შემოვიდა და შემოგვიტანა …

გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ „გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში“ ევროკომისარ იოჰანეს ჰანს უმასპინძლა. ოფიციალური თბილისის მიხედვით, მაღალი სტუმრის ვიზიტმა პოზიტიურად ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მისცემენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობას. სტუმრის მხრიდან მასპინძელთა მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეფასდა, რაც ასევე სასიამოვნო მოსასმენი იყო საქართველოს მთავრობისთვის.

მაინც რა რეფორმებმა მოხიბლა სტუმარი, რამ გამოიწვია მისი სასიამოვნო გაოცება – ბუნდოვნად იყო მიწოდებული რეფორმების უმთავრესი ობიექტისთვის ანუ ხალხისთვის, რომელიც ვერადავერ გრძნობს „მრავალი“ რეფორმის – გატარებულის, ამოქმედებულის, სიკეთეს.

20 წელიწადზე მეტია შინაური და გარეული „ნაჩალნიკები“ საქართველოს მოსახლეობას ჩასძახიან რეფორმების სიკეთეებზე, მაგრამ მოსახლეობა ჯიუტად აცხადებს – რა რეფორმა, რის რეფორმა – ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევიაო. როგორც ჩანს, რაღაცაშია საქმე, თანაც ისეთში, თვალის დაბნელება რომ ჰქვია, თორემ „სიკეთეები“, რომლებიც წინა ხელისუფლებამ, მითუმეტეს დღევანდელმა, არგუნეს ხალხს, დასანახი კი არა, ოქროთ მოვარაყებულ ჩარჩოშია ჩასასმელი და გამოსაჩენ ადგილზე დასაკიდებელი.

„უმადურია ხალხი, რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც უკმაყოფილოა“ – ასე ფიქრობს „პირველი მოქალაქე“ და მის მიერ დაკომპლექტებული ხელისუფლება.

ხალხის უმადურობის დემონსტრაცია იყო რადიო „მაესტროზე“ ჩატარებული გამოკითხვა, გადაცემაში „ხალხის აზრი“, თემაზე – რას იტყვით მომავალი წლის ივლისიდან პენსიების 180 ლარამდე გაზრდაზე. „ჰოი, საოცრებავ“, ნაცვლად მადლიერების გამოხატვისა, ცხადია ხელისუფალთა მიმართ, ისეთი „ავი“ ჭიაკოკონა აგიზგიზა პირდაპირ ეთერში – „ნაცებიც“ რომ ვერ ინატრებენ. თითქმის ყველა რესპონდენტი, ნაცვლად ქებისა, ლანძღავდა ხელისუფლებას – გადმოგდებული მიზერული ლუკმისთვის, რომელიც ვერაფრით დაფარავს პენსიონერის ყოველთვიურ გასავალს.

საქართველოს წინა ხელისუფლება, იმის წინაც, დაბეჯითებით  უმტკიცებდა მოსახლეობას პენსიის 100 დოლარამდე გაზრდაზე. პენსიონერთა სავალალოდ, ვერც ერთმა ვერ შეასრულა დაპირება და 100-დოლარიანი „ოცნება“, ოცნებად დარჩა. ვერც „საოცნებო“ ხელისუფლების 20-ლარიანი მატებით მიიღწევა 100-დოლარიან ზღვარამდე. დღეს, 100 დოლარი 240 ლარს უდრის და არა 180-ს, მასთან ერთად ინფლაციას, ფასების კატასტროფულ მატებას კვების პროდუქტებზე, ელექტროენერგიაზე, მედიკამენტებზე – ესოდენ აუცილებელზე საქართველოს 800000-იანი „პენსიონერული“ არმიისთვის.

რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლება იძულებული იყო გადაედგა ეს ნაბიჯი – ცალკე პენსიონერთა მოთხოვნის, ცალკე „ნაცთა“ პროპაგანდის პასუხად, თორემ არცთუ დიდი ხნის წინათ, ის (ხელისუფლება) მტკიცედ აცხადებდა, რომ პენსიების მატებას ადგილი არ ექნებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ვიღაცამ ჩასჩურჩულა – „ყური გამოიბერტყე, თვალი გაახილე, შეხედე „ნაცთა“ მოქმედებას, მათ მიერ პენსიონერთა აბუნტებას 20016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ცოტა რამ მაინც გაიღე მშიერი პენსიონერის დასაკმაყოფილებლადო“.

იოჰანეს ჰანს რომ იმ არეალის მიღმა გაეხედა, რასაც რუსთაველის პროსპექტზე არსებული სასტუმრო, პარლამენტის შენობა ან მათთან ახლოს მდებარე სახელმწიფო კანცელარია და პრეზიდენტის სასახლე ჰქვია, უეჭველად უარს იტყოდა რეფორმების წარმატებულებაზე; მითუმეტეს ხმას ჩაიგდებდა,  პენსიის რაოდენობა რომ გაეგო და ამასთან ერთად სახელმწიფო მოხელის თვიური ხელფასის, დანამატის და პრემიის ოდენობა.

ამ ორი კატეგორიის ერთმანეთთან შედარება ისეთია, მსოფლიოში რომ ანალოგი არ ჰყავს. ევროკავშირში ვერვინ წარმოიდგენს სახელმწიფო მოხელისა და პენსიონერის თვიური შემოსავლის ესოდენ კატასტროფულ განსხვავებას?! ჰანმა და მისმა კოლეგებმა რომ სიღრმისეულად შეისწავლონ სოციალური ვითარება, რომელიც საქართველოშია, ენას ვერ მოაბრუნებენ საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად, მითუმეტეს ევროკავშირში ან ნატოში გასაწევრებლად. ეს, იმას ნიშნავს, ევროპამ ზურგზე სამმილიონიანი დამშეული აიკიდოს სარჩენლად, თან ისეთ ვითარებაში, „დიდი ლტოლვილობა“ რომ მძვინვარებს საკუთარ სახლში.

აზია-აფრიკიდან დაძრული ლტოლვილები რომ უმძიმეს პრობლემადაა ქცეული ევროკავშირისთვის, ფაქტია და ამ დროს „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, სამი მშიერ-პირდაფჩენილის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) კვება. ევროკავშირი რომ ეკონომიკური თვალით უყურებდეს საპარტნიორო სამ ქვეყანას, არც ამ პროექტს წამოიწყებდა და არც დაპირებებს გააკეთებდა – კეთილ, დაპურებულ მომავალთან დაკავშირებით.

მაგრამ დღევანდელი ევროკავშირი პოლიტიკაა, ვიდრე ეკონომიკა და ქიშპობა რუსეთთან. ეს, რომ არა, არავითარ პარტნიორობას ადგილი არ ექნებოდა. და მიუხედავად ამისა ევროკავშირი აქაც არ ტოვებს შანს რწყილის გასატყავებლად. აქაც შეეცდება საკუთარი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას, ანუ საკუთარი პროდუქციის სამი გაუბედურებულის ბაზარზე შემოტანას და იმის დეკლარირებას – თქვენც შემოიტანეთ ჩვენს ბაზარზე, თქვენიო.

რა უნდა შეიტანოს სამმა უპოვარმა ევროპაში ისეთი, კონკურენცია რომ გაუწიოს იქაურს? არც არაფერი და თუ მაინც გარისკა და რაღაც შეიტანა, გაუსაღებლობის შემთხვევაში, უკან წამოსაღები რომ ექნება? წაღებ-წამოღებაც ხომ ხარჯია?!

როდის შევქმნით ისეთ პროდუქციას, ევროკავშირში რომ გასაღდება? ალბათ მაშინ, როდესაც ევროკავშირი დიდ ინვესტიციებს ჩადებს საქართველოს ეკონომიკაში, აამუშავებს ქარხნებს, საწარმოებს და ა.შ. მაგრამ, რატომ უნდა ჩადოს ევროპულმა ბიზნესმა იქ, სადაც არც კვალიფიციური მუშახელი ეგულება და არც გასაღების ბაზარი?!

ევროპული ბიზნესი აქ ისეთს ვერაფერს შექმნის, სამშობლოში რომ თავი მოიწონოს. საქართველო თავისი მასშტაბით და, რაც არანაკლებ სავალალოა, გაუწვრთნელი მუშახელით, არც ისეთი მომხიბლველია, ზოგიერთ პოლიტიკოსს რომ ჰგონია. ეს, რომ ასე იყოს, ქვეყნის ცხოვრებას რაღაც დაეტყობოდა. ხელისუფალთა ტყუილმა დაპირებებმა და რაც არანაკლებ საგანგაშოა, დასავლელთა ანალოგიურმა ქცევამ, ქართული საზოგადოება პერმანენტული მოლოდინის მდგომარეობაში ჩააყენა. მოლოდინი კი ისეთი რამაა, შენს გასაკეთებელს რომ გვერდზე გადაგადებინებს და მუდამ იმას გაფიქრებინებს, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაიწყება მათ მიერ დაპირებული ნანატრი ცხოვრება.

მოლოდინში გაილია 20 წელზე მეტი და მასთან ერთად საბჭოეთის დროინდელი პროფესიონალი ინჟინერ-ტექნიკური კადრები, მეცნიერ-მუშაკები. გასული საუკუნის 90-იანი წლების უნიათო ხელმძღვანელობამ, მისი ინიციატივით ფაბრიკა-ქარხნების დახურვამ და უნიკალური ჩარხებისა და დანადგარების უცხოეთში ჯართად გაყიდვამ, მთელი ქვეყნის მუშა საზოგადოების უმუშევრად გამწესებამ, მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყანას.

არანაკლებ მძიმე იყო „ნაცური“ ხელისუფლების მიერ „სამუშაო“ ასაკის 40 წლამდე დაყვანა და მთელი ქვეყნის აქტიური მოსახლეობის უფულო პენსიონერად გადაქცევა.

ყოველივე აღნიშნულმა შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რუსეთში, თურქეთში, ევროპის ქვეყნებში, აშშ-ი გახიზნა. და გახიზნა სამუდამოდ, ვინაიდან სამშობლოში, დეკლარირებული „წარმატებული პროექტების“ იქით, ხელისუფლება არ წასულა. საქართველოში დარჩენილი მოსახლეობა, რომელიც სულმოუთქმელი ელის საზღვარგარეთ წასვლას, აღარც ხელისუფალთა დაპირებას ენდობა და აღარც მისი (ხელისუფლების) უცხოელი პარტნიორების.

დასავლეთისადმი დამოკიდებულება – ერთ დროს პოზიტიური, ნეგატიურით შეიცვალა, თუმცა ეს არ აღელვებს დასავლეთს, ვინაიდან მისი საყრდენი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ ირგვლივ შემოკრებილი ხალხია და არა საქართველოს მოსახლეობა. დასავლეთს საქართველოს ტერიტორია აინტერესებს და არა ხალხი, რაც ზოგიერთი ქართველისთვის ძნელად აღსაქმელია, ხელისუფალთა მიერ ფართოდ გაშლილი პროპაგანდის გამო.

პროპაგანდა კი ისეთი რამ არის, ნორმალურად მოაზროვნესაც რომ გადააქანებს. უდავოდ გადაქანდებით, როდესაც იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დროს პრეზიდენტ მარგველაშვილის ნათქვამს მოისმენთ: – „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც, ევროპული არჩევანის გამო, ჩრდილოელმა მეზობელმა დასაჯა“.

ამბობენ ამას პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტარები, მხოლოდ ერთი მიზნისთვის – თავი მოაწონონ დასავლელ პოლიტიკოსებს, რათა მათგან მუდმივი მხარდაჭერა მიიღონ და ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია. არც ერთ მათგანს ქვეყანა არ ტკივა, ისე, როგორც მათ წინამორბედთ.

მარგველაშვილისა და მის მსგავსთა რიტორიკამ, მეტადრე ქცევამ გამოიწვია ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან „დასჯა“. არ ყოფილიყო სააკაშვილის უგონო აგრესია მძინარე ცხინვალზე და არავითარ „დასჯას“ ადგილი არ ექნებოდა. არ ყოფილიყო მისი წინამორბედის, შევარდნაძის უგონო გადაწყვეტილება რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასაცავად სახალხო ლაშქრის გამოყენების თაობაზე და არ იქნებოდა საქართველოს ავტონომიების ფაქტობრივი დაკარგვა.

მარგველაშვილის განცხადებას რომ სახალხო კითხვა მოჰყვეს – მაინცდამაინც, რატომ დაისაჯა საქართველო? – ურიგო არ იქნებოდა. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის  უმრავლესობას ასეთი კითხვა თავში არ მოუვა, ვინაიდან მედიური პროპაგანდით არის გონდაბინდული. არადა, ღირს ამ კითხვის დასმა და იმის გაჟღერებაც, როდესაც დამნაშავე ხარ, ნამუსი უნდა იქონიო მოსაბოდიშებლად და სხვის დასადანაშაულებლად შეტევაზე არ უნდა გადახვიდე.

და კიდევ ასეთი კითხვის დასმაც ღირს – ღვთისპირისგან გადავარდნილმა, აგრესორმა და მზაკვარმა რუსეთმა დსთ-ეს რომელი წევრი სახელმწიფოს მიმართ განახორციელა აგრესია? მსგავსი, არ მახსოვს, იქნებ შემახსენონ ყმაწვილმა პოლიტიკოს-პოლიტოლოგებმა!

მარგველაშვილის სიტყვა სხვა რამითაც იყო „აღსანიშნავი“: – „2014 წლიდან შავი ზღვა ფაქტობრივად ევროპული ზღვა გახდა, რომლის ირგვლივაც გაერთიანებული ყველა ქვეყანა, რუსეთის გარდა, ევროპული თანამშრომლობის პროცესშია ჩართული“. კარგა ხანია მსგავსი სისულელე არ მსმენია.

სისულელეა, როდესაც ბულგარეთის და რუმინეთის ნატოსა და ევროკავშირში ყოფნამ – შავი ზღვა ევროპულად გადააქცია. უკრაინა, მართალია ევროკავშირის ასოცირებული წევრია, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში ის ისე ეღირსება წევრობას, როგორც საქართველო.

დღევანდელი უკრაინა ქურდი პოლიტიკოსების, ბანდერელების, რეაქციული ისლამის და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი ქვეყანაა, თანაც ამ ე.წ. სახელმწიფოსთან იარაღით მოვაჭრე, იქ გაწვრთნილი ჯიჰადისტების დონბასის ფრონტზე წარმგზავნი, სხვა ბინძური საქმეებით გამოჩენილი.

უკრაინა ის უნიკალური ქვეყანაა, ვინც სიხარულის ტაში შემოჰკრა თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს. უკრაინა ისაა, ვინც თურქი პილოტი,  უკრაინის ორდენით დააჯილდოვა. ასეთთან ძმობა და მეგობრობა სახიფათოა. თუმცა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან არც არაფერია გასაკვირი, ისინიც ხომ მარჯვენას უქებენ (ალასანია) „თურქეთის საჰაერო სივრცის გუშაგებს“?!

20 წელიწადზე მეტი გავიდა ნანატრი დამოუკიდებლობის მიღებიდან, მაგრამ „კარგი“ ცხოვრება არ ჩანს. არადა, იმჟამინდელ ქართულ პოლიტიკას – ემოციურს და ეგზალტირებულს მიაჩნდა, რომ დამოუკიდებლობა საკმარისი იქნებოდა ე.წ. ცივილიზებულ სამყაროსთან ჩასახუტებლად; რომ დემოკრატი და კეთილი დასავლეთი წამსაც არ დაკარგავდა საქართველოს დასახმარებლად, აღსაზრდელად, ფეხზე დასაყენებლად, მისი ქუჩებისა და სადარბაზოების დასასუფთავებლად, „ბორჯომისა“ და ღვინის წასაღებად, სანაცვლოდ, საამური ცხოვრების შესაქმნელად.

შემოვიდა დასავლეთი, მაგრამ არა ისე, როგორსაც ველოდით – ჩვენი გულუბრყვილობითა და უცხოური ცხოვრების არცოდნით. შემოვიდა და შემოგვიტანა „დემოკრატია“, უკვე საძულველად აღქმული სიტყვა, რომლის არსი მარტივია – რასაც დასავლეთი აკეთებს „დემოკრატიულია“, რასაც სხვა – ანტიდემოკრატიული.

შემოვიდა და შემოიტანა ე.წ. ლიბერალური დემოკრატია, ერთსქესიანთა ქორწინება, გეი-პარადების პროპაგანდა, იქ ნავარჯიშევი თინეიჯერების მმართველობა, ყოველივე ეროვნულისა და ტრადიციულის საპირისპირო განწყობა, ისტორიული, დიდი მეზობლის წინააღმდეგ დარაზმვა, წარსულის განქიქება და აბსტრაქტული მომავლის ქებათა-ქება.

შემოვიდა და შემოგვიტანა უცოდინრობა, განუკითხაობა, სოციალური უთანაბრობა, შიმშილი, ნაგვის ყუთებში ქექვა. და ჩვენც მივეჩვიეთ „საამურ“, ე.წ. დასავლურ ყოფას. იქ გაზრდილ ხელისუფალთა ხალხის თავზე უკიდეგანო ჯირითს; არჩევნებიდან, არჩევნებამდე გამოსწორების იმედით ცხოვრებას. და რაც მთავარია, იმ ზღაპრების სინამდვილედ აღქმას, რასაც რეიტინგებით, რაღაც რეფორმებით, რაღაც ასოცირებით და კიდევ მრავალი „რაღაცით“ რომ პირველები ვართ მსოფლიოში.

საქართველოს მიმართ დასავლეთის ქცევა არაფრითაა გასაკვირი. ის ასე იქცეოდა ისტორიულად, ასე იქცევა დღესაც და მომავალშიც ასე  მოიქცევა. პრობლემა ჩვენშია და იმაში, როგორ აღვიქვით ის ჩვენ, როგორ მივენდეთ მას, ფარისეველსა და მატყუარას, როგორც უმწიკლო კრავი მგელს.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.