ისევ NDI-ის გამოკითხვების შესახებ

საქართველოს მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს უარყოფითად აღიქვამს – მიიჩნევს რა მას მიკერძოებად, მმართველი პარტიის მხარდამჭერ აქტად.

საქართველოში მოქმედი ამერიკული ორგანიზაციის ფილიალის დანიშნულებაც ის არის, რომ ე.წ. გამოკითხვის საშუალებით ზეგავლენა იქონიოს საზოგადოებაზე და შთააგონოს მას, რომ საზოგადოების თითოეული წევრის უარყოფითი განწყობა საკუთარი ხელისუფლების მიმართ ნაკლებსაფუძვლიანია. რა შეიძლება ეწოდოს NDI-ს ქცევას, თუ არა პირდაპირი ზეწოლა საზოგადოებაზე, მის თთოეულ წევრზე?

აღნიშნულის მაგალითი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარებული გამოკითხვები, რომელთა შედეგები აშკარად მიუთითებდა მოსახლეობისთვის საძულველი „ნაციონალური პარტიის“ მოწინავოეობას, ხოლო ახლადშექმნილი „ქართული ოცნების“ სერიოზულ პროცენტულ დაშორებას პირველ ადგილზე მყოფი „ნაციონალებისგან“.

პოლიტიკაში ოდნავ ჩახედულნი უმალ მიხვდნენ, რომ პოპულარობადაკარგული, სახელშერცხვნილი, კრიმინალური „ნაცური“ ბანდა ვერაფრით იქნებოდა იმ პროცენტების მატარებელი, რასაც NDI-ი იმეტებდა მისთვის. ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ ვაშინგტონში შეთხზული „კვლევა“ უნდა დამთხვეოდა არჩევნების შედეგებს.

NDI-ის გამოკლევა, საზოგადოების აზრს კი არ გვაცნობდა, არამედ გვიმტკიცებდა „ნაცთა“ უძლეველობას და მის გამარჯვებასთან შეგუებას. სწორედ მაშინ დაკარგა ნდობა ამ ამერიკულმა ორგანიზაციამ საზოგადოებაში. არც მანამდე იყო NDI-ს ე.წ. კვლევა ობიექტური, მაგრამ 2012 წელი კულმინაციური გამოდგა მისდამი უნდობლობის თვალსაზრისით. მას შემდეგ ამ ორგანიზაციის კვლევებისადმი მოსახლეობას (NDI-ს ზეწოლის ობიექტს) ცალყბა დამოკიდებულება აქვს.

ძნელია იმის თქმა, რამდენად გაითვალისწინა ამ ორგანიზაციამ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ ახალი გამოკითხვის მიხედვით ისეთიც გამოჩნდა, რაც ადრე არ ჩანდა. მაგალითად, მოსახლეობის სურვილს შევიდეს ევროკავშირში, წარსული გამოკითხვიდან ბოლო გამოკითხვამდე პროცენტები დააკლდა, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრებას – მოემატა.

გამოკითხულთა ერთი მესამედი რუსეთთან ყოფნას უჭერს მხარს.  ცხადია რუსეთთან ყოფნას გაცილებით მეტი უჭერს მხარს, ვიდრე ერთი მესამედი, მაგრამ NDI-ის მიერ აღნიშნულის დაფიქსირება რაღაცას ნიშნავს და ეს „რაღაცა“ ისეთია, ერთ მესამედს რომ აღემატება.

დიახ! 25-წლიანი დამოუკიდებული მარათონის შედეგად საზოგადოება დარწმუნდა, რომ ფინიში უკეთესი ცხოვრებისა არათუ ახლოს, არამედ ძალიან შორსაა – ისეთ სიშორეზე, საუკუნეები რომ დასჭირდება მიახლოებას. ამიტომაც ხვალინდელ ქათამს – ვირტუალურს და შორეულს, ხალხმა დღევანდელი კვერცხი ანუ რუსეთი არჩია და რომ ასეა, აღნიშნულია NDI-ის კვლევაში.

აღნიშნულია, მაგრამ კვერცხამდეც მისვლაა საჭირო – ვინ მიგვიყვანს? ვინ არის ისეთი ძალა, რომელიც თავისი ავტორიტეტით შეკრავს საზოგადოებას და უდაბნოში 25-წლიანი უკომპასო ხეტიალის შემდეგ, ძველ და ნაცად ორიენტირს დაუსახავს ქვეყანას?

NDI-ის კვლევის მიხედვით ასეთი „გოლიათი“, როგორც პარტია ან პიროვნება არ ჩანს. საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ გაიმართოს „ქართულ ოცნებას“ მხარს 27%-ი დაუჭერსო – გვეუბნება NDI-ი, სხვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი – ერთობ დაბალი პროცენტებიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნების“ 27%-ი არა მარტო ვაშინგტონის კეთილი განწყობა ჩანს მონადქცეული მმართველი პარტიის მიმართ (ეს რომ არ იყოს პროცენტული მაჩვენებელი, გაცილებით დაბალი იქნებოდა), არამედ მოსახლეობის არცთუ სახარბიელო განწყობა ამ პარტიისადმი. მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ; ლარის კურსის არასტაბილურობამ; კომუნალური გადასახადების ზრდამ; საწვავზე ფასების მატებამ; კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების კატასტროფულმა აწევამ; სხვა მრავალმა ნეგატიურმა ფაქტორმა, მათ შორის მოსახლეობის ტოტალურმა გაღარიბებამ და სასოწარკვეთილებაში ჩაგდებამ, გამოიწვია 2012 წლის გამარჯვებული პარტიისადმი უკიდურესი უნდობლობა.

ხალხს სასაცილოდაც (თუ სატირელი არ არის) არ ყოფნის იმ მსუყე დაპირებების გახსენება, ივანიშვილმა რომ ბრძანა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. არადა, მთელი 5 წლის განმავლობაში გულუბრყვილოდ სჯეროდა – ხუმრობა საქმე ხომ არ იყო მილიარდერის დაპირება?!

ხუმრობისა რა გითხრათ, მაგრამ ტყუილი რომ გამოდგა – დღეს უკვე ყველა ხვდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვალს ხუჭავენ, ვითომ ვერაფერს ხედავენ ივანიშვილის მიერ ყოველთვიურად მიცემული მსუყე ფინანსური დახმარების გამო. საზოგადოების ამ ნაწილს ინტელიგენციას უწოდებენ. მისი სიტყვა ფასობს საზოგადოებაში,  უფრო სწორად ფასობდა ოდესღაც, მიუხედავად მისი მიწებებისა ნებისმიერი ხელისუფლების ორგანიზმზე.

ისტორიას არ გავიხსენებ, ვიტყვი დამოუკიდებლობის წლებზე, როდესაც შევარდნაძის წყალობით ქართული ინტელიგენციის „თვალსაჩინო“ წარმომადგენლები, ერთის ხელის დაკვრით (შევარდნაძის) გახდნენ კანონმდებლები. განა ისინი ოდესმე აუგს იტყოდნენ მამამარჩენალზე? არცკი გაუვლიათ თავში, რითაც ხელი შეუწყვეს ქვეყნის ნგრევას.

ანალოგიურს ჰქონდა ადგილი სააკაშვილის დროს. ვინც „ჩარეცხვას“ გადაურჩა, ისე მიეკრო სააკაშვილის ტანს, როგორც ხბო ძროხის ცურს. თითო-ოროლა თუ წამოიკნავლებდა სააკაშვილის აუტანელი მმართველობის საწინააღმდეგოდ.

არადა ხმამაღალი შეძახილი იყო საჭირო. დღეს კი გაჰყვირიან – სააკაშვილს ვებრძოდითო. ისინი ხმაჩაკმენდილები არიან. ივანიშვილის ფულით გატრუნულებს არც ქვეყნის ბედი აწუხებთ და არც მისი მოსახლეობის უმძიმესი სოციალური ყოფა. არც მძიმე დემოგრაფიული ვითარება და არც ივანიშვილის ხელისუფლების მომეტებული მადა ხელფასებთან, პრემიებთან, დანამატებთან მიმართებაში. ყველა ისინი ქება-დიდებას ასხამენ ივანიშვილს, მარჯვენას ულოცავენ ქველმოქმედებისთვის და რაც მთავარია სააკაშვილის გაგდებისთვის.

სააკაშვილი გავაგდეთ, მაგრამ ამით ივანიშვილის გარდა არვის უხერია. სამართლიანობა მარტო მილიარდერისთვის აღდგა, რაც სააკაშვილის მიერ წართმეული ფულის დაბრუნებაში გამოიხატა და არა მარტო. ივანიშვილს, უკონტროლოდ დარჩენილს, ფართო გასაქანი მიეცა, რაც საეჭვო მშენებლობებში, ხეების თრევაში და სხვა მრავალ მსხვილმან-წვრილმან საქმეში გამოჩნდა.

ქვეყანამ მიიღო ისეთი მმართველობითი სისტემა, რომელიც ძალიან შორს არის დემოკრატიისგან და უახლოვდება ქურდული სამყაროს წესებს. ერთის შეხედვით ივანიშვილი რიგითი მოქალაქეა, რომელსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნია ქვეყნის მართვაზე. სინამდვილეში მის გარეშე არც ერთი საკითხი არ წყდება – განსაკუთრებით საკადრო. ასეთის ხელისუფლების ზეგავლენისგან ჩაშორება შეუძლებელია, ვინაიდან ხელისუფლებაც მის მიერ არის შერჩეულ-დანიშნული და საკანონმდებლო აქტებიც მისი კარნახით მიღებული. ასე რომ, დიდხანს, ძალიან დიდხანს (ვიდრე მას არ დაეზარება) მოგვიწევს ამ პიროვნების და აქედან გამომდინარე გაპარტახებული ყოფის ატანა.

დამოკიდებულ ხელისუფლებას ისეთივე უსუსური საგარეო კურსი აქვს, როგორც საშინაო. სხვას ვერაფერს იტყვი იმ შედეგებზე, რასაც ადგილი აქვს ამ დარგში. ავიღოთ თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის კობახიძის კიევში ვიზიტი და მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან.

საერთოდ უნდა ითქვას, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ისე გამოცოცხლდა, რომ მაღალი დონის შეხვედრების კორიანტელი დგას. საქართველოს ხელისუფლებამ – ერთობ გაწბილებულმა უკრაინელი პარტნიორების მხრიდან, იოლად დაივიწყა სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნიდან გამომდინარე, უკრაინელთა არადიპლომატიური, შეურაცხმყოფელი მოქმედება (მაშინ სააკაშვილი დიდი სიმპატიით სარგებლობდა პოროშენკოს კარზე) და ისე ჩაეხუტა უკრაინას, თითქოს საქართველოსთვის დიდი ხსნა და შვება მოეტანოს.

ჩახუტება საერთო მტრის, რუსეთის გამოა გამოწვეული, ამასთანავე იმ ავანტიურისტული პოლიტიკის გაზიარებით, რასაც ორივეგან აქვს ადგილი. „კარგი იქნებოდა, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველოც შეუერთდება. ამით შეიძლება მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მივცეთ განაგრძოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. …“ – თქვა პოროშენკომ.

რა უპასუხა კობახიძემ, არ ვიცით, მაგრამ მისი ვიზიტის მიზანიც ის იყო, რომ გაეზიარებინა „კეთილი“ მასპინძლის ავადმყოფურ ტვინში მოხარშული კიდევ ერთი ავანტიურისტული გამოხდომა.

საქართველოს ახსოვს რა მოუტანა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა – ხანგრძლივი პერიოდით ქართული პროდუქციის აკრძალვა რუსეთის ბაზარზე. თუმცა ჭკუათხელ ხელისუფალთ სულაც არ აღელვებთ რუსული ბაზრის კიდევ ერთხელ დაკეტვა. მთავარია „დიდი“ წამქეზებელი იყოს კმაყოფილი. ასეთი ყოველთვის სხვის ხარჯზე გამოდის. ასეთმა კრა ხელი სააკაშვილს 2008 წლის ომისკენ. ასეთმა მოაწყო 2014 წლის მაიდნის გადატრიალება. ასეთი აომებს ოფიციალურ უკრაინას საკუთარსავე რეგიონებთან. ასეთმა დააკარვინა მას ყირიმი და აკარგვინებს დონეცკსა და ლუგანსკს. ასეთმა დაგვაკარგვინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და თუ დროულად არ მივეგეთ გონს, სხვასაც დაგვაკარგვინებს.

მაგრამ გონს როგორ მოვეგებით, როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას ისეთ რჩევას აძლევენ, ქვას რომ „გახეთქავს“.

„ვფიქრობ, ეს ძალიან დროულია და უკრაინას რომ არ შემოეთავაზებინა, ჩვენ უნდა დაგვეყენებინა ეს საკითხი მათთან ორმხრივ ფორმატში, ვინაიდან ეს შემოთავაზება არის, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. …“ – აცხადებს ჩეჩელაშვილი, სააკაშვილის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.

ეს, ის „დიპლომატია“, პირველი „დიპლომატის“ (სალომე ზურაბიშვილის) ბრძანება პირნათლად რომ შეასრულა და რუსეთის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიალზე ჩოხაში გამოწყობილი, ხანჯალდამშვენებული მივიდა. ფეხებშუა მოქანავე ხანჯალი მიუღებლად ჩათვალა რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოებამ და ელჩს ხანჯალი ჩამოხსნეს, რითაც იხსნეს ტანმორჩილი დიპლომატი არასასურველი დაცინვისგან.

ეს, ის ჩეჩელაშვილია, ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს, მისმა ხელქვეითმა კეზერაშვილმა, ტელევიზიაში გაჟღერებულ სატელეფონო საუბარში მას „ასო“ რომ უწოდა.

ზემომოყვანილი მოსაზრების განმცხადებელი ან მართლაც „ასოა“, ან პირწავარდნილი ავანტიურისტი, ან ორივე ერთად. ვის, თუ არა მას კარგად უნდა ახსოვდეს რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს მიერ დაწესებული სანქციები და მრავალი წლის განმავლობაში ქართული პროდუქციისთვის დახურული რუსული ბაზარი. როდესაც მთელი ევროპა გაიძახის რუსეთთან დაწესებული სანქციების მოხსნაზე, თუმცა ვერ ახერხებს ამერიკელთა ზეწოლით, საქართველომ მდინარის საწინააღმდეგოდ არ უნდა იცუროს.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ღვინის ექსპორტიდან საქართველოში 170 მილიონი დოლარი შემოვიდა. ყველაზე დიდი იმპორტიორი რუსეთი იყო – მთელი ექსპორტის 62% ანუ 47,7 მილიონი ბოთლი; შემდეგ უკრაინა – 8,5 მილიონი; ჩინეთი – 7,5, ყაზახეთი – 3,3; პოლონეთი – 2,6; ბელარუსი – 1,8; ლიტვა – 1,5; აშშ- 457920; … . ვგონებ ღვინის ექსპორტის მაგალითი რაღაცაზე მეტყველებს და ეს „რაღაცა“ გაცილებით მეტი შემოსავალია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოსული თანხები – ერთად აღებული.

დავუბრუნდეთ NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, პარტიებს რომ ეხება. ხალხს, როგორც ჩანს, დანახვაც არ უნდა იმ პოლიტიკოსების, 25 წლის განმავლობაში მეორეხარისხოვან როლებზე ყოფნით რომ ტკბებიან, სახელმწიფოდან დაფინანსებას რომ იღებენ და ფუჭი ლაქლაქის გარდა არაფერს აკეთებენ. ხალხს მობეზრდა მათი ხილვა, მაგრამ მათ, არც საკუთარი თავი და პოზიცია მობეზრებიათ და არც უდარდელი ცხოვრება. ვითომ, ყველა ისინი ქვეყანაზე ფიქრობენ, სინამდვილეში – საკუთარ თავზე.

ობიექტურად იბადება კითხვა – ეშველება ესოდენ მძიმე, ქვეყნისთვის გამოუსადეგარ პოლიტიკურ ვითარებას?

არის თუ არა სხვა ძალის გამოჩენის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც პოლიტიკური არენა იმათ უკავიათ, ვინც 25 წლის წინათ გამოჩნდა და არ სურთ პოლიტიკური სცენიდან ჩამოსვლა?

ახალი ძალის გამოჩენა მედიის მოქმედებაზეა დამოკიდებული, სხვა შემთხვევაში მას საზოგადოება ვერ გაიცნობს. ვინ მიუშვებს ახალ ძალას ტელეეკრანთან – არც არავინ. არსებული პოლიტიკური პარტიების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული ახალი ძალის გამოჩენა, თუმცა ასეთის გამოვლინება პოლიტიკოსთა მხრიდან არცთუ იოლია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი