ორი „სასიხარულო“ ამბავი – რა გველის მომავალში?

განვლილმა დღეებმა არცთუ სასიამოვნო ორი ამბავი მოგვიტანა. მართალია, ორივე ხვალ არ ასრულდება, მაგრამ თადარიგის დაჭერა დღეიდან უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავსაც დავკარგავთ და ქვეყანასაც, სამშობლო რომ ჰქვია.

ორივე ამბავს ჩვენზე, რიგითებზე გავლენა უნდა მოეხდინა, მაგრამ რახან მთავრობამ და მის ირგვლივ შემოკრებილმა ხალხმა, ისევე როგორც მედიამ, ყურადღება არ მიაქცია, ჩვენც არხეინად, ტვინის ზედაპირზე გავატარეთ და განვაგრძეთ ცხოვრება. ყოველდღიური პრობლემებით დატვირთულებს, სხვაზე, მე ვიტყოდი გაცილებით სერიოზულზე ფიქრისთვის დრო აღარ გვრჩება. არადა ორივე მათგანი გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები, უგულავას დაჭერა, ასოცირებული წევრობა და ა.შ.

მაინც რა საკითხებთან გვაქვს საქმე, ესოდენ ყურადღებას რომ მოითხოვს, როგორც ხელისუფლებისგან, ისე ნებისმიერი ჩვენგანისგან?

პირველი – ტერორიზმი და აქედან გამომდინარე მოვლენებია, მეორე – საქართველოს კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა.

პირველთან დაკავშირებით, მიმდინარე თვის დასაწყისში ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერაყში მოქმედი „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ემუქრება ერაყის მთლიანობას და მის ტერიტორიაზე მინიმუმ სამი – ქურთისტანის, სუნიტებისა და შიიტების სახელმწიფოს შექმნას გეგმავს, მზად არის გააფართოვოს საკუთარი გავლენის არეალი ჩინეთიდან დაწყებული – ესპანეთის ჩათვლით, და ჩრდილოეთიდან, ყაზახეთით დაწყებული ეკვატორიული აფრიკის სახელმწიფოების საზღვრებამდე.

უზარმაზარი, უკიდეგანო სახელმწიფოს შექმნას ჯიჰადისტები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში აპირებენ. და თუ ერაყის ტერიტორიის საკმაო ნაწილის, დროის მცირე მონაკვეთში, დაპყრობით თუ ვიმსჯელებთ – გაფართოების გლობალური გეგმა არცთუ უსაფუძვლოდ მოგვეჩვენება.

მაინც რომელ ტერიტორიებს დაადგეს თვალი ჯიჰადისტებმა? – ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ინდოეთის, ავღანეთის, პაკისტანის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ესპანეთის, კავკასიის, ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოების.

გასულ კვირას ბოევიკებმა ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ნაცვლად – ისლამის ხალიფატის სახელწოდებით – სახელმწიფო გამოაცხადეს და ლიდერად აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი დაასახელეს. ახლად გამომცხვარმა ხალიფმა მოითხოვა მთელი მსოფლიოს მუსლიმანებისგან ფიცი – ერთგულებისა და დახმარებისა ახალი სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

არსებული ცნობების მიხედვით, ამ „სახელმწიფოს“ წევრები აქტიურად ითრევენ თავის რიგებში ყაზახებს. ახალი ხალიფატი გამოირჩევა მაღალი ორგანიზებულობით და ბრძოლის უნარიანობით, რამაც მას მისცა საშუალება, დროის მცირე მონაკვეთში, დაეპყრო სირიის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და ერაყის ჩრდილო-დასავლეთი, მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და სიკვდილით დასჯილი დიქტატორის ჰუსეინის მშობლიური ქალაქი ტიკრიტი.

მედიის მიხედვით, მოსულიდან თითქმის ნახევარი მილიონი იქ მცხოვრები გაიქცა – ქალაქში ბოევიკებმა ხელთ ჩაიგდეს ბანკების აქტივები – 429 მილიონი დოლარი. ბოევიკები მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და ბაღდადზე შეტევისთვის ემზადებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ახალი ხალიფატი არა მარტო შეძლებს ახლო აღმოსავლეთის რუკის გადაკეთებას, არამედ სრულიად ახალი, ჯერაც უცხო მორალურ-პოლიტიკური, განსაკუთრებით რელიგიური სულისკვეთების შეტანას ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოში. 

ახალი „სახელმწიფოს“ მისწრაფებებმა დააფიქრეს აშშ-ს ადმინისტრაცია, თუმცა ერაყის მთავრობის დახმარებისთვის მას ჯერ-ჯერობით პრაქტიკული ქმედებისკენ ფეხი ვერ გადაადგმევინეს. რით არის ეს გამოწვეული? უპირველესად იმით, რომ ვაშინგტონს არ სურს კონფლიქტში ჩართვა. იმ კონფლიქტში, რომელიც თვითონ წამოიწყო, მილიონობით დოლარი დახარჯა, მასთან ერთად ხუთი ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შესწირა.

დიდი-დიდი, რასაც ვაშინგტონი იღებს ერაყის მთავრობის დასახმარებლად – 300 სამხედრო სპეციალისტია, რომლებიც უკვე იმყოფებიან ბაღდადში. დახმარების მთხოვნელ ნური ალ-მალიქის, ვაშინგტონი ფართომასშტაბიანი სამხედრო ჩარევით ვერ დაეხმარება, ვინაიდან საკუთარი მოსახლეობის მრისხანებას დაიმსახურებს, რომელიც ერაყის ომის დროს დაბეჯითებით ითხოვდა ჯარის შინ დაბრუნებას.

მაგრამ მარტო ამიტომ იკავებს თავს ვაშინგტონი აქტიური  სამხედრო ჩარევისგან? ალბათ, არა.

ახალი ხალიფატი უცბათ არ გაჩენილა. მისი ბოევიკები, რახანია სირიაში იბრძვიან, ცხადია ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ მორალურ, ფინანსურ, საინფორმაციო და სამხედრო დახმარებას აშშ-ი უწევდა, აგრეთვე სპარსეთის ყურის ნავთობით და ფულით მდიდარი საამიროები, საუდის არაბეთი. ეს ქვეყნები, დასავლეთთან ერთად, ანტიასადურ კოალიციას ქმნიან და ძალას არ იშურებენ მის დასამხობად. იარაღითა და ფულით მომარაგების გარდა „ხალიფატის“ ბოევიკები, მორალურ დახმარებასაც იღებენ დასავლეთიდან.

ყოველივე აღნიშნულის წყალობით სირიაში გავარჯიშებულმა ბოევიკებმა გეზი ერაყისკენ აიღეს – თანაც წარმატებით. ვაშინგტონი გმობს ხალიფატის მოქმედებას, მაგრამ რამდენად გულახდილად, საკითხავია. ხალიფატის სამხედრო ძალას თუ სირიაში უწევდა დახმარებას ვაშინგტონი, ერაყში რატომ ეწინააღმდეგება? და რამდენადაა ეს წინააღმდეგობა სიმართლის მატარებელი?

სირია-ერაყში მებრძოლი სუნიტი ბოევიკები ერთი და იგივენი არიან, მაგრამ ასადის სირია – ამერიკისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ბაღდადს, არც მისი ხელისუფლება მოსწონს ვაშინგტონს. ნური ალ-მალიქის მთავრობამ მჭიდრო კონტაქტები დაამყარა შიიტურ ირანთან.

აშშ-ს პოლიტიკა, ერთი შეხედვით, პრიმიტიულია. მაგრამ იქნებ სულაც არ არის პრიმიტიული? იქნებ ზომაზე მეტად ჩახლართულია? როგორც ჩანს ეს ასეა.

ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს არა მარტო ერაყის დაყოფა, არამედ სხვა სისტემის შექმნა ახლო აღმოსავლეთში, რისთვისაც ტერორისტებთან ურთიერთობასაც არ გამორიცხავს. ერაყში ვიზიტის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ერაყის პრემიერ-მინისტრ ალ-მალიქის ურჩია, კოალიციური მთავრობის შექმნა და მასში სუნიტებისა და ქურთების შეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღდადი ამერიკისგან სერიოზულ დახმარებას ვერ მიიღებს.

მაგრამ უშველის ალ-მალიქის კოალიციური მთავრობა? იქნებ კოალიცია ამერიკელთა ახალი ფანდია, ერაყის დაშლის გზაზე?

ის, რომ დაშლილი ერაყი აწყობს ვაშინგტონს – ფაქტია. სუნიტებად, შიიტებად და ქურთებად დაშლილი ერაყი კარგა ხანს მოუნდება შიდა ვნებათა ღელვის გამკლავებას. ამასობაში ვაშინგტონი მიხედავს თავს და ერაყში ნავთობის მოპოვების საქმეს. ტკბილი ტორტის ნაჭერზე პრეტენზიას სხვებიც აცხადებენ, მაგრამ ვაშინგტონი სხვაა.

ახლო აღმოსავლეთის გადანაწილების საქმეში ახალ ხალიფატს მთავარი, თუ არა მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება. მისი მოქმედება დღეს წყალს ასხამს ვაშინგტონის წისქვილს, მაგრამ ხვალ დიდ თავსატკივარს შეუქმნის მას.

ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მეტ-ნაკლები ხელსაყრელი პირობებია შექმნილი სახალიფოს დასაყრდენად. მარტო ის რად ღირს, საქართველოში მცხოვრები რადიკალი ისლამისტები სირიაში რომ იბრძვიან ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ? ზოგი მათგანი გამორჩეული ბოევიკია და მოჯახედთა რიგებში პატივისცემითა და გავლენით სარგებლობს.

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების როლი ბოევიკთა წვრთნისა და ტრანსპორტირების საქმეში მნიშვნელოვანი იყო. ამერიკელი მკვლევარი ჯატრასი თავის წიგნში დაწვრილებით აღწერდა ხელისუფლება-ბოევიკთა კონტაქტებზე. ის ასახელებდა შსს ყოფილ მაღალჩინოსან ლორთქიფანიძეს, რომელიც სხვებთან ერთად წარმართავდა ამ საქმეს. ჯატრასი წერდა თბილისში გამართულ ფარულ ისლამურ თავყრილობებზე, რომლებშიც „ალ-ქაიდას“ წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.

რადიკალურ ისლამთან ნაციონალების კავშირზე ქართულ მედიაშიც გაიელვა, მაგრამ გაიელვა და გაქრა. არადა ეს ისეთი თემაა, სერიოზულ დაფიქრებას რომ საჭიროებს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება, უდავოდ არასათანადო ყურადღებას აქცევს რადიკალური ისლამის საკითხებს. არადა მეზობელ აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ისინი სერიოზული გავლენით სარგებლობენ.

არც ქართული დიპლომატიაა სათანადო დონეზე, რათა ისლამური პრობლემები გაითავისოს, შეისწავლოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს. დასავლეთს აყოლილი ქართული დიპლომატია – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დანამატადაა ქცეული და მისი დირექტივების შესრულების გარდა, სხვა საკითხებით თავს არ იწუხებს. საქართველოს ახლო აღმოსავლეთის ცეცხლოვანი კერიდან სულ ახლო გეოგრაფიულ ვითარებაში უწევს არსებობა.

აშშ-ზე აყოლის შედეგად საქართველოს დიპლომატიამ ზურგი შეაქცია ირანს და ისეთი აუტანელი პირობები შეუქმნა 80-მილიონიან სახელმწიფოს, ავ თვალს არ ენახება. საქართველომ ცალმხრივად გააუქმა ირანთან დადებული უვიზო მიმოსვლა მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ და უპრობლემოდ მოგზაურობენ ირანში; აღკვეთა ირანელთა (ფიზიკურ და იურიდიულ პირთა) მიერ საქართველოს ბანკებით სარგებლობის უფლება, შეაფერხა ბიზნეს-ურთიერთობები და ა.შ. არადა ირანი, რომელიც განუხრელად იბრძვის რადიკალური ისლამის წინააღმდეგ, საქართველოს მყარი პარტნიორი იქნებოდა ამ საქმეში.

არანაკლები პარტნიორობის გაწევა შეეძლო რუსეთსაც, რომელიც რახანია იბრძვის ისლამური რადიკალიზმის წინააღმდეგ. მკითხველს ახსოვს ელცინის ხელისუფლების დროს, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანა. მაშინ რუსეთი მოატყუა სააკაშვილის ხელისუფლებამ, დაპირდა რა მას საქართველოში ანტიტერორისტული, ერთობლივი ბაზის შექმნა. დაპირება არ შესრულდა. მაგრამ, რომ შესრულებულიყო, იქნებ ბარიერი ყოფილიყო საომარი ისტერიკის ესკალაციისა და ომის გაჩაღების წინააღმდეგ? მაგრამ…

ამერიკელთა წაქეზებით, სააკაშვილი ისე იყო გათავხედებული, რომ მას ვერაფერი შეაჩერებდა. სახალიფოს შორსმიმავალი გეგმების საწინააღმდეგოდ თუ ვინმე გაუწევს საქართველოს მხარდაჭერას – მეზობელი რუსეთია. რაც შეეხება „სტრატეგიულ პარტნიორად“ წოდებულ აშშ-ს, მას ნაკლებად აინტერესებს სხვა სახელმწიფოთა ვარამი, ერთიანობა და მთლიანობა. სადაც ის ჩაერია და ის ერევა ყველგან, უმძიმესი ვითარება შეიქმნა. რომელი ერთი ჩამოვთვალო – ლიბია, იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი, საქართველო, უკრაინა, …

საქართველო რა შუაშიაო, იტყვის მავანი –  პირდაპირ, ბატონებო. არ ყოფილიყო ამერიკელთა წაქეზებით ნატო, ნატოს ძახილი, ცხინვალის ომი და არ იქნებოდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ნატოს საქართველოში შემოსვლის შიშით შექმნა რუსეთმა სამხედრო ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სინამდვილეს თვალის გასწორება უნდა და არა არიდება, დაშვებულ შეცდომებს – აღიარება, ხოლო შემდეგ – გამოსწორება.

მომავალ საფრთხეებთან გამკლავებას (თან ეს საფრთხეები მეტად ახლოა) ამერიკელთა მხარდაჭერით ვერ შევძლებთ, ვინაიდან ასეთი მხარდაჭერის იმედი სხვა განზომილებით მაფიქრალი ამერიკისგან შეუძლებელია. რუსული გამოთქმისა არ იყოს – „ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა“ – პატარა საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ ჭიდილში, ნაფოტია. რა გასაკვირია, საქართველოს ნაფოტობა, როდესაც 45 მილიონიანი უკრაინაც კი აშშ-ის ხელში, ნაფოტია. ვიღაცამ მოსწრებულად თქვა – ამერიკა ბოლო უკრაინელამდე იომებს რუსეთთანო.

და რახან ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასაც შევეხეთ, თვალი შევავლოთ მეორე „სასიხარულო“ ამბავს. აშშ-ს კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა მსოფლიო დემოგრაფიული მონაცემები, რომლის მიხედვით, დედამიწაზე შეინიშნება მოსახლეობის სწრაფი ზრდა. მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 7 მილიარდს. მზარდი ქვეყნების რიცხვში ჩინეთი და ინდოეთია. ამ ქვეყნებში მოსახლეობა მილიარდნახევარს აჭარბებს. ისინი შესაბამისად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

რაც შეეხება მესამე ადგილს, მას ნიგერია დაისაკუთრებს. ამ ქვეყანაში „ბეიბი-ბუმია“ მოსალოდნელი. მეზობელ რუსეთში, სადაც სადღეისოდ 140 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსალოდნელია კლება, მაგრამ არა ისეთი, რასაც ადრე წერდნენ. 132 მილიონამდე შემცირდება რუსეთის მოსახლეობა და ამ ციფრზე დარჩება მეტნაკლები კლება-მატებით.

მძიმე მომავალს წინასწარმეტყველებს ამერიკული კვლევა ბულგარეთს, საქართველოს მოსახლეობაზე სამჯერ დიდ ქვეყანას. გაუსაძლისი სოციალური პირობები აიძულებს ბულგარელებს სხვა ქვეყნებში გადასახლდნენ და მასპინძელ ერებში აითქვიფონ. ბულგარელებს მომაკვდავ ერებში მოიხსენიებენ, ისე, როგორც საქართველოს.

მოხსენებაში აღნიშნულია იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ვითარების გამოსასწორებლად. მაგრამ უშველის კოსმეტიკური ქმედება მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას? ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის დოკუმენტზე ხელმოწერის სიკეთეებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას უკავშირებს. არადა, თუ ეს სრული სიგრძე-სიგანით ამოქმედდა, საქართველოს სამმილიონიანი მოსახლეობის დამკავებელი აღარავინ იქნება. შიმშილიდან თავის დახსნისთვის ყველა ევროკავშირის ქვეყნებს მიაწყდება, ქვეყანა კი დარჩება ხანდაზმული ასაკის ადამიანებისა და კიდევ იმათ ხარჯზე, ვინც სხვა ქვეყნებიდან ჩამოვა.

2050 წლისთვის მძიმე დემოგრაფიული სურათი შეიქმნება, თუმცა რაღა 2050 წლისთვის, ეს სურათი უკვე შექმნილია, რის შესახებაც დაბეჯითებით გვახსენებს პროფესორი ანზორ თოთაძე, მაგრამ მერე რა? ის, ცოტა რამ, რაც გაკეთდა და კეთდება ერს ვერ გადაარჩენს. რადიკალური ზომებისთვის კი ცოდნა-გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნებაა საჭირო – ესოდენ დიდი დეფიციტი ხელისუფლებაში.

ამ ორ „სასიხარულო“ ამბავს ხელისუფლება ჩიტის მოტანილად ჩათვლის და თავის „მოღვაწეობას“ გააგრძელებს, ანუ იმაზე ფიქრსა და ჭმუნვას მნიშვნელოვან დოკუმენტზე ვინ უნდა მოაწეროს ხელი – პრემიერმა თუ პრეზიდენტმა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.