სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

თემას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გვარიანად დაღეჭილ-გადაღეჭილია და გასული საუკუნის 1992 წლიდან დაწყებული პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, ჟურნალისტთა მუდმივი განსჯისა და ყურადრების საგანია. ამდენად სულაც არ გამკვირვებია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბახტაძის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან ასეთი განცხადება:

„დღეს, 27 სექტემბერია – უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. 25 წლის წინათ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისთვის. 10 წლის წინ კი, რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. … “.

აღარ გავაგრძელებ. დაინტერესებულ მკითხველს თვით შეუძლია გაეცნოს ბახტაძის სიტყვას, რომელმაც გარკვეული კითხვები გამიჩინა, ვინაიდან სიტყვაში გაჟღერებული 90-იანი საომარი წლების აღწერა ცალმხრივად  მომეჩვენა – სახელმწიფო კანცელარიის ბოლო სართულის სათავისო შემოქმედებად, სადაც არაფერია ნათქვამი ორი ომის გამომწვევ მიზეზებზე, რამაც თავისთავად მიგვიყვანა სავალალო შედეგებამდე.

ბახტაძე პირველად გამოვიდა გაეროში, მაგრამ მისი გამოსვლა ისეთი იყო, როგორიც წინამორბედების. არ შევცდები, თუ ვივარაუდებ, რომ გენერალური ასამბლეის 74 სესიაზე სხვა პრემიერი გამოვა და მისი სიტყვაც ისეთივე „მოზომილი“ იქნება, როგორც დღევანდელის:

„საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. …“.

25 წლის განმავლობაში შეიცვალნენ ქვეყნის ხელისუფალნი, პოლიტიკა კი შეუცვლელია და ალბათ ასე გაგრძელდება, ვიდრე გონს არ მოვალთ; საკუთარ შეცდომებს არ ვაღიარებთ; დამნაშავეს, დამნაშავედ არ გამოვაცხადებთ; პოლიტიკურ კურსს არ შევცვლით.

ბახტაძის გამოსვლის დროს გაეროს გამეჩხერებულმა დარბაზმა (რომელთა შორის  ისეთებიც იყვნენ, აფხაზეთი და ცხინვალი რომ არ იციან და საქართველოს არსებობაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ) მხოლოდ ის გაიგო, რომ რუსეთი აგრესორია, ადამიანის უფლებების დამრღვევი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე „დეპოპულაციის“ ავტორი, „ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამაუარესებელი“ და ა.შ.

მიზანი მიღწეულია – რუსეთის შავ ფერებში დახატვა. ჩვენ და უკრაინამ, პრეზიდენტ პოროშენკოს სახით (სხვათა შორის მასაც ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწია სიტყვის თქმა) „სტრატეგიული პარტნიორის“ დავალება პირნათლად შევასრულეთ.

რატომ გამეჩხერებული დარბაზი? იმიტომ ხომ არა, რომ თემა, რომელსაც ყოველ წელს (მრავალი წლის განმავლობაში) ვაჟღერებთ, უკვე გახუნებული და მოსაბეზრებელია?

ის, რაც ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლოა, სხვისთვის ღობეს ჩხირია. და ეს უნდა შევიგნოთ. არვინ ამბობს არაფერი ვთქვათ მძიმე წარსულზე, მაგრამ თან ისიც უნდა დავაყოლოთ, როგორ ვაპირებთ ვითარების გამოსწორებას. არვინ მოითხოვს მეზობელ რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს – სიტყვა „ზომიერება“ რომ ჰქვია. შეიძლება ერთი წინადადება ვთქვათ – დასამახსოვრებელი და არა ათი – ერთიდაიგივე, უკვალოდ რომ ჩაივლის.

1992-2008 წლების ომების შემდეგ საქართველოს მდგომარეობა, რომ არასახარბიელო იქნებოდა თავიდანვე უნდა გვეფიქრა, მაგრამ რა გაეწყობა, ჯერ გამოცდილმა სახელმწიფო მოღვაწემ შევარდნაძემ, არ გაითვალისწინა მისი წინამორბედის გრომიკოს ნათქვამი – „ერთ ომს, ასი მოლაპარაკება სჯობს“ და ნაცვლად დიპლომატიური დიალოგისა, ხმლის ქნევით გადაწყვიტა სეპარატისტული აფხაზეთის დაბრუნება; მეორემ კი, შევარდნაძის შემცვლელმა სააკაშვილმა უარესი შეცდომა დაუშვა და მძინარე ცხინვალს „გრადები“ დააყარა.

ბოლო შეტევიდან, რომელიც საქართველოსთვის უმძიმესი შედეგით დასრულდა, 10 წელი გავიდა. ამ 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა 1992-2008 წლების ომების დაწყების ანუ აგრესიის (საკუთარი ხალხის წინააღმდეგ) შესწავლა-გაანალიზების მცდელობაც კი, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო კომისიის (ტალიავინის ხელმძღვანელობით) ობიექტურ დასკვნას და დავითაიას კომისიის ნაცოდვილარს, რომელმაც კრება დატოვა მხიარული.

პირველს – საქართველოს პოლიტიკა არ იზიარებს; მეორეს – სერიოზულად არც არავინ აღიქვამს. პირველი ომის შემდეგ იყო მცდელობა შერიგებისა, თუმცა არა ისეთი, როგორსაც საჭიროება მოითხოვდა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იურიდიულად რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში.

მეორე ომმა და სააკაშვილის დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებამ (მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან იმ პუნქტის ამოღება, სადაც მონიშნული იყო თბილის-სოხუმ-ცხინვალს შორის პოლიტიკური სტატუსის გამსაზღვრელი მოლაპარაკების დაწყება) მწვანე შუქი აუნთო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფას. ისედაც მცირემიწიანმა საქართველომ თავისი 76000 კვ. კილომეტრი ტერიტორიიდან 20% დაკარგა.

ორივე შემთხვევაში ქვეყნის პირველმა პირმა, ნაცვლად გონიერებისა, ამბიციები მოიმარჯვა. ორივეს დავით აღმაშენებლობა მოუნდა და ისტორიაში გმირად შესვლა. ორივე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, როგორც ასაკით, ისე გამოცდილებით, მაგრამ ორივეს ამბიციები სტანჯავდა, რასაც გადაჰყვა ქვეყანა.

არის თუ არა გამოსავალი?

ეს, ის კითხვაა, რომელიც პასუხის გაცემას მოითხოვს – უპირველესად გულწრფელის და არა ზედაპირულის, არა ისეთის, სისტემატურად რომ ვისმენთ ოპოზიციონერი გოგო-ბიჭებისგან.

მათი აზრით არც რუსეთთან და არც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან არ უნდა დავილაპარაკოთ. და თუ მაინც მოხდა ასეთი, მათ წინაშე მარტო არ უნდა წარვსდგეთ. ჩვენი დასავლელი მოკავშირეები უნდა იყვნენ ჩვენთან. ეს დაახლოებით ისეთია – ბავშვს რომ ასანთს უმალავენ, ხანძარი არ გააჩინოს. ჩვენი მარტო დატოვება ერთ მაგიდასთან სახიფათოა. ვინ იცის, რაზე დაგვიყოლიონ?

ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ ქართულ პოლიტიკაში არ მომეპოვება პოლიტიკოსი, ვინც საზრიანად წარმართავს რუსეთთან, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებას. მოლაპარაკება კი აუცილებელია არა მარტო ტერიტორიების დაბრუნებისთვის, არამედ ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის – ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, კულტურის, სპორტის და სხვა დარგების განვითარებისთვის.

ვადევნებდი რა თვალს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ხანმოკლე ვიზიტს აზერბაიჯანში დამამახსოვრდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის ნათქვამი იმ კავშირურთიერთობების თაობაზე ორ ქვეყანას შორის რომ არის. ცნობილია რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა. ვიცით, რომ აზერბაიჯანი ამზადებს რუსულ სატვირთო ავტომანქანებს „კამაზს“; მაგრამ არ ვიცით, რომ აზერბაიჯანში მოქმედებს 141 რუსული სკოლა და ლომონოსოვის სახ. მოსკოვის უნივერსიტეტის ფილიალი – რომელსაც დასავლურმა საგანმანათლებლო სისტემამ პირველი ადგილი მიანიჭა ევრაზიულ სივრცეში.

გულდაწყვეტით ვუსმენდი ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ვინაიდან გარდა ღვინის და მინერალური წყლისა რუსეთის ბაზარზე სხვა არაფერი შეგვაქვს. არადა, სურვილის შემთხვევაში რა საქმეების კეთება შეიძლებოდა?! დარწმუნებული ვარ წარმატებული ქართული მრავალმხრივი ექსპორტის შემდეგ, თავში არავის მოუვიდოდა მარიხუანის საექსპორტოდ დამზადება. უთავო პოლიტიკა ბევრს აკარგვინებს ქვეყანას!

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მეზობელ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია, ვინაიდან გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე რუსეთთან ვაჭრობა მომგებიანია, ვიდრე შორეულ ქვეყნებთან ურთიერთობა, თუმცა აზერბაიჯანი არც ამაზე ამბობს უარს.

ურთიერთობისთვის კი ენაა საჭირო – რუსული ენა. სწორედ ამას ემსახურება აზერბაიჯანში არსებული რუსული სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები. ამით აზერბაიჯანმა თავისუფლება დაკარგა? რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა?

ჭკვიანი ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი მსგავსი პოლიტიკის გატარება. აღარაფერს ვამბობ რუსეთ-სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც არც კი შერყეულა დასავლეთისადმი ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლით. სომხეთის ახალმა ლიდერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია და ასეთად დარჩება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს ყარაბაღის სერიოზული პრობლემა აქვთ. რუსეთი მთავარი შუამავალია. მას ორივესთან აქვს ისეთი პოლიტიკური კავშირები, ქიშპს რომ არ იწვევს შუამავალთან.

ყარაბაღი კი მძიმედ გადასაწყვეტი თემაა – წარმოშობილი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. ვერ დავეთანხმები მარი ჩუბინიძის განცხადებას (იხ. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, N189), რომლის მიხედვით რუსეთმა აზერბაიჯანს 1990 წელს თავს მოახვია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.

აი, რას წერს ის: „თითქმის ყველა მეზობელს რუსეთმა თავს მოახვია ეთნიკური კონფლიქტი, განურჩევლად იმისა სურდათ თუ არა მათ ნატოში შესვლა. 1990 წელს მოლდოვას დნესტრისპირეთში; 1991-1992 წწ. საქართველოს, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში; 2008 წელს კვლავ საქართველოს; 2013 წელს უკრაინას – ყირიმსა და დონბასში“.

წერილის არსი იმაშია – საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ მარტო ნატოში შესვლის გამო რუსეთი ომს არ დაუწყებს საქართველოს. მას ყოველგვარი საბაბის გარეშე შეუძლია ომის დაწყება, თუ კი ამის სურვილი გაუჩნდება.

დნესტრისპირეთთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ პრორუმინულმა მოლდოვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რუსულენოვან დნესტრისპირეთთან კონფლიქტის დასაწყებად და რომ არა რუსი გამშველებლები საომარი ვითარება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა.

რომ არა 1991 წელს ავტობუსებით (100-ზე მეტი) ეროვნული მოძრაობის ძალების ცხინვალში „სამშვიდობო“ დესანტირება, საქმე ომამდე არ მივიდოდა;

რომ არა სააკაშვილის მძიმე გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოში, ომი არ დაიწყებოდა;

რომ არა უკრაინის ფაშისტთა და ბანდერელთა რეაქციული მოქმედება, მაიდნის სახელმწიფო გადატრიალება და დონბასის დასასჯელად უკრაინის არმიის გაგზავნა, ის ვითარება არ იქნებოდა, რასაც დღეს აქვს ადგილი.

ვერ დავეთანხმები ავტორს შემდეგ „სიბრძნეშიც“: „რუსეთის აგრესიის მიზეზი არის არა ნატო, არამედ მეზობლების დამოუკიდებლობასთან შეუგუებლობა. ნატოში წევრობა კი არის დაცვა რუსეთის მიერ თავსმოხვეული კონფლიქტებისგან“.

დიახ! საქართველოს იმიტომ სურს ნატოში შესვლა, რომ ნატომ მოუგვაროს ტერიტორიული საკითხი. ნატოს კი ეს არ სურს – საკუთარი წესდებიდან და რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე.

რუსეთს 18 მეზობელი ჰყავს და რაღა უკრაინა, საქართველო, მოლდოვასთან აქვს პრობლემები? იქნებ სხვაშია საქმე და არა რუსეთში?!

დასკვნა. ყოველდღე ხიზილალის ჭამაც მოსაბეზრებელია, არათუ რუსეთის ლანძღვა. არ მოგბეზრდათ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.