ამერიკის ნეგატიური პოლიტიკა

კიმ ინ რიონი ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენელია გაეროში. მან სულ ახლახანს გააკეთა განცხადება, რომ მსოფლიო, ბირთვული ომის დაწყების საფრთხის წინაშეა. დიპლომატის განცხადება სენსაციურად ჩაითვლებოდა, თუნდაც ერთი წლის წინათ, მაგრამ დღეს, ჩვეულებრივად ჟღერს. როგორც ჩანს, ჩვენი ყურები მიეჩვია კორეულ სენსაციას, უფრო ზუსტად ამერიკულს, ვინაიდან ჩრდილო კორეა არ არის ის ქვეყანა, რომელიც საკუთარი ყელის გამოსაჭრელად დანას გალესავს. დანის მლესველი მისი დაუძინებელი მტერი (ასე თვლის ფხენიანი) აშშ-ია.

ბირთვული იარაღის დიდი რაოდენობის მქონე აშშ-ი რახანია ემუქრება კომუნისტურ ჩრდილო კორეას განადგურებით. მუქარა განსაკუთრებული აქტიურობით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას გაისმა, პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მხრიდან. მას პოზიცია, პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც, არ შეუცვლია, პირიქით, ანტიკორეულ განცხადებებს ახალი, ხისტი სიტყვებით ამდიდრებს – ნაკლებად დიპლომატიურით და მოჭარბებულად დამამცირებლით ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიმართ.

ტრამპის თავშეუკავებელ, გამომწვევ განცხადებებს – ჩრდილო კორეის განადგურების თაობაზე, ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი არა მარტო ვერბალურად პასუხობს, არამედ საქმითაც, რაც ბირთვული იარაღის და შორმფრენი ბალისტიკური რაკეტების გამოცდაში გამოიხატება. არც ერთ მხარეს უკან დახევა არ სურს. ამერიკული მხარე მზადაა ბირთვული იარაღი გამოიყენოს თავისი მოკავშირე ქვეყნების სამხრეთ კორეის, იაპონიის დასაცავად.

ჩრდილო კორეა თავის მხრივ მზადაა თავი დაიცვას ამერიკა-სამხრეთ კორეის თავდასხმისგან და იმავდროულად გადავიდეს შეტევაზე სამხრეთის მიმართულებით და არა მარტო სამხრეთის, არამედ აშშ-ს მიმართულებით, უპირველესყოვლისა აშშ-ს სამხედრო ბაზა გუამის მიმართულებით.

სპეციალისტთა აზრით, აშშ-ს ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში განადგურდება ჩრდილო კორეის ის სამხედრო ლაბორატორიები, სადაც მზადდება ბირთვული იარაღი. მაგრამ მარტო ისინი?

როგორც ამერიკელები აცხადებენ, ჩრდილო კორეაზე წერტილოვანი თავდასხმა განხორციელდება, რაც გამორიცხავს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს. დავიჯეროთ?

სირია-ერაყის ომში აშშ-ს საჰაერო თავდასხმების მაგალითები გვიკარნახებს, რომ ე.წ. წერტილოვანმა დარტყმებმა რამდენი მშვიდობიანი მოსახლე გაისტუმრა იმქვეყნად. დავუშვათ, მართლაც მოხდა ჩრდილო კორეის ობიექტების წერტილოვანი განადგურება, რა ვუყოთ რადიაციას?

იაპონიაში ბირთვული ბომბების ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა რაოდენობას უტოლდება რადიაციის შედეგად მოწამლულთა რაოდენობა ანუ გახანგრძლივებული სიკვდილის პროცესი.

ჩრდილოეთ კორეა ჩაკეტილი სახელმწიფოა – საიდუმლოებით მოცული და არვინ იცის,  სად არის განლაგებული ბირთვული ლაბორატორიები. სავარაუდო სამიზნე ცუდი ორიენტირია, რასაც უდავოდ მოჰყვება საარტილერიო პასუხი სამხრეთ კორეის მიმართ. ჩრდილოეთის თავდასხმას დიდი მსხვერპლი მოჰყვება სამხრეთში, როგორც სამხრეთ კორეელების, ისე ამერიკელების. სამხრეთ კორეაში 26 ამერიკული სამხედრო ბაზაა. მარტო კორეის ნახევარკუნძულით შემოიფარგლება ბირთვული ომი?

არა! მისი ფარგლები გასცდება ნახევარკუნძულს და მეზობლებზეც გადავა, მეზობლები კი ბირთვულიარაღიანი ქვეყნები ჩინეთი და რუსეთია. ისინი ამერიკული ავანტიურის შედეგად უდავოდ იქნებიან ჩათრეული ბირთვულ ომში. მიაღწევს თუ არა ჩრდილო კორეული ბირთვული ბალისტიკური რაკეტები აშშ-მდე?

შეიძლება მიაღწიოს, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ჩინეთ-რუსეთის ჩათრევით, აშშ-ს დიდი განადგურება ემუქრება.

აი, ასეთი მძიმე ვითარება შექმნა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში. ბირთვული კუნთების თამაში რომ მარტო პოდიუმზე გამოსული ბოდიბილდერის ნარცისული თვითკმაყოფილების დემონსტრაცია იყოს, რა გვიჭირდა, მაგრამ ტრამპის მიერ ბირთვული კუნთების თამაში მძიმედ დაუჯდება კაცობრიობას.

ვაშინგტონ-ფხენიანის ძიძგილაობაში, პირდაპირი მნიშვნელობით, სამხრეთ კორეა და იაპონიაა ჩართული. სხვები გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთბენ ამერიკა-ჩრდილო კორეის მიმართ და მოუწოდებენ მხარეებს დიალოგის აღდგენისკენ, სწორედ იმის, რომელიც აშშ-ს წყალობით შეწყდა და ლამის გაკეთებული საქმე ისევ ძველ, გამყინვარების პერიოდს დაუბრუნდა.

„ექვსეულის“ მოლაპარაკების სახელით არის ცნობილი ის პოზიტიური დიალოგი, რომელიც პერმანენტულად იმართებოდა „ექვსეულსა“ და ფხენიანს შორის. ინიციატორი გახლდათ აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტი კლინტონი და სახელმწიფო მდივანი ოლბრაიტი, რომელიც ფხენიანსაც ეწვია. და ის-ის იყო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი უნდა შემდგარიყო, ახალმა პრეზიდენტმა ბუშმა (უმცროსმა) უეცრად, ხელშეკრულების პროექტის უგულებელყოფით, ახალი სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეას.

იმ დღიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ს თავდასხმით შეშინებული, ხვეწავს საკუთარ ბირთვულ არსენალს. მას დღეს წყალბადის ბომბიც აქვს. მთელი მსოფლიო მოუწოდებს ამერიკა-ჩრდილო კორეას შეცვალონ საომარი, მუქარის რიტორიკა და დაიწყონ დიპლომატიური მოლაპარაკება. მშვიდობიანი მოლაპარაკების ინიციატორი ვაშინგტონი უნდა იყოს, როგორც ძლიერი და წინა მოლაპარაკების ჩამშლელი. ის კი წინააღმდეგია, ისე, როგორც ფხენიანი.

მდგომარეობა ჩიხურია და ერთობ სახიფათოც, ვინაიდან არვინ იცის რას მოიმოქმედებს ტრამპი და მისი გაუწონასწორებელი გუნდი. ტრამპის მილიტარისტული განწყობა თითქოს ჩააცხრო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ანტიჩრდილოკორეულმა სანქციებმა, რომელსაც მხარი რუსეთმა და ჩინეთმაც დაუჭირეს.

ახალი სანქციებით ეკონომიკური თოკი ისე მოუჭირეს კიმ ჩენ ინის და ჩრდილო კორეის კისერს, ლამის დაახრჩონ, მაგრამ მკაცრ ეკონომიას დაჩვეული ჩრდილო კორეის ბირთვული ამბიციების შეჩერება იოლი არ იქნება.

მკაცრი სანქციების ინიციატორი აშშ-ი იყო. მან მოახერხა რუსეთისა და ჩინეთის დაყოლიება. არადა, ორივე ქვეყნის ექსპერტების აზრით, განსაკუთრებით რუსეთის, არ უნდა დათანხმებულიყვნენ, ვინაიდან ორივენი ამერიკული სანქციების წნეხის ქვეშ არიან.

სანქციების დაწესების მოწინააღმდეგე რუსი ექსპერტები თვლიან, რომ უშიშროების საბჭოზე რუსეთი სანქციების წინააღმდეგ უნდა წასულიყო, ვინაიდან ამერიკა სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც სიკეთეს ვერ ხედავს და ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთის ახალი სანქციებით დასჯა. ამერიკა ისაა, ვინც ძალას სცემს პატივს და არა სისუსტეს.

რუსი ექსპერტები კი პუტინის გადაწყვეტილებას ანტიჩრდილოკორეული სანქციების დაწესების თაობაზე, სისუსტედ მიიჩნევენ. და მართლაც, აშშ-ა, პრეზიდენტ ობამასა და ტრამპის დროს თითქმის ყველა დონეზე – დიპლომატიურიდან დაწყებული, სახელმწიფო საკუთრებით დამთავრებული, შეურაცხყვეს რუსეთი. რომელი ერთი ჩამოვთვალო – სანქციები თუ ამერიკაში რუსეთის დიპლომატიური სამსახურის შენობების მითვისების მცდელობა, დაცლილი შენობის თავზე მოფრიალე რუსეთის დროშის ჩამოხსნა და ა.შ.

ჩრდილო კორეისთვის მხარდაჭერა, საკუთარი თავისადმი მხარდაჭერას ნიშნავს, ვინაიდან ამერიკას, რომელსაც აკვიატებული ჰყავს ჩრდილო კორეა, მთავარ მიზნად ჩინეთ-რუსეთს მიიჩნევს. იაპონიასა და სამხრეთ კორეაში განლაგებული სამხედრო ბაზების მთავარი დანიშნულება რუსეთ-ჩინეთის შეკავებაა და ხელსაყრელ ვითარებაში განეიტრალება, ცხადია სამხედრო ძალით.

ჩრდილო კორეის მხარდაჭერა და აშშ-სთვის კატეგორიული მოწოდება, პრობლემის მოლაპარაკებით გადაწყვეტის თაობაზე, დააფიქრებდა ოფიციალურ ვაშინგტონს. სამწუხაროდ ეს არ ხდება და თავის თავში ზედმეტად დაჯერებულმა ტრამპმა შეტევა ირანზეც მიიტანა ანუ დაემუქრა ირანს იმ ბირთვული ხელშეკრულებიდან გამოსვლით, რომელსაც ხელი მოეწერა სამი წლის წინათ, პრეზიდენტ ობამას დროს.

მაგრამ ხელმომწერთა შორის ხომ სხვებიც იყვნენ – გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი, გერმანია, ევროკავშირი? ეს ხელშეკრულება ხომ გაეროს უშიშროების საბჭომაც დაამტკიცა? მაშ, რას იმუქრება აშშ-ი? ის, აცხადებს, რომ ცალმხრივად გამოვა ხელშეკრულებიდან და ახალ სანქციებს დააწესებს ირანის წინააღმდეგ. რას აცხადებენ დანარჩენი ხელმომწერები?

იმას, რომ ხელშეკრულება კარგია, ირანი იცავს მოთხოვნებს და ევროკავშირი არ წაიღებს თავის ხელმოწერას. ქალბატონმა მოგერინიმ – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება უშიშროების საბჭოს მიერ არის დამტკიცებული, რაც ნებისმიერი ხელმომწერის მაღლა დგას, მიუხედავად იმისა დიდია თუ არა ქვეყანა.

ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება ირანის მიმართ თითქმის ერთი წელია იპყრობს ჩვენს ყურადღებას. რა სიტყვებით არ ამკობს ტრამპი ირანს და მის ხელისუფლებას – ტერორიზმის მხარდამჭერი, დამფინანსებელი, ახლო აღმოსავლეთის საფრთხობელა,  ბირთვული იარაღის პოტენციური შემქმნელი, ბირთვული ხელშეკრულების დამრღვევი და ა.შ. მისი გაღიზიანება ირანის მიმართ უდავოდ სუბიექტურია და ოჯახიდან მოდის. ტრამპის სიძე, რომელიც მრჩევლად ჰყავს მას, ორთოდოქსი ებრაელია – მჭიდრო კავშირებით ისრაელთან. ისრაელი კი ირანის დაუძინებელი მტერია.

გარდა ამისა ტერორიზმთან ბრძოლამ და სხვა ფაქტორებმა ირანის გავლენა სირია-ერაყში მკვეთრად გააფართოვა, რითაც კონკურენცია შეუქმნა ამერიკას. ირანი, რუსეთის მოკავშირეა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაშლილ ომში, რომლის მომთავრების შემდეგ ირანის ახლო აღმოსავლური პოზიცია განმტკიცდება, რაც ხელს არ აძლევს აშშ-ს და მის მოკავშირეებს – საუდის არაბეთსა და ისრაელს.

კონგრესის წინაშე გამოსვლის დროს ტრამპმა განაცხადა, თუ რატომ აპირებს ირანთან დადებული „ექვსეულის“ ხელშეკრულებიდან გამოსვლას. მისი განცხადებით, ირანი არღვევს ხელშეკრულებას და მალულად აწარმოებს ურანის გამდიდრებას, ხელს უშლის ბირთვული ობიექტების სრულფასოვან შემოწმებას. და ეს მაშინ, როდესაც IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო), რომელსაც დავალებული აქვს ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმება, ამტკიცებს საწინააღმდეგოს.

IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა იაპონელმა იუკია ამანომ განაცხადა, რომ ირანი პირნათლად ასრულებს ხელშეკრულების მოთხოვნებს. „ირანი ექვემდებარება ყველაზე მკაცრ შემოწმებას, რაც არსებობს მსოფლიოში“, – თქვა მან. თუ ვინ არ ასრულებს ხელშეკრულებას – ეს აშშ-ა, რომელიც დღემდე არ უხსნის სანქციებს ირანს, რითაც უგულებელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებულ ხელშეკრულებას.

ზემომოყვანილი მაგალითები – აშშ-ს მიერ წარმოებული მანკიერი პოლიტიკის დამადასტურებელია, რომლის მიხედვით, აშშ-ს ყველაფერი უნდა ეპატიოს, მათ შორის ტყუილი და ცილისწამებაც, მაგრამ ეს პოლიტიკა – ჰეგემონის მიერ დაფუძნებული, ძალას კარგავს. დღეს ისე აღარ ეშინიათ აშშ-ს, როგორც გუშინ, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი არ იტყოდა – ამერიკა აშინებს მსოფლიოს; არც მოგერინი არ გამოვიდოდა კატეგორიული სიტყვით ტრამპის წინააღმდეგ.

მსოფლიო ძალთა თანაფარდობა იცვლება და იცვლება არა აშშ-ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.