდე შემცირება. გარდა ამისა, პარლამენტარის მრავალჯერ არჩევა მიუღებელია. მას უნდა ირჩევდნენ არაუმეტეს 2 ვადისა. დღეს კი რა გვაქვს — პროპორციული სიით გასული ზოგიერთი პარლამენტარი 1995 წლიდან არის პარლამენტში. ასეთთა შრომის ნაყოფიერება დაბალია და რაც მთავარია მათ თავი მოაბეზრეს ხალხს.

დარწმუნებული ვარ ამ წინადადებას არვინ გაითვალისწინებს, ვინაიდან ყველა პარტიას სურს პარლამენტში დიდხანს ყოფნა. რა გაეწყობა — პარლამენტი არის ერთადერთი „ქარხანა“, რომელიც მუშაობს. თუ რა მნიშვნელობა აქვს დასაქმებას ამ დაუსაქმებელ ქვეყანაში, თან ესოდენ მსუყეს, შემოსავლიანს — მკითხველმა კარგად იცის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი