ზოგი რამ გასულ წელთან დაკავშირებით

რომ იტყვიან – რის ვაივაგლახით ჩაამთავრა საქართველომ 2017 წელი. მაინც რით იყო აღსანიშნავი უკვე ისტორიად ქცეული წელი ქვეყნისთვის, თითოეული მისი მოქალაქისთვის?

ქუჩაში, ვიწრო წრეში, მეზობლებსა და მეგობრებში გამოთქმული უკმაყოფილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში გასულმა წელმა არ გაუმართლა ქვეყანაში მცხოვრებთა უდიდეს უმრავლესობას, მაგრამ გაუმართლა და თანაც ძალიან, ხელისუფლებაში, საბანკო სისტემაში, ბიზნესში, ელიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ მოხელეებს, ცხადია ფორმალურად საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან ისინი აქ კი ცხოვრობენ, მაგრამ იმათ საქმეს აკეთებენ, იმათ ეტრფიან, ვისაც კოლექტიური დასავლეთი ჰქვია.

რა მოუტანა ქვეყანას 2017 წელმა?

ეს კითხვა კარგა ხნის განმავლობაში ტრიალებდა მედიაში, ბევრიც ცდილობდა პასუხი გაეცა, მაგრამ, ტვინის დაძაბვის მიუხედავად, ვიზალიბერალიზაციის მეტი ვერაფერი გაიხსენა. ვიზალიბერალიზაცია, თანაც ვისთან – ევროკავშირთან – ნახევარმილიარდიან სივრცესთან, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას გვპირდება. დღესაც ყურში ჩამესმის ევროკავშირის ყოფილი შეფის ბაროზუს ნათქვამი, უფრო სწორად მოწოდება – მხოლოდ ჩვენთან და არა სხვასთან (სხვა რუსეთია), გაგიჩენთ შანსს თქვენი საქონლით ივაჭროთ 500-მილიონიან ბაზარზე.

მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ბაროზუმ თავისი „ბოსობის“ ვადა ამოწურა და ევროკავშირს დაემშვიდობა, მაგრამ მისმა კატეგორიულმა ნათქვამმა – „ან ჩვენ, ან რუსეთი“ – ტრაგიკულად იმოქმედა უკრაინაზე, სადაც დღესაც გრძელდება სამოქალაქო დაპირისპირება, იღუპებიან ადამიანები, ჩანაგდება ქვეყანა – ერთ დროს მდიდარი და მძლავრი. ნულს გაუტოლდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, … .

გაუარესდა დემოგრაფიული მდგომარეობა. გასული წლის მონაცემებით უკრაინის მოსახლეობა 166,3 ათასი ადამიანით შემცირდა, რაც 18%-ით აჭარბებს 2016 წლის მონაცემებს. სახელმწიფოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 42,4 მილიონი ადამიანია, რასაც არ ეთანხმებიან არასამთავრობო სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინაში დიდი-დიდი 30-35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

იმავე სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 1994 წლიდან დაწყებული, უკრაინის მოსახლეობა კლებულობს. მაშინ, იქ 52 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. დამოუკიდებლობის წლებში უკრაინელთა უდიდესი უმრავლესობა საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. საკმაო რაოდენობა (როგორც ამბობენ მილიონზე მეტი) პოლონეთს გაიხიზნა. უკრაინელებმა სხვა ქვეყნებიც აითვისეს – ცხადია არალეგალურ საცხოვრებელ ადგილად.

განსაკუთრებული ტემპით მიმდინარეობს ქვეყნის დატოვება ევროკავშირთან ვიზალიბერალიცაზიის შედეგად. უკრაინას, ისე, როგორც „ძმადნაფიც“ საქართველოს, ანალოგიური პრობლემები აქვს, რაც არა მარტო ვიზალიბერალიზაციის „სიკეთეებით“ არის გამოწვეული, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობით და აქედან გამომდინარე სოციალური პირობების გაუარესებით.

მიზეზი ცუდი ცხოვრებისა გამოიხატება მარტივ გათვლაში ანუ კარგი ცხოვრების მოპოვებისთვის დასავლეთთან ჩახუტებაში. კარგი და იოლად მოსაპოვებელი ცხოვრება სათაგურშიაც რომ არ არის (იქაც ყველის დადება არის საჭირო თაგვის შესატყუებლად), დღემდე  ვერაფრით დარწმუნდნენ ქართველ-უკრაინელი ხელისუფლებები. ორივეს სჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ ევროკავშირის დანაპირები კარგი ცხოვრება დაიწყება, მანამდე კი ქამრების შემოჭერაა საჭირო.

ეს პროცედურა ხელისუფალთ არ ეხება, რაც არაერთხელ დამტკიცდა მათი ხელფასებიდან, დანამატებიდან, პრემიებიდან, სხვა სიკეთეებიდან გამომდინარე. ის, ვისზეც ვრცელდება ქამრის შემოჭერა, სულს ღაფავს და გამოსავალს ქვეყნიდან წასვლაში ხედავს. ასეთ შემთხვევაში განა დასაფასებელი არ არის ხელისუფალთა თავმოწონება ვიზალიბერალიზაციის დაწესებასთან დაკავშირებით?

გასულ წელს მოპოვებული „წარმატებებიდან“ ხელისუფლება პირველ რიგში ვიზალიბერალიზაციას ასახელებს. როდესაც სხვა არაფერი გაქვს სატრაბახო – ვიზალიბერალიზაციაც ჩაითვლება მიღწევად. არადა, სინამდვილეში ვერავითარი წარმატებული ხელისუფლება ვერ შეაღებდა ევროპის კარს, თვით მასპინძელს რომ არ ნდომოდა.

რამ გაუჩინა ევროკავშირს ეს სურვილი?

არამცდაარამც, საქართველოს საუკუნოვანმა კულტურამ, ღმერთის „წილხვედრობამ“, ქართველთა „ნიჭიერებამ“ და ა.შ. უბრალო, მარტივმა სურვილმა – რუსეთის გავლენის მოსპობისა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. იყო სურვილი ბელორუსში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ სამივემ შორს დაიჭირა და ევროკავშირის დაგებულ მახეში თავი არ შეჰყო, თუმცა სომხეთმა, თავის სასარგებლოდ მიაღწია ბრიუსელთან შეთანხმებას ისე, რომ ევრაზიულ კავშირშიც დარჩა, სხვა ორგანიზაციებშიც,  რომლებიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში მოქმედებენ და რომელთაგან საქართველოს თავი შორს უჭირავს.

კიდევ ერთხელ განვმარტავ – ვიზალიბერალიზაცია არის ევროკავშირის ზღურბლთან დაბმა, ევროკავშირში შესვლაზე ფიქრი და იმედი გაწევრებისა, რომელიც არასდროს ასრულდება. და რომ არ, ამის თაობაზე არაერთხელ ითქვა ზედმიწევნით გარკვევით ბრიუსელელი ბობოლების მხრიდან – ვიზალიბერალიზაცია და ასოცირებული წევრობა არ იძლევა ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობას.

ჩვენ მიგვაბეს ევროკავშირის კართან, რითაც აგვიკრძალეს ევრაზიული კავშირისკენ გახედვაც კი. სომხეთი, რომელმაც ბრიუსელის წინადადებას – „ან ჩვენთან, ან რუსეთთან“, ევრაზიულ კავშირში შესვლით უპასუხა, მოგებული დარჩა, ვინაიდან 2017 წელს დაახლოებით ისეთივე ხელშეკრულება გააფორმა ბრიუსელთან, როგორც ჩვენ და უკრაინამ. არის თუ არა ეს სომხეთის დამსახურება?

ნაწილობრივ, ვინაიდან მან თავის დროზე ევროკავშირს, ევრაზიული კავშირი ამჯობინა, რითაც მოდრიკა ბრიუსელი და დათმობაზე წაიყვანა. ბრიუსელს, რომელსაც სომხეთის, რუსეთისგან ჩამოშორება დიდ მიზნად აქვს დასახული, აღარ უყურებს სომხეთის ევრაზიულ კავშირში წევრობას და მზადაა თვალი დახუჭოს, ამასთანავე ყველაფერი იღონოს სომხეთში საკუთარი გავლენის გასაფართოებლად.

არის თუ არა ევროკავშირი საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან ვიზალიბერალიზაციით კმაყოფილი?

ამ კითხვას პასუხობს ევროკომისიის ანგარიში, სადაც გარკვევით წერია ქართულ კრიმინალურ ჯგუფებზე, რომლებიც მოქმედებენ ევროკავშირში. „ქართული ჯგუფები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, … საქართველოს იყენებენ ნაძარცვის გასაღებაში“. ანგარიშის მიხედვით, ქართული კრიმინალური ჯგუფები ემუქრება ევროკავშირს, ვინაიდან იზრდება მათი კონტროლი კრიმინალურ ბაზარზე, ისინი სხვა კრიმინალურ ჯგუფებთან თანამშრომლობენ და ა.შ.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით გასული წლის 9 თვეში ევროკავშირიდან იძულებით დააბრუნეს 1545 კაცი. 2016 წელს – 1600-ი. ყველაზე მეტი დეპორტირებული იყო გერმანიიდან 2993, საბერძნეთიდან – 938, საფრანგეთიდან – 881, …

შენგენის ზონაში შესვლის უფლება არ მისცეს საქართველოს 494 მოქალაქეს. დიდია რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც არ დაბრუნდნენ საქართველოში, დაწესებული 90 დღის განმავლობაში. ევროკავშირის მონაცემებით მათი რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

ასე რომ, ყბადაღებული ვიზალიბერალიზაცია არცთუ უმტკივნეულო აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს ამასაც აიტანს, ვინაიდან ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნების გადაბირების საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ათასობით კრიმინალი.

გასული წელი ლიბერასტული ძალების მოძლიერების წელიც იყო. მათ არა მარტო პარლამენტში განიმტკიცეს პოზიციები, არამედ ადგილობრივი არჩევნების შედეგად ქალაქებსა და სოფლებში. ისინი მედგრად ებრძვიან ხელისუფლებას ყოველივე იმაში, რაც ნორმალური საზოგადოებისთვის მიუღებელია.

დამისახელეთ ევროკავშირის თუნდაც ერთი წევრი ქვეყანა, სადაც დამნაშავეს თავზე ხელს უსვამდნენ და პასუხს არ აგებინებდნენ. პოლიციის მიერ ქვეყნისთვის უცნობი, ლიბერასტებისთვის ნაცნობი „პოეტის“ გამოწვევაზე პასუხი (ფიზიკური ზეწოლა) ტრაგედიად შეფასდა და ლამის ახალი წლის დადგომამდე გაგრძელდა მასზე ლიბერასტული ყაყანი „სანაქებო“ ელექტრონულ მედიაში.

არადა, დამნაშავე პოეტი, რომ უშვერი სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა პოლიციას, არ ემორჩილებოდა მას, ეს არაფერი. „პოეტი“ სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა, რამაც კიდევ უფრო გაახელა ლიბერასტული „არმია“ და იყო ერთი ალიაქოთი მედიაში.

ყოველივე ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, შორს, ძალიან შორს არის სახელმწიფოებრიობისგან; რომ ხელისუფლებას დიდი რევერანსის გაკეთება უხდება ლიბერასტების წინაშე, რაც თავისთავად აძლიერებს ამ უკანასკნელთა გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე. თუმცა არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან ლიბერასტების სამჭედლო, არასამთავრობო სექტორი ხომ ხელისუფლებას „განსწავლულ-ლიბერასტული“ კადრებით ამარაგებს?!

გასულ წელს ისე, როგორც წინა წლებში, მეზობელი რუსეთის ლანძღვა-გინება  პრიორიტეტული იყო. აქაც თავს იჩენდა ლიბერასტული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, „სანაქებო“ პოლოტოლოგია და მედია. „რუსეთი ყველა მხრივ ეცდება, საქართველოსთვის დისკომფორტის მომტანი იყოს. ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველომ რაღაცა არ ჰქნა, მართლაც ღიმილის მომგვრელია“, – აცხადებს პოლიტოლოგი საყვარელიძე და წინასწარვე განაწყობს საზოგადოებას რუსეთთან მუდმივ წაგებულ პოზიციაში.

პოლიტოლოგის აზრით საქართველომ რაც არ უნდა ელაპარაკოს რუსეთს, არაფერი გამოვა, ვინაიდან რუსეთი საქართველოს არაფრად აგდებს. აი, სხვა ქვეყნების ხათრით (ალბათ ზეწოლით) კი მას შეუძლია რაღაც დათმობაზე წავიდეს.

პოლიტოლოგის მოსაზრება წყლის წვეთივით ემსგავსება იმ ოპოზიციური ძალების მოსაზრებას, რომლებიც დაბეჯითებით აცხადებენ, რომ რუსეთთან საქართველოს მოლაპარაკება ყოველთვის რუსეთის გამარჯვებით დასრულდება. აი, სხვაა, თუ საქართველო ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად მოელაპარაკება რუსეთს.

აკი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ?! და თუ ეს მართლაც ასეა, რაღა საჭიროა მესამე მხარის ჩართვა მოლაპარაკებებში? –  იმიტომ ხომ არა, რომ ის ე.წ. მესამე მხარე იყოს მთავარი მომლაპარაკებელი და ჩვენ მოლაპარაკებაზე უბრალო დამსწრე?! განა მოლაპარაკების ასეთ ფორმატს დათანხმდება რუსეთი?

ქართველ პოლიტიკოს-პოლიტოლოგთა მიხედვით, საქართველოს სხვისი ხელით სურს აგიზგიზებული კოცონიდან შემწვარი წაბლის გამოღება. იმ სხვას, ბუნებრივად უჩნდება კითხვა – რატომ უნდა გამოუტანოს ცეცხლიდან შემწვარი წაბლი საქართველოს? განა ის დახმარება საკმარისი არ არის, რასაც დასავლეთი უწევს საქართველოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დასავლეთს სულაც არ აწყობს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა?

ამ გაუგებრობაში გაილია გასული წელი, ისე, როგორც 2016, სხვა წლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ოცნება“ არ ასრულებს დაპირებას რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად. იმ უამრავი დაპირებიდან, „ოცნება“ რომ ხალხს 2012 წელს შეპირდა, რუსეთთან ურთიერთობა უდავოდ მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე მან რაღაც ნაბიჯებიც კი გადადგა, მაგრამ უმნიშვნელო, ბევრის არაფრის მომცემი. არადა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, მძიმე სოციალური პირობები, გაჩანაგებული მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, მიწასთან გასწორებული სხვა დარგები, შველას ითხოვენ. არის დასავლეთი მაშველის ფუნქციის შემსრულებელი?

განვლილი 25 წლის განმავლობაში ამას ადგილი არ ჰქონია. რასაც ჰქონდა – ფულადი დახმარება იყო ანუ თევზის მოცემა. არადა საჭიროა არა ერთჯერადი საკვები, თევზის სახით, არამედ თევზის საჭერი ანკესი. მხოლოდ ანკესის მოცემით შეიძლება მრეწველობის აღორძინება, საკუთარ ძალებში დარწმუნება, საკუთარი შრომით საკვების მოპოვება. სურს კი ასეთი საქართველო დასავლეთს?

ეჭვი მეპარება, რომ სურდეს. ან რატომ უნდა სურდეს? საკუთარ შრომაზე დაფუძნებული ქვეყანა ლუკმაპურის მათხოვარი არ იქნება. დასავლეთს კი, მასზე დამოკიდებული მათხოვარი სჭირდება. ასეთთან ლაპარაკი იოლია. ასეთი არ გაჯინიანდება, ლუკმაპურის მოლოდინში ყველა დათმობაზე წავა.

დიახ! მათხოვარი საქართველო აწყობს დასავლეთს, მაგრამ ქართულ პოლიტიკას? სამწუხაროდ მასაც  ის აწყობს, რაც დასავლეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან კარგა ხანია გამართული ექნებოდა მოლაპარაკება.

გასული წლის ბოლოს მოსკოვში მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი.

შეგახსენებთ – დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ისეთი დაპირისპირებაა – მტრისას. დღე ისე არ ჩაივლის, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, მინისტრებითა და მედიით დამთავრებული, აუგად არ იხსენებდნენ რუსეთს. „რუსეთი მაშინ გახდება ჩვენთვის პარტნიორი, თუ ის ისწავლის ჩვენი წესებით თამაშს. თუ არადა, მუდამ წააწყდება ჩვენს სიმტკიცეს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.

რას ნიშნავს ყოველივე ეს? მარტივ რამეს ანუ დასავლური პოლიტიკის გაზიარებას ყველგან და ყველაფერში, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვას, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. დასავლეთს სურს საქართველოსავით დაჩაჩანაკებული რუსეთის ხილვა, როგორიც ელცინის დროს იყო და არა ისეთის, როგორიც დღეს არის.

პუტინის რუსეთი დასავლეთისთვის მიუღებელია, ისე, როგორც ჩინეთის, ირანის, თუნდაც ჩრდილოეთ კორეის. ყველა მათგანი ნამდვილი სუვერენული სახელმწიფოებია, დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკით. ასეთებთან უჭირს დასავლეთს მეტოქეობა და ამიტომაც მოითხოვს მათგან ფერისცვალებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აუგორებს შიდასახელმწიფოებრივ უკმაყოფილებას, გამოწვეულს ეკონომიკური სანქციებით, იზოლაციით და ა.შ.

ასეთს უკვე ჰქონდა ადგილი პოსტსაბჭოთა სივრცეში, არაბულ ქვეყნებში, სხვაგან. ასეთს აქვს ადგილი ირანში, სადაც მერამდენე დღეა გრძელდება ანტისახელისუფლებო მასობრივი გამოსვლები. არ არის გამორიცხული, რომ მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ანალოგიურ გამოსვლებს რუსეთშიც ჰქონდეს ადგილი. ცნობილი ფაქტია, რომ მსგავს გამოსვლებში აშშ-ი მილიონობით დოლარს ხარჯავს.

და მიუხედავად ამისა ოფიციალურმა ლონდონმა ლოდინს ისევ მოლაპარაკება ამჯობინა, თან ვითარების მოსინჯვა – იქნებ რუსეთმა აზრი შეიცვალა ჩრდილო კორეასთან, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან, უკრაინასთან, სხვა საკითხებთან მიმართებაში. და ამის გასარკვევად საგარეო საქმეთა მინისტრი აფრინეს მოსკოვს – ხუთი წლის პაუზის შემდეგ.

„მიზეზი, რომელმაც მაიძულა ჩამოვსულიყავი, არის ის, რომ აზრი არ აქვს იჯდე სკამის კიდეზე და წუწუნებდე ერთმანეთის მიმართ. ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი – აუცილებელია ველაპარაკოთ ერთმანეთს. ჩვენ გვერდი არ უნდა ავუაროთ სირთულეებს და უნდა ვიფიქროთ – რა შეგვიძლია გავაკეთოთ მომავლისთვის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მართალია. ყველა იმ საკითხში, რაც მას აინტერესებდა, დაინახა მოსკოვის შეუვალი პოზიცია, თუმცა ამას გაკვირვება არ გამოუწვევია მასში.

ჯონსონის მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია. დიახ! სკამზე ჯდომას და ანტირუსული ლოზუნგების სროლას, მოლაპარაკების გამართვა რომ სჯობს, ცხადზე უცხადესია. მაშ რა უშლის ხელს „საოცნებო“ ხელისუფლებას შეასრულოს 2012 წლის საარჩევნო დანაპირები? თუ არ ჩავთვლით ხელისუფლების პოლიტიკურ გონებაშეზღუდულობას – არც არაფერი!

ჰო, მართლა, ზოგმა შეიძლება შემახსენოს – აშშ-ი და ე.წ. დასავლური თანამეგობრობაო, მაგრამ როდესაც ქვეყნის არსებობა სასწორზეა შემოდებული და ურუსეთოდ ვერაფერს გააკეთებს, ხახადაღებულ სხვა მეზობლებთან მიმართებაში, „თანამეგობრობას“ გვერდი უნდა აუაროს და საკუთარი პრობლემები პირველ პლანზე გადმოიტანოს.

არ არის ე.წ. დასავლური „თანამეგობრობა“ იმ პრობლემების მომგვარებელი, როგორებიცაა მეზობლებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია; არც საქართველოზე თურქულ-აზერბაიჯანული პოლიტიკურ-ეკონომიკური მზარდი გავლენის შემჩერებელი; არც სამხრეთ საქართველოში სომხური მოსახლეობის გაუცხოებული სულისკვეთების გამგებ-გამზიარებელი და სხვა მრავალი.

ამ და სხვა საკითხებში ისეთი პარტნიორის, უფრო სწორად მფარველის გამოძებნაა საჭირო, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის აღნიშნული პრობლემები, ტერიტორიულადაც ახლოა რეგიონთან და აღმსარებლობითაც. მიმიხვდით ალბათ ვინ მყავს მხედველობაში – რუსეთი, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ნათესაობა გვაკავშირებს.

გასულ წელს იყო პოზიტიური ნაბიჯებიც – გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, რომელიც დაარეგულირებს სავაჭრო-სატრანსპორტო მიმოსვლას სომხეთ-საქართველო-რუსეთს შორის. ამ საქმეში შვეიცარული ფირმაა (SGS) ჩართული, რომელიც ტვირთების მონიტორინგს განახორციელებს. ლაპარაკია საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზეც; სამხრეთ ოსეთზე გამავალი საავტომობილო გზის გამოყენებაზეც, რაც უდავოდ წაადგება ყოფილ ავტონომიებთან თბილისის კავშირების აღდგენას.

საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, რაც კარგად უნდა იცოდეს ხელისუფლებამ. დასავლური „თანამეგობრობისა“ და ოპოზიციის ნეგატიური მოსაზრების მიუხედავად, ისე უნდა გააკეთოს, ქვეყანას რომ წაადგება.

რას მოგვიტანს 2018 წელი, არვინ იცის. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება წლის ბოლოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.