ისევ ავლაბრის სასახლის თაობაზე

ბატონ გურამ გოგიაშვილს

მკითხველო, თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი ჩემი წერილი ისე უკვალოდ და უშედეგოდ ჩაივლის, როგორც ადრინდელი წერილები იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც პრეზიდენტის სასახლის, პრეზიდენტისთვის შენარჩუნება ჰქვია.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აშენებული სასახლე უდავოდ დიდი არქიტექტურულ-ფუნქციონალური შენაძენია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში. 30 წლის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლე კი არა, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მშენებლობის სიმწირე შეინიშნება „დამოუკიდებელ“ საქართველოში. არის გამონაკლისი ქუთაისში – პარლამენტის შენობა და ისიც სააკაშვილის „შემოქმედების“ ნაყოფია.

არათუ ახალი ადმინისტრაციული შენობები იქნა აშენებული ნაბოძები დამოუკიდებლობის წლებში, არამედ ძველი, საბჭოური სამთავრობო შენობები თეთრებად გაიყიდა და მათ ნაცვლად სასტუმროებად წარმოგვიდგა. ზოგი დღესაც ძონძებჩამოფარებული, ნახევრადდანგრეული და ლამის ჩონჩხებად ქცეული „ალამაზებს“ ქალაქის ლანდშაფტს.

მშენებლობის დარგში საქართველო ნამდვილად ვერ შეედრება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, სადაც ამ თვალსაზრისით თვალსაჩინო წარმატებები ფიქსირდება. ავიღოთ მეზობელი აზერბაიჯანი, სადაც დედაქალაქ ბაქოში მრავალი სპორტული ნაგებობა, კულტურისა და ხელოვნების სასახლეები წამოიჭიმა, ისე, როგორც სამთავრობო შენობები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე.

აღარაფერს ვამბობ ყაზახეთის ახალ დედაქალაქ ასტანაზე, რომელიც სულ რაღაც 20 წლის განმავლობაში დამშვენდა ულტრა თანამედროვე შენობა-ნაგებობებით, სკვერებითა და პარკებით, სპორტული მოედნებით, მუზეუმებით და ა.შ.

წინა წერილებში ვწერდი, რომ პრეზიდენტის სასახლეები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არ არსებობდა, ვინაიდან პრეზიდენტის თანამდებობაც უცხო იყო მაშინ. დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ყველგან შემოიღეს პრეზიდენტის თანამდებობა და აქედან გამომდინარე ყველგან გაჩნდა პრეზიდენტის სასახლის აშენების აუცილებლობა.

მსგავსი მოთხოვნა საქართველოშიც აღმოცენდა, თუმცა ობიექტურ-სუბიექტური ვითარებიდან გამომდინარე – თბილისის ომი, დაპირისპირება, ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გაუსაძლისი სოციალური ვითარება ნაკლებად იძლეოდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის განხორციელების შანსს.

საქართველოს პრეზიდენტებს – გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს იმ შენობებში უხდებოდათ მუშაობა, რომლებიც ნაწილობრივადაც ვერ უზრუნველყოფდა პრეზიდენტის ფუნქციების ჯეროვან განხორციელებას. სწორედ ამან გადააწყვეტინა სააკაშვილს პრეზიდენტის და მისი აპარატისთვის სასახლისა და ადმინისტრაციული შენობების აშენება. ორივე ნაგებობა, ფუნქციის მოთხოვნებიდან გამომდინარე აშენდა. ამდენად მათი სხვა საქმისთვის გამოყენება რეკონსტრუქციის, გადაკეთების გარეშე გაჭირდება.

სააკაშვილმა, სასახლის აშენებით, გადაჭრა ერთობ მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის დიდი პრობლემა, რაც პრეზიდენტის სახელს უკავშირდება. პრეზიდენტი კი სახეა ქვეყნის – თუნდაც შეზღუდული ფუნქციების მქონე, ისეთი, როგორიც დღეს არის.

წინა წერილებში აღვნიშნე, რომ ფუნქციებშეკვეცილ პრეზიდენტს ვერვინ შეუკვეცავს პროტოკოლურ ფუნქციებს, ისეთს, როგორიცაა მაღალი რანგის დელეგაციების მიღება, ორდენებითა და მედლებით გამოჩენილი ადამიანების დაჯილდოება, საზეიმო წვეულებებისა და უცხო ქვეყნების დელეგაციების საპატივცემულო მიღებების გამართვა და სხვა.

სწორედ ამგვარი სახის ფუნქციის მატარებელი იყო სააკაშვილის მიერ აშენებული სასახლე, რომელიც დაიწუნეს იმიტომ, რომ სააკაშვილის აშენებული იყო.

„ოცნების“ ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ უმალ გაჩაღდა ლაპარაკი პრეზიდენტის სასახლის ყოფნა-არყოფნის თაობაზე. ინიციატორი ამგვარი ლაპარაკისა „ოცნების“ შემქმნელი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც, როგორც ჩანს შენობას ვერ იტანდა იმიტომ, რომ იქ მის მიერ შეძულებული სააკაშვილი „მოღვაწეობდა“.

ივანიშვილმა, სააკაშვილის შემდგომ პრეზიდენტს მარგველაშვილს ლამის ფიციც დაადებინა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სასახლეში არ შევიდოდა. მარგველაშვილი დათანხმდა, თუმცა სასახლეში შესვლის შემდეგ აზრი შეიცვალა და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე იქ იმყოფებოდა.

გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად, ცხადია ივანიშვილის ძალისხმევით, პრეზიდენტად, ქალბატონი ზურაბიშვილი იქნა არჩეული, რომელმაც ისე, როგორც მარგველაშვილმა წინასაარჩევო კამპანიის დროს, ივანიშვილს, დაპირდა, რომ სასახლეში არ შევა და წინამორბედისგან განსხვავებით  დაპირება შეასრულა.

სწორი იყო თუ არა ზურაბიშვილის გადაწყვეტილება?

ცხადია, არა! და რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტის სასახლე ისეთივე სიმბოლოა ქვეყნისა, როგორც გერბი, დროშა, ჰიმნი და მიუხედავად იმისა, ვინ ააშენა ის – ასეთად უნდა დარჩეს.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში მიიღო ისე, როგორც ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს სიტყვით მიღებული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ვერადავერ გაითავისა ქვეყნის მოსახლეობამ, მათ შორის პოლიტიკამ. ის, ისეთივე პროვინციული დარჩა, როგორიც გასული საუკუნის დასაწყისში.

პროვინციალიზმია – სასახლე დაიწუნო, უფრო მეტიც აითვალწუნო იმიტომ, რომ იქ „უწმინდური“ პრეზიდენტი სააკაშვილი „მოღვაწეობდა“ – ცნობილი ორგიებით.

პრეზიდენტები მოდიან და მიდიან. ზოგი პატიოსანია, ზოგი პირიქით. ზოგს სასახლიდან პირდაპირ ციხეში უკრავენ თავს (სამხრეთ კორეის, არგენტინის, პერუს, სხვა ქვეყნების მაგალითები), თუმცა ამის გამო ახალ პრეზიდენტს თავში აზრადაც არ მოუვა პრეზიდენტის სასახლეში არშესვლა, ისე, როგორც ეს ზურაბიშვილმა გააკეთა – საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა ქალბატონმა.

ვინმეს ამერიკაში წარმოუდგენია „თეთრ სახლში“ კლინტონის შემდეგ, ბუში-უმცროსის არ შესვლა – კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ორალური სექსის ისტორიის გამო?

ზურაბიშვილს სექსის გამო არ დაუწუნებია პრეზიდენტის სასახლე, მან ივანიშვილს გაუწია ანგარიში – პიროვნებას, რომელსაც არავითარი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია. მერე რა რომ ის მილიარდერია და მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი ნაყიდი აქვს, თავისი მოსახლეობით, ინტელიგენციით, პოლიტიკოსებით. მერე რა, რომ ივანიშვილი ვერ იტანს სააკაშვილს და მისი მოსპობა უფრო გაუხარდება, ვიდრე დამატებით ერთი მილიარდი დოლარის მოგება?

მერე რა, რომ მან თქვა – ზურაბიშვილს საკუთარი აზრი არ აქვს?

როგორც ჩანს – არ აქვს, თორემ ორბელიანების ყოფილ „სასახლეში“, ერთობ შეუფერებელში პრეზიდენტისთვის, არ შევიდოდა და შემდეგ არ იტყოდა – სააკაშვილის მიერ აშენებული სასახლე უცხოელი სტუმრების მიღების ადგილად გადავაქციოთო, ე.ი. იმ ფუნქციის განხორციელება ვარგუნოთ, რომელიც პრეზიდენტის სასახლის პროტოკოლური ფუნქციებში შედის.

პრეზიდენტის უკვე ყოფილი სასახლე ახალ პრობლემად ექცა ხელისუფლებას. შეიქმნა კომისია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რა დანიშნულების მატარებელი იქნება შენობა მომავალში. მოარული ხმების მიხედვით, მასში საქართველოს კულტურის მუზეუმის განთავსებას აპირებენ.

საზოგადოებისთვის უცნობია – რას ნიშნავს ქვეყნის კულტურის მუზეუმი, მაშინ, როდესაც კულტურის მატარებელი მუზეუმები უკვე არსებობს, თუმცა დიდი მზრუნველობა მათ მიმართ არ ჩანს. უყურადღებობის თვალსაზრისით ხელოვნების მუზეუმი პირველობას არვის უთმობს. რამდენი დაიწერა და ითქვა ამ გავერანებული მუზეუმის თაობაზე, მაგრამ ვინმე გამოფხიზლდა ხელისუფლებიდან?

არც არავინ, ისე, როგორც „სანაქებო“ ინტელიგენცია. მაშინ, როდესაც ჯოხთაბერიძის მიერ აშენებულ შენობაზე და მასში განთავსებულ საგამოფენო დარბაზებზე სიტყვის კორიანტელია, ერთიც არ უთქვამთ ხელოვნების მუზეუმის გასაჭირზე.

გაურკვეველი სახის მუზეუმის ან სხვა სახის დაწესებულების განთავსება პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში კარგს არც შენობას მოუტანს და არც მუზეუმს. გადაკეთება გახდება საჭირო და მასში ფულის ხარჯვა. ნუთუ არ შეიძლება ზურაბიშვილის პრეზიდენტის სასახლეში შეყვანა?

სასახლე, სასახლეა და არჩეული პრეზიდენტი თავისი სურვილისდა მიხედვით არ უნდა წყვეტდეს მისი სამუშაო ადგილის შერჩევის საკითხს. თუ ამ გზას გავყვებით, ყოველი ახალარჩეული პრეზიდენტი მოითხოვს წინამორბედის მიერ დაკავებული შენობის ნაცვლად სხვა შენობაში შესვლას.

დავუშვათ, 6 წლის შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა მოითხოვა სააკაშვილის მიერ აშენებულ შენობაში შესვლა – მაშინ რას იზამს ხელისუფლება?

უკბილოა ივანიშვილის განცხადებაც, რომ შენობის შენახვა (ელექტროენერგია, გათბობა-გაცივება, დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება და სხვა) ძვირი ჯდებაო. კეთილი, მაგრამ იქ თუ რაღაც აბსტრაქტული მუზეუმი განთავსდება – ფული არ დაიხარჯება?

გარდა ტექნიკური მომსახურებისა სახელმწიფოს ბიუჯეტს დააწვება მუზეუმის ხარჯები, უპირველესად საშტატო ერთეულები და სხვა. ასე, რომ ყაირათიანობაზე ლაპარაკი ღიმილის მომგვრელია!

იქნებ ჯერაც არ არის გვიან და ზურაბიშვილი გადაგვეყვანა პრეზიდენტის სასახლეში. გარდა ამისა დაგვეწესებინა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე ის შენობაა, სადაც პრეზიდენტი არათუ უნდა მუშაობდეს, არამედ უნდა ცხოვრობდეს, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს აშშ-ი.

ვინ შეაბამს კატას ეჟვანს?

ცხადია, არც არავინ ხელისუფლებიდან. მაშ ვინ გადაწყვეტს პრობლემად ქცეულ საკითხს – პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის პრეზიდენტისთვის დაბრუნებას?

არის ერთი კაცი – საქართველოს უგვირგვინო მეფე, მას ბიძინა ჰქვია. ჰოდა, ვისაც გული სტკივა პრეზიდენტის ისეთი ატრიბუტისთვის, როგორიც სასახლეა, მიმართოს ივანიშვილს. იქნებ, კოლექტიურმა ძალისხმევამ გაჭრას და გააუქმებინოს მას ადრე მიღებული გადაწყვეტილება ავლაბრის სასახლის გაუქმების თაობაზე?

ავლაბრის სასახლეში ბინა ისევ პრეზიდენტმა უნდა დაიდოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი