ე.წ. პატრიოტების გასაგონად

ბატონ გურამ გოგიაშვილს

დიპლომატიის „მამებად“ წოდებულთა ერთ-ერთი საყურადღებო მოწოდება იყო და არის ასეთი – მოლაპარაკების დროს შეთანხმების მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ერთი იზიარებს მეორის პოზიციას, ანუ უფრო ზუსტად, ოპონენტის ადგილას წარმოიდგენს თავს. მოლაპარაკება თავიდანვე უშედეგობისთვის არის განწირული, თუ ის ულტიმატუმებით და ერთმანეთის აუგად მოხსენიებით იწყება.

ეს მარტივი, მაგრამ უდავოდ გასაზიარებელი ჭეშმარიტება რახანია მიუღებელია ქართული მხარისთვის, მაშინ, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას, განსაკუთრებით მოლაპარაკების გამართვას ეხება. ქართული მხარე, გამსახურდიას ხელისუფლებიდან დაწყებული, ყოველთვის შორს იყო საკუთარი თავის რუსეთის ადგილას წარმოსადგენად, ხოლო რაც შეეხება ულტიმატუმებს – უხვად იყო და არის.

დამოუკიდებლობის „მოპოვებიდან“ თითქმის 30 წლის განმავლობაში ისე ვიქცევით, თითქოს საქართველო, რუსეთი ან აშშ-ი იყო, ისინი კი – პატარა, სუსტი ქვეყნები ანუ საქართველო.

პოლიტიკაში, განსაკუთრებით დიპლომატიურ სამზარეულოში ჩახედულთათვის საქართველოს პოზიცია გასაკვირი არ არის და მას საერთაშორისო სარბიელზე თამაშის წესების არცოდნას მიაწერს, რაც უდავო ჭეშმარიტებაა. მაგრამ ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ამ არცთუ მცირე დროის განმავლობაში ჩვენი მხრიდან პროგრესი, სწავლის თვალსაზრისით, არ შეინიშნება.

ჩვენ, ისეთივე სალ კლდესავით ვართ, როგორებიც ვიყავით გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. ისეთივე ენთუზიაზმით ვლანძღავთ რუსეთს, როგორც მაშინ; ისეთივე შეურაცხმყოფელ სიტყვებს ვიყენებთ მის „შესამკობად“, როგორც მაშინ. ისეთივე ულტიმატუმებს მივმართავთ, როგორც სოხუმის დაცემის დროს და ერთი წუთითაც არ ვფიქრობთ, რომ ამ სიბრიყვეს, ვაიპატრიოტობას მოაქვს ის, რასაც ცხინვალი ჰქვია.

ამას წინათ, ერთი ასეთი „პატრიოტი“, ლამის წივილ-კივილით, უმტკიცებდა ტელემაყურებელს, რომ მხოლოდ „მტკიცე“ პოზიციის გამოვლინებით შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და  რუსეთის „დაჩმორებას“, ცხადია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. „ჩვენ დასაკარგი უკვე დავკარგეთ, ახლა შეტევაზე უნდა გადავიდეთ დაკარგულის დასაბრუნებლადო“, – ჩაგვძახოდა „პატრიოტი“.

დასაკარგზე ნუ ვიტყვით, ვინაიდან საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, იმდენი გვაქვს, გაფიქრებაც არასასიამოვნო ჟრუანტელს იწვევს. ჩამოვთვალო?

აჭარიდან დავიწყოთ, სადაც მეზობელი და ზოგ-ზოგიებისთვის „მეგობარი“ თურქეთი ისე დაიარება ამ ძირ-ძველ ქართულ მიწაზე, როგორც ბატონ-პატრონი. ახლა სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებული ქართული რეგიონები გავიხსენოთ, სადაც პატარა „ნაციონალური“ ნაპერწკალიც იკმარებს, დაახლოებით ისეთი, გამსახურდიას მმართველობის დასაწყისში რომ იყო და დასაკარგიც გამოჩნდება. თუ ვინ იქნება ბუნტის იატაკქვეშა ინსპირატორი, თვითონ გამოიცანით.

ვინ დაგვიდგება გვერდში? – ის აბსტრაქტული „საერთაშორისო საზოგადოება“, რომელიც ვერადავერ გვიწვდის ნამდვილი დახმარების ხელს?! ნეტავ, როგორ წარმოუდგენიათ ფსევდოპატრიოტებს, საქართველოში მცხოვრები მეზობელი ერების შვილების მიერ აგორებულ დავიდარაბაში „საერთაშორისო საზოგადოების“, ე.წ. პარტნიორი ქვეყნების ჩართვა?

იარაღს შეისხამენ და აქ ჩამოვლენ საბრძოლველად?! – 2008 წლის მწარე გამოცდილებამ ხომ გვაჩვენა, რისი გამკეთებლებიც არიან?

დიახ! გვაჩვენა, მაგრამ ამ „პატრიოტთაგან“ არავის უნდა სინამდვილის დანახვა. ერთ-ერთი „პატრიოტთაგანი“ გახლავთ ქალბატონი გიგაური, რომელიც ისე გაღიზიანებული ლაპარაკობს რუსეთის ხელისუფლებისადმი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიმართვაზე, თითქოს კვირიკაშვილს, გიგაურის, მილიონი დოლარი მართებდეს.

არ მითხრათ, გიგაური სამშობლოს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე თუნდაც ათ დოლარს. მისთვის და მისნაირი „პატრიოტებისთვის“ საქართველო მეწველი ძროხაა. საქართველოს „საკეთილდღეოდ“ უყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციებს მსუყე თანხებს დასავლელები. მიზანი – შიშველი, ანტირუსული პროპაგანდა – საქართველოს „საკეთილდღეოდ“.

ერთი ასეთი, ახლახანს მოვისმინეთ, როდესაც ეკა გიგაურმა უსირცხვილოდ, შეუპოვრად განაცხადა – რა გვაქვს რუსეთთან საბოდიშო; ომი ჩვენ დავიწყეთ თუ ხალხი დავუხოცეთ; ტერიტორიები წავართვით თუ სხვა მხრივ შევავიწროვეთო.

დაახლოებით ამის მსგავსი იყო ეთერში გადმოღვრილი გიგაურის „პატრიოტიზმი“. რამდენი ასეთი გიგაური გვიბურღავს ტვინს ყოველდღიურად? რამდენი ასეთი გვარწმუნებს, რომ ქართველები ყველაფერში მართლები ვართ რუსებთან და რახან ასეა, ჯიქურ უნდა მივეჭრათ და „საერთაშორისო საზოგადოებასთან“ ერთად ვაიძულოთ დათმობაზე წამოსვლა, ყოველგვარი მოლაპარაკების, აზრთა გაზიარების, შეჯერების გარეშე.

ჰქვია თუ არა ამას ულტიმატუმი? ვგონებ, კითხვა უადგილოა. თვალი გადავავლოთ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობის განხრით, რომელიც ქართული ულტიმატუმების ფრიალის ნათელი მაგალითია. მიკვირს, ამის შემყურე ბირთვული სუპერსახელმწიფო როგორ იტანს ამდენ შეურაცხყოფას, გინებას, ბილწსიტყვაობას პატარა, უსუსური ქვეყნის მხრიდან. როგორც ჩანს თავს არ გვიყადრებს და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, სააკაშვილს რომ არ გადაემლაშებინა, რუსეთის მშვიდობისმყოფელები არ ჩაეხოცა და მძინარე ცხინვალი ცეცხლის ალში არ გაეხვია.

აი, გორს რომ დასხმოდა თავს რუსეთი ანუ პირველებს რომ გაეხსნა ცეცხლი გორის მიმართულებით, მაშინ ჩათვლიდა ევროკავშირის სპეცკომისია რუსეთს აგრესორად. კომისიამ საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რაც კარგად იცის გიგაურმა და სხვა „პატრიოტებმა“, მაგრამ მსმენელს აბრიყვებენ. და აბრიყვებენ იმიტომ, რომ ფულს იღებენ გაბრიყვებაში. არის ამ პროცესში „პატრიოტიზმი“?

არამცდაარამც. აქ, ფულის მოხვეჭის „პატრიოტიზმია“ და კიდევ იმის მცდელობა, რომ საქართველო დიდხანს იყოს რუსეთთან დაპირისპირებაში, ვინაიდან დაპირისპირების ხელშემწყობ დასავლეთს აწყობს ასეთი ვითარება და რახან აწყობს, ფულსაც გადაუხდის ამ „კეთილშობილურ“ საქმეში გიგაურსა და მის მსგავს „პატრიოტებს“.

მაინც რამდენი არიან! ყველა ტელეკომპანიის ეკრანი აქვთ დაპყრობილი. მათთვის საქართველო ფულის მოხვეჭის არენაა და არა სამშობლო, რომელიც ამგვარი პოლიტიკით სულ უფრო იძირება ჭაობში, საიდანაც ამოსვლა შეუძლებელი იქნება.

სამწუხაროდ, ულტიმატუმები ხელისუფლების მხრიდანაც ისმოდა და ისმის. დაახლოებით ასეთი – „არის წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ. ანუ ვიქნებით იმ დონეზე, რაც გვაქვს – ბორჯომის, მწვანილის, ღვინის დონეზე. არის კიდევ სხვა წვრილმანიც, მაგრამ არ არის მთავარი – პოლიტიკური დიალოგი. არადა, რომ ყოფილიყო, უდავოდ წაადგებოდა ეკონომიკურად გაძვალტყავებულ ქვეყანას. უბრალო ჭეშმარიტებაა, კონსტრუქციული პოლიტიკურ-დიპლომატიური დიალოგი გზას უხსნის შეთანხმებას, შეთანხმება კი – მეტ ინვესტიციას და ა.შ.

ჩვენი მხარე დაჟინებით ამბობს, რომ რუსეთთან მოსალაპარაკებლად მაგიდას არ მიუჯდება, თუ წინასწარ არ იტყვის რუსეთი, რომ უკან წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას; არ გაიყვანს სამხედრო ბაზებს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან; არ გააუქმებს იქ გახსნილ რუსეთის საელჩოებს და სხვა.

გახსოვთ ალბათ, „კდემამოსილი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ფანჯიკიძის ოფიციალური განცხადებები, თუმცა არც სხვები აკლებდნენ და აკლებენ ხელს. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას, თუ არა ულტიმატუმი? თანაც როგორი?!

ამის მთქმელს მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს – რუსეთთან ურთიერთობების სამარადისო გაყინვა. ნუთუ, ვინმეს ჰგონია, რომ ამ პოლიტიკით რუსეთს დაითანხმებს? ძალიან ტუტუცი უნდა იყოს, რომ ეს ეგონოს. რუსეთმა მოისმინა ქართული წინადადებები და გააგრძელა თავისი საქმე, ისე, რომ წარბიც არ შეუხრა. ჩვენც ასევე – დავივიწყეთ რა მარტივი ჭეშმარიტება – დროის გაყვანა ჩვენთვის მომაკვდინებელია. ტერიტორიები ჩვენ გვაქვს დაკარგული და არა მას. იმ ტერიტორიებზე მცხოვრებნი ეგუებიან (შეეგუენ) უჩვენოდ ცხოვრებას და რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო დავავიწყდებით. თუ რამე გაახსენდებათ – ჩვენი აგრეია იქნება.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ახალი თაობა საქართველოს სიძულვილში იზრდება. ამას კი ადგილი არ ექნებოდა, რომ დროულად გამოვფხიზლებულიყავით, არ ავყოლოდით დასავლელი „პარტნიორების“, ხალხის მტერი „ნაცმოძრაობის“ მოწოდებებს და დიალოგი დაგვეწყო მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან – ყოველგარი ულტიმატუმების გარეშე, ვინაიდან საულტიმატუმოც ნაკლები გვაქვს.

„ოცნებას“, რომ 2012 წელს გაჟღერებული დაპირება – რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაეწყო, 5 წლის განმავლობაში რაღაცას მივაღწევდით. არ დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ ანგარიში გაუწია დასავლელ „პარტნიორებს“, შინაურ ოპოზიციას. და როდესაც დაინახა, რომ რუსეთის გარეშე, მარტო „საერთაშორისო საზოგადოების“ მხარდაჭერით, გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარიც ვერ დაიბრუნა, ისევ კრემლს მიმართა.

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის წერილი რუსეთის ხელისუფლებისადმი, უდავოდ მნიშვნელოვანი რამ არის და შესაბამის რეაქციასაც გამოიწვევს. იყო კიდევაც – მოზომილი და მომავლისადმი იმედით გამსჭვალული.

ის, ვინც კითხვა იცის და „ინტრიგანი“ არ არის, უმალ ამოიკითხავს კვირიკაშვილისა და რუსული მხარის მიწერ-მოწერაში დადებითს, მნიშვნელოვანს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხომ გიგაურებით არის სავსე – ვითომ პატრიოტებით, სინამდვილეში ქვეყნისთვის ავის მსურველებით, რომლებიც კვირიკაშვილსაც უწუნებენ წერილში ჩადებულ აზრებს და რუსეთსაც. პირველი თურმე ცდება, რუსეთს უჩოქებს, ხოლო მეორე – ამაყად, ზემოდან დაგვცქერის და სასიკეთოს არაფერს გვპირდება.

კვირიკაშვილი სხვა ქვეყნის, უფრო დალაგებულის და მოაზროვნე საზოგადოებისგან შემდგარის პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, მისი მიმართვა არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ კვირიკაშვილი გონებაარეული საქართველოს პრემიერია და მისი ნაბიჯიც სარისკოა, თუმცა უკეთესობისკენ მიმართული.

ნათქვამია – „ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამსო“. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მის წერილს სხვაც მოჰყვება, იმ სხვას კი კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა და ბოლოს – შეხვედრა, რისი სურვილიც რახანია გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. მაშინ ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ საკითხს დასავლელ პარტნიორებთან შეათანხმებდა.

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ და ბოლოს პასუხმაც თავი იჩინა. როგორც ჩანს, შეთანხმება შედგა, რაც თვალნათლივ აისახა ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის განცხადებაშიც: „ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის ფაქტი, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთთან დიალოგში ჩართვა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“.

ე.წ. პატრიოტებო, დამშვიდდით და დაელოდეთ მოვლენებს. კვირიკაშვილს, ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირიქით, მისი წერილი 1990 წლიდან ჩარაზული სახელმწიფო კარის გახსნის მაუწყებელია, რაც შექებას იმსახურებს და არა ლანძღვას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი