ისევ კვირიკაშვილის წერილთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის წერილი რუსეთის ხელისუფლებისადმი მოჭარბებულ აჟიოტაჟს იწვევს, რაც თავისთავად მანიშნებელია მძიმე სენის – საზოგადოების გარკვეულ (არცთუ უმნიშვნელო) ნაწილს რომ აქვს შეყრილი. რა არ ითქვა და დაიწერა ამ წერილთან დაკავშირებით: „რუსეთის წინაშე დაჩოქება“, რუსეთის „ბაბაიად“ აღიარება (დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უთხარიო), ნაკლებშინაარსიანი, მდარე ხარისხის და ა.შ., თითქოს წერილის მთავარი მიზანი მილანის მოდების ჩვენებაზე, კურტუმოს ქნევით გავლა ყოფილიყო.

ერთ-ერთ ტელედებატებში ხაზგასმით ითქვა, რომ წერილს ბევრი რამ აკლია და საერთოდ ცუდად არის დაწერილი. უმჯობესი იქნებოდა წერილის დამწერი ჯგუფის შექმნა, შინაარსის და დეტალების პოლიტიკოსებთან შეთანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნება. ნეტავ რა დროს დაიჭერდა ეს პროცედურა?

არსებული რეალობიდან გამომდინარე – არაერთ თვეს. გარდაცვლილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ამდენი დრო დასჭირდა და რუსეთისთვის გასაგზავნ წერილს რამდენი დასჭირდებოდა?

პრემიერ-მინისტრის წერილმა თავისი საქმე გააკეთა, ანუ რუსეთის ხელისუფლებამ წაიკითხა, იმსჯელა და პასუხიც არ დააყოვნა, თანაც ერთობ საყურადღებო და მნიშვნელოვანი: „არვის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის იქამდე წავიდეს, სადამდეც მზად იქნებიან თბილისში“.

მკითხველს შევახსენებ, რომ წერილის დაწერა, ადრესატის მიერ წაკითხვა, გაანალიზიება, პასუხის გაცემა დაემთხვა რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კულმინაციურ პერიოდს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია დროული პასუხისთვის, რაც თავისთავად დასაფასებელია.

კვირიკაშვილის წერილმა, ასერიგად დაწუნებულმა ოპოზიციის (და არა მარტო) მიერ, შეასრულა მთავარი – დიალოგის დაწყების სურვილის შეტყობინება. გადაიდგა პირველი ნაბიჯი, ერთობ პოზიტიური, რაც გამოიწვევს სხვა ნაბიჯების გადადგმას. საბოლოო ჯამში კი სიარულს ერთმანეთის მიმართულებით და პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას გააჩენს.

მხედველობაში მაქვს პირველ პირთა შეხვედრა, თუმცა ამასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება, ცხადია საწინააღმდეგო, აქვს პარლამენტის ყოფილ სპიკერს დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის ყოფილ სპიკერ ნინო ბურჯანაძესთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომ მაღალ დონეზე შეხვედრა ჰარიჰარად არ ხდება და მას სერიოზული მომზადება სჭირდება.

ვეთანხმები ბატონ დავითს, მაგრამ განვლილი პოლიტიკური ცხოვრება საწინააღმდეგოს რომ გვიჩვენებს? ავიღოთ სააკაშვილის მმართველობის წლებში საზღვარგარეთის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტები. რაღაც ვერ ვიხსენებ რომელიმე მათგანი ისე ყოფილიყო მომზადებული, როგორსაც ბატონი დავითი ფიქრობს. ყველა მათგანი იყო სპონტანური, ხშირად მიმღებ მხარესთან შეუთანხმებელიც კი. მასპინძელი, კარზე მიმდგარ სტუმარს, გაოცებული ხვდებოდა.

ბევრ მაგალითს არ მოვიყვან. ვიტყვი ერთზე, როდესაც ახალარჩეულ უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომელიც ახლო წრეში გამარჯვებას ზეიმობდა, დაუპატიჟებელი სააკაშვილი მიადგა მისალოცად. სააკაშვილმა მიულოცა და მიუხედავად მასპინძლის დაჟინებული შეპატიჟებისა, უმალ უკან გამობრუნდა.

ვიხსენებ სააკაშვილის პირველ ვიზიტს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად. შეხვედრის წინა დღეს, მან პარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და მედიის თანდასწრებით ისეთი ტკბილ-თბილი სიტყვები ღვარა რუსეთის, მოსკოვის მერის ლუჟკოვის და აჭარის მეთაურის აბაშიძის (ლუჟკოვ-აბაშიძის მეგობრობიდან გამომდინარე), რომ ლამის იქ დამსწრეებს სიხარულის ცრემლები გვაღვრევინა (ხუმრობით). ვიზიტი სპონტანური იყო, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე.

ასე რომ, ხდება მოუმზადებელი ვიზიტებიც. რაღა შორს წავიდეთ – საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და მისმა გუნდმა ბევრი დრო შეალიეს სულ ახლახანს აშშ-ი განხორცილებული ვიზიტის მომზადებას?

აპარატს ბევრი რომ ეფიქრა, ალბათ ურჩევდა პრეზიდენტს ქვეყნისთვის არაფრისმომტანი ვიზიტიდან თავის შეკავებას. მაგრამ რა ენაღვლებათ, თავისას ხარჯავენ თუ რა? – სახელმწიფო ბიუჯეტს ყვლეფენ საკუთარი მიზნებისთვის. მიზანი კი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის მონაწილეობის ზონდირება იყო.

საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია ვიზიტის მომზადებისა და განხორციელების 2 გზა. პირველი „ქვემოდან“, მეორე კი „ზემოდან“. მეორეს, განსაკუთრებით იმ დროს აქვს ადგილი, როდესაც ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და მხოლოდ პირველი პირების მიერ მიღებული კარდინალური გადაწყვეტილება იძლევა პირისპირ შეხვედრის გამართვის შანსს. ჩრდილო კორეის მეთაურის კიმ ჩენ ინის მოულოდნელი, ერთობ პოზიტიური განცხადება აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის გამართვის თაობაზე და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მზადყოფნა, ამის თვალსაჩინო მაგალითია.

რაც შეეხება „ქვედა“ გზას – არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მარტო აშშ-ჩინეთის მაგალითი რად ღირს. ქვეყნებს შორის კავშირები „პინგ-პონგში“ ორი ქვეყნის სპორტსმენების შეხვედრის შემდეგ დაიწყო, რომელსაც მოჰყვა უშიშროების საბჭოს მდივნის კისინჯერის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ ნიქსონის ვიზიტები პეკინში.

არანაკლები დაძაბულობა იყო სსრკ-აშშ-ს შორის, რომელიც განმუხტა საბჭოთა კავშირში აშშ-ს კონგრესის მრავალრიცხოვანი დელეგაციის ვიზიტმა. ამერიკელი კონგრესმენები თბილისსაც ესტუმრნენ. ჩამოსვლის პირველ საღამოს, რესტორან „დარიალში“ ქართულმა მხარემ არაოფიციალური ვახშამი მოუწყო სტუმრებს – ქალაქური სიმღერებითა და ცეკვებით. გალაღებულმა ამერიკელებმა ისეთი ცეკვა-თამაში გამართეს, რომ მეორე დღეს მთელი ამერიკის პრესა გაოცებით წერდა. არადა ასამდე ჟურნალისტი ვახშამზე არ იყო დაპატიჟებული. მათ შემთხვევით მიაგნეს კონგრესმენების ლხინის ადგილს და გასაიდუმლოებული ლხინიც საჯარო მსჯელობის საგნად აქციეს.

ჩინურ „დათბობას“ ჟურნალისტებმა „პინგ-პონგის“ დიპლომატია შეარქვეს, საბჭოურს – „დანსინგ (ცეკვის) დიპლომესი“. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ მკითხველს არ გადავღლი. წინა წერილში ვთქვი და გავიმეორებ – კვირიკაშვილმა გადადგა ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვება გაგრძელება, თუკი ჩვენს მხარეს ამის სურვილი არ გაუნელდება.

დიახ, ასეა, რაც აისახა კიდევაც რუსეთის პასუხში, ერთობ თავშეკავებულში, მაგრამ დამაიმედებელში. მაინც რა აეჭვებს რუსეთს?

ბევრი რამ განვლილი ცხოვრებიდან და არა მარტო, დღევანდელიდანაც. ავიღოთ თუნდაც პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ვაშინგტონში გამოთქმული ანტირუსული განცხადებები. თვითონ განსაჯეთ, რა შთაბეჭდილება შეექმნებოდა მომავალ პარტნიორს, როდესაც კვირიკაშვილის წერილის წაკითხვისთანავე მოისმენდა მარგველაშვილის საწინააღმდეგო განცხადებას?

ქართული მხარე სკეპტიკურადაც არის განწყობილი საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების მიმართ. არაფერს მოიტანსო – ამბობს. ანალოგიური რამ თქვა დავით უსუფაშვილმა არა მარტო საქართველო-რუსეთის, არამედ აშშ-ჩრდილო კორეის სამომავლო დიალოგზე.

მიკვირს, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსის, როგორიც დავითია. მისი აზრით მოლაპარაკებები არ უნდა გაიმართოს, მაგრამ რომ  არ გაიმართოს, რა იქნება? – გაგრძელდება ის, რაც არის, მძიმე ფინალით.

ყველა ომი მოლაპარაკებით თავდება. მას ალტერნატივა არ აქვს. მოჩვენებით ალტერნატივას ქართული მხარე ქმნის ე.წ. საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით. რატომღაც ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან მოლაპარაკების ნაცვლად, ანგარიშსწორებას უნდა ჰქონდეს ადგილი, რაც „სტრატეგიულმა პარტნიორებმა“ უნდა ითავონ. იმისთვის, რომ მათ ჩვენი გასაჭირი მთელი სიგრძე-სიგანით გაითავისონ, მეტი უნდა ვლანძღოთ – აგრესორი, ოკუპანტი და ღვთისპირისგან გადავარდნილი ეშვებიანი რუსეთი.

უნდა დავარწმუნოთ პარტნიორები, თუ რა ყოველდღიური განსაცდელის წინაშე ვართ. და თუ მაინცდამაინც მოლაპარაკების გამართვა გახდება აუცილებელი, რუსეთთან მარტო არ უნდა დავრჩეთ. ჩვენთან ერთად აუცილებლად უნდა იყვნენ ჩვენი ამერიკელი და სხვა პარტნიორები. არვინ კითხულობს ორმხრივი მოლაპარაკების მსურველი რუსეთი დათანმხდება თუ არა მრავალმხრივ მოლაპარაკებას.

საზოგადოების ნაწილს ვერადავერ გაუგია, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა (ქაღალდზე მაინც) და მან მოლაპარაკება გვერდში მდგომი „დათვების“ გარეშე უნდა აწარმოოს.

ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხშია და იქიდან გამოყვანას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ტურიზმი კარგია, მაგრამ არა უმთავრესი. უმთავრესი პოლიტიკური ურთიერთობებია და აქედან გამომდინარე უსაფრთხოება ანუ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული რეალობა. საქართველო ამ უსაფრთხოების მოწინავე ხაზზეა, რაც აიძულებს მას გააკეთოს პრაგმატული არჩევანი.

საქართველოს ამჟამინდელ არჩევანს (იგულისხმება ნატოსკენ სწრაფვა) მისთვის სახიფათოდ მიიჩნევს რუსეთი. გარდა ამისა რუსეთ-ნატოს დაპირისპირებაში საქართველო ავტომატურად ხდება მძევლად, რასაც სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა – დაპირისპირებიდან სახარბიელო შედეგის მიღების სურვილით დაბრმავებული, ვერ ითავისებს. ქართული პოლიტიკა ასე ფიქრობს – რაც მეტი დასავლური ზეწოლა რუსეთზე, მით უკეთესი საქართველოსთვის.

წლების განმავლობაში აღნიშნულს ჰქონდა და აქვს ადგილი, მაგრამ მას ისეთი შედეგი არ მოჰყოლია, საქართველო რომ ისურვებდა. ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერასაც აქვს საზღვარი და ხშირად ის მხოლოდ სიტყვებით გამოიხატება – არა საქმით. პატარა საქართველოს უდავოდ არ აქვს მისთვის შეუფერებელი არაპროპორციული სიძლიერის გავლენა ნატოსა და ევროკავშირზე, რომ მათ გვერდი აუარონ დაწერილ-დაუწერელ კანონებს და გააწევრონ ის ამ ორგანიზაციებში.

გაწევრების აბსტრაქტული და აკვიატებული იდეა ძნელად ამოსახსნელია ქართული პოლიტიკისთვის. მან თავი დამოუკიდებლობის პირველსავე დღეებიდან იჩინა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრა ძალისმიერი გზით დაისახა, თანაც კავკასიაში მთავარი მოთამაშის, რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად.

დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ქართულმა პოლიტიკამ მეორე შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარი პრობლემების მოგვარება აშშ-ს მიანდო. სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ამის აშკარა დამადასტურებელია. ის და მისი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა აშშ-რუსეთის ერთმანეთთან დასატაკებლად. აშშ-ი ნეოკონსერვატორების გაძლიერებამ და სააკაშვილ – ამ ძალების პოლიტიკურ-ავანტიურისტულმა ჰარმონიზაციამ გამოიწვია  2008 წლის სამხედრო კონფლიქტი.

მოეწონებათ თუ არა ვიღაც-ვიღაცაებს, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილმა და ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა არჩევანი არ დაუტოვეს რუსეთს, რომელმაც იარაღს მიმართა. არც კონფლიქტის შემდეგ მისცეს მას შანსი სხვაგვარად მოქცეულიყო. სააკაშვილის გამუდმებულმა მუქარამ დაკარგულის ძალისმიერი დაბრუნების თაობაზე და სარკოზი-მედვედევის დოკუმენტში ავტონომიების განმსაზღვრელი სტატუსის გადაშლამ, რუსეთს, მათი დამოუკიდებლობის აღიარებისკენ უბიძგა.

რას ვაკეთებთ 2008 წლის შემდეგ?

მივმართავთ ტერიტორიული გამთლიანების უპერსპექტივო გზას ანუ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ყოფილი ავტონომიების დაბრუნებას პოლიტიკური რიტორიკის გაძლიერებით. ქვეყნის შეგნით და გარეთ საზოგადოებას ვუქმნით აზრს, რომ რუსეთი არის უაღრესად არადემოკრატიული, დესპოტური, ჩამორჩენილი სახელმწიფო, რომელიც „ისტორიული განვითარების მცდარ გზაზეა“ და საქართველოს არ აძლევს, პროგრესირების შესაძლებლობას; რომ საქართველო, რუსეთთან მიმართებაში ინარჩუნებს „სტრატეგიულ მოთმინებას“ დასავლური ცივილიზაციის საკეთილდღეოდ; რომ საქართველო არის ამ ცივილიზაციის დაცვის წინა ხაზზე და მსხვერპლს იღებს, საერთო საქმისთვის, რაც კარგად უნდა იცოდეს დასავლეთმა.

თუ რა მოიტანა და მოაქვს ამ ვარიანტს – კარგად ვიცით. რეალური არაფერი! და აი ასეთ ვითარებაში ჩნდება პრაგმატული მოსაზრება – რუსეთთან დალაპარაკება, რაც ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია, ვინაიდან მათი აზრით რუსეთი იყო, არის და იქნება საქართველოს მუდმივი მტერი.

ამ შიშველი პროპაგანდის მიღმა, შიშველი ფინანსური ინტერესი იკვეთება. რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობა მათთვის დასავლური დაფინანსების შეწყვეტის მომასწავებელია. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს „ომი“ კვირიკაშვილის წერილთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ უტენიან ტვინში მოსახლეობას, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნიშნავს დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, რუსეთის „იმპერიის“ მიერ საქართველოს ჩაყლაპვას, რუსეთის წინაშე დაჩოქებას, თითქოს დასავლეთის წინაშე იგივეს არ ჰქონდეს ადგილი.

ვინმემ დამისახელოს, რომელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ამჟამად დსთ-ს წევრი, დააჩოქა ან ჩაყლაპა რუსეთმა? იქნებ ყაზახეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სხვა?

რუსეთს არასდროს უთქვამს ევროკავშირში ნუ შეხვალთო, მაგრამ წინააღმდეგია ნატოში შესვლაზე, ვინაიდან ეს რუსეთის უსაფრთხოებას ეხება და გადადის რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციაში. რატომ უნდა იყოს პატარა საქართველო მისთვის დამღუპველ პროცესში ჩართული?

იქნებ ნეიტრალური პოზიციის დაკავებამ მოუტანოს ქვეყანას სიმშვიდე და წარმატება? მაგალითად, ფინეთიც კმარა, რომლის მიუმხრობლობის პოლიტიკამ და რუსეთთან პრაქტიკული კავშირურთიერთობების ქონამ, ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების სათავეში მოაქცია. ფინეთი ევროკავშირის წევრია და არ ფიქრობს ნატოში შესვლაზე, მიუხედავად დასავლეთის გამუდმებული მიპატიჟებისა.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებაა საჭირო და არა ვინმესთვის ანტირუსული პლაცდარმის შესაქმნელად თავის მისაღება.

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და დავსვათ მარტივი კითხვა – რა გზით მიიღწევა სანუკვარი მიზნები. შევეშვათ იმაზე ფიქრსა და ოცნებას, რომ რუსეთთან დაპირისპირებით დიდ შეღავათებს მივიღებთ დასავლეთიდან. რუსეთთან საგნობრივი დიალოგი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქართული პოლიტიკა დარწმუნდება ასეთის უცილებლობაში და შეეცდება კონსტრუქციული დიალოგის გზით რუსეთის დარწმუნებას.

21-ე საუკუნის მეორე დეკადის დასასრულია – განსხვავებული, პრაგმატული აზროვნებითა და მსოფმხედველობით. წარსული ისტორიის დღევანდელობაში გადმოტანა მაშინ არის სასარგებლო, როდესაც მას თანამედროვე თვალით აფასებ, მაგრამ დამღუპველია თუ მას ერთადერთად და შეუცვლელად აღიქვამ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი