ვაშინგტონური შეკრება

ბატონ გურამ გოგიაშვილს

რუსეთის თემა საქართველოსთვის, ისე, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის აქტუალურია, თუმცა დანარჩენი, განსხვავებით ჩვენგან, დიდი ხანია შეეგუა ამ სუპერსახელმწიფოს არსებობას, ჩვენ კი ისევ ძველ „პლასტინკას“ ვატრიალებთ და ვერაფრით მიმხვდარვართ, რომ ხშირი ხმარებით ხმაც ჩახრინწულია და მოსასმენადაც ნაკლებსასიამოვნო. სხვათა ყურის გამაღიზიანებელია ბრალდებები, რომლებსაც პატარა საქართველო უყენებს რუსეთს, თუმცა მათი უმრავლესობა ობიექტურია.

თუ ვინმეს ყურს, განსაკუთრებით გონებას ახალისებს საქართველოს ხელისუფალთა „მკაცრი“ განცხადებები უკრაინა, ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი და მოლდოვაა. სწორეთ ამ ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული ვაშინგტონში პარლამენტის სპიკერთა სახით და ისეთი ანტირუსული კოცონი დაანთეს, არა მარტო რუსეთის, არამედ სხვათა ყურადღება რომ მიიპყრეს.

„სხვათა“ ყურადღება მოკლევადიანია ხოლმე, მაგრამ რაც შეეხება რუსეთს, ის ამას იმახსოვრებს და ისეთ დროს დაგვიდებს წინ, ვერც კი მოვახერხებთ თვალის დახამხამებას.

პარლამენტის სპიკერთა ვაშინგტონის თავყრილობას ლიდერიც ჰყავდა – უკრაინის, რუსეთისგან ყველაზე დაჩაგრულის, ტერიტორიებწართმეულის სახით.

უკრაინის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი პორუბი ხელმძღვანელობდა – 2014 წლის მაიდნის სახელმწიფო გადატრიალების აქტიური მონაწილე და ხელისშემწყობი. პირი, რომელიც დასავლელი ჟურნალისტების მიერ ვიდეო-კადრებზეა დაფიქსირებული, როგორც ქართველი და უცხოელი სნაიპერების კიევში ჩაყვანის ორგანიზატორი, სამხედრო ოპერაციის ანუ სროლის სულისშთამბერავი, სნაიპერებისთვის სპეცშაშხანების მიმწოდებელი.

მკითხველს შევახსენებ, რომ დოკუმენტური ვიდეო-ფილმის მიხედვით, სადაც „გმირები“ ქართველი სნაიპერებია, მთავარი ორგანიზატორი მაიდანზე დატრიალებული ხოცვა-ჟღლეტვისა, უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად, პორუბის სახით, ჩვენი ყოფილი „სანაქებო“ პრეზიდენტი სააკაშვილიცაა. იმ „ღონისძიებაში“ ლიტველი სნაიპერებიც იღებდნენ მონაწილეობას.

როდესაც პორუბის და მისთანებს მასპინძლობს „დემოკრატიის აკვანი“, როგორც თვით აშშ-ის პოლიტიკოსები უწოდებენ საკუთარ თავს, უმალ გებადება კითხვა – თუ ეს დემოკრატიაა, მაშინ რა არის დიქტატურა?

უკრაინელი პორუბი ისეთი თავგამოდებით აცნობდა ამერიკელ პოლიტიკოსებს რუსეთის აგრესიისა და ანექსიის, აგრეთვე ყოველდღიური ანტიჰუმანური აქტების შესახებ, თითქოს უმანკო კრავი ყოფილიყო, როგორც თვით, ისე დღევანდელი უკრაინული ხელისუფლება, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა კორუმპირებული უწოდა.

პორუბის „წარმატებულ“ სოლო გამოსვლას წერტილი მაშინ დაესვა, როდესაც დარბაზში მყოფმა ამერიკელმა ისეთი შეკითხვა დაუსვა, რომ პასუხის ნაცვლად პორუბიმ თავი შეიკავა, რითაც ამერიკელის შეკითხვას უდავოდ ჭეშმარიტების სული შთაბერა.

რუსეთის გინებით ყველა მიწვეულმა პარლამენტის ტავმჯდომარემ გამოიჩინა თავი, მათ შორის კობახიძემაც.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ბალტიისპირეთიდან ლიტვის გარდა, შეკრებას არც ლატვია და არც ესტონეთი არ ესწრებოდა. რით იყო გამოწვეული ჩვენი დასწრება და იმათი არდასწრება, ძნელი გამოსაცნობი არ არის.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავუმტკიცოთ ამერიკელებს მოჭარბებული ლოიალურობა და მორჩილება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აშშ-ს ორი პარტიის – „რესპუბლიკელების“ და დემოკრატების“ რეზოლუციის პროექტია შესული კონგრესში განსახილველად და თუ ყველა საფეხურს წარმატებით გაივლის და პრეზიდენტიც ხელს მოაწერს, საქართველოს ისეთი ამერიკული კანონი „დაიცავს“, აქამდე რომ არ ყოფილა.

უნებლიედ იბადება კითხვა – დავუშვათ ყველა ინსტანცია დადებითად გაიარა კანონპროექტმა და საბოლოო ჯამში პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა, რა მოჰყვება მას?

ძნელია გათვლა იმისა, რაოდენ დადებით შედეგებს მოუტანს რეზოლუცია საქართველოს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ის ვერ გაამთლიანებს საქართველოს ტერიტორიას და ვერც რუსეთს დააჩოქებს ისე, რომ დასავლეთს დაუწყოს ხვეწნა – საქართველოს ტერიტორიებსაც დავაბრუნებ, სულ მუდამ სიყვარულით თავზე ხელს გადავუსვამ „ღმერთის წილხვედრ ქვეყანას“, ოღონდ ეს რეზოლუცია გააუქმეო.

ასე, რომ ხელისუფლებამ გადადგა ფულის შოვნის კიდევ ერთი ნაბიჯი, ისეთი, რასაც აქ არსებული, ამერიკელთა მიერ შექმნილი არასამთავრობოები აკეთებენ ანტირუსული პროპაგანდის წარმოებაში. ანალოგიურად მოქმედებენ უკრაინელები, მოლდოველები, პოლონელები, ლიტველები, ესტონელები და ლატვიელები, თუმცა ეს ორი შეკრებას არ ესწრებოდა.

შეკრებილთაგან, მოლდოვას მდგომარეობა ისეთია, ავ თვალს რომ არ ენახვება. იქაც, როგორც აქ, ძალაუფლება მილიარდერი პლოხოტნიუკის ხელშია და ისე ატრიალებს მოლდოვას პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც კუბიკ-რუბიკს. წინ საპარლამენტო არჩევნებია და იმ ძალების გამარჯვების შემთხვევაში, რომლებსაც თვალი აღმოსავლეთისკენ უჭირავთ, ყველაფერი თავდაყირა დადგება. „იმ ძალებს“ კი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჭერს მხარს.

რაც შეეხება პოლონეთს – ევროკავშირისთვის ერთობ მიუღებელს, იმ მთავრობის გამოისობით, რომელიც ქეყნის სათავეშია, ისტორიული მტრობა აქვს რუსეთთან და პატარა შანსსაც არ უშვებს ხელიდან ამ ქვეყნის დასაწიხლად.

უდავოდ „შესაშური“ ნაკრებია ანტირუსული კამპანიისთვის და ჩვენც არ დავაყოვნეთ, იქ ამოვყავით თავი, ჯობდა არ ამოგვეყო. სხვათაშორის ამერიკელთათვის გულწრფელობის გამოსახატავად სხვა გზებიც უხვად არის, თუმცა საქართველოს ხელისუფალთ აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლებები მეგობრებად მიაჩნია.

ჩამოთვლილ ქვეყნებთან განხორციელებული ყოველდღიური კავშირურთიერთობები ამის დასტურია. რატომღაც მათთან მჭიდრო კავშირები მიიჩნევა ევროპული კურსის შეუქცევადობად. არადა თუ გავიხსენებთ პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებს (ავანტიურისტები), ნათლი მომავალი ნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოს პოლიტიკას, განსაკუთრებით იმას, ვინც ქვეყნის სათავეშია, ერთი სული აქვს არა მარტო ნატოში და ევროკავშირში შესვლის, არამედ აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნის. სულ ახლახანს „რესპუბლიკური პარტიის“ კორიფე დავით ბერძენიშვილმა ეთერში განაცხადა, რომ ყოველთვის მიესალმებოდა აშშ-ს „ძალიან დიდი“ სამხედრო ბაზის გახსნას საქართველოში.

დავითის განცხადება „მისასალმებელია“ მხოლოდ ერთი თვალსაზრისით – ის ამბობს იმას, რაც გულში აქვს, სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ოცნებობენ.

დავუშვათ, ბერძენიშვილს აუხდა საწადელი, რა ქვეყანა გვექნება? – 68000 კვადრატულ კილომეტრზე ორი ქვეყნის სამხედრო ბაზით „დამშვენებული“? – 2 რუსულით, ერთი ამერიკულით. აი, საით გვკრავს ხელს „პატრიოტი“ დავითი.

მუდმივი დაძაბულობა ჰქვია ამას ანუ საქართველოს მოსახლეობის გავარვარებულ ტაფაზე დადება და ყურება იმისა, როდის დაიწვება ის.

ბერძენიშვილი ამ სურვილს რუსეთის სიძულვილით ხსნის, თან იმის იმედით, რომ ბაზის გახსნის შემდეგ ამერიკელები გაცილებით სერიოზულად იღვაწებენ ყოფილი ავტონომიების ჩვენთვის დასაბრუნებლად. გარდა ამისა საქართველო გახდება აშშ-ს მყარი პლაცდარმი ამიერკავკასიაში. ჩვენ ვიქნებით აშშ-ს შვილობილი ქვეყანა. ის გვაჭმევს, გვასმევს, თავზე შემოგვევლება, ცივ ნიავსაც არ მოგვაკარაბს. ნეტავ რა დამსახურებისთვის?

სამხედრო ბაზებისთვის ტერიტორიების გასხვისების მსურველი ქართული პოლიტიკის გასაგონად ვამბობ – აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა, რომელიც ევროპაშია, დღითიდღე მცირდება, ვინაიდან ამერიკაც კი ვერ აუდის ხარჯებს და ამ დროს საქართველოში გახსნილი სამხედრო ბაზა. მიიღებს თუ არა აშშ-ი დავით ბერძენიშვილის წინადადებას – მომავალი გვიჩვენებს, რომელიც არც ისეთი შორეულია.

16 ივლისამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი. სწორედ ამ დღეს ფინეთის ქ.ჰელსინკში გაიმართება აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის შეხვედრა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. ამ შეხვედრას მსოფლიოს საზოგადოება ინტერესით ელის, ვინაიდან ორი გიგანტის მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული მსოფლიოს განვითარება.

დაველოდოთ მოვლენებს და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. ერთი რამ კი ცხადია – საქართველო ამ მოლაპარაკებიდან ვერც ვერაფერს მიიღებს, ვინაიდან მასზე საერთოდ არ იქნება ლაპარაკი. ასე რომ გავაგრძელოთ ანტირუსული პროპაგანდა, თუნდაც რუსეთის დაქცევის დონემდე, ისე, როგორც ამას გვიქადაგებს ამერიკელი მკვლევარი ჯორჯ ფრიდმანი:

„რუსეთი ძალების კარგვას განაგრძობს. სსრკ-ს დაშლა მისთვის არა დასასრულის, არამედ დასაწყისი იყო, ახალი ეტაპისა, თუმცა ახლა იგი გვიანი სსრკ-ის ყველა შეცდომას იმეორებს და რჩება დიდ, მაგრამ არაეფექტურ ქვეყნად“.

ფრიდმანის მოსაზრება მალამოსავით მოედო ქართველ პოლიტიკოსთა გულებს, რომლებიც აღტაცებას ვერ მალავენ რუსეთის ხვალინდელთან დაკავშირებით. დაიშლება რუსეთი და საქართველო ავტომატურად დაიბრუნებს დაკარგულს. შესაძლოა მას კიდევ რაღაცა წაუმატოს, მაგალითად სოჭი და ა.შ.

ფრიდმანისა და მის მსგავსთა წინასწარმეტყველება ან ახდება, ან არა, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მას ახდენა არ უწერია. მანამდე რა ვქნათ? მივაწევთ კი რუსეთის დაშლის დღემდე? და თუ მივაწევთ, უზარმაზარი ქვეყნის დაშლა ჩვენზე კარგად იმოქმედებს?

იმოქმედებს და მერე როგორ. ვინ იცის – ტკბილი ოცნება, საზარელ რეალობად გადაგვექცეს.

საბჭოთა კავშირის ნებაყოფლობითი დაშლა ნაკლები სისხლით და შფოთით რომ წარიმართა, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ამ საქმის ინიციატორი, თავი ანუ მოსკოვი იყო, მაგრამ რუსეთის დაშლაში რომ „თავი“ საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებს!

ნაცვლად ვირტუალური ოცნებისა, უმჯობესია სინამდვილის გაზიარება და ისეთი გზის გამონახვა, აბსტრაქციისგან, ნიშნისმოგებისგან შორს რომ იქნება.

მხოლოდ რეალობის გათვალისწინება, შეცდომების გაანალიზება იქნება გზა ნორმალურობისკენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი