რუსულ-თურქული მტრობა

რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ დიდი პრობლემები გააჩინა არა მარტო რუსეთ-თურქეთის, არამედ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, თანაც ისეთი, მრავალი წლის განმავლობაში დავიწყებას რომ არ მიეცემა. აღნიშნულმა ფაქტმა რომ უკიდურესი გაღიზიანება, უფრო სწორად სიბრაზე გამოიწვია, რუსეთის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ წრეებში, კარგად ჩანს რუსული სატელევიზიო არხებიდან. არაერთი სატელევიზიო „თოქ-შოუ“ მიეძღვნა ამ თემას და ყველა მათგანი აღვსილი იყო შურისძიების მუხტით.

როგორც ჩანს, თურქეთის პოზიცია მთელ რიგ საკითხებში რუსეთისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ თვითმფრინავის ჩამოგდებამდე ანგარიში ეწეოდა ეკონომიკურ კავშირებს. რუსეთი თვალს ხუჭავდა თურქეთის პოზიციაზე ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ყირიმის რუსეთში დაბრუნება; ყირიმელი თათრების თემა; სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა; ქურთების შევიწროება და სხვა.

რუსეთის მიერ ყირიმის საკითხის სათავისოდ გადაწყვეტამ სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთში. ოფიციალური ანკარა აფიქსირებდა და აფიქსირებს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებაში. მისი პოზიცია ემთხვევა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას, უკრაინაში მცხოვრები ყირიმელი თათრების ნაწილის პოზიციას, რომლებიც მხარს უჭერენ ოფიციალურ კიევს.

დღიდან ყირიმის რუსეთთან მიერთებისა, თურქეთმა გააქტიურა კავშირები ნახევარკუნძულთან, დანიშნა საბორნე მიმოსვლა, წამოიწყო ბიზნესი, რაც ერთი შეხედვით რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ ერთის შეხედვით. პარალელურად, თურქეთმა მჭიდრო იატაკქვეშა კავშირები დაამყარა ყირიმელ თათრებთან, დააფინანსა ისინი და აშკარად შეუწყო ხელი სეპარატიზმის გაღვივებას,  ანტირუსულ პოლიტიკას.

თურქი პოლიტიკოსები აღარც იმის განცხადებას ერიდებოდნენ, რომ ყირიმი 2030 წელს თურქეთის შემადგენლობაში მოექცეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ორპირული თურქული პოლიტიკა, რომელსაც ძირი ისტორიული აქვს.

ამის შემხედვარე, უმალ თვალწინ გვიდგება აჭარა, სადაც თვალნათელია აჭარის ეკონომიკური ოკუპაცია. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც თურქეთის მიერ აჭარაში გახსნილი საწარმოები ძირითადად სარფს იქით მცხოვრები თურქებით არის დაკომპლექტებული.

ბოლო წლებში ბათუმმა, მოსახლეობის რაოდენობით გაუსწრო მეორე ქალაქ ქუთაისს, რაც თურქული ექსპანსიის შედეგია. დამოუკიდებლობის ჟამს 30000 თურქი „შეიძინა“ ბათუმმა. თურქული გადმოსახლება ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ მალე ბათუმის მოსახლეობა 200000 მიაღწევს, ცხადია, არა დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესებით, არამედ მეზობელი ქვეყნის გაღვივებული მადის შედეგად.

თურქი  იდეოლოგების გეგმით, გათვალისწინებულია „დიდი ოსმალეთის“ აღორძინება, რაც პირდაპირ შეეხება საქართველოს და არა მარტო მას. წაიკითხეთ დღევანდელი პრემიერის დავუთოღლუს წიგნი „სტრატებიული სიღრმე“ და უმალ მიხვდებით თურქულ ჩანაფიქრს.

საქართველოს თურქიზაციას უდავოდ შეუწყო ხელი ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც 2000-ზე მეტ თურქს ქართული პასპორტები ჩამოურიგა. რად ღირს სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველოს ისტორია თურქებთან მიმართებაში გაყალბებულია და თურქები არასდროს ყოფილან საქართველოს მიმართ მტრულად, აგრესიულად განწყობილნი. მან მოწმედ მოიყვანა საკუთარი დედა, გიული ალასანია, თურქოლოგი და რამდენიმე თურქული უნივერსიტეტის დამფუძნებელი.

თურქული გავლენა რომ მარტო აჭარაზე ვრცელდებოდეს, რა გვიჭირს – მთელ საქართველოზე ვრცელდება. როდესაც ქვეყნის სავაჭრო ტვირთბრუნვის 75% თურქეთზე მოდის, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ მეზობელი გვაკონტროლებს.

დავუბრუნდეთ ყირიმს. იქაური თათრების ექსტრემისტული ძალები, რომლებიც ყირიმის გარეთ, უკრაინის ტერიტორიაზე არიან, ანტიდონბასური ბრძოლით გამოირჩევიან. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო ძალების წინააღმდეგ არაერთი ყირიმელი თათარი იბრძოდა, თათართა სპეცრაზმებში, რომლებსაც საბრძოლო წრთობა სირია-ერაყის ტერიტორიაზე გამაგრებულ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში მიიღეს.

რაც შეეხება ბაშარ ასადს და სირიის ხელისუფლებას – აქაც ოფიციალური ანკარისა და მოსკოვის პოზიციები დიამეტრალურად განსხვავდება. თურქეთი რახანია იბრძვის სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დასამხობად და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად, რაც ნიშნავს სირიის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესებას, ბაშარ ასადის ნაცვლად თურქეთისთვის ლოიალურად განწყობილი სირიული ხელისუფლების ჩამოყალიბებას.

თურქეთი, რომელმაც რახანია ზურგი შეაქცია საკუთარ დოქტრინას, აგრესულ პოლიტიკას მიმართავს. დოქტრინა გულისხმობდა ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობის ქონას – მშვიდობიან თანაცხოვრებას. სირიასთან, ამჟამად რუსეთთან, ერაყთან, ისრაელთან, ეგვიპტესთან, სხვებთან დაძაბული დამოკიდებულება თავისთავად ღაღადებს თურქული შორსმიმავალი გეოპოლიტიკური პროექტის ცხოვრებაში გატარებას.

თურქეთი ვერ იტანს ირანის როლის გაფართოებას სირიასა და ერაყში. შიიტური ირანი მისთვის თურქული პროექტის განხორციელების ბარიერია. მაინც, რა იგულისხმება თურქულ პროექტში? – უპირველესად, „დიდი თურქული იმპერიის“ აღორძინება. აღნიშნული პროექტი რამდენიმე წლის წინათ შეიმუშავა თურქმა სწავლულმა და ბიზნესმენმა ფეთხულა გიულენმა.

ეს პიროვნება, მრავალი წლის განმავლობაში ერდოღანის პირველი მრჩეველი იყო. მოგვიანებით მათ შორის „შავმა კატამ“ გაირბინა და ერდოღან-გიულენი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. ფეთხულა გიულენი რახანია აშშ-ი ცხოვრობს, მაგრამ დისტანცია მას ხელს არ უშლის სამშობლოში არსებული „გიულენისტებისთვის“ შესაბამისი ფინანსურ-იდეოლოგიური დახმარების გაწევას.

გიულენი  მილიონერია და ის პიროვნებაა, რომელსაც უამრავი მიმდევარი ჰყავს. ანკარის მიერ გიულენი მტრადაა შერაცხული, მაგრამ მისი მოძღვრება „დიდი თურქეთის“ შექმნასთან დაკავშირებით ძალაშია. გიულენი აქტიურად მოქმედებს „ოსმალეთის იმპერიის“ ხვალინდელ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო ცენტრების შესაქმნელად. ამიერკავკასიაში, კერძოდ აჭარაში მოქმედებს გიულენის მიერ შექმნილი მედრესეები, სადაც ახალგაზრდებს აახლოებენ თურქულ კულტურასთან, სუნიზმთან, „დიდი თურქეთის“ მოძღვრებასთან.

„დიდი თურქეთი“ თავის საზღვრებში ჩრდილო კავკასიასაც და რუსეთის სხვა ტერიტორიებსაც მოიაზრებს, ისე, როგორც ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.

სირიაში დაწყებული ანტიასადური ამბოხი, რომელიც მოგვიანებით ტერორისტულ ომში გადაიზარდა, ოფიციალური ანკარის შორსმიმავალი გეგმის ნაყოფია. თურქეთი, ის ქვეყანაა, წლების განმავლობაში რომ წვრთნიდა, აიარაღებდა და სირია-ერაყის ტერიტორიაზე შეჰყავდა ანტიასადური ძალები. თურქეთი, ის ქვეყანაა, რომელიც დიდ სარგებელს ნახულობს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საქმიანი კონტაქტებით.

თურქეთი, ის ქვეყანაა, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ატარებს „ისლამური სახელმწიფოდან“ წამოსულ ნავთობმზიდებს და საზღვაო პორტ ჯეიჰანიდან გასაყიდად გააქვს მსოფლიო ბაზარზე. „შავი“ ენერგომატარებლებით შემოსული ფული – მილიონნახევარი დოლარი დღიურად, კვებავს „ისლამურ სახელმწიფოს“. გარდა ამისა, ერთი იმდენი ილექება სატრანზიტო ქვეყნის მოვაჭრეთა ანუ თურქ ბიზნესმენთა ჯიბეში.

სიტყვით, თურქეთი ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“, საქმით მასთან თანამშრომლობს. თურქეთი აშშ-ს მიერ შექმნილ „ანტიისლამური სახელმწიფოს“ კოალიციის წევრია, სწორედ იმ კოალიციისა, რომელიც ერთი წელიწადია ვითომ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“. სინამდვილეში, ურთიერთობს მასთან არა მარტო ნავთობის „შავ“ ბიზნესში, არამედ არტეფაქტების შესყიდვაშიც. „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავალი, სირიის ტერიტორიაზე არსებული კულტურის საუკუნოვანი ძეგლების ბარბაროსული ნგრევა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვაა. მყიდველი – თურქი ბიზნესმენებია.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ „შავი“ ბიზნესის წარმოებაში ცნობილია თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ვაჟიშვილი. ასე, რომ საქვეყნო საქმეს, კერძო, წინ უსწრებს და თრგუნავს. ეს ფაქტები ყველასთვის არის ცნობილი, მათ შორის აშშ-ს ადმინისტრაციისთვის და ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის, მაგრამ რეაქცია არ ჩანს. რაც ჩანს – ლიტონი განცხადებებია – „ისლამური სახელმწიფოსთან“ ბრძოლა.

ერთობ შეხმატკბილებული იდილია რუსეთმა დაარღვია ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე საჰაერო-კოსმოსური ძალების შეტევით, ბენზინმზიდი ცისტერნების და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განადგურებით. ეს შეტევა თურქეთმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-ა, პირად გამოწვევად მიიღეს, მაგრამ თურქეთისთვის მას სხვა მნიშვნელობაც აქვს – საკუთარ ჯიბეში „შავი“ ბენზინის გაყიდვით შემოსული ფულის შემცირება.

სირიაში რუსეთის აქტიურმა გამოჩენამ ფაქტიურად გაანადგურა აშშ-ს გეგმებიც ანუ ბაშარ ასადის ჩამოგდება, „ისლამური სახელმწიფოს“ ახლო აღმოსავლეთში გაბატონება, მართვადი ქაოსის შექმნა და ტერორის, რუსეთის წინააღმდეგ მიმართვა.

თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება გაფრთხილებაა რუსეთისთვის. მიზანი? – რუსეთის ავიაციის მოქმედების შეჩერება, ბაშარ ასადის გაწირვა, სირიიდან გამოსვლა და ახლო აღმოსავლური გეოპოლიტიკური საჭის აშშ-სთვის ჩაბარება. დანარჩენი დეტალებია – დაარღვია თუ არა რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საზღვარი, თურქეთის პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებები, რომ თურქეთი არავის აპატიებს საკუთარი საზღვრის დარღვევას.

კეთილი, მაგრამ თვით თურქეთის ავიაცია რომ სისტემატურად არღვევს ნატოს წევრი საბერძნეთის საზღვრებს? მსგავსს, წელს 20-ჯერ ჰქონდა ადგილი. საბერძნეთი ისე არ პასუხობს, როგორც თურქეთმა, რუსეთს უპასუხა, ვინაიდან თურქული სამხედრო თვითმფრინავებით საბერძნეთის საზღვრის დარღვევა არ ემუქრება საბერძნეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას, ისე, როგორც თურქეთის საზღვრის წამიერი დარღვევა, არაფრით ემუქრებოდა თურქეთის მოსახლეობას. თურქეთის მხარე აცხადებს, რომ 10-ჯერ გააფრთხილეს რუსი მფრინავები. გააფრთხილეს და ჩამოაგდეს.

საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია გაფრთხილება, დამრღვევი თვითმფრინავის იძულება, გავიდეს ქვეყნიდან, გამაფრთხილებელი სროლის განხორციელება და ა.შ. რაც თურქულმა მხარემ არ გამოიყენა.

ამ პროვაკაციამდე თურქეთ-რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობები სუფევდა, რაც თავისთავად ზღუდავს თუნდაც, საჰაერო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მსგავს ქმედებას. რუსული მხარის მტკიცებით, მას საზღვარი არ დაურღვევია.

რა შეიძლება მოჰყვეს ესოდენ არასასიამოვნო ამბავს? რუსეთ-თურქეთის ეკონომიკური კავშირების შეზღუდვა; რუსულ-თურქული ენერგეტიკული პროექტების შეჩერება; რუსული ტურიზმის შეზღუდვა; პოლიტიკური დამოკიდებულების გაუარესება, რაც თავისთავად გამოიწვევს ორი ქვეყნის დაპირისპირებას.

თვალი გადავავლოთ რუსულ-თურქულ ეკონომიკურ კავშირებს. თურქეთის ეროვნული პროდუქტის 40% რუსეთთან ვაჭრობაზე მოდის, რის შედეგად, ყოველწლიურად, 40 მილიარდი დოლარი შედის თურქეთის ბიუჯეტში. თურქეთის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა რუსული გაზის 60%-ით არის გარანტირებული. რუსეთის ბაზარი ღიაა თურქული სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციისთვის. პირველ ნაბიჯად რუსეთმა აკრძალა საკუთარ ბაზარზე ქათმის ხორცის შეტანა. ყირიმის ნახევარკუნძულმა მთლიანად შეაჩერა თურქულ ბიზნესთან ურთიერთობა. მოსალოდნელია სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის ტურიზმის აკრძალვაც, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს თურქეთის ეკონომიკას.

რუსეთი არ ჩაყლაპავს თურქეთის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფას, თუნდაც თურქეთის მხრიდან დაგვიანებული ბოდიშის მოხდის შემდეგაც, თუმცა ასეთს არ აქვს ადგილი. რუსეთი უფრო აქტიურად გააგრძელებს ბაშარ ასადის მხარდაჭერას და ტერორისტების პოზიციების დაბომბვას. გარდა ამისა, დაეხმარება ანტითურქულად განწყობილ ქურთულ მოძრაობას.

დღემდე, თურქეთის ხათრით, ქურთებთან მიმართებაში, რუსეთი თავშეკავებულად მოქმედებდა. დღეიდან, რუსეთი ყველანაირად შეეცდება ქურთული ძალის ამოქმედებას, რაც უსერიოზულესი თავსატეხი იქნება თურქეთის ხელისუფლებისთვის.

რუსეთი გაცილებით აქტიურად დაუჭერს მხარს თურქთა მიერ სომეხი ხალხის გენოციდის საკითხის სხვამხრივ ანუ თურქეთის საწინააღმდეგო გაჟღერებას, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში თურქული პოზიციების შეზღუდვას.

რუსეთი აქტიურად ითანამშრომლებს ირანის მიმართულებით, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც რეგიონში თურქეთის გავლენის შეზღუდვის მომასწავლებელი იქნება. რუსეთი ყველანაირად დაეხმარება ირანს რეგიონულ ლიდერად აღიარებაში, რაც თურქეთის ზურგში ისეთი ლახვრის ჩაცემა იქნება, როგორც რუსეთის ზურგში, თურქული მახვილის.

რუსულ-თურქული ურთიერთობების გაუარესება, უდავოდ შეარყევს კავკასიაში შექმნილ ბალანსს, რაც იმოქმედებს სამივე ქვეყანაზე – საქართველო, აზერბაიჯან და სომხეთზე. თურქული ბიზნესი ვეღარ გაიხარებს აფხაზეთში, როგორც დღემდე. თავსატეხი გაგვიჩნდება ჩვენც, რის შესახებაც მომდევნო სტატიებში მოგახსენებთ.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.