ნატოს სამიტი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ნატოს სამიტი (11-12 ივლისი) საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის მნიშვნელოვანი რამ არის, ვინაიდან იქ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ხელისუფლების მისამართით, მოსახლეობის დადებითი რეაქცია უნდა გამოიწვიოს. ხელისუფლება, რომელიც კარგა ხანია დაშორდა მასებს თვლის, რომ მისთვის ანუ ხალხისთვის ოცნება იყო, არის და იქნება ნატოში გაწევრება.

ხალხისთვის ნატო უდავოდ იყო ორგანიზაცია – სამართლიანობით გამორჩეული. ეს მაშინ, როდესაც ხალხმა საერთოდ არ იცოდა ამ ორგანიზაციის შესახებ და არც მისი „საგმირო“ საქმეების თაობაზე რამე გაეგებოდა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ ქართული პოლიტიკის „კორიფეები“ იმდენად გაუთვითცნობიერებლები იყვნენ საერთაშორისო ცხოვრებაში და ნატოს რაობაში, რომ პრიმიტიულად მიიჩნევდნენ ამ ორგანიზაციაში შესვლის პროცედურას. მათი აზრით, ყველაფერი სურვილზე იყო დაფუძნებული, მითუმეტეს ისეთი „ღმერთის წილხვედრი ქვეყნისთვის“, როგორიც საქართველოა.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ემახსოვრება 9 აპრილის მომიტინგეთა მიმართვების გაგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში – მიღებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. საქართველოს ცხოვრებაში უამრავი სასიამოვნო და ნაკლებსასიამოვნო მოვლენას ჰქონდა ადგილი. მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწია ერს, თუმცა რამდენად წარმატებულად, მკითხველმა განსაჯოს.

ერთ რამეს კი ვიტყვი ცხოვრებისეულმა გამოცდებმა, მხოლოდ ნაწილობრივ გვასწავლა ჭკუა და გულუბრყვილოდ აღარ ვენდობით პოლიტიკოსებს – როგორც შინაურს, ისე გარეულს, 90-იანი წლების დასაწყისში რომ ვენდობოდით.

ხალხს დაშორებულ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ნატოში შესვლით ის (ხალხი) გაიხარებს და მადლობას ეტყვის ხელისუფალთ. ხალხზე მეტად ვინც გაიხარებს ცნობილია, ვინაიდან მას (ხელისუფლებას) მთავარი პრობლემა – ქვეყნის უსაფრთხოება (ასე ჰგონია) მოგვარებული ექნება, ანუ პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ნატოში შესვლის შემდეგ, ნატოს დაეკისრება.

რა სჯობს ამას?! თუ ქვეყანას სხვა და მერე როგორი სხვა – 29 ქვეყანა დაიცავს, განა მისასალმებელი არ არის? მაგრამ … .

საქართველოს ხელისუფალთა გულისწადილი კარგად არის ცნობილი ბრიუსელში და რომ არა მთელი რიგი საკითხები, დაკავშირებული ნატოს წესდებასთან, ფართოდ გაუღებდა მას კარს. ეს იცის საქართველოს პოლიტიკამ, თუმცა ჯიქურ აწვება ბრიუსელს – მიგვიღეო. ბოლოსდაბოლოს თუ დღეს გიჭირთ ჩვენი მიღება, მანამდე მაპი მოგვეციო.

ბრიუსელს, რომელსაც არ სურს საკუთარი წესდების დარღვევა, თავი შორს უჭირავს, მაგრამ არც ისე, რომ საქართველოს ხელისუფალთ ბოლომდე გული გაუტეხოს, გულგატეხილმა ნატოს ზურგი შეაქციოს და გეზი რუსეთისკენ აიღოს.

ნატოს წესდების მიხედვით, დაუშვებელია იმ ქვეყნის ნატოში შეყვანა, რომელსაც ტერიტორიული კონფლიქტები აქვს მეზობლებთან. საქართველოს აქვს ასეთი – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით და ვიდრე ტერიტორიული პრობლემები არ მოგვარდება, ნატო საოცნებო ედემის ბაღად დარჩება.

არის ერთი გამოსავალი – ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარება, რის შესახებაც მიგვანიშნა ამერიკელმა მკვლევარმა, მაგრამ ამ თემას სისტემატური გაპიარება სჭირდება და მოსახლეობის ტვინის იმ დონემდე გამორეცხვა, რომ იოლად შეეგუოს ფაქტობრივად დაკარგულის მარადისობას.

ხელისუფლებაც ისეთი გვყავს, ავ თვალს რომ არ ენახვება. წინა – სააკაშვილის, სულ იმას გაიძახოდა, 2008 წლის ომის შედეგად თითო-ოროლა, ქვაღორღიანი სოფელი დავკარგეთ, ეს იყო და ესო. არადა, დაკარგული რომ მნიშვნელოვანია მცირემიწიანი საქართველოსთვის, ფაქტია. „ნაცთა“ შემდგომები, ააქტიურებენ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში შესვლის თემას. რომ შევალთ, ნატო იზრუნებს ჩვენი ტერიტორიული საკითხის მოგვარებაზეო.

არადა კარგად იცის, რომ ეს ასე არ იქნება. რა გამოდის? ერთმანეთს ვატყუებთ?

ნატომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნის გამთლიანების საკითხი მას აჰკიდოს, რაც მშვიდი ცხოვრების მოშლის გზა და რუსეთთან დაპირისპირებაა.

ნატომ ისიც იცის, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს სრული ოკუპაცია. ამის სურვილი რომ ჰქონოდა, უდავოდ განახორციელებდა 2008 წელს, თბილისიდან 30 კილომეტრში მდგომი.

ნატოს, საქართველს ხელისუფალთა მოქმედება აფიქრებს და თვლის, რომ ის ისე მოიქცევა, როგორც 2008 წელს სააკაშვილი, ანუ გაილაშქრებს სოხუმ-ცხინვალის წინააღმდეგ, რასაც უდავოდ მოჰყვება ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება.

სხვა საკითხებს რომ თავი დავანებოთ, ზემომოყვანილი ისეთია, ნატოს „ღია“ კარში ვერასდროს რომ ვერ შევალთ. მაშ, რით არის ეს აჟიოტაჟი გამოწვეული?

მარტივი რამით. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური საკითხებიდან მოსახლეობის ყურადღების ნატოზე გადატანით.

საზოგადოება ვერ გაიხსენებს ნატოს ვერც ერთ სამიტს, რასაც აქ დიდი აჟიოტაჟი არ გამოეწვია. არც ამჟამინდელია გამონაკლისი, მითუმეტეს ამჟამინდელს ბევრი რამ ისეთი შეიძლება მოჰყვეს, რამაც საფუძველი შეიძლება შეურყიოს მას. თუ მხედველობაში მივიღებთ სულ ახლახანს გამართული „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას, რომელიც კრახით დასრულდა, სულაც არ არის გამორიცხული ანალოგიურის გამეორება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ნატოს მთავარი შემოქმედი აშშ-ი და მისი პრეზიდენტი ტრამპი ალმაცრად უყურებს ამ ორგანიზაციას.

ტრამპს ნატო ანაქრონიზმად მიაჩნია და არაერთხელ უთქვამს, რომ მთავარი მოწინააღმდეგის – ვარშავის პაქტის და სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ნატოს აღარაფერი ესაქმება. ის, ხომ საბჭოეთის წინააღმდეგ იყო შექმნილი?!

ნატოს შესანარჩუნებლად ამ ორგანიზაციის მოხელეები – მსუყე ხელფასებით უზრუნველყოფილნი, რა გზას არ მიმართავენ ორგანიზაციის შესანარჩუნებლად. რუსეთის მოსალოდნელი „აგრესია“ და „ინტერვენცია“ – ორგანიზაციის გადარჩენის მთავარი სალაპარაკო თემაა. მაგალითად მოჰყავთ ყირიმი და დონბასი.

განსაკუთრებული წივილ-კივილი აქვთ ატეხილი ნატოს წევრ ბალტიისპირა ქვეყნებს და პოლონეთს, რომლებმაც ფულის შოვნის ახალი გზა გამოიგონეს რუსეთის „აგრესიის“ შესაჩერებლად – დასავლეთიდან, საკუთარი სამხედრო საქმისთვის დაფინანსების გაზრდა.

ანალოგიური სურვილი აქვს უკრაინასაც, რომლის ხელისუფლება სისტემატურად გაიძახის – ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც ევროპას იცავს რუსეთის აგრესიისგანო. ასეთი განცხადებები არაერთხელ გვსმენია საქართველოს ხელისუფალთა მხრიდანაც.

ნატოს სამიტამდე დასავლელი ექსპერტები საინტერესო პროგნოზებს აკეთებენ ორგანიზაციის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. რადიკალები იმასაც წინასწარმეტყველებენ, რომ ტრამპი ბლოკის ლიკვიდაციასაც გამოაცხადებს, როგორც ძვირადღირებულის ამერიკისთვის, თანაც მითიური მტრისგან კარგი ცხოვრებით განებივრებული ევროპის დამცველის.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჯერ-ჯერობით გაჭირდება, მაგრამ ის, რომ ნატო ღრმა სისტემურ კრიზისშია, ფაქტია. თავიდათავი ეკონომიკაა. „ცივი ომის“ დროს აშშ-ის ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკის 40%-ს შეადგენდა, დღეს – 15-17%-ია. შემთხვევითი არ არის ტრამპის მიერ ნატოს ხარჯების თვლა და პარტნიორებისთვის მოწოდება ერთობლივ პროგრამაში ფულის თანაბარი ხარჯვის თაობაზე.

ტრამპმა ასეთი პირობები დააყენა – ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავიანთი ეროვნული შემოსავლიდან გადაიხადონ 2%. თანხა მნიშვნელოვანია, მაგალითად გერმანიისთვის ის 70 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთნახევრით მეტია იმ თანხებზე, გერმანია რომ საინვესტიციო პროგრამებში ხარჯავს. გერმანიის კანცლერმა მერკელმა თქვა, რომ მხოლოდ 2024 წლის ბოლოს შეძლებს ამ საკონტროლო ციფრზე გასვლას.

ა.წ. მაისში ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს ტრამპმა თქვა: „ჩვენ ველით, როდის დაიწყებენ ნატოს წევრი ქვეყნები სამხედრო ხარჯების 2%-მდე გაზრდას, თუმცა მგონია რომ 2% ძალიან ცოტაა, საერთოდ ის უნდა იყოს 4%-ი“.

არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა ტრამპის ნათქვამს სამხედრო მრჩევლებთან – გერმანიაში აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის ყოფნასთან დაკავშირებით. მას ასე უთქვამს: „მაშინ, როდესაც გერმანიას ენანება ნატოში ფულის გადახდა, თვით გერმანიაში სამხედრო სამსახურს გადის 35000 ამერიკელი“.

ტრანსატლანტიკური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაუარესების ჟამს, ძნელია სამხედრო თანამშრომლობის ძველებურად წარმართვა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამის აუცილებლობა არ არის.

მითიური მტრის გამო უზარმაზარი სამხედრო ხარჯები იმ ეკონომიკური შეფერხებების გამომწვევია, რასაც ამერიკა-ევროპაში აქვს ადგილი და რაც კარგად დაინახა ტრამპმა.

ბრიუსელი მასობრივი დემონსტრანციებით ეგებება ნატოს სამიტს. მოთხოვნა მარტივია – გაუქმდეს ეს სამხედრო ორგანიზაცია. მიწვდება თუ არა ეს ხმა სამიტის მონაწილეთა ყურს – ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – რეალობიდან გამომდინარე ორგანიზაციის ხვალინდელი დღე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჩვენ კი ნატოში მივისწრაფით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი