ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების მოლოდინში

სახელმწიფო ორგანოების შემცირება-გაუქმების თემა, ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევასთან ერთად, ისევ აქტუალური გახდება. ეს საკითხი ახალი პარლამენტის პირველსავე სხდომაზე განიხილება და გადაწყდება. აქ საეჭვო არაფერია. უმრავლესობაში მოსულ „ოცნებას“ მწვანე შუქი აქვს ანთებული მთავრობის ჩამოყალიბებაში. მას ამ მხრივ ვერც „ნაციონალური“ უმცირესობა და ვერც პარლამენტში მოხვედრილი სიმბოლიური ძალა – „პატრიოტთა ალიანსი“ ვერ შეეცილება.

„ოცნების“ შემქმნელმა ბიზნესმენმა ივანიშვილმა, არჩევნების დაწყებამდე განაცხადა, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გამოცდილი, პატიოსანი, გაწონასწორებული პიროვნებაა და ის წარუძღვება ახალ აღმასრულებელ ხელისუფლებას.

ივანიშვილის ნათქვამი სულაც არ ჰგავს წინასწარმეტყველებას. ის, იმ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რაც ბიზნესმენმა შეიმუშავა და შესასრულებლად დაუსახა თავის პირმშო „ოცნებას“, საზოგადოებას. გეგმაში „ოცნების“ ისეთი გამარჯვება იყო ჩაფიქრებული, როგორსაც 8 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი. ასე რომ, ივანიშვილმა რახანია აირჩია კვირიკაშვილი და „ოცნებელი“ პარლამენტარები გაბედავენ ვინმე სხვის დასახელებას?!

რაც შეეხება ვიცე-პრემიერებს და მინისტრებს – „წინასწარმეტყველს“ არ დაუსახელებია, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას – სია გამზადებული ექნება და არა მარტო სია, არამედ სამინისტროების შერწყმა-გაუქმების პროექტიც.

აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციონირება ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, მითუმეტეს ისეთში, როგორიც საქართველოა. და რატომ? იმიტომ ,რომ მინისტრთა კაბინეტი, სამინისტროები, მათი აპარატები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან და ნებისმიერი საკითხის მოგვარებას მოსახლეობა მხოლოდ მათთან აკავშირებს. თუ რამდენად მზად არის სამინისტროები საკითხების მოსაგვარებლად – სხვა თემაა, მაგრამ რომ იტყვიან – იმედი ბოლოს კვდება.

განვლილი 4 წლის განმავლობაში არც ერთ სამინისტროს კარგი მუშაობით თავი არ დაუმახსოვრებია მოსახლეობისთვის, რაც კარგად ჩანს მოსახლეობის აზრის გამოკითხვის დროს – როდესაც რესპონდენტები კატეგორიულად მოითხოვენ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, იქ მომუშავე მოხელეებისთვის ხელფასების დაკლებას, დანამატებისა და პრემიების გაუქმებას და ა.შ. ერთადერთ გამონაკლისს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო შეადგენს. მოსახლეობა მას ემადლიერება უფასო ან შეღავათიანი ოპერაციების კეთებისთვის.

მართლაც დიდი საქმეა, როდესაც სასწრაფო დახმარების „კარეტით“ საავადმყოფოში მიყვანილ პაციენტს უფასოდ უკეთებენ ოპერაციას. მაგრამ ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩატარებულ სამედიცინო პროცედურებში (რენტგენი, თაბაშირი, ნემსის გაკეთება და სხვა მომსახურება) პაციენტი იხდის ფულს. არაფერს ვამბობ წამლებზე, რომელთა თანხებს როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში პაციენტი ანაზღაურებს.

ნაქები სამედიცინო მომსახურების სისტემაში ექიმთან ვიზიტი, მედიკამენტები და ა.შ. უაღრესად ძვირი უჯდება ისედაც ჯიბეგაღლეტილ მოსახლეობას. საგონებაში ჩავარდნილს მხოლოდ ის ახსენდება, რომ ოპერაცია უფასოდ ან შეღავათიან ფასებში კეთდება. ესეც საქმეაო, ფიქრობს ის –  ყვავს კაკალი გააგდებინეს პრინციპით.

პაციენტის მკურნალობა მჭიდროდ უკავშირდება მედიკამენტებს. უფასოდ ჩატარებული ოპერაცია საჭიროებს პაციენტის რეაბილიტაციას, მედიკამენტებს, ექიმთან ვიზიტს, რაც ძვირი და დაუძლეველი პრობლემაა. ამ თემაზე ბევრი ნეგატიურის თქმა შეიძლება, მაგრამ ეს არ არის წინამდებარე სტატიის თემა.

გავაგრძელოთ სამინისტროების შემცირება-შეერთების საკითხზე მსჯელობა. ხელაღებით, გაანილიზების გარეშე სამინისტროს სხვა სამინისტროსთან შეერთება ან გაუქმება, უფრო მეტი ზარალის მომტანი იქნება. თუმცა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისეთი სამინისტროებიცაა, რომელთა გაუქმება ან სხვასთან შეერთება დიდი დანაკლისი არ იქნება. მაგალითად, შერიგების სამინისტრო (ციხელაშვილი) უნდა შევიდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დეპარტამენტის სახით, ისე, როგორც დიასპორის და ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო ორგანოები. ცალ-ცალკე მათი დამოუკიდებლად არსებობა, შექმნისთანავე მრავალ კითხვას აჩენდა.

შერიგების სამინისტროს შექმნა შევარდნაძის ინიციატივა იყო და უკავშირდებოდა მოსახლეობისთვის მტვრის თვალში შეყრას. სამინისტროს შექმნით შევარდნაძემ დააიმედა საქართველოს მოსახლეობა, რომ მას აფხაზეთი არ დავიწყებია და დღენიადაგ ფიქრობს მასზე – სამინისტროც კი შექმნა განდეგილის დასაბრუნებლად.

მოსახლეობამ მალე დაინახა, რომ აღნიშნული სამინისტრო ვერაფერს გააკეთებდა და კვლავ გამოხატა თავისი გულისწყრომა. შევარდნაძემ, ნაცვლად ქმედითი ნაბიჯის გადადგმისა (აფხაზეთთან მოლაპარაკება), სხვა „გამოსავალს“ მიაგნო – აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე დანიშნა აფხაზეთის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად, რამაც თავისთავად გამოიწვია სამინისტროსა და აჭარის მეთაურს შორის კულუარული დაპირისპირება.

შევარდნაძის მკვდრად შობილი სამინისტრო დღესაც ფუნქციონირებს, მაგრამ ვერაფერს აღწევს აფხაზეთთან შერიგების საქმეში.

დიასპორის სამინისტრო სააკაშვილის შემოქმედებაა და საგრძნობლად მძიმე ტვირთია გაღლეტილი საქართველოსთვის, ამასთანავე ნათესავ-მეგობრების დასაქმების ადგილი. საზღვარგარეთ ქართული დიასპორა არც ისეთი მრავალრიცხოვანია, როგორც ბერძნული, მაგრამ ბერძნებს სამინისტრო არ შეუქმნიათ. დიასპორასთან ურთიერთობას საგარეო უწყების დეპარტამენტი აგვარებს.

პირველ ეტაპზე აღნიშნული სამინისტროების მიერთება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დიდ აურზაურს არ გამოიწვევს და პროცედურა უმტკივნელოდ ჩაივლის. შედარებით ხმაურიანი იქნება „ლტოლვილობაში“ მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის გაუქმება. უდავოდ შემედავებიან – ეს პოლიტიკური საკითხია და მისთვის ხელის ხლება არ შეიძლებაო. კეთილი, მაგრამ სადამდე უნდა მოვიტყუოთ თავი?

აფხაზეთის შემობრუნების შემთხვევაშიც კი თბილისში არსებული აფხაზეთის ხელისუფლებას იქ არვინ ჩათვლის ხელისუფლებად. იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ-ოსეთის აქაური ხელისუფლების მიმართაც.

აფხაზეთთან ურთიერთობა აუცილებელი, საშური საქმეა, რაც სახელმწიფო დონეზე, საგარეო უწყების მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს, ეს სულაც არ ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

თვალი შევავლოთ საგარეო უწყებას და საზღვარგარეთის ქვეყნებში გახსნილ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს – აქ ქირურგიული ჩარევის გარეშე საქმეს არ ეშველება. მსოფლიოში არ დარჩა ქვეყანა, სადაც საქართველოს არ ჰქონდეს გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობა. რომელი ერთი ჩამოვთვალო – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თუ ლათინური ამერიკის, აფრიკის ქვეყნებში გახსნილი საქართველოს საელჩოები. რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო ამერიკასა და ევროპის ქვეყნებზე.

საელჩოს გახსნა მთელ რიგ საკითხებთან არის დაკავშირებული – უმთავრესად პოლიტიკურ-ეკონომიკურთან, მასპინძელ ქვეყანაში არსებულ დიასპორასთან. როდესაც არც ერთი ჩამოთვლილი საკითხი ახლოსაც არ დგას ჩვენს ქვეყანასთან, საელჩოს გახსნა ფულის ყრაა და მეტი არაფერი, ამასთანავე ხელისუფლებაში მყოფი მოხელეების ნათესავების დასაქმების ადგილი.

საელჩოს შენახვა ისეთი სუსტი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძვირი ფუფუნებაა. საერთოდ საელჩოს შენახვა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც მძიმე ტვირთია, ამიტომაცაა, შეთავსებით, ერთი ელჩის რამდენიმე ქვეყანაში ელჩობა. მაგალითად, საფრანგეთში საქართველოს ელჩი შეიძლება იყოს ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში ელჩი. მისი რეზიდენცია რომელიმე აღნიშნული ქვეყნის დედაქალაქში იქნება, საიდანაც ის, წლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ განახორციელებს ვიზიტებს დანარჩენ ქვეყნებში. ანალოგიურ დიპლომატიურ პრაქტიკას აქვს ადგილი საქართველოს მიმართაც. მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში იაპონიის ელჩი, საქართველოსაც ფარავდა. მოგვიანებით იაპონიამ საქართველოში გახსნა საელჩო.

თვით საგარეო საქმეთა სამინისტროში ქმედითი სტრუქტურული რეკონსტრუქციაა ჩასატარებელი, ყოველგვარი ფაციფუციასა და მოჩვენებითობის გარეშე, რაც არცთუ იოლი საქმე იქნება სუსტი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე.

სამინისტროების შემცირების მთავარი მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიური ხარჯვისთვის არის გამიზნული. მას მხოლოდ მაშინ ექნება გამართლება, თუ გამონთავისუფლებული თანხები გონივრულად იქნება გამოყენებული და არა ისე ქარაფშუტულად, როგორც დღეს. რა აზრი აქვს ერთ ადგილას ფულის ეკონომიას, თუ სახელმწიფო მას არაყაირათიანად მოიხმარს?

ამ შემთხვევაში ბევრი ნეგატიური მაგალითის მოყვანა შეიძლბა, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ, მოვიყვან მხოლოდ ერთს – თბილისის მერიამ გმირთა მოედან-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის ჩაყოლებაზე საზღვარგარეთ შეძენილი ხეები და ბუჩქები დარგა, რომელთა დიდი ნაწილი დარგვისთანავე გახმა. მერიის ინფორმაციით, ამ ღონისძიებაში მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ნუთუ ასეთი აუცილებელი იყო ამ გეგმის განხორციელება, თანაც იმპორტული მცენარეებით? ქალაქს, რომელსაც უამრავი პრობლემა ვერ მოუგვარებია უფულობის გამო, ვაკე-საბურთალოს გზაზე დარგული იმპორტული ნარგავებით მტვერს აყრის ხალხს თვალებში.

ყაირათიანობის მაგალითი ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესს ისეთ პროექტში არ ჩაყაროს ფული, რომელიც არც ბიზნესს და არც ხალხს არ გამოადგება.

ბიზნესმენმა ივანიშვილმა შეკვეთილში 200 მილიონ ლარად ღირებული საკონცერტო დარბაზი ააშენა და შემდეგ სახელმწიფოს აჩუქა. სახელმწიფო რა თავში იხლის ისეთ საჩუქარს, რომლის შენახვა ძვირი დაუჯდება? რა მოგებას მოუტანს ეს დარბაზი ქვეყნის ბიუჯეტს ან როდის – ჯერაც გამოუცნობია, არადა 200 მილიონით რამდენი საწარმოს გახსნა და უმუშევარი ხალხის დასაქმება შეიძლებოდა?!

ამას წინათ დიდი ზარზეიმით გვაუწყეს განმუხურში საავადმყოფოთა კომპლექსი თავდებაო, რომელშიც მთავრობამ მილიონობით ლარი გადაიხადა. იქ, თურმე მთელი დასავლეთი იმკურნალებს და აფხაზებიც ჩავლენ სამკურნალოდ. როგორც ამბობენ, ამ საავადმყოფოს მეტადრე პოლიტიკური დატვირთვა ექნება – აფხაზთა შემორიგების თვალსაზრისით. კეთილი, მაგრამ აფხაზთა შემორიგებისთვის პოლიტიკური დიალოგის გამართვაა საჭირო და არა შემოვლითი გზებით სიარული.

საავადმყოფოს შენობა საქმის ერთი მხარეა, მაგრამ მთავარი სამედიცინო კადრებია. საინტერესოა, ვინ იმუშავებს იმ საავადმყოფოში – დასავლეთ საქართველოს საავადმყოფოებში მომუშავე ექიმები? და თუ მათი კვალიფიკაცია შესაბამისი იქნება საავადმყოფოს ახალ შენობასთან და თანამედროვე აპარატურასთან, იმ ექიმებს ვიღა ჩაანაცვლებს?

განმუხურში საავადმყოფოს ვაშენებით, ხოლო თბილისში არსებულ რესპუბლიკური საავადმყოფოს უზარმაზარ შენობას ზედაც არ ვუყურებთ. რა დააშავა ამ შენობამ, რომელიც, რომ იტყვიან, ზეზეულად ინგრევა უპატრონობის გამო? ივანიშვილმა, ნაცვლად აშენებულის რეკონსტრუქციისა, გვერდით ე.წ. „ემერჯენსი“ ააშენა – ყოვლად უგვანო, სინთეტიკური სამშენებლო მასალებით გაჯერებული შენობა.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ მკითხველს არ გადავღლი, ვიტყვი მხოლოდ ერთს – ეკონომიას მაშინ აქვს ფასი, როდესაც გამონთავისუფლებულ თანხებს ყაირათიანად, გონივრულად გამოიყენებ, წინააღმდეგ შემთხვევაში – ესეც ხალხისთვის თვალებში მტვრის შეყრა იქნება და მეტი არაფერი.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.