ამასაც საზოგადოება ჰქვია?

საქართველო რომ ცხოვრების საწინააღმდეგო მიმართულებით მიექანება, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა.

დიახ! დაგვარწმუნა ზოგიერთები, რომლებსაც საღი აზრი ჯერაც შემორჩათ, თორემ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა სწორედ ისეა აწყობილი ფათერაკებით აღსავსე თანამედროვე ყოფაზე, რომ ზედაპირულობის მეტი არაფერი ადარდებს.

საზოგადოება, ასეთად სრულიად დაუმსახურებლად მოხსენიებული, უდავოდ არ შეესაბამება ამ სახელს, ვინაიდან სინამდვილეში ის შორსაა მისგან. რატომო? – იკითხავს მკითხველი – ჩვენისთანა დიდი ისტორიის მქონე ხალხი, საშური კულტურის შემქმნელი, განა ღირსი არ არის ასეთად მოხსენიების? რატომაც არა, მაგრამ ჩვენს მოხსენიებას რა ფასი აქვს, თუ სხვამ არ მოგიხსენა? სხვამ, რომ მოგიხსენოს საზოგადოებრივი აზროვნების – ჯანსაღის და საჭიროს ნიშნები უნდა გქონდეს, რაც დიდი დეფიციტია – ერთობ „განსწავლულ“, უცხოეთში „განათლებამიღებულ“ „საზოგადოებაში“.

საზოგადოება ისაა, ვინც კრიტიკულად იხილავს საკუთარ თითოეულ ნაბიჯს, ცდილობს ერთმანეთისგან განასხვაოს ცუდი და კარგი, დღენიადაგ იზრუნოს საკუთარი ცხოვრების პირობების, ყოფის, უფლებების დაცვის და განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

საზოგადოება ისაა, ვისაც უყვარს სამშობლო – სიტყვა ერთობ მიუღებელი და საქილიკო ე.წ. დღევანდელი საზოგადოებისთვის. რა აწუხებს ამ ე.წ. საზოგადოებას? რით არის მისი გული და გონება დაკავებული? რა აღელვებს, რაზე იშლის ან არ იშლის ნერვებს? რაზე ხარჯავს ღმერთისა და მშობლების მიერ ნაბოძები სიცოცხლის წამებს, წუთებს, საათებს და დღეებს? არის თუ არა ამ დახარჯულ დროში სამშობლო, მისი აწმყო და მომავალი და აქედან გამომდინარე საკუთარი მომავალი?

მსგავსს რომ ადგილი არ აქვს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მუხთარლის, „ბირჟა მაფიის“, ნარკოტიკების ჩადების, ბერა ივანიშვილის პოზიციის, „თავგადაკლული“, სიმართლისთვის „მებრძოლი“ ქართული მედიის და არანაკლებ „თავგადაკლული“ ქართული არასამთავრობოების, საზოგადოების „ამაყმა“ პოზიციამ დაგვანახა.

განსაკუთრებული „დამსახურება“ მიუძღვნის მედიას, რომელიც განუწყვეტლივ ღაღადებს ზემოჩამოთვლილ თემებზე და მეტი შთაბეჭდილებისთვის ეთერში, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე იწვევს „სახელგანთქმულ“ ექსპერტებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, ე.წ. პოლიტიკოსებს, „ცნობად“ სახეებს და არის ერთი დავიდარაბა ელექტრონული მედიიდან, გაზეთების ფურცლებიდან – რიგით მოქალაქეს რომ ნიაგარის ჩანჩქერივით ესხმება თავს.

ცხოვრება კი მიდის თავისი დინებით – შეუცვლელად, ისეთად, როგორიც იყო 25 წლის წინათ, თავისუფალი ცხოვრების დაწყების ჟამს. მაშინ არვის წარმოედგინა, რომ ე.წ. საზოგადოება – პროვინციულად მოაზროვნე და ქარაფშუტა, თავზე წამოაჯდებოდა ქვეყანას, ნამდვილ საზოგადოებას და ისე გააჭენებდა, უარესს რომ მტერიც ვერ ინატრებდა.

საქართველოს უამრავი პრობლემა დაუგროვდა მეტიჩარა, უგონო, უსაქმური „საზოგადოების“ გამოისობით. მათგან, უპირველესი, ქვეყნის მთლიანობის დაკარგვაა. თავისუფალი ცხოვრების დასაწყისს საქართველოს „საზოგადოების“ დიდი ნაწილი მოუმზადებელი შეხვდა. „საქართველო“, „საქართველოს“ „პატრიოტულმა“ ძახილმა, ვერც ქვეყანას და ვერც საკუთარ თავს ვერაფერი შესძინა.

რაც მივიღეთ – სისხლი, ნგრევა, გაუტანლობა, სახელმწიფოებრიობის მორღვევა, ფსევდოპატრიოტიზმი, დაუნახაობა და სხვა მრავალი ნეგატიური რეალობაა. მათ შორის გამოვყოფდი ქვეყნის სიჯანსაღის საწინააღმდეგო აზროვნებას, რამაც დაგვაპირისპირა რუსეთთან და ჩაგვახუტა აშშ-თან. ჩახუტება მაშინ არის თბილი, ჟრუანტელის მომგვრელი, როდესაც შენც ეხუტები და ისიც გეხუტება. ქართულ სინამდვილეში ჩახუტებას სხვა განზომილება გააჩნია – შენ რომ ეხუტები და ის შორს იჭერს თავს – მომაბეზრებელი ჩამხუტებლისგან.

25 „დამოუკიდებელი“ წლის განმავლობაში, რაც ყველაზე მეტად დავკარგეთ – თავმოყვარეობაა. უთავმოყვარო საზოგადოების მოქმედებამ მთელი ქვეყანა აქცია ასეთად. 25 წლის განმავლობაში, რაც გამოვკვეთეთ – უმადურობაა, ცხადია უპირველესად რუსეთის მიმართ. რაში არ ვადანაშაულებთ მას – ტერიტორიების წართმევიდან დაწყებული, ჩვენი გაუსაძლისი ყოფით დამთავრებული. რუსეთია საქართველოს ყველა უბედურების მომტანი –  ამას ამბობს ყველა ასაკისა და განათლების ადამიანი.

სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულმა ამერიკამ დაინახა – რანი ვართ, რისი გაკეთების უნარი გვაქვს და ღრმა დაკვირვების შემდეგ, ერთი ფუნქცია მოგვანიჭა – რუსეთის გამაღიზიანებელი. ანუ აშშ-ს ხელში მოქცეული საქართველო, სადგისის სახით, რუსული დუმებისთვის.

არა წარმოება, არა ეკონომიკა, არა ინოვაციები, არა პრაგმატული აზროვნება, არამედ სადგისობა. რა გენიალური მიგნებაა ქართული საზოგადოებისთვის – ნაკლები შრომა – ოფლისღვრა, მეტი ფული და დაფასება „სტრატეგიული“ პარტნიორის მხრიდან. 25 წლის განმავლობაში ქართული „საზოგადოება“ პირნათლად ასრულებს ამერიკელთა დავალებას, მაგრამ ქვეყანა? ვის აღელვებს ქვეყანა? არც არავის. მას მხოლოდ არჩევნების დღეს იხსენებენ და ისიც ცოტა ხნით.

„სტრატეგიულ“ პარტნიორს მოსწონს ასეთი საქართველო – ქვეყანა, რომელიც მისგან საქვეყნო საქმეს არ ითხოვს – არც ქარხანას, არც თანამედროვე ტექნოლოგიებს, არც ინვესტიციას – ქვეყანას რომ ფეხზე დააყენებს. ამერიკას არ სჭირდება განვითარებული, მოაზროვნე საქართველო, ვინაიდან ასეთთან ლაპარაკი გაუჭირდება. ამერიკამ საქართველოს ისეთი თაობა გამოუზარდა, მრავალი წლის განმავლობაში რომ მისდამი მონური მორჩილება ექნება.

ამერიკელთა გასახარად ქართული „საზოგადოება“ ლანძღავს და ლანძღავს რუსეთს, შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე. ქართულმა მედიამ – ქარაფშუტა „საზოგადოების“ პირმშომ, რუსეთის ლანძღვა-გინებაში სარეკორდო „მოსავალი“ მიიღო და ამ მაჩვენებლით „ყავისფერ“ უკრაინასაც გაუტოლდა – ჩვენსავით გაუბედურებულს და გონდაკარგულს.

არაფერი ეშველება ქვეყნის საქმეს, თუ პოლიტიკა არ მიანიშნებს მედიას, რომ რუსეთის მუდმივი ლანძღვა-ქილიკი ცუდის მომტანია. მეზობელს არ ირჩევენ. მეზობელს ღმერთი გვირჩევს და გვეუბნება თვით ვისწავლოთ მასთან ურთიერთობის ანბანი. თუ როგორ ვისწავლეთ – ნათელია. 25-წლიანმა ანტირუსულმა პროპაგანდამ გადააგვარა ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, რომელსაც „ცოცხალი“ რუსი არ უნახავს. ახალგაზრდობას არაფერი სმენია ქართულ-რუსული თანაცხოვრების არაერთსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. მაგრამ ვინც იცის, რატომ აძლევს თავს უფლებას გაკენწლოს წარსული, რომელიც რუსეთს უკავშირდება?

„ის მინდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში თავადაც ვიყავი თბილისის სახელოვან მთავარ არქიტექტორებთან – შოთა ყავლაშვილთან, ივანე ჩხენკელთან არსებული საბჭოს წევრი. იმ უმძიმეს დროში თბილისში აშენდა სპორტის სასახლე, გზების სამინისტროს უნიკალური შენობა, მაშინ დაიწყო დედაქალაქის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რესტავრაცია-რეგენერაცია“, – აცხადებს გიგა ბათიაშვილი, ცნობილი არქიტექტორი, რომელსაც ამჟამინდელებმა პროექტი დაუწუნეს.

ვთვლი, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება სწორედ იმ დილეტანტიზმის შედეგია – 25-წლიანი „დამოუკიდებლობის“ დროს რომ დაიბუდა ჩვენში, მაგრამ თვით ბათიაშვილის მიდგომა ძველისადმი როგორია?

უმადური, რასაც მისი სიტყვები „იმ უმძიმეს წლებში“ – ადასტურებს. სწორედ „იმ უმძიმეს“ წლებში აშენებულა ბევრი რამ ჩვენს ქალაქში და რატომ ვაგინებთ იმ წლებს?!

ვაგინებთ იმიტომ, რომ თავი გმირად წარმოვაჩინოთ. ვაგინებთ იმიტომ, რომ ვინმემ არაფერი თქვას – რუსეთს ვაქებთო. ვაგინებთ იმიტომ, რომ „ჩაგვეთვალოს“. მაშ, რომელი სჯობს – ის მძიმე პერიოდი, როდესაც შენდებოდა, თუ დღევანდელი, როდესაც დამწყები, არქიტექტორის დონეზე „გიმასპინძლდებიან“ სახელმოხვეჭილ ხუროთმოძღვარს?  

გავიმეორებ – ვიდრე მეზობელ რუსეთთან საქართველო არ გამოძებნის საერთო ენას, არაფერი გვეშველება. ნუ მიიღებთ ამას რუსოფილობად. ეს მრავალწლიანი დაკვრივების და პრაგმატული ანალიზის შედეგია. დედამიწაზე არ მოიძებნება სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს. ასეთი მხოლოდ ერთია და მას რუსეთი ჰქვია. აქ არა მარტო დაკარგულზე ვლაპარაკობ, არამედ დასაკარგავზეც – მომავალში რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს. გავიჭაჭებით რუსეთის ლანძღვა-გინებით და პრობლემები შეგვექმნება სამხრეთ საქართველოში – სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე. არანაკლები პრობლემები გვექნება აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში.

წინ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაკანონების საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ცხადია, დავით გარეჯის აქეთ თუ იქით ყოფნა, მძიმე და საკამათო თემადაა გცეული. აზერბაიჯანი, თავს, ამ ტერიტორიის ისტორიულ მემკვიდრედ თვლის. ასეთ დროს რა სჯობს მხარდამჭერ, ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია?!

არადა, გონივრულად მოქცევის შემთხვევაში არც 9 აპრილი იქნებოდა და არც იქიდან მოყოლებული საშინელებები, თავს რომ დაგვატყდა. ჭკუა-გონების მეტი განძრევა იყო საჭირო, რაც საზოგადოებამ ვერ მოახერხა.

დღესაც ვერ ახერხებს და ნაცვლად უმთავრეს საკითხებზე აქცენტების გაკეთებისა, მეორეხარისხოვან პრობლემებზე „იკლავს“ თავს. ტერიტორიული, სოციალური, დემოგრაფიული, კულტურული, სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები უყურადღებოდ რჩება. ნაცვლად ამისა ზედაპირულ-ქარაფშუტული „პრობლემები“ – მუხთარლის, ე.წ. მუსიკოსების, ნარკოტიკების ლეგალიზაციის, სხვა ყბადაღებული თემები რომ ჰქვია.

„ბირჟა მაფიას“ ბერამ სოლიდარობა გამოუცხადაო – გვაუწყებს მედია. იმავე მედიამ მუხთარლი ხომ ლამის ჩვენ ღვიძლ ძმად აქცია. აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკული ნივთიერებების ლეგალიზაციაზე და კონსტიტუციასთან დაკავშირებულ შეხლა-შემოხლაზე.

„კონსტიტუციაში ჩავწერთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხოელზე არ გაიყიდებაო“, – ამბობს კვირიკაშვილი. კეთილი, მაგრამ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების? და რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაიქცევა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების? ვიცით ხელისუფალთა მაქინაციების შესახებ და იმიტომ ვეჭვობთ.

გახსოვთ მერიის განცხადება – ვაკის პარკში არაფერი აშენდებაო, მაგრამ შემდეგ „წითელი ხაზი“ ლამის აუზთან გაავლეს და დანარჩენი ტერიტორიები პარკსგარე ზონად გამოაცხადეს და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ისეთი მშენებლობის ბუმია, რომ ხელოვნურად გაშენებული მწვანე საფარის, მათ შორის ხე-ტყის ნატამალიც არ დარჩება.

„როგორ შეიძლება ესოდენ მკაცრი კანონი ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-მოხმარებასთან დაკავშირებითო“, – გაჰკივის „მოწინავე“ ქართული „საზოგადოება“ და ისეთ განცხადებებს აკეთებს, ჰოლანდიასაც რომ შეშურდება.

დიახ! ჩვენ მაგრები ვართ – სულით-ხორცამდე თავისუფლები. დასავლეთზე უფრო მეტად თავისუფლები, დემოკრატები, ადამიანის უფლებების დამცველები, ერთნაირსქესიანთა ქორწინების გამზიარებლები და ა.შ., მაგრამ არ ვართ ქვეყნის, სამშობლოს დამცველები. რა დროს სამშობლოა, ეს ხომ გოიმური მცნება?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.