თბილისში გამართულ რუსულ მედია-ფორუმთან დაკავშირებით

გასულ კვირას თბილისში ჩატარებულმა მედია-ფორუმმა დიდი ვნებათაღელვა რომ გამოიწვია, ფაქტია. მთელი კვირის განმავლობაში ქართული მედიის (ელექტრონულ-ბეჭდვითი), ექსპერტობის და პოლიტიკოსების მოჭარბებულად აგრესიული დამოკიდებულება მედია-ფორუმის მიმართ არათუ თვალშისაცემი, არამედ შემაწუხებელიც იყო, ვინაიდან არღვევდა ყველა ზღვარს მედიასთან მიმართებაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობაშიც.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი,  მედია-ფორუმების მასპინძელი არაერთხელ გამხდარა ჩვენი ქვეყანა. მაშინ არვის უთქვამს აუგი ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, პირიქით პოზიტიური, საქებარი სიტყვები და სტატიები არ დაუშურებიათ ქართულ მედიასა და პოლიტიკას, განსაკუთრებით პოლიტოლოგიას. არადა რაც მე წავიკითხე და მოვისმინე იმ მედია-ფორუმების დამსწრეთაგან დიდი აღსაფრთოვანებელი არაფერი ყოფილა. მაგრამ იმ ფორუმებს ქართული პროდასავლური მოაზროვნეებისა და მიმდევრებისთვის სხვა ხიბლი ჰქონდა: დასავლური – ამერიკული, ბრიტანული, ევროკავშირული და ა.შ.

ამ ფორუმს კი სხვა დატვირთვა აჰკიდეს ქართველმა „პატრიოტებმა“, ვინაიდან ის იყო რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული. და რახან ის ასეთი იყო, რეაქციაც უნდა ყოფილიყო მძაფრი, შურისმაძიებლური, შეურაცხმყოფელი და რაც მთავარია მედია-საქმისთვის აშკარად შეუფერებელი.

რუსეთის მედია-ფორუმი პირველად არ ჩატარებულა საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს მაშინ ყურადღება არ მიაქცია ჩვენმა „სანაქებო პატრიოტულმა ძალებმა“ და ღონისძიებებმაც მშვიდ, სამუშაო ვითარებაში შეაჯერეს პოზიციები დამსწრე მასპინძლებთან, აგრეთვე მეზობელი ქვეყნიების – აზერბაიჯანის, სომხეთის მედია-მუშაკებთან.

არ ვიცი რას დავაბრალო „პატრიოტთა“ ამჟამინდელი „გამოღვიძება“, საზოგადოების დროულ ინფორმირებას თუ სხვას, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად, „პატრიოტთა“ გაგებით, „სამართალმა პური ჭამა“ და ისეთი დახვედრა შეაგება სასტუმრო „ვერეპალასში“ ორგანიზებული რუსული მედია-ფორუმის გახსნას, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ბანდერელებსაც რომ შეშურდებოდათ.

სპექტაკლმა, რომელიც სასტუმროს წინ დაიდგა, უდავოდ ამაზრზენი და რაც მთავარია პროვინციული იყო, ამ სიტყვის ცუდი გაგებით და მას არაფერი აკავშირებდა არც ღონისძიებასთან, არც მედიასთან და არც ქართულ სახელგანთქმულ მასპინძლობასთან. მისი მიზანი იყო რუსეთის მიმართ დაგროვილი, ხშირ შემთხვევაში არაობიექტური ზიზღის გადმონთხევა.

ეს „საქციელი“, მიუხედავად მედიის, განსაკუთრებით ელექტრონულის სისტემატური, ცალმხრივი გაშუქებისა და ნეგატიური მოსაზრებების, მსმენელ-მაყურებლისთვის თავს მოხვევისა, არა მარტო რუსეთის მორიგ დაწიხლვას ისახავდა მიზნად, არამედ დღევანდელი ხელისუფლებისაც, რომელსაც „ნაცური“ ოპოზიცია პრორუსულად აცხადებს და მის ლიდერს ივანიშვილს რუს ოლიგარხად მოიხსენიებს.

და ხელისუფლებამაც არ დააყოვნა. აქაოდა მე არ დამბრალდეს რუსული ფორუმის მასპინძლობაო, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. აჟივჯივდნენ პარლამენტარები, განსაკუთრებით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა რუსული მედია-ფორუმის მედიური მიზნები და რუსეთის მხრიდან „რბილი ძალის“, „ჰიბრიდული ომის“, პროპაგანდის გამოყენებად შეაფასა და არა მარტო. დაავალა შესაბამის სპეცსამსახურებს ამ და მსგავსი რუსული ღონისძიებების სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება სამომავლო აკრძალვის მიზნით.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები, უდავოდ ანტირუსულად დამუხტულნი, ისეთ კითხვებს უსვამდნენ ანტირუსულად განწყობილ თავიანთ კოლეგებს და ექსპერტებს, რომ პასუხები ჰარმონიაში ყოფილიყო კითხვებთან.

პარლამენტართა რეაქციულ კომენტარებს მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბახტაძის განცხადება – ერთის მხრივ კრიტიკის ჩარჩოებში ჩამჯდარი, თან დამამშვიდებელი – დაახლოებით ასეთი – ხალხნო, ნუ შეგეშინდებათ, ამ და მსგავსი მედია-ფორუმებით რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს და ჩვენს მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზიდან ვერ გადაგვახვევინებსო.

ერთი სიტყვით, მედია-ფორუმი პოლიტიკურ მოვლენად იქცა, თანაც ისეთად, თითქოს საქართველოს ბედი წყდებოდა „ვერეპალასის“ დარბაზში.

თავი წამოყვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ისეთი ჭიაკოკონა დაანთეს, გეგონებოდათ დიდგორის ომს იგებდნენ. ისინი სასწრაფოდ შეიკრიბნენ და დაიწყეს პარლამენტში განსახილველი კანონპროექტის მომზადება, რომელმაც მომავალში ხელი უნდა შეუშალოს მსგავსი რუსული ფორუმების ჩატარებას და არა მარტო. ახალი ძალით უნდა განახორციელოს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა.

რუსული „პროპაგანდის“ თემა არახალია და ხშირად წამოჰყოფს ხოლმე თავს – ხან მოჭარბებულად აქტიურად, ხან ნაკლებად, მაგრამ პოლიტიკური სცენიდან არ ქრება. მის მუდმივ არსებობას მხარს უჭერს და აფინანსებს დასავლური, განსაკუთრებით ამერიკული ინსტიტუტები, მათ შორის აშშ-ს კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვადასხვა სახის პირწავარდნილი ანტირუსული ფონდები, რომლებიც თვლიან, რომ რუსული პროპაგანდა ძირს უთხრის დასავლურ დემოკრატიას. და ეს მაშინ, როდესაც მთელი დასავლური მედია, ცხადია ტენდენციური, ცალმხრივი და რაც მთავარია არაობიექტური, ანტირუსული გადაცემებით არის გაჯერებული.

დასავლეთი რუსულ ტელეკომპანია RT და „სპუტნიკს“ მთავარ პროპაგანდისტულ ძალად თვლის და ნებისმიერი ხერხით, მათ შორის დაუშვებლითაც კი, არ აძლევენ ნორმალური მუშაობის შესაძლებლობას. დასავლეთისთვის, თუნდაც ეს ორი მედიასაშუალება დიდ საფრთხედ მოიაზრება.

მკითხელმა განსაჯოს, რამდენად არის შესაძლებელი 2 კინკილა მედიასაშუალებით ასეულობით დასავლური მედიასაშუალების დაჯაბნვა და რუსული პროპაგანდით დასავლური დემოკრატიის დამხობა.

რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველი დასავლური ფული საქართველოშიც მოედინება, რითაც სისტემატურად მიმდინარეობს მოსახლეობის ტვინის რეცხვა და იმის ჩიჩინი, რომ რუსული ტელეკომპანიების გადაცემები მოსახლეობას რუსეთის მიმართ დადებითად განაწყობს.

დავუშვათ, ეს მართლაც ასეა, რა არის ამაში ცუდი?! ნუთუ გასაკვირი უნდა იყოს მეზობელ, უძლიერეს ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა, რომელიც ინფორმაციის საშუალებითაც იქმნება?

დასავლეთმა 30 წელია საქართველო ანტირუსული პროპაგანდის პოლიგონად აქცია. სწავლება ჩაუტარა და თავისებურად მოარჯულა ქართული მედია და პოლიტოლოგია, რაც რუსს არასდროს გაუკეთებია. სიცრუეა იმის მტკიცება, რომ რუსული ფულით საქართველოში პრესა და არასამთავრობო სექტორი ყვავის. მე მათ შესახებ არაფერი მსმენია. ისინი არსად ჩანან. და თუ რომელიმე გაზეთი ან პოლიტოლოგი დედას არ აგინებს რუსეთს – რუსეთისგან იღებს ფულს? დავიჯერო ასეთი გულუბრყვილოა რუსეთი, რომ პრიმიტიული ლოიალურობისთვის ვიღაცას ფული აძლიოს?

არა, ბატონებო! სწორედ ეს არის პროპაგანდა. დიახ! დასავლური და არა რუსული პროპაგანდა. გალაშქრება რუსული ტელეარხების წინააღმდეგ უდავოდ ხელსაყრელია დასავლეთისთვის და მათზე ჩამოკიდებული საქართველოს ხელისუფლება – ოპოზიციის, ჟურნალისტიკის და არასამთავრობო სექტორისთვის, ვინაიდან ხალხი აღმოჩნდება ჭურში და ვერაფერს გაიგებს – რა ხდება მის თავს ან მსოფლიოში. ხალხი მიიღებს იმ ინფორმაციას, რაც დასავლეთს აწყობს.

რუსული ფორუმის მიზანი კი ერთია – სინამდვილეზე დაფუძნებული ინფორმაცია, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს პროპაგანდასთან.

რუსული მედია-ფორუმის წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რაც განპირობებულია ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ადრეულზე, ისტორიულზე. ამ თემატიკაში თავს ყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მოვლენები, ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ.

მძიმე გზა გაიარა საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც სრულ საფუძველს გვაძლევს ვიყოთ უკმაყოფილო, მაგრამ ვის მიმართ?

– ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ ჩვენი უმრავლესობა ისეთია, თავს რომ ყოველთვის გაიმართლებს და სხვას დაადანაშაულებს. დამნაშავეც უცბათ გამოიძებნა – რუსეთის სახით.

და ვლანძღავთ, და ვლანძღავთ გაუთავებლად. არადა იმავე ტერიტორიულ საკითხებში ან ცხინვალის ომის გაჩაღებაში რომ სააკაშვილის წვლილი უკიდეგანოა, ტალიავინის საერთაშორისო კომისიამაც დაადასტურა. მაშ, რას ვედავებით რუსეთს? იქნებ ნამდვილი ინფორმაციის დამალვა იწვევს ამ უცოდინარობას? იქნებ სინამდვილის დამალვაა ყველაფრის თავიდათავი?

დასავლეთი, 2008 წლიდან მოყოლებული გაჰყვირის საქართველოში რუსული აგრესიის შესახებ, მაგრამ არ ამბობს რით იყო ის გამოწვეული. ან რას გააკეთებდა აშშ-ი, მეზობელ კუბას გუანტანამოს ციხეზე იერიში რომ მიეტანა?

პასუხი მარტივია – დედაბუდიანად ამოძირკავდა კუბას. რუსეთმა იმ ყოფილი ავტონომიების ტერიტორიები დაიკავა, რომლის წინააღმდეგაც სააკაშვილი მილიტარისტულად გაჰკიოდა 2008 წლის 26 აგვისტომდე – ვიდრე რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა.

26 აგვისტოს შემდეგ ყოფილი ავტონომიების წინააღმდეგ არავითარ პროვოკაციულ გამოხდომას სააკაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. საქართველო ფაქტიურად გადაურჩა ბაქრაძისეულ პარტიზანულ ომს – დანა-ჩანგლით.

ვიმეორებ, რუსეთის ადგილას რომ აშშ-ი ყოფილიყო – დაუთავება, თანაც ძალიან ცხელი უთოდ არ აგვცდებოდა.

მედია-ფორუმის თემას მიეღძვნა პოლიტოლოგ საყვარელიძესთან ინტერვიუ, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. აი რას აცხადებს ბატონი საყვარელიძე:

„ვინც ამ ტრაგედიაში მონაწილეობდა (ტერიტორიების დაკარგვაში), რაღაც ზომები უნდა განხორციელდეს. ყველაზე მეტად ამ ტრაგედიაში პუტინის ხელი ურევია და მის მიმართ არ უნდა იყოს სანქციები?“

„მარტო იმაზე არ უნდა იყოს აქცენტი, ვინ შევიდა და ვინ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთოდ, მთლიანად კონტროლს ქვეშ უნდა იყოს ის ხალხი და უპირველესად, რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით“.

„ის, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ შენს ტერიტორიაზე მედია-შოუ გამართა და ვერაფერი ვერ გააწყვე, ეს ძალის დემონსტრაციაა. და აი, ამ დემონსტრაციით საქართველოში შეიძლება გამრავლდეს რუსეთის მხარდამჭერები. ამ მხრივ არის სახიფათო ის, რაც ახლა თბილისში ხდება“.

„აიკრძალოს ყველა იმ ადამიანის მიერ დაფინანსებული ღონისძიება, რომელსაც რაიმე კავშირი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევასთან. ასეთი პირი უპირველესად არის ვლადიმერ პუტინი და შესაბამისად, მისი ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიება დაუშვებელი უნდა იყოს ქართულ სინამდვილეში“.

საყვარელიძე რომ ისეთი თინეიჯერული ასაკის არ არის, როგორც საქართველოს გოგო-ბიჭი ჟურნალისტები, ცხადია. მას, ასაკიდან გამომდინარე, მეტი მოეთხოვება, მაგრამ „ბუნებამ ვერ უშველა“ და ისიც ისეთივე „ლაითია“, როგორც მჩატე ჟურნალისტები. ნაცვლად იმისა, რომ ასაკოვანი საყვარელიძე მიუკერძოებლად ჭკუას არიგებდეს საზოგადოებას და რუსეთთან შერიგებისკენ მოუწოდებდეს, პირიქით ნეგატივით მუხტავს და დაპირისპირებისკენ კრავს ხელს, თან ვისთან – ბირთვულ ქვეყანასთან, სადაც ლამის საქართველოდან ლუკმაპურის მაძიებელი მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, მუშაობს და თავისი ნაშრომით კვებავს შინ დარჩენილ ნათესავებს ანუ საქართველოს მოსახლეობას.

ვურჩევდი საყვარელიძეს ცალი თვალით მაინც შეევლო სტატისტიკისთვის, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები. ჩამონათვალში პირველი რუსეთია და თანაც დიდი წინსწრებით იტალიაზე, აშშ-ე, საბერძნეთსა ან სხვა ქვეყნებზე. თუ რუსეთთან არ გვინდა ურთიერთობა, იქიდან გამოგზავნილი ფული რატომ გვინდა?

ჩემს დარგს შევეხები – წელს რუსეთში საექსპორტოდ 33 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში გაცილებით ნაკლები. მაგალითად, უკრაინაში, რომელიც მე-2 ადგილზეა – 9 მილიონი ბოთლი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ი, მართალია გაიზარდა ექსპორტი, მაგრამ ათასებს ვერ გასცდა. იქნებ შეგვეწყვიტა რუსეთისთვის ღვინის გაგზავნა?

საყვარელიძის აზრით, ღვინის ექსპორტს მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს შეღავათი და სიამოვნება, საქართველოსთვის კი არაფერი.

და კიდევ ერთი რამ – აჩემებული სიტყვა „ოკუპანტი“. თუ ვინმე ჩანს, მრჩევლების სახით, ჩვენს ხელისუფლებაში ამერიკელ-ევროპელია. რუსის ჭაჭანება არსადაა. სად არის ეს ოკუპანტი რუსეთი? რატომ არ გვეჩვენება?

ააა, იქ არიან ანუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? მერე ვისი ბრალია, რომ იქ არიან?

უპირველესად სააკაშვილის და საყვარელიძის. ამ ყოფილ ავტონომიებს, ამჟამად დამოუკიდებელ ქვეყნებს, ოფიციალურად ადგილობრივები მართავენ, რომელთაც რუსეთთან დადებული აქვთ თავდაცვის ხელშეკრულება.

„ოკუპაციას“ სხვა განმარტება აქვს, რაც პოლიტოლოგს უნდა ესმოდეს, თუმცა ის ხომ პოლიტოლოგი არ არის, ფსიქოლოგია. საბჭოთა პერიოდსაც ოკუპაციად მოიხსენიებენ საყვარელიძის მსგავსი ექსპერტები. სწორედ იმ „ოკუპაციამ“ მოუტანა საქართველოს არნახული სამრეწველო და სამეცნიერო განვითარება; ქვეყანა ნამდვილ ქვეყნად აქცია და არა ისეთ ბუტაფორიად, როგორიც დღეს არის. დღევანდელი „გაფარჩაკებული“ და მარიხუანით დაბოლილი საქართველოს შემხედვარეს უდავოდ მენატრება „ოკუპაციის“ წლები.

სხვა ბევრის გახსენებაც შეიძლება, მაგრამ გაზეთი ვერ დაიტევს.

თბილისში ჩატარებული მედია-ფორუმი მნიშვნელოვანი ხიდია რუსეთთან დაახლოების, რომლის გარეშე არც ტერიტორიული გამთლიანება მოხდება და არც ეკონომიკური გაჯანსაღება. ეს უნდა შევიგნოთ ყველამ, მითუმეტეს იმათ, ვისაც ჭკუა მეტად მოეთხოვებათ.ომარ მარგველაშვილი