გავრილოვის წლად „მონათლული“ 2019 წელი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ფაუნით მდიდარ აფრიკის ქვეყნებს გვაგონებს მტაცებელი ცხოველების მიერ ნადავლის წაგლეჯისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებით.

ისტორიას ბარდება 2019 წელი — მოსახლეობის გაღატაკების, მომავლის უიმედობით აღსავსე, პოლიტიკური დაპირისპირების, ურთიერთის უნდობლობის წელი.

გამადიდებელი შუშითაც რომ გადაავლო თვალი განვლილ 12 თვეს, გაგიჭირდება ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ გაკეთებულის აღმოჩენა, ისეთის, მოსახლეობის ყოველდღიურობას ოდნავ შეღავათს რომ მისცემდა. რასაც შეამჩნევ — ხელისუფლების თავის ქებაა — ცხოვრების გაუმჯობესებული პირობებით, საერთაშორისო არენაზე მოპოვებული წარმატებებით, სხვადასხვა სახის რეიტინგებში მოწინავე ადგილების დაკავებით.

2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც გამუდმებით ვისმენდით საამური ყოფის შესახებ — აქ რომ დასადგურებულა, მაგრამ ოფთალმოლოგიური პრობლემების გამო ვერ დაგვინახავს. მიმავალი წელი გულწრფელი აღიარების წლადაც შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ წელს, აღგვითქვეს დახმარება უცხოეთში უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად გამგზავრებაში. რა გაეწყობა, როგორც რუსები იტყვიან: „უთევზობისას, კიბორჩხალაც თევზია“.

რუსეთის ხსენება უმალ გვაგონებს მეზობელი ქვეყნის დუმის წევრის გავრილოვის სახელს და მასთან დაკავშირებულ „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობას. ასეთ ფორმულირებას აძლევს ოპოზიცია პატივცემული დუმელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში საკუთარი დუმის ჩადებას.

„როგორ გაბედა აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტმა გავრილოვმა „წმიდა“ სავარძლის წაბილწვაო“ — გაჰკიოდა ოპოზიცია, თითქოს ამ სავარძელს მუდამ „წმიდა“ საჯდომები სტუმრობდა და ტელეეკრანებიდან მოსახლეობას განუმარტავდა ბილწი დუმელისა და რუსი ოლიგარქის ივანიშვილის „შეკრულობას“, რასაც უდავოდ მოჰყვებოდა მოსკოველი ორჯონიკიძეების თბილისში შემოჭრა და პარლამენტის შენობაზე სამფეროვანი რუსული დროშის აფრიალება.

ოპოზიციის ერთ-ერთი „თვალსაჩინო“ წარმომადგენელი (მაინც რამდენი ასეთი ჰყავს ოპოზიციას) ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერიდან გვიმტკიცებდა, თავისი თვალით ნანახი,  რუსეთისთვის, საქართველოს ჩაბარების „ტრაქტატის“ თაობაზე, რომლის ავტორი რუსი ოლიგარქი ივანიშვილია.

ოპოზიციის მსგავსად, ხელისუფლებაც იგივე შეფასებას (სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა) აძლევს 20-21 ივნისის მოვლენებს. სხვას, რას მისცებდა მის ადგილას მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება?!

როდესაც კეტებით შეიარაღებული მომიტინგეები, ანტისახელისუფლებო მოწოდებებით, პარლამენტის შენობაში შესაჭრელად შეასკდება პოლიციას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უფროა, ვიდრე უცხოელი ტურისტების მსგავსად შენობის დათვალიერების სურვილი.

2019 წლის მოვლენათა შორის 20 ივნისი ყველაზე გამორჩეული იყო. ჩვენდა სავალალოდ, ოპოზიციის და მისი ოკეანისგადაღმელი დამრიგებლების მიერ ერთობლივად ჩატარებული „ღონისძიება“ არაერთხელ შეგვახსენებს თავს დამდეგ 2020 წელს და მომდევნო წლებშიც, თავისი ნეგატიურობით, მეზობელ რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებით.

20 ივნისის „ღონისძიებამ“ წერტილი დაუსვა (უნდა ვიმედოვნოთ დროებით) „ოცნების“ მიერ გადადგმულ შიშნარევ ნაბიჯს, რუსეთთან დამოკიდებულების დასალაგებლად. 20 ივნისმა სერიოზული დარტყმა აგემა საქართველოს ეკონომიკას, ტურიზმს, სატრანსპორტო კომუნიკაციას, სხვას — ისეთი, კარგა ხანს რომ შეაწუხებს ხალხს. დროებით შეწყდა საჰაერო მიმოსვლა და მიუხედავად დაპირებისა, ჯერაც არ აღმდგარა. მან არა მარტო რუსი ტურისტების ნაკადი შეამცირა, არამედ ვაჭრობაც.

20 ივნისმა დაგვანახვა რუსეთზე, საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების სერიოზულობა.

20 ივნისმა გვაჩვენა ოპოზიციისა და მისი დამხმარე გარე ძალების გამარჯვება. მიზანი ამბოხისა — სწორედ საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დათბობის, გამყინვარეობით შეცლა იყო. ოკეანისგაღმით არსებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები — ნაცთა დამრიგებლები და მხარის დამჭერები, 7 წლის განმავლობაში, ეჭვის თვალით უყურებდნენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში სინათლის გაჩენას და ბეჯითად გეგმავდნენ მისი ჩაქრობისთვის ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რასაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი.

მერე რა, რომ ამბოხს ხალხის ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა?! მიზანიც ეს იყო — ხალხის ისეთ დღეში ჩაყენება, რის თაობაზეც წერილის დასაწყისში ვწერდი, გაღატაკებული ადამიანების აღშფოთების გამოწვევა, მმართველი პარტიის, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა და მისი დამხობა.

„დემოკრატიული“ დასავლეთის მიერ მსგავსი მეთოდების გამოყენებას სხვა სახელმწიფოების მიმართ, განსაკუთრებით ჯიუტის, ნაკლებად დამჯერის, სისტემატური სახე აქვს. ასეთს მიმართავენ რუსეთის, ირანის, ჩინეთის, ჩრდილო კორეის,  ამჯერად თურქეთის, სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ — ეკონომიკური სანქციების დაწესებით, სხვა ღონისძიებებით, ქვეყნის შიგნიდან გასატეხად.

სახელმწიფოს, ხელისუფლების სიმტკიცისთვის წყლის შესაყენებლად ე.წ. მეხუთე კოლონას ანუ თვით ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს იყენებენ — ფულით, მოსყიდვით და რა გასაკვირია, რომ მსგავსი სატყუარა არ გამოეყენებინათ ეგოიზმით დაავადებული აქაური ოპოზიციის წასახალისებლად?!

მასაც, ისე, როგორც მათ დამრიგებელ ოკეანისგადაღმელებს, ნაკლებად ადარდებს ამბოხის მძიმე შედეგი, რომელიც ხალხს აწვება. ის, ეგოისტურად იბრძვის სამთავრობო სავარძლებისთვის, დამრიგებლები — რუსეთისთვის პრობლემების შესაქმელად.

20 ივნისის ამბოხის დასრულების შემდეგ, ოპოზიციას აქტიურობა არ შეუნელებია, პირიქით მისთვის ჩვეულ რითმში გააგრძელა ხელისუფლების ლანძღვა, რუსეთთან მისი „მჭიდრო კავშირების გამომზეურება“. ოპოზიცია-ხელისუფლების მწვავე დაპირისპირებას დასავლელი, კერძოდ ამერიკელი ექსპერტები, პოლიტიკოსები არ აკლებენ ხელს.

მაგალითად, თბილისში გამართული პარლამენტთაშორისო ასამბლეის Euronest-ის სესიაზე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაც კმარა: „მმართველი პარტია გარკვეულწილად პასუხისმგებელია ივნის-ივლისში საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობაში. ეს, არ არის კარგი გადაწყვეტილება, ვინაიდან იწვევს ხალხში და ევროკავშირის საქართველოს მეგობრებში უნდობლობას. ორივე მხარეს ვუსურვებ, განსაკუთრებით მმართველ პარტიას, შეათანხმონ სამომავლო ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ დიდი პროპორციული საარჩევნო სისტემა, მომავალი წლის არჩევნებში“.

ცნობისთვის — 20 ივნისს ოპოზიციის და მისი დასავლელი დამრიგებლების მიერ, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ანტისამთავრობო მიტინგს — გამოწვეულს საერთაშორისო მართლმადიდებელი საპარლამენტო ასამბლეის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარებით და ასამბლეის თავმჯდომარის, რუსეთის დუმის წევრის გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომით, მოჰყვა მმართველი „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილის შეპირება 2020 წლის არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება, რაც მოგვიანებით დაირღვა.

დასავლელთა პოზიცია 2020 წლის არჩევნების ჩატარებისადმი ისეთია, როგორიც ოპოზიციის, რაც ხელისუფლებას ერთობ არასახარბიელო პირობებს უქმნის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ის საკმაო საპარლამენტო მანდატებს მოიპოვებს, რითაც „ოცნებას“ დააკარგვინებს ერთმართველობის შანსს.

გარდა იმისა, რომ დასავლეთს საკუთარი მიზნები აქვს ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მის განწყობას აღვივებს ოპოზიციის დასმენები „პრორუსული“ ხელისუფლებისა და კრემლის „აგენტის“ ივანიშვილის შესახებ, რაც ევროატლანტიკური ხარის წინ წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლია.

მმართველი „ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია საგარეო ვექტორში რომ იდენტურია, ეჭვის შეტანა ძნელია. ორივესთვის მზე ვაშინგტონიდან ამოდის, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ორივენი ამერიკელთა „ნატრენინგალია“, იქაური წყალი აქვთ დალეული. ორივენი ზედმიწევნით ცდილობენ პირნათლად შეასრულონ დასავლელთა დავალება — რუსეთის ლანძღვა-გინება. ორივე, ერთმანეთს რუსოფილობას აბრალებს, დამრიგებელთა თვალში მეტი სანდოობის მოსაპოვებლად, მაგრამ ამ „კეთილშობილურ“ ქმედებაში „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, გაცილებით წარმატებულია, ვიდრე „ოცნება“, ვინაიდან მათ მიერ შერჩეული საგინებელი თემა — ივანიშვილის „პრორუსულობა“ და კრემლის აგენტობა დასავლეთისთვის საყურადღებოა.

ის, რომ ივანიშვილი გასული საუკუნის 90-იანი წლების გარიჟრაჟზე რუსეთში ბიზნესმენობდა, სულაც არ ნიშნავს მის კავშირებს რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან, მითუმეტეს პუტინთან, მაგრამ რახან სიტყვა „რუსეთი“ ფიგურირებს, დასავლეთს ეჭვი უძლიერდება.

ზემოთ, კუბილიუსის ნათქვამში ხაზგასმითაა აღნიშნული მმართველი პარტიის მიერ დაპირების შეუსრულებლობა, რაც უნდობლობას იწვევს ხალხში და ევროკავშირელ მეგობრებში. „ხალხი“ ამ შემთხვევაში ყასიდად არის ნახსენები — დემოკრატიულობის გამოსახატავად, თორემ სინამდვილეში მას არვინ არაფერს არ ეკითხება. აი, რაც შეეხება ევროკავშირელ „მეგობრებს“, ისინი შეწუხებული არიან, ვაითუ „ოცნებამ“ რუსეთისკენ გაიხედოსო.

ისე, კაცმა რომ თქვას მრავალწლიანი ტყუილი დაპირებების შემდეგ იმედგაცრუებულმა საქართველომ, დასავლეთის ნაცვლად მზე ჩრდილოეთიდან ამოიყვანოს, რა გასაკვირია?

აი, თუნდაც ნახსენები „ევრონესტის“ სესია, რომელსაც მასპინძლებთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის დელეგაციებიც ესწრებოდნენ ნათელი მაგალითია ტყუილი დაპირებებისა. საქართველოს საზოგადოებას ისეთი ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ამ ორგანიზაციის რაობაზე, როგორიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ვინაიდან მისთვის არც ერთს მინიმალური შვებაც არ მოუტანია და არც მოუტანს.

ეს ამორფული ორგანიზაცია 10 წლის წინათ შეიქმნა — რუსეთის გავლენის სფეროდან ზემოთმოყვანილი ქვეყნების გამოსახსნელად და ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის, რამაც ჩვენ ევროკავშირში შესვლის იმედი გაგვიჩინა. როგორც ჩანს ჩვენი და მათი გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და ჩვენს საზეიმო განწყობას, რომელსაც ლეიტმოტივად ცეკვა „შალახოს“ ჰანგები გასდევდა, სხვა ისეთი ჰანგებიც ახლდა, უყურადღებოდ რომ დავტოვეთ — ასოცირება, გაწევრების წინაპირობად ვერ ჩაითვლება.

ასე, რომ „ევრონესტი“ დემოკრატიულმა დასავლეთმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსატყუებლდ მოიგონა, რომ მოსკოვისკენ არ გაეხედათ და ევროკავშირის კარის ზღურბლთან დააბა — გაწევრების  ყოველგვარი დაპირების გარეშე, ნატოსგან განსხვავებით, რომელიც იმას მაინც დაგვპირდა — თქვენთვის კარი ღიააო.

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან სომხეთს, რომელიც „ევრაზესის“ და „დსთ“-ს წევრია, ნაკლებად აინტერესებს ევროკავშირის გადმოგდებული კამფეტები, ისე, როგორც აზერბაიჯანს — ეკონომიკური და სხვა პარამეტრებით ყველაზე ძლიერს ამიერკავკასიაში. მოლდოვას, რომელმაც ფაქტიურად გარდაქმნა დასავლეთთან ურთიერთობა და ისევ მოსკოვისკენ გაიხედა. მხოლოდ ჩვენ და უკრაინა დავრჩით ევროკავშირ-ნატოს მიმართულებით ყელმოღერებულები და მიუხედავად იქ გაწევრების ნულის სადარი პერსპექტივისა, მაინც ჯიუტად ვიმეორებთ ჩვენს „ევროპელობას“.

ახლახანს, არაბული საამიროებიდან ერთ-ერთ ვარსკვლავზე, დუბაიზე გადაღებულმა ვიდეოფილმმა სინანული გამიჩინა საკუთარი ქვეყნის მიმართ. მაინც რა ძალამ, გონებამ, ენერგიამ, შემართებამ შექმნა ეს სასწაული — 50 წლის წინათ, რომ ყვითელი სილის უდაბნო იყო. უწყლობაში აბიბინებული ბაღები და სკვერები, ზღვაში შეჭრილი ხელოვნური კუნძულები, ულტრათანამედროვე შენობა-ნაგებობებით, სუპერ-მარკეტებით, სპორტული მოედნებითა და გასართობი ცენტრებით, 50-გრადუსიან პაპანაქება სიცხეში ზამთრის დახურული, უზარმაზარი დარბაზებით, ხელოვნური თოვლითა და საციგურაო მოედნებით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით, ტურისტული უბნებით — მრავალსართულიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

და ყოველივე ეს ნახევარ საუკუნის განმავლობაში — მცირერიცხოვანი მოსახლეობის მიერ შექმნილი.

ჩვენ რა დაგვემართა — ღმერთის წილხვედრ ქვეყანას, ევროპაში დაბრუნებულს, დიდი ისტორიისა და კულტურის მქონეს — 30 წლის განმავლობაში რომ წინ წასასვლელი ნაბიჯიც ვერ გადავდგით, მოჩვენებითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ლოზუნგს ამოფარებულებმა, პოზიცია-ოპოზიციის მუდმივ დაპირისპირებაში, კინკლაობაში და თავპირის მტრევაში, უქმად რომ განვლეთ სანუკვარი წლები?

დუბაი ერთადერთი არ არის, საამიროების დანარჩენი 4 პატარა ქვეყანაც ასეთია. მათ ევროპელობის სურვილიც არ გასჩენიათ. პირიქით, ევროპელებს აქვთ სურვილი იქ ცხოვრებისა. მრავლობით რიცხვში ყიდულობენ ისინი უძრავ ქონებას, ვილებს. დუბაელები ევროპელობას არ იჩემებენ — არაბები არიან, თავიანთი წარმომავლობისა და ისტორიის პატრიოტები.

მოდით ვინატროთ კავკასიელობა, ქართველობა და ამ გზით ვიაროთ დამდეგ და მომდევნო წლებში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი