მოვლენები, რომლებიც ხელისუფლებას არ აღელვებს

გახმაურებულმა მოვლენებმა, რომლებსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი მიმდინარე წლის ნოემბერში, არა მარტო ნეგატიური შეგრძნება გაუღვივა საზოგადოებას ხელისუფლებასთან მიმართებაში, არამედ განუმტკიცა მოსაზრება მის (ხელისუფლების) უსუსურობაში. ეკონომიკურ ჩავარდნებს, ლარის გაუფასურებას, ფასების კატასტროფულ მატებას, სხვა „სიკეთეებს“ უეცრად, მოულოდნელად მოჰყვა ტერორისტებთან შერკინების სავალალო ამბავი და ბათუმის სასტუმროში გაჩენილი ხანძარი.

ორივეს მსხვერპლი ახლდა – საზარელი და მძიმედ გადასატანი არა მარტო დაღუპულთა მშობლების და ახლობლების, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ.

ამ ორი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია და ხელისუფალთა დაპირების თანახმად მალე შევიტყობთ რას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ვიდრე გამოძიება გვეტყვის რამეს, ხალხს თავისი პასუხი აქვს მომხდარზე – ამ შემთხვევებშიც ხელისუფლება ისეთივე დოყლაპიაა, როგორც ეკონომიკურ-საფინანსო საკითხებში. აქაც არ ჩანს ვითარების შესაბამისი პასუხი. აქაც გვესმის მომაბეზრებელი ფრაზა – დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს.

თუ პირველ შემთხვევაში – ფისკალურ-ეკონომიკური ჩავარდნები რომ ჰქვია – „დაველოდოთ მოვლენებს“ – ზაფხულის ბოლოდან გვესმის და როგორც ჩანს 2017 წელს ისე ჩავათავებთ, შესაბამის პასუხს, არათუ ქმედებას ვერ მივიღებთ, მეორეზე – ტერორიზმთან ბრძოლა და ბათუმის სასტუმროს ხანძრი რომ ჰქვია, პასუხი ისეთი იქნება, უამრავ ეჭვს რომ დაბადებს.

გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „საოცნებო“ ხელისუფლების ხელწერასთან გვაქვს საქმე – ხუთწლიანი მმართველობით რომ მიგვაჩვია.

ტერორისტებთან შეტაკებას ერთი ახალგაზრდა სამართალდამცველის სიცოცხლე შეეწირა, ხანძარს – თერთმეტი. გამოძიების დასკვნებამდე თვით საზოგადოება აკეთებს დასკვნებს, ცხადია ნეგატიურს და ნაკლებად დასამშვიდებელს ხელისუფალთათვის, თუმცა მათ ეს არ აწუხებთ, ვინაიდან თავს სულაც არ თვლიან ანგარიშვალდებულად ხალხის, ამომრჩევლის წინაშე.

ისინი ერთ „ღმერთს“ ემსახურებიან. მას ბიძინა ჰქვია. აი, მის დამოკიდებულებას აღნიშნული მოვლენებისადნი გულისფანცქალით ელის ხელისუფლება. ხალხმა არ იცის – რა უთხრა „ღმერთმა“ ან რას ეტყვის კვირიკაშვილს – შეაქებს თუ შეახურებს.

ისე, შექების რა მოგახსენოთ. აი, შეხურება კი უდავოდ საჭიროა მრავალ ფაქტორთა გამო, თუნდაც ის უსუსურობა რად ღირს, ერთმა არარიგითმა პოლიციელმა რომ გამოავლინა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად. კითხვა – „ჰქონდა თუ არა სასტუმროს სახანძრო კიბე“. პასუხი – „გამოძიება გეტყვით“. პოლიციელის პასუხი სულაც არ უკავშირდება მის სუსტ აზროვნებას – იქნებ პირიქით?

პოლიციელს მაგალითად ხელისუფლება ჰყავს, რომელიც „ღმერთთან“ შეთანხმების გარეშე „კრინტსაც“ არ ძრავს. საშინაო საკითხებში „ღმერთი“ ერთია, საგარეოში მინიმუმ ორი – ბიძინა და აშშ-ს ელჩი, რაც დამტკიცდა პრეზიდენტ მარგველაშვილის პასუხით – რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებაზე (შეხვედრასთან დაკავშირებით) – შეხვედრა პარტნიორებთან უნდა შევათანხმოთ.

ხალხი, პასუხის მიუღებლობის მიუხედავად, გულწრფელად აცხადებს, რომ ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდებოდა, თუ ნაცვლად საცხოვრებელზე იერიშის მიტანისა, მათ სახლიდან გამოსვლის დროს დაიჭერდნენ, ცხადია ოპერაციამდე გაცილებით ადრე, ვიდრე ტერორისტებს მათზე თავდასხმის ეჭვი გაუჩნდებოდათ.

არის რაღაც მარცვალი საზრიანობისა ამ „სახალხო“ განცხადებაში.

რაც შეეხება სასტუმროს და მის სახანძრო სისტემას – ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა გაკვირვებასაც არ იწვევს საზოგადოებაში. მარტო ეს სასტუმროა აშენებული აუცილებელი ნორმების დარღვევით?

ასეა ყველა საცხოვრებელი სახლი თუ სხვა შენობა-ნაგებობა. მშენებლობაში რომ სრული ქაოსია, სისტემატურად გვახსენებს ამ დარგის სპეციალისტი ანზორ საკანდელიძე, მაგრამ უსმენს მას ვინმე ხელისუფლებიდან?

ეჭვი მეპარება.

მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ხომ ნუღარ იტყვით, ისეთი მდგომარეობაა, საქართველოს და თბილისის მტერიც რომ ვერ ინატრებდა. რამდენჯერ ითქვა სპორტის სასახლის ირგვლივ აშენებულ სახლებზე – უდავოდ მახინჯ შენობებზე. ცხადია, მათი დანგრევა დღეს შეუძლებელია, მაგრამ სუპერმარკეტ „სპარის“, საშაურმის ან მაკდონალდის შენობების სხვაგან გადატანას რაღა უნდა. სასახლის წინ, მიწის სიღრმეში აშენებულ პატარ-პატარა რესტორნებს?

არც არაფერი. მხოლოდ ქალაქის მერიის მტკიცე სურვილი და შეუვალობაა საჭირო. არ იქნება კატეგორიული დამოკიდებულება „უწესო“ მშენებლობისადმი და იქნება ის, რასაც ადგილი აქვს თუნდაც ვარაზის ხევში, სადაც ჯერ ვისკის სახლი გახსნა ვიღაცამ, შემდეგ რესტორანი, ახლა კი მის მოპირდაპირე მხარეს რაღაც შენდება, ალბათ რესტორანი. ქალაქის მერია დუმს. „პოსტ ფაქტუმ“ დაიწყებენ ლაპარაკს და თავის გასამართლებლად იტყვიან – რა ვქნათ, აშენდა და ვერ დავანგრევთო.

როდესაც საკითხისადმი ესოდენ უპასუხისმგებლო მიდგომას ვაწყდებით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსიც ისეთივე ალყაში მოექცეს, როგორც სპორტის სასახლე.

ხალხს უკვირს ქალაქის, ქვეყნის მესვეურთა ესოდენ მომხმარებლური მიდგომა უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი – მშენებლობის ნებართვის გაცემა რომ ჰქვია.

დიახ! გვიკვირს, ქალაქის მერიის მოხელეთა თავხედობა, მაგრამ არანაკლებ გვიკვირს ხარბ დეველოპერთა დამოკიდებულება დედაქალაქისადმი. მათი ღორმუცელობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუ წინ, სალ კლდესავით არ აღუდგება ქალაქის მერია.

„აშენებულია და ვერ დავანგრევთ“ – არ გაიზიარა ქ.მოსკოვის მერმა სობიანინმა, რომელმაც სულ რაღაც წელიწადნახევრის განმავლობაში დედაქალაქი „უკანონო-კანონიერი“ შენობა-ნაგებობებისგან გაათავისუფლა. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ მაგალითები რას გვიშველის, როდესაც უუნარო ხელისუფლება, მერია და საკრებულო გვყავს!

თბილისის ცენტრს ისევ „ამშვენებს“ ბეტონის სვეტი, რომელიც მთაწმინდასთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის საყრდენი უნდა ყოფილიყო. „ნაცთა“ ხელისუფლების ამ უნიათო პროექტს მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთანავე დაესვა წერტილი, მაგრამ ბეტონის საყრდენის აღებას საშველი არ დაადგა „საოცნებო“ ხელისუფლების ხუთწლიანი მმართველობის განმავლობაში, ისევე, როგორც ველოსიპედის „ძეგლს“, ძველი ქალაქის წამბილწველ ლითონის დაუმთავრებელ მილებს, ფეხით მოსიარულეთა ხიდს – მეტეხის ტაძრის, გორგასლის ძეგლის, მთლიანად ძველი ქალაქისთვის შეუფერებელ „მოდერნიზმს“, ქალაქის ქუჩებში აღმართულ უამრავ სარეკლამო დაფას და სხვა მრავალს.

დიახ! „სითი-პარკი“ პრობლემაა თბილისელებისთვის, მაგრამ არანაკლებია ყველა ზემოჩამოთვლილი, განსაკუთრებით დაუმთავრებელი შენობები. ნეტავ, რამდენი წელი უნდა უყუროს ხალხმა „ზაკვოს“ ყოფილ შენობას, ამჯერად გამოშიგნულს და მიტოვებულს?

ან ვაკეში „ლიბერთი ბანკის“ მინის შენობის გვერდით არსებულ დაუმთავრებელი, გადაფერდებული შენობის ჩონჩხს? ყოფილი „სტუდქალაქის“ საერთოსაცხოვრებლების ქოხმახებს? დაზიანებული წვიმის მილების გამო სახლების გაოხრებულ ფასადებს, სხვადასხვა ფერით და დიზაინით „დამშვენებულ“ მაღაზიებს, უყურადღებოდ მიტოვებულ უნიკალურ სოლოლაკს – მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული შესანიშნავი სახლებით?

კარგია, როცა პლეხანოვს მიხედეს, მაგრამ პროსპექტის ზემოთ, სიღრმეში არსებული ისტორიული შენობებიც რომ ყურადღებას მოითხოვს?

სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა ტემპი ისეთია, კრიტიკას რომ ვერ უძლებს და თუ დროულად არ მიაქცია მერიამ ყურადღება – სარესტავრაციოც აღარაფერი იქნება.

თბილისი იმ გამორჩეულ ქალაქთა რიცხვშია, სადაც საზოგადო ტუალეტები სანთლით საძებარია და მათ ნაცვლად მიწისქვეშა გადასასვლელები გამოიყენება. ახალმა მერმა ამ პრობლემას მიაქცია ყურადღება, მაგრამ სადამდე გაჰყვება ეს შემართება?

უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა ქვეყნისა და დედაქალაქის წინაშე ისეთი, საზოგადოების მოთმინების ფიალას რომ ავსებს და მუდამ ცუდ განწყობაზე აყენებს. მათ შორისაა საქალაქო ტრანსპორტის და „მარშრუტკების“ ცუდი მუშაობა, გაუმართაობა; წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგებაში არსებული შეფერხებები; ამორტიზებული საავტომობილო გზები და ტროტუარები; მწვანე ნარგავების დაუნდობელი განადგურება, … რომელი ერთი ჩამოვთვალო. „საოცნებო“ ხელისუფლება გულგრილად ეკიდება აღნიშნულ საკითხებს, ისე, როგორც სხვას, უფრო მნიშვნელოვანს და აუცილებელს – ხალხის დასაქმება რომ ჰქვია.

„საოცნებო“ ხელისუფლება, ინდიფერენტიზმის თვალსაზრისით, გამორჩეულია. მას არაფერი აღელვებს, არც არაფერზე წუხს. მშვიდი ცხოვრება უნდა. საღათას ძილს მიცემული საზოგადოება კი – სანატრელი, მშვიდი ცხოვრების გარანტიაა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.