15 ნოემბერი – ხელისუფლებისა და ხალხის გამოცდის დღე

„15 ნოემბერი – გარდატეხის თარიღი!“ – ასეთად მიიჩნევენ ნაციონალები ამ დღეს დაგეგმილ მსვლელობასა და მიტინგს. ორივე შედგა – თბილისელთა და არა მარტო თბილისელთა აქტიური მონაწილეობით. იყვნენ თუ არა ყველა ისინი, ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ნაცები? ძნელი დასადგენია, თუმცა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თვით ნაცები უდავოდ იღებდნენ მონაწილეობას მსვლელობასა და მიტინგში, ისევე, როგორც მათი ახლობლები და გულშემატკივრები. მაგრამ მათ გარდა აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ყველა ისინი, ვინც უკვე ალმაცრად უყურებს დღევანდელ ხელისუფლებას.

ნაცთა ჩანაფიქრი შესრულდა, რასაც ხელისუფლების დოყლაპიობამაც შეუწყო ხელი. დოყლაპიობა არა ღონისძიების დღეს, არამედ გასული ორი წლის განმავლობაში, რამაც თავისთავად დაარწმუნეს ნაცები საკუთარ სიმართლესა და ძალებში.

ძლიერი ხელისუფლების პირობებში, ნაცებთან ურთიერთობა კარგა ხანია მომთავრებული იქნებოდა. ზოგი ნაცი (მე ვიტყვოდი უმრავლესობა) ციხის კედლებს გახეხავდა, ზოგიც – იატაკს. თვით პარტია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, აიკრძალებოდა, სხვა ქვეყნების მსგავსად. ნაცებს აწ და მარადის ნებისმიერ საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალებოდათ, ისე, როგორც არჩევით ორგანოებში და ა.შ.

მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ მოხდებოდა, ხელისუფლება რომ თავის სიმაღლეზე ყოფილიყო, ანუ ისეთზე, რასაც ხალხი მოითხოვს. ხელისუფლება კი ნამდვილად არ არის ისეთი. მან ვერ გაამართლა ხალხის ნდობა და ეს რომ ასეა, 15 ნოემბრის მარშიდანაც კარგად გამოჩნდა.

ხელისუფლებამ ნაცებთან თანაცხოვრების ანუ კოჰაბიტაციის გზა აირჩია – მინიმალური პრესი დამნაშავე ნაცების მიმართ, საპარლამენტო ჭუკჭუკი და „ოცნების“ რიგებში შეპარული ნაცებისთვის თანამდებობების ნდობა, ზოგ შემთხვევაში – გადამწყვეტის. მაგალითისთვის ბერუჩაშვილიც კმარა.

ნაცები შორს არიან „ოცნებელთა“ დოყლაპიობისგან. ისინი პრაგმატულები, მიზანსწრაფულები არიან და დროს არ კარგავენ უსაგნო ლაქლაქში, ისე, როგორც „ოცნება“. მათი მიზანი ხელისუფლების დაპყრობაა და ამ მიზნისკენ სწრაფვა. ნაცებს ამ საქმის განხორციელებაში ხელს უწყობს სახელმწიფოს ჯიბიდან ამოცლილი ფული, გაწვრთნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე გაწვრთნილი საკუთარი ჯიბის ჟურნალისტიკა, პარტიული ორგანიზაციის ადგილობრივი ფართო ქსელი და რაც მთავარია შემართება. შეუპოვრობით ისინი ერთად აღებულ ყველა პარტიას, მათ შორის „ოცნებასაც“, ჯიბეში ჩაისვამენ. მოლაქლაქე ლიდერებიც ჰყავთ, ისეთები თეთრს, რომ შავად წარმოაჩენენ ან პირიქით.

ეს, ის ხალხია, ვინც პოლიტიკური მოღვაწეობა 1992 წლიდან დაიწყო – შევარდნაძის კალთას ამოფარებულმა, ხოლო 2004 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე თვით მართა ქვეყანა. ეს, ის ხალხია, ვინც თითქმის 20 წელიწადია, დასავლეთის პოლიტიკოსებთან ერთად და მათი კარნახით, საქართველო დასავლეთის მონად, კოლონად აქცია.

ეს, ის ხალხია, ვინც დღესაც მჭიდროდ თანამშრომლობს ევროატლანტიკელ პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტებთან, შავ-ბნელ ძალებთან. ამ ხალხს ჯერაც სერიოზული დასავლური მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს, ისეთი, რომელსაც არაფრად მიაჩნია ნაცთა ბატონობის დროს ასეულობით ადამიანის ციხეში ჩაყრა, სახელმწიფო ბიუჯეტის განიავება, ელიტარული კორუფციის ზენიტში აყვანა და სხვა.

„ოცნების“ მიერ ნაცთათვის სასათბურე პირობების შექმნამ გაათამამა ნაცები და არათუ გაათამამა, შეტევაზეც გადაიყვანა. 15 ნოემბერი სხვა არაფერია, თუ არა ნაცთა მხრიდან ხელისუფლების მოპოვებისთვის შეტევაზე გადასვლის დღე. 15 ნოემბერი დასაწყისია იმ დიდი პროექტისა, რასაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჰქვია.

ზოგი თვლის, რომ ნაცთა შემობრუნება შეუძლებელია, მაგრამ პოლიტიკაში რომ შეუძლებელი არაფერია? ამომრჩეველი, მითუმეტეს ქართველი, ამ საქმეში ერთობ გამოუცდელი, უმალ ივიწყებს ყოფილთა შავ-ბნელ საქმეებს, ყოფილთა მიერ ხალხის ზურგზე არაერთხელ დაკრულ სახრეს და ისე ტკბილად იხსენებს მტარვალ წასულებს, თითქოს ანგელოზები ყოფილიყვნენ.

23-წლიან „დამოუკიდებლობის“ ჟამს არაერთხელ ჰქონია მსგავს მიტევებას ადგილი. 1992 წლის იანვრიდან მოყოლებული, კარგა ხნის განმავლობაში, გამსახურდიასა და მის მთავრობას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად მოიხსენიებდა. მას, „სატანას“ უწოდებდა და მზად იყო სამუშაო ადგილი ან უზენაესი საბჭოს შენობა დაენგრია, იმიტომ, რომ იქ „სატანა“ მუშაობდა. დღეს, გადახედეთ პრესის ფურცლებს – იმჟამინდელთა ხოტბით სავსეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, იმქვეყნად წასული გამსახურდია აქ არის, ჩვენთან.

გაიხსენეთ 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუცია“ და თანამდებობიდან გაძევებული პრეზიდენტი შევარდნაძე. გაიხსენეთ, კრწანისის რეზიდენციისკენ მიმავალი, ჯოხხელდამშვენებული აღგზნებული ხალხი – შევარდნაძის ჩასაქოლად გამზადებული. დღეს, შევარდნაძეს გმირად მოიხსენიებენ. ის, ისე დაკრძალეს, გმირს რომ შეეფერებოდა. ვინ იცის, ცოცხალი და ნაკლები ასაკის რომ ყოფილიყო, იქნებ ხელისუფლებაშიც მოებრუნებინათ.

წარსულ გაკვეთილებზე აღზრდილმა სააკაშვილმა, რომელსაც ასაკიც და ავანტიურისტულობაც ხელს უწყობს მრავალი „საგმირო“ საქმის ჩადენაში, კარგად იცის ყოველივე ეს, მითუმეტეს ქართველთა გულუბრყვილური მიმტევებლობა და რახან ასეა, რომ იტყვიან – ცდა ბედის მონახევრეა.

15 ნოემბერი ხელისუფლებისა და ხალხის გამოცდის დღე იყო. გამოცდის მიმღები – სააკაშვილი და ნაცები. ცდით ფუჭდება რამე? არც არაფერი, მითუმეტეს, როდესაც ცდა ისეთი პატრიოტულობითაა შეფუთული – რუსული ანექსია რომ ჰქვია.

ეს, ის თემაა, ქართველი რომ თვალდახუჭული ლოგინიდან წამოხტება, ჯვრებიან დროშას აიტაცებს, ქუჩაში გავარდება – „საქართველო, საქართველოს“ („ლ“ – შერბილებული) ძახილით, რუსთაველის გამზირსაც ჩაირბენს, თავისუფლების მოედანსაც და . . .

მერე რა? არც არაფერი, დაღლილ-დაქანცული სახლისკენ გაუყვება. სახლში მისულს თუ გაახსენდება, 23 წელიწადის განმავლობაში, რამდენჯერ მდგარა მიტინგზე, რამდენჯერ მიუღია მონაწილეობა მსგავს მარშებში. გაიხსენებს 2008 წლის მიტინგსაც პარლამენტის შენობის წინ, გაიხსენებს „მიშა, სარკოს“ ბღავილსაც. მაგრამ ვერ გაიხსენებს იმას, რატომ ყვიროდა და რა მოიტანა ყვირილმა. ვერ, თუ არ გაიხსენებს იმას, რომ სწორედ მისმა ყვირილმა ზურგი და სკამი გაუმაგრა სააკაშვილს და მის კრიმინალურ ხელისუფლებას.

აი, მაშინ, რომ სხვა ეყვირა, მაგალითად – „ძირს, ომის გამჩაღებელი, ავანტიურისტი სააკაშვილი!“ – იქნებ 15 ნოემბრის აქციაც, ვითომდა ანექსიის საწინააღმდეგოდ გამართული, აღარ ყოფილიყო. მაშინ გულუბრყვილობამ და რაღაც გაუგებარმა პატრიოტიზმმა დააჭერინა მხარი ხალხს სააკაშვილისთვის. ანალოგიურს ჰქონდა ადგილი 15 ნოემბერსაც.

15 ნოემბრამდე ბევრი აცხადებდა – მე, სააკაშვილის მხარდასაჭერად კი არ მივიღებ მონაწილეობას ღონისძიებაში, რუსული ანექსიის საწინააღმდეგოდო.

ამდენ ხანს სად იყავით? სად იყავით 1992 წელს, როდესაც შევარდნაძემ სახალხო ლაშქარი დაძრა აფხაზეთისკენ? სად იყავით 2008 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ჰაერი გაჟღენთილი იყო საომარი დენთის სუნით? რაღა მაინცდამაინც „ნაცთა“ ღონისძიებაში იღებთ მონაწილეობას, იმ ნაცების, რომლებმაც სამიტინგოდ გაგიხადეს საქმე?

ნაცებმა, თავიანთი პრიმიტიული პროპაგანდით, შეძლეს ხალხის მობილიზება, რითაც საფუძველი ჩაუყარეს სხვა მიტინგებს, საზოგადოება რომ მომავალში იხილავს. ნაცებს და მის ბელადს შესანიშნავი შანსი გაუჩნდა ხმამაღალი პიარისთვის.

დიახ! დარწმუნებული იყავით, რა თავდაჯერებით ჩააბარებს ამერიკელ პოლიტიკოსებს სააკაშვილი ანგარიშს – ნახეთ, როგორ გვიჭერეს მხარს „ნაცმოძრაობას“ ხალხიო. 15 ნოემბრის მიტინგი მეორე ნიუსად გაუშვეს BBC-მ, სხვა ტელეკომპანიებმა, კომენტარით: „საქართველო რუსული ანექსიის წინააღმდეგ“.

დიახ! სააკაშვილი იმ გულუბრყვილო საზოგადოების გამოსვლას საკუთარ მხარდაჭერად მონათლავს,  რითაც კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ვაშინგტონელებს, თუ რა სუსტია და თანაც პრორუსული ივანიშვილის მიერ შედგენილი „ოცნების“ ხელისუფლება.

დიახ! სააკაშვილმა ოსტატურად ითამაშა და არა იმიტომ, რომ მართლაც პოლიტიკური ვირტუოზია, არამედ ხალხია გულუბრყვილო, ხოლო მთავრობა – დოყლაპია.

ზემოთ აღვნიშნე – მთავრობა რომ ასეთი არ იყოს და თავის დანაპირებს ასრულებდეს, არც არავინ შეიწუხებს თავს მიტინგებზე სიარულით. მთავრობის სისუსტეც და მის მიმართ შეფარული პროტესტიც იყო ჩაქსოვილი (ხალხის მხრიდან) ამ ღონისძიებაში. ამ პროტესტმა გადაალახვინა მას ის ბარიერი, რასაც ნაცთა მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში მონაწილეობის მიღება ჰქვია. ეს, რომ ასე არ იყოს, მიიღებდა ის სააკაშვილის შემოთავაზებას? ეჭვი მეპარება. და თუ მიიღებდა, მაშინ სხვასთან გვაქვს საქმე, იმ სხვასთან, ახალი რევოლუცია რომ ჰქვია.

მიტინგში მონაწილეებმა კარგად იცოდნენ, რას ამბობდა ნაცთა ბელადი 15 ნოემბერთან დაკავშირებით. ამერიკიდან ნატყორცნ სიტყვაში ნაცთა ბელადმა არაერთხელ ახსენა ხელისუფლების დამხობა, რაც კანონის მიხედვით – სისხლის სამართლის დანაშაულია. სააკაშვილმა დაუფარავად ილაპარაკა რუსეთუმე ივანიშვილსა და მის მიერ ჩამოყალიბებულ ხელისუფლებაზე. ისიც თქვა, რომ ასეთი (ხელისუფლება) უნდა მოშორდეს.

ცხადია, სააკაშვილი არ არის ისეთი გულუბრყვილო ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა ხალხს რევოლუციის 15 ნოემბერს დასრულებას. მაგრამ, ის სწორედ ის ადამიანია, ვინც 15 ნოემბერს კარგ სტარტად ჩათვლის და გაათკეცებული ენერგიით გააგრძელებს ბრძოლას ხელისუფლებისთვის. ამ ბრძოლაში მის გვერდით ვაშინგტონელი პოლიტიკოსები იქნებიან, ისევე, როგორც ევროპელები.

ცნობისთვის, იმასაც მოგახსენებთ, რომ აშშ-სა ან სხვა ქვეყანაში მცხოვრები პოლიტიკოსი, სამშობლოში დევნილი და დანაშაულებებში ეჭვმიტანილი, არ უნდა სარგებლობდეს პოლიტიკური იმუნიტეტით. მასპინძელ ქვეყანას მისთვის უნდა აეკრძალა ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა, მიმართული საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. სამშობლოდან გადახვეწილი პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობა, მითუმეტეს ძირგამომთხრელი, მიუღებელია მასპინძელი ქვეყნისთვის.

ასე იყო აიათოლა ხომეინის შემთხვევაში, როდესაც ირანიდან წასული, საფრანგეთში ცხოვრობდა. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება. სააკაშვილი კი არის. ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებსაც აკეთებს და მოგვიწოდებს მის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, რასაც ოფიციალური ვაშინგტონი აინუნშიც არ აგდებს. იქნებ პირიქით, აქეზებს კიდევაც?

15 ნოემბერი რუსული ანექსიის საწინააღმდეგო დღედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ასეც რომ იყოს, რა მოჰყვება მას? არც არაფერი. რუსეთი არ დათმობს სააკაშვილის წყალობით მიღებულ ტერიტორიებს. ეს თემა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე 15 ნოემბრის აქცია. მას ვერც აქცია მოერევა და ვერც რუსეთის ხელისუფლებასთან გამართული ოფიციალური მოლაპარაკებები.

მას დრო სჭირდება, თან პოლიტიკური პრაგმატულობა, ალღო, მოთმინება, დარჩენილ საქართველოში საამური სოციალურ-ეკონომიკური პირობების და სხვა ისეთი მოსანუსხი მდგომარეობის შექმნა, აფხაზი რომ თავქუდმოგლეჯილი თბილისისკენ გამოექანება და არა მოსკოვისკენ.

აფხაზეთისთვის დღეს მოსკოვი, ყველა პარამეტრით, უფრო მომხიბლველია, ვიდრე თბილისი. მოსკოვს მასთან ომი არ დაუწყია. თბილისმა – დაიწყო, ხოლო მოსკოვმა დაიცვა. არც ეკონომიკური სანქციები შემოუღია მოსკოვს. რაც მან გააკეთა და აკეთებს – ნანატრი დამოუკიდებლობის აღიარება და ეკონომიკური მხარდაჭერაა. მარტო ის რად ღირს, აფხაზი პენსიონერები რომ რუსულ პენსიებს იღებენ?

აფხაზეთი პატარაა და ამ პატარა ტვირთს რუსეთი თავისუფლად ზიდავს. იმ საკამათო პუნქტებსაც შეცვლის – აფხაზთა პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ხელშეკრულების პროექტში რომ არის ჩაწერილი და სხვა ღონისძიებასაც მიმართავს, უკმაყოფილო (თუკი ასეთები არიან) აფხაზების მოსახიბლად და ამ საქმეში 15 ნოემბრის აქციასაც გაითვალისწინებს.

აი, რაც შეგვეხება ჩვენ, რას ვიზამთ? არც არაფერს. კარზე მომდგარი ზამთრის სუსხი და გაუსაძლისობა აფხაზეთსაც დაგვავიწყებს და თავსაც. უკმაყოფილონი სისტემატურად გავიხსენებთ ხელისუფლებას, მის უგერგილო მუშაობას და ამ გახსენებაში დიდი იქნება სააკაშვილ-ნაციონალების წვლილი. ისინი ხომ თავიანთ საქმეს აკეთებენ, თანმიმდევრულად, დაბეჯითებით.

15 ნოემბერმა, ჩემის აზრით, სილა გააწნა „ოცნების“ ხელისუფლებას და მის შემქმნელს. დაანახა მათ (დაინახავენ?!), რომ ხელისუფლების მოპოვება ურთულესი რამ არის, მაგრამ გაცილებით რთულია მისი შენარჩუნება. 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის ხელისუფლება დამარცხდა, მაგრამ არა საბოლოოდ და სამარადისოდ. გამარჯვებულმა „ოცნებამ“ თავი სამარადისო გამარჯვებულად ჩათვალა და თავს უფლება მისცა განცხრომას მისცემოდა. წინასაარჩევნო დაპირებები მოითმენენ, ფიქრობდნენ ისინი. უპირველესად საჭიროა საკუთარი თავისა და ხარბი მადის დაკმაყოფილება.

ორწლიანი საამური ცხოვრება ხელში შემოეხარჯათ. დარჩა ორი წელი – ერთობ მცირე დრო შელახული რეპუტაციის გამოსასწორებლად. სულ ახლახანს, რუსთაველის თეატრში შეკრებილმა ორგანიზაცია „ლაზარემ“ მიღებულ მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა: „მხარში ვუდგავართ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას“.

არა, მეგობრებო! მხარში ხალხი კი არ უნდა ედგეს ხელისუფლებას, არამედ პირიქით. ორი წლის განმავლობაში ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლება მხარში საკუთარ კუჭს უდგას და არა ხალხს. დარჩენილი ორი წელიწადის განმავლობაში თუ ხალხი დაინახავს ხელისუფალთა მხარდაჭერას, ყოველგვარი მოწოდებების გარეშე ზურგს გაუმაგრებს მას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.