რას მოუტანს მსოფლიოს „დიდთა“ ჭიდილი?

ერთხელ აღვნიშნე და ვიმეორებ – სუსტი პოლიტიკოსისა და სახელმწიფოს მეთაურისგან გაცილებით მეტ განსაცდელს უნდა ელოდეს საზოგადოება, ვიდრე ძლიერისგან. სახელმწიფოს ძლიერი მეთაური არ საჭიროებს საკუთარი სიძლიერის წამდაუწუმ დემონსტრირებას. სუსტი კი იძულებულია ქვეყანას დაუმტკიცოს სიძლიერე და ამ პროცესში გამორიცხული არ არის ისეთი შეცდომა, რაც სანანებელი გახდება არა მისთვის, არამედ მისი ქვეყნისთვის.

როდესაც აშშ-ს პრეზიდენტზე ვლაპარაკობთ, განსაკუთრებით მის სუსტ მხარეებზე, შედეგი მისი ქმედებისა არა მარტო მის ქვეყანაზე აისახება, არამედ მთელს მსოფლიოზე. სამწუხაროდ, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით ერთი ქვეყნის, ამ შემთხვევაში აშშ-ს, პირველი პირისა და მისი გარემოცვის ხუშტურზეა დამოკიდებული მსოფლიოს ბედი.

რატომ არის ასე და რატომ არ ცდილობს დანარჩენი მსოფლიო თავი დააღწიოს, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარებას – ერთის ბატონობა რომ ჰქვია? არის თუ არა ეს მორჩილება მოჩვენებითი, მყუდრო ცხოვრებით გამოწვეული? იქნებ ისეთ რამესთან გვაქვს საქმე, არც ერთს რომ არ სურს მსოფლიო მენტორის ან ჟანდარმის როლის შესრულება? და რახან არის ქვეყანა, რომელიც ნებაყოფლობით იღებს ამ ვალდებულებებს, დე ის იყოს ყველაფერი?

თუ სიღრმისეულად შევაფასებთ თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებას, დავინახავთ, რომ მთლიანად თუ არა, დაახლოებით ასეა. ვაღიარებთ, იმასაც, რომ ინდეფერენტულობამ, სხვისთვის დიდი პრობლემების გადაწყვეტის მინდობამ, თავისთავად დაარწმუნა ის „სხვა“ საკუთარ უძლეველობაში, სიჭკვიანეში, დემოკრატიულობაში, სიმართლეში და ა.შ. დაარწმუნა იმაშიც, რომ ყველა დანარჩენი, მასთან შედარებით, არარაობაა, უძლური მასა, სუსტი სახელმწიფოთა კრებული, რომელთაც მუდამ სჭირდებათ მინიშნება, დატუქსვა, გაფრთხილება, ჭკუის დარიგება, ცემაც კი.

„დიდის“ როლი, განსაკუთრებით მდგომარეობა, კარგად შეისწავლა და გაითავისა, შეისისხლხორცა „დიდმა“, თანაც იმდენად – ვეღარ წარმოუდგენია საკუთარი თავი პირველობით გამოწვეული უპირატესობების გარეშე. მას ვერ წარმოუდგენია, რომ როლშეცვლილმა, სხვის მიერ ნათქვამზე იცეკვოს, ისე, როგორც ის აცეკვებს დღეს ყველას.

ცეკვამ, განსაკუთრებით დაძალებულმა, ნაცთა აღზევების პირველი წლები გამახსენა. მართალია, ეს ამბავი თითქოს სულაც არაფერ შუაშია იმ თემასთან, რაზეც ვლაპარაკობთ, მაგრამ მიახლოებით ასახავს იმ პოლიტიკურ უხერხულობას, რასაც დღეს აქვს ადგილი მსოფლიოში. ნაცთა მორიგი ღრეობის დროს, „პირველმა“, ცეკვის ხილვა ისურვა და თვალი გოკა გაბაშვილს დაადგა – ბრძანებით – ადექი და იცეკვეო. ისიც, მორჩილად, ადგა და საკუთარი ძონძროხა მუცელ-ბარკლებ-საჯდომით, თვალებგადმოკარკლულმა, ბრძანება შეასრულა.

მძიმე სანახავი იყო ყოველივე, ისე, როგორც მძიმე სანახავია მსოფლიოს ჰეგემონის დაკრულზე მოცეკვავე დანარჩენი მსოფლიო.

ასე იცის საკუთარი ფუნქციების სხვაზე გადაბარებამ, საკუთარი გასაკეთებელის სხვისთვის მინდობამ. მიაბარეს „დიდს“ დიდი საკითხები და ახლა ის „დიდი“, „დიდსაც“ აღარ სჯერდება, სხვის პატარა, საშინაო საკითხების გადაჭრასაც ლამობს და თუ ამ პროცესში წინააღმდეგობას აწყდება, ბირთვული კვერთხის ჩარტყმით იმუქრება.

არაფერიც არ ხდებაო – ამბობენ „დიდის“ შემყურე დანარჩენები. „დიდმა“ უკეთესად იცის, როგორ მოგვექცესო, ამბობენ დანარჩენები – ნირწამხდარნი, ვითომ სუვერენულნი. „დიდი“ კი განაგრძობს თავის საქმეს – ხან სადამსჯელო ოპერაციებს ატარებს მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში – დანარჩენთა ამ საქმეში ჩათრევით; ხან ეკონომიკურ სანქციებს აწესებს – ურჩთა წინააღმდეგ; ხან რიცხავს მავან ურჩს ელიტარული კლუბიდან; ხან ლანძღვა-გინების ქარცეცხლში ატარებს სხვაგვარად მოაზროვნე ქვეყნებს  – და ა.შ.

საბედნიეროდ, სხვაგვარად მოაზროვნენიც არიან. მართალია არცთუ ბევრნი, მაგრამ მაინც. „დიდისგან“ განსხვავებული აზროვნება, მიუღებელია „დიდისთვის“, რაც კარგად იციან „დიდის“ ე.წ. მოკავშირეებმა, ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ ისეთი არ თქვან, მითუმეტეს არ გააკეთონ, „დიდს“ რომ არ ესიამოვნება.

სწორედ ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას ჰქვია „დემოკრატია“. და კიდევ იმას, როდესაც „დიდი“ იტყვის და შენც უყოყმანოდ ასრულებ – ერთსქესიანთა დაქორწინებას, ფაშისტებისთვის ხელის შეწყობას (უკრაინის მაგალითი), ამორალური, კორუმპირებული პოლიტიკოსებისთვის გუნდრუკის კმევას,  ამ დახასიათების მატარებელი ყოფილი პირველი პირისთვის თავზე ხელის გადასმას, “დიდის“ მიერ ამა თუ იმ ქვეყანაში შეგზავნილი მსტოვრებისა და დივერსანტების გამოვლენა-გაკიცხვის ღონისძიების გამტარებელი ქვეყნის ლანძღვას.

„დიდი“ ვერ ამჩნევს (არ ამჩნევს), რომ მსოფლიო იცვლება, რომ მისი ბრძანების კილო და დამრიგებლის სტატუსი ბევრს აღარ აწყობს. „დიდი“ საჯაროდ იგნორირებს იშვიათ სხვათა მიერ გამოთქმულ საწინააღმდეგო მოსაზრებას, თუმცა სინამდვილეში ბევრს აკეთებს მათ დასაწიხლად.

„დიდმა“ ბრძანა „დიდი რვიანიდან“ გავდივარო და სხვასაც ათქმევინა – ჩვენცო, რაც სხვაგვარად მოაზროვნის გაგდებას კი არ ნიშნავს „დიდი რვიანიდან“, არამედ „დიდი შვიდიანის“ გასვლას და იქ მხოლოდ ერთის დატოვებას. საინტერესოა, რა დრო მოანდომა ამ გადაწყვეტილების ფორმულირებას?

„დიდი“ თავის სტიქიაშია. „დიდი“ გამომწვევად პოზირებს მედიაში – თქვენ რომ თქვით, კუნთების ნასახი არ აქვს, არც ასეა საქმეო. და მოხდენილად კეკლუცობს მსოფლიო სარკის წინ – „დაზაგრული“. ერთხელ, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა – „რას ერჩით, ჩვეულებრივი კაცია, ოდნავ გარუჯულიო“.

ეს, ექვსი წლის წინათ იყო, „გარუჯული“ პრეზიდენტობის დასაწყისში. მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ დემოკრატი, თანაც შავკანიანი პრეზიდენტი მართლაც დემოკრატი იქნებოდა. მაშინ, ყველამ ერთხმად შვებით ამოისუნთქა, როდესაც შავკანიანმა, თეთრკანიან მაკკეინს მოუგო – გადავრჩით ამ აგრესორისგანო.

სულ რაღაც თითებზე ჩამოსათვლელი წლები დასჭირდა შავკანიანს, თეთრკანიან მაკკეინად გადაქცეულიყო. „ფერიცვალებამ“ დაანახა მსოფლიოს, რომ კანის ფერს პოლიტიკაში, მითუმეტეს „დიდში“, არ აქვს მნიშვნელობა; რომ შავი ფერი არამცდაარამც არ გამოხატავს დემოკრატიულობას; რომ შავიც თურმე შეიძლება იყოს ისეთივე რეაქციული, როგორიც ამერიკული თეთრი.

ამერიკულს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სწორედ ამ ქვეყნის თეთრებისთვის იყო დამახასიათებელი ობამას წინაპრებთან  ბრძოლა. გახსოვთ კუ-კლუკს-კლანი.

და მსოფლიომ მიიღო „დიდი“ ქვეყნის, შავი დიქტატი, „დიდი“ ქვეყნის მიღწეული ჰეგემონიზმის განმტკიცების თავდავიწყებული მებრძოლი.

ობამას პრეზიდენტობის დასაწყისში რა არ იყო ნათქვამი მსოფლიოს გადემოკრატებისთვის. უპირველესად ის, რომ ამერიკა თავის ქცევაში საზღვარგარეთ, ისეთ კორექტივებს შეიტანდა, რაც შესაძლებლობას მისცემდა შელახული ავტორიტეტის აღდგენაში. იყო დაპირება იმისა, რომ ჯარს გამოიყვანდა ერაყ-ავღანეთიდან და მშვიდობას დაამყარებდა ამერიკელთა მიერ გაუბედურებულ ქვეყნებში; ნორმალურ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებდა რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, სხვებთან; დააძმობილებდა პალესტინელ არაბებსა და ისრაელს და ა.შ.

და მსოფლიოც დაიმედებული ფიქრობდა, როგორც იქნა გვეშველა, მხსნელი გამოჩნდაო. 6 წელიწადი გავიდა იქედან დღემდე, მაგრამ ობამას მიერ ნათქვამი არც ერთი წინადადება არ შესრულდა, პირიქით, იმდენად დაიძაბა ურთიერთობა ორ სუპერ-სახელმწიფოს შორის, ლამის ერთმანეთს ბირთვული ბომბები დააყარონ. ვითარება ისეა შეცვლილი, ცხადია უარესობისკენ, რომ „ცივი ომის“ პერიოდი სანატრელია.

ესეც თქვენი დემოკრატი, ადამიანის უფლებათა დამცველი შავკანიანი ობამა. როგორც ჩანს, ობამასთვის და მოკავშირე ევროპისთვის ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ „პედერასტთა“ აღზევებას ნიშნავს. „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“ – ასეთია აშშ-ს პრეზიდენტის მიდგომა ამ დელიკატური საკითხისადმი. რა გამოდის – ვინც კურტუმოს არ ათამაშებს, საჯდომით წვეტიან საგანს არ ეძებს, გამოუჩორკნავი, ჩამორჩენილი ადამიანია – არადემოკრატი და აგრესიული? ასეთი უნდა განადგურდეს? ასეთთან ყოველგვარი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს ე.წ. დემოკრატიულმა მსოფლიომ?

სულ ახლახანს, აშშ-ს ელჩი რუსეთში, მაკფოლი, რომელიც ვაშინგტონმა ვადამდე გაიწვია – რუსეთში რევოლუციის განუხორციელებლობის გამო, წერდა: „მოსკოვის რეჟიმი იზოლიაციაში უნდა მოექცეს. … არავითარი „დიდი რვიანის“ წევრობა. არავითარი მოლაპარაკება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით. ნაცვლად ამისა, უნდა გამოვიყენოთ სანქციები პროპაგანდისტების, სახელმწიფო საწარმოების, კრემლთან დაკავშირებული ბანკირების წინააღმდეგ.

ამასთანავე, მოქალაქეები და კომპანიები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან და რომლებსაც სურთ თავიანთი აქტივების გატანა რუსეთიდან, ემიგრაცია, მხარდაჭერილნი უნდა იქნენ. გორბაჩოვ-რეიგანის შემდეგ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობები აღსავსე იყო კამათითა და თანამშრომლობით, მაგრამ ყოველთვის იგულისხმებოდა, რომ რუსეთი ნელ-ნელა ექცეოდა მსოფლიოს წერიგში. ეს, დღეს აღარ არის“.

ყოფილი ელჩის, ამჯერად უნივერსიტეტის პროფესორის, განცხადება ვერავითარ მსოფლიო წესრიგში ვერ ჯდება, ვინაიდან ეს ე.წ. მსოფლიო წესრიგიც ამერიკელთა მიერ არის თავსმოხვეული მთელი მსოფლიოსთვის და აშშ-ს პირველობას ემსახურება.

და კიდევ ერთი რამ. აშშ-ს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკა, აშშ-ს გარკვეულ წრეთა მიერ შემუშავებულ-განხორციელებული, თავის გზას არ კარგავს ნებისმიერი პრეზიდენტის, თეთრისა თუ შავის, დემოკრატისა თუ რესპუბლიკელის, ცისფერთა დამცველის თუ პირიქით, პრეზიდენტობის დროს. არ იქნებოდა ობამა და იქნებოდა სხვა ობამა ან ჯონი – ამერიკის გარკვეული გავლენიანი წრეების მიერ შემუშავებული ანტირუსული პროექტის გამტარებელი. ის, რაც უკრაინაში მოხდა, ხდება და მომავალშიც მოხდება – ვაშინგტონშია დაწერილ-დაგეგმილი.

„ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის“ მანტიით ვაშინგტონმა ააღორძინა უკრაინული ფაშიზმი, ზენიტში აიყვანა კორუფცია, გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირები, ხელისუფლებაში მიიყვანა ანტირუსულად გაჟღენთილი გეები, კრიმინალები, რითაც მრავალწლიანი პრობლემა გაუჩინა რუსეთს და ევროპას.

რუსეთი, გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა ამერიკულ მზაკვრულ გეგმას. ევროპა? როგორც ჩანს ვერ, მაგრამ იქნებ მიხვდა? თუმცა „დიდის“ რიდით თუ შიშით – ვერ ამხელს?

აშშ-ი ანტირუსულ სარტყელს უკეთებს რუსეთს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ცდილობს დაიყოლიოს ყველა ამ „კეთილშობილურ“ საქმეში. ამერიკული თეორიითა და პრაქტიკით – ქვეყანა, რომელიც ანტიამერიკული მოსაზრების მატარებელია, ეკონომიკური სანქციებით უნდა დაისაჯოს. ეს „ზეჰუმანური“ ღონისძიება, რომ უპირველესად რიგითი ადამიანების კისერზე გადადის, ვაშინგტონს არ ადარდებს.

რას ნიშნავს ეკონომიკური სანქციები? ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევას და სულის ამოხდას – ნელ-ნელა, წლების განმავლობაში. ბლოკადაში მოქცეული ან სულს განუტევებს ან „მაპატიეო“ იტყვის და დამსჯელს ფეხებში ჩაუვარდება.

ბლოკადის უმთავრესი მიზანი – მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესება და საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრება, ჩამოგდება, ახალი ხელისუფლების მოყვანაა. ეს პროცესი მრავალი წელიწადი შეიძლება გაგრძელდეს. ჯანგამოცლილ ქვეყანას სხვაზე ფიქრის თავიც აღარ ექნება.

მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც უძლებენ ბლოკადას – კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა ამის თვალნათელი მაგალითებია. რას არ აკეთებს აშშ-ი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოსდის დაჩოქების თვალსაზრისით. არადა ნორმალურად რომ განვითარებულიყვნენ, მსოფლიოს წარმატებული სახელმწიფოები ეყოლებოდა მათი სახით. აი, ეს იქნებოდა დემოკრატია და არა ანტიდემოკრატიული ამერიკული ბლოკადა.

ამჯერად რუსეთია გეგმაში, რაც ერთობ გასაკვირი და რაც მთავარია სახიფათოა მსოფლიოსთვის. ბლოკადაში მოქცეული რუსეთი რას მოიმოქმედებს? უპირველესად, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ძებნას და მათთან ყოველმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მათ შორის სამხედროს. რას მიიღებს მსოფლიო?

„ცივი ომის“ პერიოდში დაბრუნებას. აი ამას მიაღწია სუსტმა პრეზიდენტმა ობამამ. მან შეძლო საბჭოეთის დაშლის შემდეგ გალღობილი მსოფლიო პოლიტიკის გაყინვა, რომლის კვლავ გალღვობას მრავალი წელიწადი დასჭირდება. და ყოველივე ეს – ამერიკული ჰეგემონიზმისთვის.

სულ ახლახანს, ჩინური გაზეთი „ჟენმინ ჟიბაო“ – ჩინეთის კომპარტიის ორგანო, მოწინავეში წერდა: „რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული დაახლოება გახდება მსოფლიო სტაბილურობის საყრდენი. რუსეთმა, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, აიძულა დასავლეთი, გაეგო, რომ „ცივ ომში“ გამარჯვებული არ არის.

მეორე გაზეთმა, „გლობალ ტაიმსმა“ – დაწერა, რომ უკრაინაში დასავლეთმა ფიასკო განიცადა, რომ მისი გეგმა პროდასავლური რეჟიმის შექმნასთან დაკავშირებით ჩაიფარცხა. შეიქმნა ქაოსი, რომლის მოწესრიგებისთვის დასავლეთს არც შესაძლებლობა აქვს და არც სიბრძნე გააჩნია. ასეთ დროს ჩვენ არ შეგვიძლია იმედები გავუცრუოთ რუსეთს. ჩინეთი უნდა გახდეს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი“.

რუსეთ-ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობა თავისტკივილს გაუჩენს ამერიკა-ევროპას. ხუმრობა ხომ არ არის, მსოფლიოს ყველაზე დიდი და მდიდარი ტერიტორიის მფლობელისა და ადამიანური რესურსების ყველაზე დიდი ქვეყნის დაახლოება. დღეს, ჩინეთი მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში. ხვალ – პირველი. ეს, ხვალ კი, თვით ამერიკელი ექსპერტების გამოთვლით, 2020-25 წელი იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.