„გადემოკრატებული“ საქართველო

„საჭმლის ფული არ მაქვს, გეხვეწებით, იყიდეთ ერთ ლარად“ და ავტომანქანის ფანჯარაში ჯანღონით სავსე მამაკაცი ვაშლატამას მთავაზობს. მისგან რამდენიმე ნაბიჯზე ახალგაზრდა ქალი, ხელში აყვანილი პატარა ბავშვით, ფულს მთხოვს – 20 თეთრს. შუქნიშანთან მიახლოებულს, ავტომანქანის ორივე მხრიდან ბავშვები მთავაზობენ რაღაც ბუკლეტების შეძენას. მათი მიზანი ფულის გამოძალვაა და არა ბუკლეტების გაყიდვა.

ავტომანქანის რადიოდან დიანა ტრაპაიძის თოქ-შოუ იფრქვევა, საშური რესპონდენტების „ბრძნული“ მოსაზრებებით. თემა – უცვლელი, ბოლო კვირეების განმავლობაში – აზერბაიჯანელი „ჟურნალისტი“ აფგან მუხთარლი, საქართველოს კონსტიტუცია, თბილისის მერის არჩევნები და სხვა „მნიშვნელოვანი“ საკითხები, რომლებიც ისე აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, როგორც შარშანდელი თოვლი.

რაც მოსახლეობას აწუხებს, არ აწუხებს ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას. სამივეს ქართული „დემოკრატიის“ თემები ხიბლავთ, მეტადრე, ვიდრე გაუსაძლისი სოციალური ყოფა, გაჭენებული ინფლაცია, დაუსაქმებლობა, კვების პროდუქტებზე ფასების მატება და ა.შ. ეს თემები დამოუკიდებლობის მიღებისთანავე გაჩნდა და 25 წელიწადია სიცოცხლეს გვიმოკლებს. არის დაპირებები მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. სულ მცირე 3 ასეთი დაპირება იყო შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის ხელისუფლებათა მხრიდან, მაგრამ შედეგი – ნული.

ტრაპაიძე კი ყოველდღიურად 14-სა და 16 საათებზე ელაპარაკება ჩვენს „სასიქადო“ პოლიტიკოსებს ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდან, პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიებიდან და არის ერთი დავიდარაბა სატელევიზიო თუ რადიო ეთერში – კონსტიტუციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაჭერასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს ღრმაშინაარსიან განცხადებებთან დაკავშირებით.

TV-I“-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა ტრაპაიძის შუადღის შოუებითა და გრიგოლიას საღამოს ტელეპაექრობებით. „გადემოკრატებული“ საქართველოს პოლიტიკა, ექსპერტობა და მედია მჭერმეტყველებაში ეჯიბრება ერთმანეთს – არც თავს იზოგავს და არც ოპონენტს ზოგავს ავსიტყვაობისგან.

დიახ! ამას ჰქვია დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა ის, რაც დასავლეთმა გაგვიზიარა და განვითარების უმთავრეს ბარომეტრად დაგვისახა. ევროატლანტიკური სივრცის შეფასებით, საქართველო, დემოკრატიის თვალსაზრისით, უპირველესია არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიელთა გამოკლებით.

ეს საშური შეფასება რახანია დაიმსახურა საქართველომ თვით აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსისგან. და საქართველოც ხარობს, ცხადია მისი პოლიტიკა და ცდილობს მეტი გააკეთოს სრული „გადემოკრატებისთვის“. რაც შეეხება ხალხს – მას დემოკრატიისთვის არ სცხელა, კუჭის გამოკვების პრობლემა აქვს – 25 წლის განმავლობაში გადაუჭრელი.

ვუსმენ ტრაპაიძის თოქ-შოუს, რომელსაც შიგადაშიგ, შენელებული სვლით მიმავალს, მათხოვრები მაწყვეტინებენ – ქართული „დემოკრატიის“ პირმშოები. რესპონდენტები ერთმანეთს ასკდებიან არჩევნების პროპორციულად თუ შერეული წესით (მაჟორიტარულ-პროპორციულად) ჩატარების თაობაზე. არც ერთი სიტყვა ქვეყნის ეკონომიკური განუვითარებლობის შესახებ. არც ერთი სიტყვა ინფლაციის თაობაზე ან უმუშევრობაზე. ეს, ის თემებია, რომლებზეც არვინ ლაპარაკობს. თუ რაზე ლაპარაკობენ – ევროატლანტიკური ვექტორია – ნატოში და ევროკავშირში შესვლით, თითქოს მარტო ჩვენზე იყოს ამ ორგანიზაციებში გაწევრება.

ისე, კაცმა რომ თქვას, სწორედაც რომ ჩვენზეა ამ ორგანიზაციების წევრობა, განა ფინეთის მაგალითი ცხვირწინ არ გვაქვს?!

ფინეთს ეხვეწებიან ნატოში შესვლას, მაგრამ ის თავს იკავებს. საქართველოც ასე იქნებოდა, 25 წლის განმავლობაში „დემოკრატიას“ რომ არ გადაყოლოდა და ნაცვლად უსაგნო ლაქლაქისა, პრაქტიკული, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა.

ფინეთის მაგალითი ხშირად მოგვყავს, ვინაიდან აშკარა ილუსტრაციაა ფინელი პოლიტიკოსებისა და ხალხის პრაგმატული აზროვნების. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ფინელმა ხალხმა და განსაკუთრებით პოლიტიკამ – აირჩია რა ფაშიზმი, საკუთარი კეთილდღეობის გზად, საბედისწერო შეცდომა დაუშვა. შედეგი, 1939 წელს საბჭოთა კავშირთან ომში დამარცხება და ტერიტორიების დაკარგვა. მაგრამ ფინელები დროულად გამოერკვნენ შექმნილი ვითარებიდან, გადადგეს პრაგმატული ნაბიჯები და გუშინდელ მტერთან ანუ სსრკ-სთან საქმიანი კავშირები დაამყარეს, რამაც ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად გადააქცია.

საბჭოთა ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, შრომით და გარჯით ფინეთი თითით საჩვენებელ სახელმწიფოდ გადაიქცა. ასეთის ნატოში ყოფნა გააძლიერებს ამ ორგანიზაციას. ამიტომაცაა აშშ-ს, ნატოს ემისრების სისტემატური ვიზიტები ფინეთში – გამუდმებული თხოვნით, ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. ფინეთი თავს იკავებს, მარტივი მოსაზრებიდან გამომდინარე – მას არ სურს მეზობელი რუსეთის გაღიზიანება. უღირს ფინეთს ნატოში გაწევრებით, რუსეთის გადაკიდება?

უდავოდ არა. ევროკავშირის წევრი ქვეყანა დიდის ყურადღებით იხილავს დასავლელთა მიპატიჟებას ნატოში და არ სურს გაიმეოროს გასული საუკუნის 30-იანი წლების შეცდომა.

ფინეთის მაგალითის გადაღება უდავოდ წაადგებოდა საქართველოს, მაგრამ სამწუხაროდ ამას არ აქვს ადგილი მრავალ ფაქტორთა გამო, რომლებშიც უმთავრესია აშშ-ს დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ვაშინგტონს სურს იხილოს საქართველო რუსეთთან მუდამ მებრძოლი და არა მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში მყოფი.

შორს რუსეთის ორბიტიდან – არის ბრიუსელისა და ვაშინგტონის დევიზი – საქართველო-უკრაინა-მოლდოვისთვის შესასრულებელი. და ჩვენც მუყაითად ვასრულებთ მათ რჩევას. ვართ „დემოკრატიულები“, ვიღებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მზად ვართ მოვაწყოთ გეი-აღლუმები, დავგმოთ აზერბაიჯანელი მუხთარლის დაკავება, დავუშვათ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება, ტელეეთერი დავუთმოთ გაცისფრებულ ყმაწვილებს, ვლანძღოთ რუსეთი და მისი ხელისუფლება და ა.შ.

ყოველივე აღნიშნულში აშკარაა ხელისუფალთა სიმარდე, მაგრამ გამართული სოციალური ყოფისთვის, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, ქვეყნის მშენებლობისთვის სიმარდე არ ჩანს.

დიახ!  ჩვენ უფრო დემოკრატები ვართ, ვიდრე ჩვენი მეზობლები და არა მეზობლები, ბელარუსის სახით – ასე ამბობენ „ისინი“ დასავლეთში. ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მონათლული ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო სულაც არ დებს თავს ევროპულ დემოკრატობაზე. მას საკუთარი დემოკრატიული სახელმწიფო აქვს შექნილი, სადაც გაცილებით ნაკლები უმუშევრობაა, ვიდრე დემოკრატიულ საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში ან ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში. საშუალო ხელფასითა და პენსიით ბელარუსს ბადალი არ ჰყავს დსთ-ში და არა მარტო იქ.

ბელარუსი ის ქვეყანაა, რომელმაც არ დაანგრია საბჭოური მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განათლების და სამედიცნო დახმარების სისტემები. პირიქით, ძველზე დააფუძნა ახალი, თანამედროვე და ისეთი პროდუქცია შექმნა, რომლის საექსპორტოდ გატანა უხერხულობას არ უქმნის მას.

ივლისის დასაწყისში ბელარუსმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა სამხედრო პარადითა და წარმოებული პროდუქციის დემონსტრირებით – ტელევიზორები, მაცივრები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ტრაქტორები, სატვირთო ავტომანქანები, ავეჯი.

ჩვენი და დასავლეთის შეფასებით, ბელარუსი არ არის დემოკრატიული ქვეყანა. იქაურ ტელეეთერში ვერ მოისმენთ გრიგოლიას, ტრაპაიძის, სხვების „ღრმაშინაარსიან“ თოქ-შოუებს, მაგრამ ვერც იმდენ მათხოვარს ნახავთ, ვიდრე „დემოკრატიულ“ საქართველოში. ბელარუსის შემხედვარეს უმალ გებადება კითხვა – რა სჯობს, ქართული „დემოკრატია“ თუ ბელარუსული „დიქტატურა“?

თვალი შევავლოთ ყაზახეთს, მის წინსვლა-განვითარებას. წარმატებების დემონსტრირებისთვის ყაზახეთს მარტო ახალი დედაქალაქის აშენება ეყოფა, რომ აღარაფერი ვთქვათ 19-მილიონიანი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, მიღწევებზე მეცნიერებისა და განათლების სისტემებში, ეკონომიკურ წინსვლაზე, ქალაქების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სახელი კარგად არის ცნობილი მსოფლიოში. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობის წლებში განხორციელებული მთელი რიგი პროექტები, რომლებსაც ევროპის ბევრი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის. მარტო ის რად ღირს, მოტიტვლებული ასტანის უდაბნოს ტერიტორიაზე 75000 ჰექტარის მწვანე ნარგავებით განაშენიანება და ახალი დედაქალაქის ხეებით შემორკალვა.

თავი დავანებოთ დსთ-ს და გადავინაცვლოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – ქვეყნებში, რომლებსაც ხშირად „ეკონომიკურ ვეფხვებადაც“ მოიხსენიებენ. ავიღოთ მაგალითდ სინგაპური, გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ჩამორჩენილი, გაპარტახებული ქვეყანა, რომელმაც მართლაცდა გენიოსი ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის ლი კუან იუს ხელში, 25 წლის განმავლობაში, გიგანტური პროგრესი განიცადა.

თანამედროვე სინგაპური, განვითარებული ელექტრონულ-გამოთვლითი ტექნიკით, დისციპლინით, შრომისმოყვარეობით, წესრიგით თითით საჩვენებელია მთელს მსოფლიოში. ასეთი, ძლიერ საბანკო სისტემასაც შექმნის, სინგაპურის საზღვაო პორტს ნიუ-იორკის შემდეგ, მეორე საფეხურზე აიყვანს, სამაგალითო ზოოპარკსაც გააშენებს და ხუთმილიონიან მოსახლეობას საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებს.

სინგაპური ის ქვეყანაა, სადაც ყველას აქვს ბინა ან სახლი. სინგაპურის ქუჩებს, ენით ალოკავთ, ვინაიდან მტვრის ან ნაგვის ნასახსაც ვერ ნახავთ. ეს ქალაქი-სახელმწიფო გაოცებას იწვევს მნახველში, მათ შორის ჩემშიც. 4-ჯერ მომიწია სინგაპურში ყოფნა და ოთხჯერვე ეს ქვეყანა ინოვაციებით შემხვდა. რაციონალიზმი, მუყაითი შრომა, პასუხისმგებლობა და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარული იყო ის მთავარი მამოძრავებელი, რამაც განავითარა ქვეყანა.

სინგაპურს ხშირად აკრიტიკებენ  ჩვენი და არა მარტო, მეტიჩარა პოლიტიკოსები. არ მოსწონთ, როდესაც სიგარეტის ნამწვავს ისვრი ქუჩაში და ამისთვის 500-დოლარიან ჯარიმას გახდევინებენ. არც ის მოსწონთ, საღეჭ რეზინას რომ ვერსად იყიდით. მისი გაყიდვა აკრძალულია – სისუფთავის დაცვის მიზნით.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ სინგაპურს, ტაივანს, თვით დიდ ჩინეთს ისეთი „დემოკრატია“ რომ ჰქონოდა, როგორიც საქართველოს და სანუკვარი დრო თოქ-შოუებში, საპარლამენტო უსაგნო ლაქლაქში გაეტარებინა, რას მიაღწევდა? – არც არაფერს.

ტაივანმა, ისევე, როგორც სინგაპურმა, რამდენიმე წელია რაც მრავალპარტიული სისტემა დაუშვა. დაუშვა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ფეხზე დადგა. ჩვენ, დასავლელთა კარნახით, უმალ ვეცით „დემოკრატიას“, რომლის არც არაფერი გაგვეგებოდა და საბჭოთა საქართველოს ნაღვაწი, 25 წლის განმავლობაში ჯართად გავყიდეთ. დავანგრიეთ და მოვშალეთ ყოველივე, რისი დანგრევაც შეიძლებოდა.

დამოუკიდებლობის 25 წელიწადი საქართველომ ომებში, პროვოკაციებში, ტყუილ ლაქლაქში გაატარა და რაც უდავოდ თვალშისაცემია დამნაშავეთა დაუსჯელობაში. საქართველოს სამივე ხელისუფლებას ბევრი რამ ჰქონდა ჩადენილი ისეთი, ქვეყნის ძარცვა რომ ჰქვია, რისთვისაც ამ საქმის შემოქმედი ისჯება. არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ასეთი ნაბიჯი, რაც მინიშნებაა მომავალი ხელისუფლებისთვის – ისიც წინამორბედივით მოიქცეს.

ახალი ხელისუფლება თვალს ხუჭავდა იმ ძარცვა-გლეჯვაზე, რასაც მისი წინამორბედი სჩადიოდა, რითაც ჰქმნიდა დაუსჯელობის სინდრომს და ახალს, ხელს კრავდა დანაშაულისკენ. არადა, მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაული მძიმე ტვირთად არ უნდა აწვებოდეს ქვეყანას.

თანამედროვე მსოფლიოში კორუფციაში მხილებულის დასჯა, თუნდაც ქვეყნის მეთაურის, იშვიათობა არ არის. სულ ახლახანს კორუფციაში მხილებული იქნა სამხრეთ კორეის ქალბატონი პრეზიდენტი, ხოლო ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოლმერტი თითქმის 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვადაზე ადრე შეიწყალეს. სხვა მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ის, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, უდავოდ ცუდს აკეთებს მისი ხალხისთვის, ვინაიდან ათამამებს ხელისუფლებას, რომელიც დემოკრატიის საბაბით, თრგუნავს საკუთარ მოსახლეობას. მაგალითების მოსაყვანად შორს წასვლა არ დაგვჭირდება. მარტო ახალი კონსტიტუციის მიღების დავიდარაბა რად ღირს.

„დემოკრატიული“ ხელისუფლება დიქტატორული მეთოდით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში და ურცხვად აცხადებს, რომ ყველაფერს დემოკრატიულად აკეთებს. და ეს ხდება „დემოკრატიული“ დასავლეთის თვალწინ, ვენეციის კომისიის სახით.

როდესაც აღნიშნულ კომისიას ჯერ კონსტიტუციის ერთ პროექტს წარუდგენენ, ხოლო შემდეგ სხვას მიიღებენ პარლამენტის მეორე მოსმენით და კომისია, ნაცვლად განრისხებისა, რბილად წამოიკნავლებს, სულაც არ ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებას.

ანდა რა კონსტიტუციაზეა ლაპარაკი ქვეყანაში, რომელიც იატაკქვეშიდან იმართება მილიარდერი ივანიშვილის მიერ, რაც ცნობილია, როგორც ვენეციის კომისიისთვის, ისე, აშშ-ს პოლიტიკოსებისთვის. ვის სჭირდება ასეთი კონსტიტუცია, თუ არა იმავე „ოცნებას“, საკუთარი პოზიციების განმტკიცებისა და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნისთვის?

ყველამ კარგად იცის, რა ვითარებაა საქართველოში – შინაურმაც და გარეულმაც. ისიც კარგად იცის, რა დემოკრატიაც არის აქ, მაგრამ ის, რაც არის ყველას აწყობს – უპირველესად ხელისუფლებას, მის გულშემატკივრებს, უცხოელ პარტნიორებს და ჭკუის დამრიგებლებს. მათ აწყობთ მოლაქლაქე საქართველო, დემოკრატად წოდებული და არ აწყობთ საქმის მკეთებელი, მშენებელი ქვეყანა, თუნდაც ბელარუსის მსგავსი, ვინაიდან ასეთს საკუთარი აზრი ექნება.

ქართული „დემოკრატია“ უდავოდ სასწაულებს ახდენს და ისეთ მაგალითებს სთავაზობს, მსოფლიო დემოკრატიას რომ საშური ხდება. აბა მითხარით, პატივცემულო მკითხველო, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში მოისმენთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, პრეზიდენტის ტელედებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით?

საქართველოში ეს ხდება და ისიც ხდება, პარლამენტის თავმჯდომარე რომ საჯაროდ ლანძღავს პრეზიდენს. ზოგს პარლამენტის თავმჯდომარის საქციელი შეიძლება დემოკრატიად მიაჩნდეს, მაგრამ ჩემის აზრით, სახელისუფლებო სტრუქტურების ხრწნის მომასწავებელი ტენდენცია დემოკრატიად ვერ შეფასდება.

დამოუკიდებლობის წლებში, რისთვისაც მიგვიღწევია, „დემოკრატიულობაა“ – ასე ფიქრობს „დემოკრატიული“ დასავლეთი, რომელსაც ისე აერია გზაკვალი, რომ ანარქიას დემოკრატიად თვლის. ან რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როდესაც ზეგავლენით ცდილობ დემოკრადიულად გარდაქმნა ქვეყანა, რომელსაც ბევრი რამ აშორებს დემოკრატიისგან. გარდა ამისა, არის კი დასავლეთი ჭეშმარიტი დემოკრატიის მატარებელი?

ბოლო წლებმა თვალნათელი გახადა დასავლეთის მიერ ნაგოგმანები „დემოკრატია“. ზეგავლენით მოპოვებულ დემოკრატიას დიდი სიცოცხლე არ უწერია, მაგრამ არც ეს აწუხებს „დემოკრატიულ“ დასავლეთს. მისთვის მთავარია საქართველოს და მისი მსგავსი ქვეყნების თავის ბანაკში გადაბირება.

„კარგი გავლენა არ არსებობს, მისტერ გრეი. ყოველგვარი გავლენა უზნეობაა“, – ამბობს ლორდ ჰენრი, დორიან გრეისთან ლაპარაკში. „ადამიანი ასეთ შემთხვევაში სხვის ექოდ გადაიქცევა, ისეთი როლის შემსრულებელ მსახიობად, რომელიც მისთვის არ არის დაწერილი. ცხოვრების მიზანი საკუთარი თავის გამოვლენაა – სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა. აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნად“ (ოსკარ უაილდი „დორიან გრეის პორტრეტი“).

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.