27.12.2024

ვიზალიბერალიზაცია – როგორც „ჯილდო“

გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად, ქართულმა პოლიტიკამ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩათვალა, ამასთანავე, დადებითად მიიჩნია რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რუსეთის ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ორივე შემთხვევა „საოცნებო“ ხელისუფლებამ საკუთარი შრომის, გარჯის, საღი პოლიტიკის ნაყოფად შეაფასა და ისეთი „პიარული“ კოცონი ააგიზგიზა, თითქოს საქართველო, ერთდროულად ნატოსა და ევროკავშირში შეეყვანათ.

საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში უვიზო შესვლის საშუალების მიცემა, მართლაც მნიშვნელოვანი რამ არის. აიღებ ბიომეტრიულ პასპორტს და გაუყვები ევროპის გზას. მართალია, რეგულაციების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში დასაქმების და ხანგრძლივად ყოფნის უფლება არ აქვს, მაგრამ ის, რაც არგუნეს, ცოტა არ არის. ხანმოკლე ვიზიტისთვის უდავოდ დიდი შეღავათია უვიზო მიმოსვლა.

ისტორიას ბარდება ევროპის ქვეყნების საელჩოების საკონსულო სამსახურებთან გრძელი რიგები, რასაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰქონდა ადგილი. ის, მოგვიანებით ინტერნეტული კომუნიკაციით ჩანაცვლდა; ვიზის მიღების მოლოდინში გულის ფანცქალი; ნაცნობ-მეგობრების გამოძებნა საელჩოთა საკონსულო სამსახურების დიპლომატებთან კავშირის დასამყარად; ჭორ-მართალი (უფრო მართალი) უცხოელი დიპლომატებისთვის ტურისტულ ვიზაში ათასობით ევროს გადახდის თაობაზე; რაც მთავარია, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის ფეხით გადაკვეთა და ამისთვის თურქი მეგზურებისთვის ფულის გადახდა (ათასობით დოლარის ან ევროსი).

25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა რა ექსპერიმენტები (ერთობ არასასიამოვნო და აუტანელი) არ ჩაუტარა საკუთარ თავს ევროპაში არალეგალური მოხვედრისთვის და მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა, მაინც მოახერხა ევროპის ფინიშის ხაზის გადაკვეთა.

ხშირად ჰქონდა ადგილი „სამშვიდობოზე“ გასულის დაკავებას და დეპორტაციას; პასპორტის შეცვლას და უმძიმესი პროცედურების (თუ ამას პროცედურა ჰქვია) თავიდან გავლას. მთავარი და უმთავრესი მამოძრავებელი იყო, საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენა, შიმშილით, სიკვდილისგან დახსნა, იქ, იმ „ბედნიერ მხარეში“ მოჯამაგირედ მუშაობა და მიღებული ხელფასით სამშობლოში დარჩენილი ოჯახის გამოკვება.

მავანი მკითხავს – მოჯამაგირეობისთვის იქ რას მიდიოდნენ, აქაც შეიძლებოდა მსგავსი სამსახურის შოვნაო. გეთანხმებით, შეიძლებოდა, მაგრამ ანაზღაურება? ჩემი ახლობლის მეუღლე, რომელიც 10 წლის წინათ წავიდა (არალეგალურად) საბერძნეთში და იქ მოხუცს უვლიდა, თვიურად 800 ევროს იღებდა. ბინის დაქირავებაში მას ფული არ ეხარჯებოდა, ვინაიდან მოხუცთან ერთად ცხოვრობდა. კვებითაც, იქ იკვებებოდა და დაზოგილ ფულს ქმარ-შვილებს უგზავნიდა.

ასე და ამრიგად მთელი სათვისტომოები შეიქმნა უცხოეთში, განსაკუთრებით საბერძნეთში, აშშ-ი, რუსეთში, სხვაგან. შეეჩვივნენ იქაურ ცხოვრებას. ზოგმა საყველპურო ენაც შეისწავლა. შეეჩვიენ იმას, რომ ისინი მეორეხარისხოვანნი არიან ახალ „სამშობლოში“; რომ ვიდრე „გრინ ქარდს“ ან მოქალაქეობას არ მიიღებდნენ, რუსები რომ იტყვიან „წყალზე ჩუმად“ უნდა ყოფილიყვნენ, რათა თავიდან აეცილებინათ სამართალდამცავი ორგანოების მახვილი თვალი და სამშობლოში დეპორტაცია.

საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა დღესაც არალეგალურად ცხოვრობს ევროპის ქვეყნებში და ცხოვრობს არაერთი წლის განმავლობაში. უაღრესად მძიმე პირობებში უხდებათ მათ დამქირავებლისთვის თავის მიქირავება.

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ევროპაში მუშაობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბევრი რამ შეიცვლება, ცხადია უკეთესობისკენ. მართალია, დასაქმების მხრივ არაფერი შეიცვლება, მაგრამ იქ შეღწევის ბარიერები უდავოდ მოიხსნება.

ვიმეორებ, სიცოცხლის რისკი, მძიმე ხარჯები, ისტორიას ჩაბარდება და ის, ვინც სულმოთქმული ელის ევროპაში სამუშაოდ გამგზავრებას, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ ახერხებს და ისიც, ვინც ამაზე ნაკლებად ფიქრობს, გაუდგება ევროპის გზას – ვითომ ხანმოკლე ვიზიტით, სინამდვილეში, ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ. განა იშვიათია მსგავსი მაგალითები ჩვენს „დამოუკიდებელ და სუვერენულ“ ცხოვრებაში?!

საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების თემა უცხო არ არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ევროკავშირში გაწევრების შემდეგ, პოლონელები დიდ ბრიტანეთს მიაწყდნენ; ბალტიისპირა ყოფილი სამი საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეები – დიდ ბრიტანეთს, სკანდინავიის ქვეყნებს; ბულგარელ-რუმინელები – საფრანგეთს, გერმანიას, ევროკავშირის სხვა დაპურებულ სახელმწიფოებს.

ბალტიისპირა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ჯამური მოსახლეობა 8 მილიონიდან 6 მილიონამდე შემცირდა, ისე როგორც ბულგარეთის, რუმინთის. დანაკლისი განიცადა საქართველომაც. დაუზუსტებელი მონაცემებით, მილიონნახევარზე  მეტი ადამიანია გასული ქვეყნიდან. სწორედ, მათი შრომის შედეგად ცხოვრობს შინ დარჩენილი დაუსაქმებელი ოჯახის წევრები.

საქართველოს მოსახლეობის მიგრაციას უდავოდ შეუწყო ხელი შინ არსებულმა აუწყობელმა ცხოვრებამ, სამუშაო ადგილების დეფიციტმა, ხელისუფალთა გამუდმებულმა ტყუილებმა, სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით და ა.შ.

დიახ! ევროკავშირში დასაქმების მსურველთათვის ვიზალიბერალიზაცია მისწრებაა, მაგრამ ის, რაც კარგია ერთი მოქალაქის ან მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის, არის კარგი ქვეყნისთვის? ამ კითხვაზე პასუხის, თანაც კვალიფიციურის გაცემა ხელისუფლების პრეროგატივაა.

დიახ! მან უნდა გვიპასუხოს, რას გამოიწვევს ვიზალიბერალიზაცია. ის განცხადება, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ევროპაში მიმოსვლა ტურიზმის თვალსაზრისით ან ბიზნესის აწყობისთვის, რეალობასთან ახლოა, მაგრამ რამდენია ამ კატეგორიის ადამიანი, დამშეულ, დაუსაქმებელ, გაღატაკებულ საქართველოში?! უაღრესად ცოტა. მოსახლეობის 90%-ისთვის ევროპა ისეთი შორეული იქნება, როგორც იყო და იქნება მანამდე, ვიდრე ლუკმაპურის ძებნაში ათენებს და აღამებს.

მადლობა ხელისუფლებას, რომელმაც იშრომა ვიზალიბერალიზაციისთვის, მაგრამ სირცხვილი მას იმ აუტანელი პირობებისთვის, რის გამოც ხალხი იქ გარბის და ისედაც დაცარიელებული ქვეყანა ყუამდე დაყავს. გადახედეთ საქართველოს დემოგრაფიას, გაუკაცრიელებულ სოფლებს, რაიონებს. ასეთის შემხედვარე, სხვაგვარად უნდა აზროვნებდეს. ნაცვლად უსაგნო ლაპარაკისა, რეალური საქმით უნდა იყოს დაკავებული და არა იმაზე ყოყოჩით, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მიაღწია.

ცალკე განსჯის თემაა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაუქმების თაობაზე. ქართულმა პოლიტიკამ და საზოგადოებამ, რატომღაც ეს საკითხი ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებს დაუკავშირა და ერთობ საჩოთირო აზრები გამოთქვა ელექტრონულ მედიაში. ცხადია, იყო დადებითი მოსაზრებებიც, მაგრამ იყო უაღრესად უარყოფითიც, რაც სერიოზულ განსჯას საჭიროებს.

რადიო „მაესტროს“ გადაცემაში „ხალხის აზრი“ არცთუ მცირე ნაწილის განცხადება – რომ ვიზის გაუქმება რუსეთის მხრიდან ძალიან ცუდია იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და ა.შ. აშკარა მაუწყებელია იმ 25-წლიანი ანტირუსული პროპაგანდისა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.

საქართველოს ყველა ხელისუფლებას არაფერი დაუკლია საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა გაუარესებისთვის. სავიზო რეჟიმის შემოღებაც „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის ევრო-ატლანტიკური აზროვნების და ამერიკელი მასწავლებლების წინაშე გაგორებული კოჭის ნაყოფია. სწორედ, მათ წამოიწყეს რუსეთთან ვიზის შემოღების თემა და ნახევარი წლის განმავლობაში შეძლეს მიზნის მიღწევა.

ეს ამბავი, რუსეთის პრეზიდენტის ელცინის დროს იყო. ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა პუტინმა არაერთჯერ დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართველ კოლეგებთან კავშირების დამყარება და მათთან ერთად ქართული მხარის მიერ წამოჭრილი თემის დარეგულირება. რუს და ქართველ დიპლომატებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა სავიზო რეჟიმის შემოღებას. ის არც ერთ დათმობაზე არ წავიდა, მათ შორის რუსეთის მხარის თხოვნაზე – უვიზო მიმოსვლა შენარჩუნებულიყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.

ქართულმა დელეგაციამ ისიც „მოახერხა“, რომ დათქმულ შეხვედრას, დათქმულ დღეს არ დასწრებოდა. ის, სპეციალურად, ერთი დღის დაგვიანებით, ჩავიდა მოსკოვში. ქართული მხარის შეგნებულმა უპასუხისმგებლო მოქმედებამ აიძულა მოსკოვი მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. სააკაშვილი, ადამია, სხვა ძმანი მათნი პარლამენტარნი სიხარულით აცხადებდნენ, როგორც იქნა საქართველო დაშორდა რუსეთს და რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვაო, საჯაროდ კი რუსეთს ლანძღავდნენ, სავიზო რეჟიმის შემოღებისთვის. მახსოვს, საქართველოში რუსეთის ელჩის სტანევსკის გაკვირვებული გამომეტყველება და განცხადება – რაში სჭირდება საქართვლოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებაო.

ლანძღვა-გინების კორიანტელი ახალი ძალითა და შემართებით გაგრძელდა ე.წ. რეფორმატორების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ლანძღვა-გინების და ანტირუსული პროპაგანდის შედეგია ის, რასაც მე ვისმენდი რადიო „მაესტროს“ გადაცემაში „ხალხის აზრი“ – რუსეთი ჩვენი მტერია, საქართველოს ტერიტორიების დამპყრობელი, ცხინვალში ქართველი მეომრების უმოწყალო მხოცავი და ა.შ.

რუსეთთნ სავიზო რეჟიმის გაუქმება გაცილებით მეტს ნიშნავს საქართველოს მოსახლეობისთვის, ვინაიდან სწორედ იქ არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არა ევროკავშირის ქვეყნებში – არაოფიციალური მონაცემებით მილიონზე მეტი. რუსეთში მყოფი ქართველები თავს ნამდვილად არ თვლიან მეორეხარისხოვან ადამიანებად. ისინი რუსეთის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. საკმაოდ დაფასებული, ხშირად, სამაგალითონიც. სწორედ მათი გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრები, ახლობლები.

რუსეთთან ვიზების გაუქმება ხელს შეუწყობს ნათესაური, მეგობრული კავშირების აღდგენას, ბიზნეს-საქმიანობის განვითარებას, საქართველოს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანას. ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას, რასაც ურთიერთსასარგებლო კონტაქტები ჰქვია და ისეთს, რასაც ევროკავშირთან არ ექნება ადგილი. ვისაც ქვეყნის შენარჩუნება და კავშირების განმტკიცებით მისი ფეხზე დაყენება სურს, მადლიერებით და არა უაზრი კრიტიკით უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტის კეთილ ნებას – ვიზების გაუქმების თაობაზე. ამაში მაინც ნუ ვიქნებით უმადურები, ისე, როგორც ისტორიულ სინამდვილეში.

თავისთავად იბადება კითხვა – მაინც რა დამსახურებისთვის „გააბედნიერა“ ევროკავშირმა უკრაინა, საქართველო და კოსოვო? რა არის ამის მიზეზი, ვითომ მარტო ის, რომ სამივემ, განსაკუთრებით უკრაინამ შეასრულა „რესპექტაბელური“ ორგანიზაციის მოთხოვნები? გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ მსგავსი მოსაზრება დაიჯეროს. ანდა, როგორ დაიჯერებ, ერთობ დაუჯერებელს, რომ უკრაინამ ფრიადზე შეასრულა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, განამტკიცა საზოგადოებრივი წესრიგი, დაიცვა ეროვნული უმცირესობების და განსაკუთრებით უმცირესობის უფლებები, ანუ „ცისფრების“.

ვინც პრეზიდენტ პოროშენკოს საბჭოს სხდომის ვიდეო-სიუჟეტს მოჰკრა თვალი – გამხეცებული ოდესის გუბერნატორის სააკაშვილისა და უკრაინის შს მინისტრის ავაკოვის დაპირისპირებით, შესაბამისი ბილწი ტერმინოლოგიით, სადაც სიტყვა „ქურდი“ ჭარბობდა დედის გინებას; ვინც ყური მოკრა უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ზღულაძის კიევის ბორისპოლის აეროპორტში 4 საათით დაკავებას, ქვეყნიდან საეჭვო ტვირთის გატანის მცდელობისთვის ( ჩემოდანში ჩადებული 40 კგ-ს – 4 მილიონი აშშ დოლარი); ვინც მთელი წლის განმავლობაში თვალს ადევნებს უკრაინის ნებისმიერ კუთხეში „მარჯვენა სექტორის“ ექსტრემისტების და ბანდერელების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებს, მათ შორის თავდასხმებს ეკლესიებსა და მღვდლებზე, კორუფციას, კორუფციას და კორუფციას, ვერაფრით გაამართლებს უკრაინისთვის მიცემულ „ჯილდოს“.

ასეთი ქვეყანა არათუ უნდა დააჯილდოვო, ახლოსაც არ უნდა გაიკარო. მის პრეზიდენტს ბრიუსელში მტლაშამტლუში კი არ უნდა გაუმართო, ჭიტლაყი უნდა ამოჰკრა და კინწისკვრით გამოაგდო. მაგრამ, არა! პოროშენკო მათი „ძაღლიშვილია“ და ამიტომაც დახვდნენ პატივით. არც ერთ ევრო-ატლანტიკელს არ ებადება კითხვა – რატომ დაეცა უკრაინის შემოსავალი და ამ ფონზე რატომ გასამმაგდა ბიზნესმენ-პრეზიდენტ პოროშენკოს შემოსავალი; რატომ არ იხდის „ბედნიერი“ ქვეყნის ბედნიერი პრეზიდენტი გადასახადს და ა.შ.

პოროშენკო სწორედ ისაა, ვინც ანტირუსული ხელისუფლების სათავეშია და საკუთარი ბიზნესისა და კეთილდღეობის დასაცავად უკადრებელს, კადრულობს – ლანძღავს და აგინებს რუსეთს, წყვეტს მასთან კავშირებს, რითაც ანგრევს ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც ის არის.

ევროკავშირის მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ სამივე დასაჩუქრებული ქვეყანა მართლაც დაადგეს აღმშენებლობის გზას, არამედ სამივე მუდამ კრიჭაში ედგეს რუსეთს და თავისი ქცევით, პრობლემები შეუქმნას მას. ვიზალიბერალიზაციის ბოძება ჯილდოა იმ სამსახურისა, რასაც სამივე ქვეყნის ხელისუფლება აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ.

ისე, როგორც ასოცირებული წევრობა, ვიზალიბერალიზაციის შორს მიმავალი პროგრამა – ანტირუსული შინაარსისაა და რომ არა ის, არც ასოცირებული წევრობა იქნებოდა და არც ვიზალიბერალიზაცია. რა გაეწყობა, ამ შემთხვევაშიც, რუსულმა ფაქტორმა განაპირობა „ჯილდოს“ მოპოვება.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.