დავიწყებას მიცემული უმნიშვნელოვანესი თარიღი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

1991 წლის 25 დეკემბერი საბჭოთა კავშირის ხალხების ისტორიაში უდიდესი მოვლენაა, თუმცა მას არც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა არ აღნიშნავს უბრალო მიზეზის გამო — ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენულობა კი არ მიიღო, არამედ თვით იბრძოლა და მოიპოვა. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, მაგალითად საქართველო, რომ დამოუკიდებლობისთვის მრავალწლიანი ბრძოლით, სანუკვარ ოცნებას მიაღწია, დაანგრია საბჭოთა იმპერია, თავისუფლება მოუტანა მასში შემავალ „ჩაგრულ“ ხალხებს.

დაახლოებით, იგივე აზრისანი არიან ბალტიისპირა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. სხვებისგან არ გვსმენია ესოდენ „პატრიოტული“ განცხადებები.

1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა, სატელევიზიო გამოსვლაში ამცნო ყველას — შინ და გარეთ, საბჭოთა კავშირის დაშლა და უკვე ყოფილ საბჭოელებს გზა დაულოცა ახალ ცხოვრებაში.

გორბაჩოვის განცხადების მნიშვნელობა განუზომელია, არა მარტო მაშინდელი საბჭოელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ვინაიდან წერტილი დაუსვა 70-წლიან ბრძოლას კომუნისტურ წყობასა და კაპიტალიზმს შორის — ორი იდეოლოგიის, ერთმანეთისგან განსხვავებულის და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულის. საფუძველი ჩაუყარა უკლასო საზოგადოების, კლასობრივით ჩანაცვლებას.

საბჭოეთი დამარცხდა და ამ დამარცხებას მრავალი ახსნა-განმარტება აქვს — სწორი და არასწორი, ტენდენციური თუ ნაკლებად, ობიექტური თუ სუბიექტური და ამ აზრთა ჭიდილში ბურუსით დაიფარა მარტივი ჭეშმარიტება — რომ არა კომუნისტური სისტემის დაპირისპირება კაპიტალიზმთან, ეს უკანასკნელი არ შეცვლიდა მტაცებლურ პოლიტიკას, შედარებით შერბილებულზე.

70 წელი ერთი გაელვებაა ქვეყნის, ხალხის ისტორიაში, თუმცა მან კარდინალურად გარდაქმნა მსოფლიო და ისეთი გავლენა იქონია კაცობრიობის წარსულსა და აწმყოზე — მარადისობა გარანტირებული აქვს.

საბჭოთა კავშირის დაშლას არ მოჰყოლია სოციალიზმის განადგურება. ის, დღესაც აგრძელებს არსებობას — ზოგან წარმატებით, ზოგან ნაკლებად. სტატიის მიზანი არ არის აღნიშნული უსერიოზულესი თემის სიღრმისეული განხილვა, მათ შორის კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი უზარმაზარი სახელმწიფოს დაშლის მიზეზებზე მსჯელობა, უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ესოდენ მასშტაბური მოვლენა, ნაკლებად არის დაკავშირებული გარე შემოტევებზე, თუმცა ასეთს მრავალჯერ ჰქონდა ადგილი საბჭოეთის არსებობის უმოკლეს ისტორიაში, არამედ ქვეყნის შიგნით, მეტადრე მმართველ პარტიაში მოღალატეთა და გამყიდველთა გამოჩენაზე. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა გვამცნო საბჭოთა კავშირის დაშლა.

30 წელი გავიდა კრემლიდან ნაბოძები დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, რაც საკმაო დროა კითხვის დასასმელად — რა მოუტანა ხალხს ე.წ. დამოუკიდებლობამ?!

უპირველესად უნდა აღვნიშნოთ საბჭოთა კავშირის დაშლის სპონტანურობაზე. მან, დამოუკიდებლად არსებობას მიუჩვეველი რესპუბლიკები უმძიმეს მდგმარეობაში ჩააყენა. ცურვის არმცოდნე ადამიანის შუაგულ ზღვაში ჩაგდების ტოლფასი იყო მოულოდნელი, მოუმზადებელი გადაწყვეტილება, რომელმაც გამოუცნობი ცხოვრების პრობლემების წინაშე დააყენა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რასაც არა მარტო ეკონომიკის ნგრევა, ხალხთა სოციალური ყოფის უკიდურესი გაუარესება, ერთაშორისი სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. მხოლოდ ზერელედ მოაზროვნეს შეეძლო — საკუთარი „მსუბუქი“ გადაწყვეტილებით ხალხთა მდგომარეობის ჯოჯოხეთთან გათანაბრება.

ვუერთდები იმ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა მოსაზრებას, რომლებიც თვლიან, რომ უცაბედი განშორების ნაცვლად, გამიზნული, 5-წლიანი გეგმით უნდა წარმართულიყო გაყრის პროცესი — ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, რაც მთავარია ეკონომიკის. აღნიშნულის მაგალითად „ბრექსიტიც“ კმარა ანუ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფა, რაც უკვე სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ნაცვლად ამისა, კრემლმა იჩქარა. იქ მოკალათებული ქვეყნის გამყიდველები, იმის სურვილით, ვინ უფრო სწრაფად უპატაკებდა ვაშინგტონს საბჭოეთის დაშლას, სულაც არ ფიქრობდნენ რუსეთზე, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, რომლებმაც, „უპატრონო“ ცხოვრებას, სხვა „ბატონთან“ ყოფნა ამჯობინეს და უმალ მიაშურეს „დემოკრატიულ, ცივილიზებულ“ დასავლეთს, რომლის შესახებ არაფერი იცოდნენ, გარდა „ზღაპრული“ ცხოვრებისა.

ასე და ამრიგად, ერთი ცენტრი, მოსკოვი, მეორეთი, ვაშინგტონით ჩანაცვლდა, რითაც ბოძებული დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება თვალის დახამხამებაში გაიცვალა დამოკიდებულებაზე.

30-წლიანმა განვლილმა პერიოდმა დაგვანახვა, ვინ შეირგო დედის რძესავით ე.წ. დამოუკიდებლობა. გამოცნობა იოლია — მას ხელისუფლება ჰქვია და ამ ხელისუფლების მაღალ-დაბალი მოხელეების სამჭედლო — არასამთავრობო ორგანიზაციები.

ზედაპირულმა დასავლურმა „განსწავლულობამ“ — უმთავრესად კურსების სახით და რაც მთავარია „ქვის გამხეთქმა“, ოქროსფრად მოვარაყებულ ჩარჩოში „ჩასვენებულმა“ სერტიფიკატებმა — ამაყად რომ გადმოგვყურებენ აფთიაქების თუ დაწესებულებების კედლებიდან — წინა ცხოვრების არმცოდნე გოგო-ბიჭების აღზევება გამოიწვია. დასავლელთა მიერ განხორციელებული პროექტი, ერთ მიზანს ისახავდა და ისახავს — დასავლეთისადმი მუხლმოდრეკას, ჩრდილოეთისადმი მტრობას.

შედეგი — ტერიტორიებდაკარგული ქვეყანა, უმძიმეს ეკონომიკურ-ფისკალურ ჭაობში ჩაძირული, აუწყობელი შიდა დაპირისპირებებით, ერთაშორისი პრობლემებით, რაც ნაწილობრივ, მოკრძალებულად ითქვა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ.

პრეზიდენტის განცხადებას უმალ მოჰყვა უმწვავესი კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან. ის მოუწოდებდა „ოცნების“ მთავრობას პრეზიდენტის ნათქვამის დეზაუირებას. არადა ქალბატონი ზურაბიშვილი სწორედ ოპოზიციის ლიდერის, იმჟამად ხელისუფლებაში მყოფის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელდასხმით გახდა ქართული პოლიტიკის კორიფე.

სააკაშვილის საკადრო პოლიტიკის ნაყოფია, საფრანგეთში, ქართველ ემიგრანტთა ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ქალბატონი — ფრანგული მენტალიტეტით, სუსტი ქართულით. ქალბატონ სალომეს, საფრანგეთის მოქალაქეს, უმალ მიართვეს საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელი და ყველაზე განსწავლული ქართველის „ტიტულიც“.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. იმ დღიდან დაწყებული დღემდე, დადის ეს ქალბატონი ქართულ პოლიტიკაში, ამჯერად პრეზიდენტის ტიტულით და თავისი გამონათქვამებით ზაფრავს შინაურს და გარეულს. განსაკუთრებით ოპოზიციას. მის ნათქვამებში ხანდახან თავს იჩენს სავალალო სინამდვილე, რაც უცხოელისთვის გასაკვირია, ოპოზიციისთვის მიუღებელი.

ერთი ასეთი, ერის ღალატად შეფასდა. არადა მოღალატური მის სიტყვებში არაფერია. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ქვეყანას არ აქვს დელიმიტირებულ-დემარკირებული საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, რაც თავისთავად ერთ-ერთი პირობაა ნატოში გასაწევრებლად, ვინაიდან ეს ორგანიზაცია, თავის რიგებში არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც მეზობლებთან არ აქვს დადგენილი საზღვრები.

ნატოს აზრით, ის, ვისაც ასეთი არ აქვს, პრობლემების გამომწვევად ითვლება. ნატოს კი არ სურს პრობლემებიანი წევრი ან რატომ უნდა შეიწუხოს თავი ნატომ წევრობის კანდიდატი ქვეყნის სასაზღვრო საკითხების მოსაწესრიგებლად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სასაზღვრო საკითხები მწვავე დაპირისპირების, არცთუ იშვიათ შემთხვევაში ომის დაწყების საფუძველია?

პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ პრობლემა მოსაგვარებელია არა მარტო ნატოში გაწევრებისთვის, არამედ რეალური სუვერენიტეტისთვის. ოპოზიცია პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაშიც, რომ მან საერთაშორისო საზღვრებში, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებიც ახსენა და ვინაიდან საქართველო არ ცნობს მათ დამოუკიდებლობას, პრეზიდენტის ნათქვამი საქართველოს საწინააღმდეგო და რუსეთის სასარგებლო ქმედებად  მოინათლა.

ყოფილ ავტონომიებთან შექმნილი ვითარება დღევანდელი ოპოზიციის, გუშინდელი ხელისუფლების, პირადად, მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის ბრალია. ქართული საზოგადოება, რომ ჯეროვან სიმაღლეზე მდგარიყო, სააკაშვილი და მისი ნაცები ომის გაჩაღებისთვის ციხეში აღმოჩნდებოდნენ. საზოგადოება ამ გამოუსწორებელ შეცდომას, დღეს იმკის, თან შიშობს, 2012 წლის არჩევნებში დამარცხებულნი, ისევ არ მობრუნდნენ ხელისუფლებაში.

დიახ! ყოფილ ავტონომიებთანაც არის დასარეგულირებელი ადმინისტრაციული და არა სახელმწიფო საზღვრები, ვინაიდან საკითხის მოუწესრიგებლობა მუდმივი დაპირისპირების საგანი იქნება, რაც რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოულაპარაკებლად ვერ გადაწყდება, მითუმეტეს, როდესაც რუსეთთანაც დაუდგენელია სახელმწიფო საზღვრები. საქართველოს ხელისუფლება — გუშინდელი თუ დღევანდელი — სუვერენიტეტით აღჭურვილი, სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს შიშით ვერ დგამს ასეთ ნაბიჯს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება საქართველოს ჯარის შესახებ, ისეთივე მიუღებელია ქართული პოლიტიკის, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, როგორც საზღვრების. არადა ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი მართალია. საქართველოს ჯარი, მიუხედავად ამერიკელ-ნატოელი სამხედრო ექსპერტების და სპეციალისტების დახმარებისა, ვერ დგას ისეთ დონეზე, როგორც აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის. რუსეთზე ლაპარაკიც ზედმეტია. თურქეთი, ნატოს წევრი და ამ ორგანიზაციაში, აშშ-ს შემდეგ სიდიდით და სამხედრო ტექნიკით მეორეა, ხოლო რუსეთი — მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა ჯარის მომზადების, სამხედრო ტექნიკის და ულტრათანამედროვე იარაღის თვალსაზრისით.

რუსეთის სამხედრო წვრთნების დროს გასროლილი ერთი ბალისტიკური რაკეტის ფასი დაახლოებით ისეთია, როგორიც საქართველოს წლიური ბიუჯეტი. სისტემატურად გამართული სამხედრო წვრთნების დროს არა ერთი, არამედ ათეულობით რაკეტის გასროლა ხორციელდება. საქართველოს არმია ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს რუსეთის არმიას, ძალთა თანაფარდობის არ არსებობის გამო. მაშ, რა უნდა იღონოს პატარა საქართველომ?

მხოლოდ დიპლომატია. საკამათო საკითხების მოლაპარაკებებით მოგვარება. პროვოკაცია, მითუმეტეს სამხედრო დაპირისპირება, საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ისე, როგორც ნატოში ყოფნა, ვინაიდან ნატოს წევრი სახელმწიფოები, აშშ-ს ჩათვლით,  საქართველოს გულისთვის რუსეთთან არ იომებენ. ბირთვულ ეპოქაში ომისკენ ნაბიჯის გადადგმა, მსოფლიო კატასტროფის მომტანია.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამონათქვამები ჯართან და საზღვრებთან დაკავშირებით ტვინგაყინული პოლიტიკოსების მაღვიძარა უნდა იყოს და არა ფსევდო პატრიოტული განცხადებების, რასაც აქვს ადგილი. დარწმუნებულ ვარ ესოდენ დაძაბულ კითხვა-პასუხს ადგილი არ ექნებოდა, საქართველოს რომ საკუთარ თავზე და არა დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკური კურსი აერჩია — კურსი, ძნელად განსახორციელებელი, მაგრამ აუცილებელი, რომელიც ყველასთან, განსაკუთრებით მეზობლებთან ურთიერთობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. ეს, კი იმ შემთხვევაში მოხდებოდა, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა რომ თანმიმდევრულად და არა სპონტანურად განხორციელებულიყო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი