ორი ვიზიტიდან გამომდინარე
ბატონ გურამ გოგიაშვილს
გასული კვირის მაღალი დონის ვიზიტებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ „ბატონ-ყმობას“, რასაც ე.წ. დემოკრატიის „სავანეში“ აქვს ადგილი. საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის და გერმანიის კანცლერის მერკელის „ბატონთან“ ხლებამ დაგვანახა ის ნამდვილი სურათი, რასაც რახანია ვუმზერთ, თუმცა გულის კუნჭულში მაინც გვჯერა, რომ სუვერენიტეტი, თავისუფლება და დემოკრატია სრული ჭეშმარიტებაა იმ „დალოცვილ“ ევროატლანტიკურ სივრცეში.
მაინც რისი განხორციელება სურდათ ევროკავშირის გიგანტებს, გერმანიასა და საფრანგეთს ამერიკაში ჩასვლით? უპირველეს ყოვლისა იმის, რაც ევროკავშირმა შინ უნდა გადაწყვიტოს – საკუთარ გარემოში, მაგრამ ვერ წყვეტს!
ევროკავშირი დამოუკიდებლად რომ ვერაფერს აკეთებს, ცნობილია. ის ყოველთვის ოკეანისგაღმა იყურება – შიშით, ისეთი არაფერი ქნას, ამერიკას რომ ეწყინება. ევროატლანტიკურ „თანამშრომლობას“ დემოკრატიად ასაღებენ, თან დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდებენ ისეთი „დემოკრატიისა“ და „სუვერენიტეტისკენ“, მათ რომ აქვთ.
რით იყო გამოწვეული მაკრონ-მერკელის ამერიკული ვოიაჟი?
არაერთი მტკივნეული პრობლემით, რომელიც ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებს ეხება, სირიაში მიმდინარე პროცესებს, რუსეთის მიერ სოლსბერიში ქიმიური იარაღის „გამოყენებას“, სირია-რუსეთის მიერ ქიმიური ბომბებით ქ.დუმის „დაბომბვას“, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებას, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის მიერ ირანთან დადებული ხელშეკრულების რევიზიას, აშშ-ევროპას შორის დაწყებულ სავაჭრო „ომს“ და ა.შ.
ჩამოთვლილი საკითხების გაანალიზება შორს წაგვიყვანს, ვერც გაზეთის ფურცლები დაიტევს. ვიტყვი მთავარზე – ეკონომიკურ სანქციებზე. უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე აშშ-ა სანქციები დაუწესა რუსეთს, ამასთანავე აიძულა ევროკავშირი გაეზიარებინა ვაშინგტონის გადაწყვეტილება.
მაშინ 2014 წელი იყო და ევროკავშირის ეკონომიკა არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა. თითქოს არც დღეს არის ამ მხრივ ცუდი ვითარება, მაგრამ ევროპული ბიზნესი, განსაკუთრებით გერმანულ-ფრანგული, სერიოზულ დეფიციტშია. ეკონომიკურმა სანქციებმა მძიმედ იმოქმედეს მათზე. დანაკარგი, მილიარდობით დოლარს შეადგენს, რაც არა მარტო ბიზნესზე, არამედ ქვეყნებზეც აისახება. ბიზნესი მიმართავს ხელისუფლებას – მოაწესრიგოს შექმნილი ვითარება – ანტირუსული სანქციების გაუქმებით.
ერთის შეხედვით ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები, ევროკავშირმავე უნდა გააუქმოს, მაგრამ ევროკავშირმა აშშ-ს ზეწოლით შემოიღო სანქციები ანუ მთავარი შემოქმედი „დიდი ბატონია“, რომლის გარეშე ბრიუსელი ვერაფერს გახდება.
ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფო ე.წ. სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნები, შოშიებივით შეჰყურებენ აშშ-ს და მისი კეთილი ნების გარეშე თითსაც ვერ ანძრევენ. თვით ევროკავშირშიც იგივე ვითარებაა. 28 წევრი სახელმწიფოდან არც ერთს ხელი არ ეწიფება გადადგას დამოუკიდებელი ნაბიჯი. რასაც ბრიუსელი იტყვის – ნებისმიერი წევრი ქვეყანა ვალდებულია უყოყმანოდ შეასრულოს.
რუსეთში ცალ-ცალკე ვიზიტის დროს გულზე მჯიღს ირტყამენ საკუთარი სუვერენულობის დასამტკიცებლად, კატეგორიულად აცხადებენ, რომ წინააღმდეგნი არიან ანტირუსული ეკონომიკური სანქციების, რის შესახებაც თავიანთ ომახიან სიტყვას იტყვიან ევროკავშირის სამიტებზე. მაგრამ როგორც კი სათათბირო დარბაზში შეიკრიფებიან, უმალ ივიწყებენ მკერდზე მჯიღის ბრაგუნსაც, საკუთარი სუვერენიტეტის გამომხატველ სიტყვებსაც და ყველა ერთხმად მხარს უჭერს სანქციების გახანგრძლივებას.
„დემოკრატიული“ ცენტრალიზმი, რაც ევროკავშირში სუფევს, იმაზე უარესია, საბჭოთა კავშირში რომ იყო. საკმარისია რომელიმე სახელმწიფომ, რაიმე საკითხზე საკუთარი განსხვავებული მოსაზრება დააფიქსიროს, ის უმალ ხდება ბრიუსელისა და დანარჩენი წევრი ქვეყნების კორტნის ობიექტი. ამ თვალსაზრისით მოწინავეთა რიგებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია, რომელიც არ იზიარებს ბრიუსელის მოწოდებას მუსლიმანი ლტოლვილების მიღების თაობაზე, რითაც ბრიუსელის პერმანენტულ რისხვას იმსახურებს.
ორბანი და მისი პარტია, რომელმაც სულ ახლახანს დიდი უპირატესობით გაიმარჯვა არჩევნებში, კრიტიკის მთავარი თემაა. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მისი გამარჯვება არავის გახარებია ბრიუსელში. რა არის ამის მიზეზი?
დამოუკიდებელი პოლიტიკა, თუმცა ამ დამოუკიდებლობასაც აქვს საზღვრები. მაგალითად, უნგრეთი შეუერთდა ევროკავშირის დანარჩენ წევრებს სირიის წინააღმდეგ აშშ, ინგლის-საფრანგეთის აგრესიაში. ასე მოიქცნენ ზოგიერთებიც, რომლებიც გმობდნენ სუვერენული სირიის მიმართ ყოველგვარ აგრესიას.
საქართველოში, იშვიათი გამონაკლისისა, ჰგონიათ, რომ ევროკავშირში შესვლით ვეზიარებით ევროპულ ფასეულობებს, გარანტირებულ სუვერენიტეტს, თავისუფლებას და „სამაგალითო დასავლურ დემოკრატიას“.
ღრმად ცდებიან! არათუ საქართველოს, ევროკავშირის ძველ წევრებსაც სუვერენიტეტის დეფიციტი აწუხებთ, რის გამოც სისტემატურად წუწუნებენ ბრიუსელში, თუმცა ამ უკანასკნელის შიშით მეტზე აღარ მიდიან. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთმა, ბრიტანეთმა, შეძლო „მეტზე“ წასვლა და საცაა ევროკავშირს დატოვებს. სხვები ჯერ წუწუნებენ, თუმცა კავშირიდან არც მათი გასვლა იქნება გასაკვირი, ვინაიდან არავის მოსწონს ზესახელმწიფოებრივი ორგანო, რომელიც ბრიუსელშია და მახვილით ემუქრება ნებისმიერი მისი წევრის განსხვავებულ მოსაზრებას.
სამწუხაროდ, ევროკავშირი ცენტრალიზებულ პოლიტიკურ ორგანიზმად ჩამოყალიბდა, კლავს ყოველივე ეროვნულს, აიძულებს წევრ სახელმწიფოებს გაიზიარონ მათთვის მიუღებელი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, გეი-აღლუმები, ლგბტ-სთან დაკავშირებული სხვა „სიკეთეები“.
ევროკავშირი არის ის, ვინც ხელს აფათურებს საქართველოს კანონმდებლობაში, გვაძალებს ჩვენი ყოფის, ტრადიციების საწინააღმდეგო კანონების მიღებას. და ამას აკეთებს მეტწილად იმ ახალგაზრდების ხელით, ვინც გამოზარდეს, ავარჯიშეს, გონება გამოურეცხეს და სამშობლოში დაბრუნებისთანავე არასამთავრობო ორგანიზაციები შეუქმნეს.
ხელისუფლების კადრების სამჭედლო-არასამთავრობო ორგანიზაციები წარმატებით ახორციელებენ დასავლური აზროვნების საკუთარი კადრების, სახელისუფლებო ორგანოებში დელეგირებას, მედიის, საექსპერტო სივრცის დაკავებას. მათი მთავარი მიზანი „მასწავლებლების“ გულის მოგება და ნებისმიერი დასავლური დავალების პირნათლად შესრულებაა. სამწუხაროდ ამ პროცესში არსად მოიაზრება ქვეყნის კეთილდღეობა.
ახალი ცხოვრების და ფასეულობების დასანერგად არც თანხები იზოგება, არც საეთერო სივრცე, არც ადამიანთა გონება – სისტემატური პრესის ქვეშ რომ არის მოქცეული ე.წ. დემოკრატიის მხრიდან. მიზნის მისაღწევად ნებისმიერი ხერხია გამოყენებული, მეტადრე წარსულის გინება, განსაკუთრებით საბჭოურის, რუსეთის შავ ფერებში მოხსენიება, დსთ-ს, ევრაზიული კავშირის იდეების დაცინვა და ა.შ.
საქართველოს მოსახლეობას გამუდმებით ეუბნებიან, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლა ნიშნავს რუსეთის ბატონობის ქვეშ დაბრუნებას; რომ ეს და სხვა კავშირი, რომელიც ძველ საბჭოთა რესპუბლიკებს აერთიანებს, დაახლოებით ისეთია, როგორიც საბჭოთა კავშირი. რომ სათათბირო მაგიდის თავში პუტინი ზის და ძალისმიერი მეთოდებით ახორციელებს დსთ-ში ან ევრაზიულ კავშირში მყოფ ქვეყნებზე ზეწოლას.
სათათბირო მაგიდის თავში ვინც ზის, ერთხელ უკვე ვიხილეთ აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის დროს. ისიც ვიხილეთ მაგიდასთან მსხდომი უკრაინის ხელისუფლება, დაბნეული და შიშნარევი თვალებით როგორ უმზერდა ოკეანისგადაღმელ „ბატონს“, რომელიც თითის ქნევით საყვედურობდა მას.
თანამედროვე პოლიტიკაში ჩაუხედავი ხალხი იჯერებს „ოკეანედალეულთა“ ტყუილებს რუსულ, უფრო სწორად პუტინურ დიქტატთან დაკავშირებით და წამითაც არ ფიქრობს, რომ დღევანდელ რუსეთში სულ სხვა ვითარებაა, თუნდაც დემოკრატიის თვალსაზრისით, ვიდრე „დემოკრატიულ“ ევროკავშირში. ავიღოთ რამდენიმე მაგალითი – დსთ-ს არც ერთმა წევრმა ქვეყანამ არ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რატომ არ დააძალა მათ კრემლმა ასეთი ნაბიჯის გადადგმა?
აშშ-ს განკარგულებით კოსოვოს დამოუკიდებლობა მთელმა ევროპამ აღიარა, თანაც წამითაც არ შეყოყმანებულან, მაშინ, როდესაც დსთ-ს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს რუსეთს ყირიმის მიერთებაში.
სულ ახლახანს კი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დროს, როდესაც სირიის ქ.დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი იხილებოდა, რუსეთის მთავარმა პარტნიორმა და მეგობარმა ქვეყანამ, ყაზახეთმა თავი შეიკავა, რუსეთის მიერ შეტანილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გმობდა აგრესიას სირიის წინააღმდეგ:
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყაზახეთის გაწევრება უშიშროების საბჭოს არამუდმივ ფორმატში მხოლოდ რუსეთის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია. გარდა ამისა, ასტანა, სადაც ზედიზედ გაიმართა სირიის საკითხებთან დაკავშირებული სამიტები, თავისთავად ავალდებულებდა ყაზახეთს მხარი დაეჭირა რუსეთის პროექტისთვის.
ყაზახეთი „ოდკბ“-ს წევრია, მაგრამ ახერხებს ნატოსთან და აშშ-ნ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას. სულ ახლახანს ხელი მოეწერა სამხედრო თანამშრომლობის ხუთწლიან გეგმას (2018-2022 წ.წ.). არის ლაპარაკი აშშ-ყაზახეთის ერთობლივი სამხედრო ბაზის მშენებლობის თაობაზე კასპიის ზღვაში. ამ თვალსაზრისით ყაზახეთმა უკვე გამოთქვა სურვილი აშშ-ს სამხედრო კატარღების შესყიდვის თაობაზე.
ყაზახეთ-აშშ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ავღანეთში არსებული ამერიკული სამხედრო კონტიგენტისთვის ტვირთების ყაზახეთიდან მიწოდების თაობაზე ანუ ეს ტვირთები აზერბაიჯანიდან, ზღვით მიეწოდება ყაზახეთს, იქიდან კი ავღანეთს. წამით დავფიქრდეთ, რას შეამთხვევდა ბრიუსელი ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, თავის ტერიტორიაზე რომ გაემართა რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები?!
ასე რომ, ის ზღაპარი, რასაც ჩვენ გვასმენინებენ რუსული დიქტატურის თაობაზე, მამალი ტყუილია და იმ დასავლური პროპაგანდის ნაწილია, ჩვენ რომ ჩაგვახუტებინეს.
დავუბრუნდეთ ისევ იმ თემას, რითაც დავიწყეთ. ორივე ვიზიტმა, განსაკუთრებით მაკრონის, დიდი ვერაფერი მოიტანა, მაგრამ ვიზიტის გარეგნულმა ელფერმა ერთობ უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა დიპლომატიაში ჩახედულ ადამიანებზე. განსაკუთრებული ნეგატიურობით გამოირჩევა ამერიკული მედია, თუმცა არც ფრანგული ჩამორჩება – იხსენებენ დე გოლს, მიტერანს, შირაკს – დიდ პოლიტიკოსებს და მათ გვერდში დაცინვით აყენებენ მაკრონს, განსაკუთრებით იმ კადრს, როდესაც ტრამპი მას ბოჩოლასავით მიათრევს.
საერთაშორისო საზოგადოება გაოცებული ადევნებდა თვალს დიპლომატიური პროტოკოლისთვის შეუფერებელ მტლაშამტლუშს, ერთმანეთის ფერებას და მიიჩნევს, რომ გადახრასთან, თანაც ერთობ არასახარბიელოსთან, გვაქვს საქმე.
რა გაეწყობა, ასეთია ის „დალოცვილი“ დასავლეთი, საითკენაც მივდივართ – დინჯი, ჭკვიანი პოლიტიკოსებიდან, მჩატე, ნაკლებად სერიოზულ პოლიტიკოსებამდე ჩამოლაბორანტებული.
„ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ ქვეყანაო“ – ამაზეა ნათქვამი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი