საპარლამენტო ციებ-ცხელება

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კატასტროფულად იზრდება მასში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი. დიდი თუ პატარა დაირაზმა პარტიების შექმნის სურვილით. და იქმნება ახალი პარტიები თავბრუდამხვევი სისწრაფით. ყველა მათგანი „ბედნიერ“ ცხოვრებას გვპირდება, ისე, როგორც მათი წინამორბედი „ძველი“ პარტიები.

საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი სახე, ყველა თუ არა, მნიშვნელოვანი ნაწილი, საკუთარ პარტიას ქმნის და საზოგადოებას ორიენტაციისთვის საკუთარ გვარს და სახელს სთავაზობს, მაგალითად ისე, როგორც თამაზ მეჭიაურმა – „მეჭიაური და …  („თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“).

კიდევ კარგი ქართულმა „გონიერებამ“ ეს მაინც მოიფიქრა, თორემ უკომპასო ამომრჩეველს გაუჭირდებოდა უამრავ პარტიაში „ნანატრის“ მიგნება?!

ძველსა და ახალ პარტიებს მიზანიც ერთი აქვთ – პარლამენტში შესვლა და ქვეყნისთვის „თავდადებული“ შრომა – 24-საათიან რეჟიმში. თუ ძველი პარტიებისგან მსგავსი მისწრაფება, ამომრჩევლის მოსაზრებიდან გამომდინარე, ტყუილია, ახლებისგან – „ცდა ბედის მონახევრის“ პოზიციაში ჩადგომა, თან იმის მტკიცებაა, რომ ის სხვაა – არა მატყუარა, არამედ გულწრფელი, საქმის გამკეთებელი, სამშობლოს ნამდვილი მოყვარული და არა ისეთი, როგორიც წინამორბედი – ქვეყნის დამაქცევარი.

ყველა ახალს, გულუხვ დაპირებასთან ერთად, „თავმდაბლობაც“ ამკობს. მაგალითად, ბურჭულაძის და მეჭიაურის ახლადგამოჩეკილი პარტიებიც კმარა. ბურჭულაძე აცხადებს, რომ უდავოდ გაიმარჯვებს და პირველ ადგილზე გავა – თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი იყოს. გამარჯვებას აანონსებს მეჭიაურელი მოროშკინაც, ოდნავი „მოკრძალებით“ – მეორე ადგილს ავიღებთო. წინ 4 თვეა და ამ ხნის მანძილზე რამდენ „სიხარულს“ შეეყრება საქართველოს ამომრჩეველი, ღმერთმა უწყისს.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ხშირად საყვედურობდნენ, ინდივიდუალურად თამაშობენ, არა გუნდურად და ასეთი თამაშით გაჭირდება წარმატების მოპოვებაო. ის დრო ისტორიას ჩაბარდა, მასთან ერთად ქართული ფეხბურთიც. ინდივიდუალური თამაშის სურვილი პოლიტიკაში გადაბარგდა. პატარა აზრთა სხვაობაც საკმარისია, რომ პოლიტიკით დამუხტული მავანი, გამოვიდეს „მშობლიური“ პარტიიდან და სხვა პარტიაში შევიდეს ან ახალი პარტიის „მშენებლობას“ მიჰყოს ხელი.

მოჭარბებულ ინდივიდუალისტებს ეს ბოლო ვარიანტი უფრო ხიბლავთ, ცხადია მაშინ, როდესაც დაფინანსების წყაროს მიაგნებენ ხოლმე. როგორც ამბობენ, მეჭიაურმაც მიაგნო საბადოს, ივანიშვილის სახით.

კონსპიროლოგთა აზრით, უფრო ივანიშვილმა მიაგნო მეჭიაურს და დაფინანსებაც აღუთქვა. მიზანი? „ოცნების“ სატელიტი პარტიის შექმნა, სხვისთვის ხმების წასართმევად. რით არის „ოცნება“ „ნაცებზე“ ნაკლები? მასაც ხომ უნდა ჰყავდეს თანამგზავრი პარტიები? მართალია ყველა ისინი თავგანწირვით გაჰყვირიან – „ნაცებთან“ არაფერი გვაკავშირებსო, მაგრამ სჯერა ამის ვინმეს?!

შექმნილი ვითარება გვიკარნახებს სახელმწიფოებრიობის განუვითარებლობაზე. როგორც ჩანს, დამოუკიდებლობის 25 წელი, არცთუ დიდი დროა ქვეყნის პოლიტიკური ჩამოყალიბებისთვის. თუ რა მიიღო ან არ მიიღო ქვეყანამ დამოუკიდებლობის ჟამს, იოლი ჩამოსათვლელია და მათ შორის გამოკვეთილი ადგილი პოლიტიკურ ცხოვრებას უკავია. ვერც ერთმა პარტიამ თავი ვერ დაგვამახსოვრა ვერც მდგრადობით, ვერც საქვეყნო მშენებლობით, ვერც დაპირებების შესრულებით.

ტრადიციად იქცა საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების შექმნა და წარუმატებლობასთან ერთად მათი გაქრობა. თვალი გადავავლოთ განვლილ წლებს და გავიხსენოთ რამდენი პარტია იყო პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, რამდენი შემორჩა, თუნდაც იმპოტენტი, რამდენი სულს ღაფავს – სხვისი დახმარების იმედით. ის, ვინც ერთი მოწვევის პერიოდით ქვეყანას „მოაჯდა“, ხელისუფლების დაკარგვის პერსპექტივას, მანიაკალურად განიცდის.

ყველა პარტია, გარდა იმისა რომ აღმშენებლობას და კარგ ცხოვრებას გვპირდება, ტერიტორიულ გამთლიანობას და ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლასაც გვთავაზობს. ოპტიმიზმი „ახალსაც“ და „ძველსაც“ შესაშური აქვთ, რითაც გავლენას ახდენენ ამომრჩეველზე. გაიხსენეთ, რა ოპტიმიზმით იყო გაჟღენთილი „მოქალაქეთა კავშირი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“. მოსახლეობისთვის შეთავაზებულ „მენიუში“ პირველ „კერძად“,  თანაც საფირმოდ – „ტერიტორიული მთლიანობა“, „ნატოში“ შესვლა იყო აღნიშნული.

„ოცნებამ“ ამ ორს, კიდევ ორი დაუმატა – ევროკავშირთან ასოცირება და ვიზალიბერალიზაცია, ცხადია ნატოში შესვლისთვის „მაპის“ მიღება. ეს მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს მიღება – ერთობ შორეული პერსპექტივაა. მართალია, ყველა მათგანი იურიდიულად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ეჭვს გამოთქვამს იმ პერსპექტივის გამო, რასაც ტერიტორიის გამთლიანებისთვის ნატოში შესული საქართველოს ჰიპოთეტური „ბლიცკრიგი“ ჰქვია.

ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი მსგავსი სამხედრო ავანტიურის ნამდვილ მოტივს ხედავს: „სამხრეთულ ტემპერამენტში, გამრავლებულს სახელმწიფოებრიობის განუვითარებლობაზე, პოლიტიკოსთა ფსიქოლოგიურ კომპლექსებზე, ბრძოლაზე – ყველანაირად შეინარჩუნონ სავარძელი“.

ქართული პოლიტიკის მიხედვით, ქვეყნის ნატოში შესვლა მარტო პოლიტიკური ინიციატივა კი არ არის, არამედ მტკიცებაა იმისა, რომ საქართველო თანამედროვე მსოფლიოს ნაწილია, ევროპული ცივილიზაციის, რომელსაც თურმე ქართველები განეკუთნებიან „მას შემდეგ, რაც არგონავტებმა მოინახულეს საქართველო „ოქროს საწმისის“ ძებნაში“ (სააკაშვილი).

დასავლეთისკენ თავქუდმოგლეჯილი სირბილის შედეგად ქვეყანამ რაიმე ხელმოსაკიდებელ წარმატებას ვერ მიაღწია, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობას. და აქაც, ევროკავშირის ინიციატივა თვალშისაცემია. რომ არა რუსეთის ფაქტორი და ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, უდავოდ არ იქნებოდა ასოცირებული წევრობა.

და მაინც რა პერსპექტივა აქვს ასოცირებულ საქართველოს და არის თუ არა ის რაიმეთი მეტი, ვიდრე ასოცირებული ეგვიპტე, მაროკო ან ჩილე, რომ აღარფერი ვთქვათ ევროკავშირთან ასოცირებულ სხვა ქვეყნებზე?

საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის უფლება, მაგრამ არის თუ არა ის სრულიად თავისუფალი და არა ისე შეზღუდული, როგორც უკრაინა? ასოცირებულ უკრაინას კვოტები დაუწესეს, მაგალითად ხორბლის ევროკავშირის ბაზარზე შეტანაში, რაც ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინამ უკვე ამოწურა. საქართველოს საერთო საგარეო ვაჭრობის მოცულობა 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა. მიზეზი – სამეურნეო საქმიანობის შემცირება დსთ-ს ტრადიციულ პარტნიორებთან.

პრობლემებია შექმნილი ვიზალიბერალიზაციის საკითხებშიც. ევროკავშირის მძიმეწონიანმა გერმანიამ და საფრანგეთმა, მათი შინაგან საქმეთა მინისტრების ენით, უარი თქვეს ამჯერად ვიზალიბერალიზაციზე უკრაინასთან, საქართველოსა და კოსოვოსთან. ორი კვირის წინათ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კატეგორიული უარი გვტკიცა და თან გერმანელი კოლეგაც დაიმოწმა. მოგვიანებით თომას დე მეზიერმა ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კრიმინალური სტატისტიკა გააცნო საზოგადოებას, სადაც ქართველები ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის მიხედვით (ქონების მოპარვა, ბინების ძარცვა) მესამე ადგილზე არიან კოსოვოელებისა და მაროკოელების შემდეგ.

„საქართველოდან ჩვენთან ბევრი მოქალაქე ჩამოდის, ითხოვენ თავშესაფრისა და დახმარების მიღებას და სანამ შესაბამისი ორგანოებიდან პასუხს მიიღებენ, ისინი გერმანელების ბინებს ძარცვავენ“, – თქვა მინისტრმა.

„შესაშური“ ინფორმაციაა. ამის შემყურე საქართველოს ხელისუფლებას არავითარი სურვილი არ უნდა ჰქონდეს ბრიუსელისთვის ვიზალიბერალიზაციის მოსაპოვებელი გამუდმებული თხოვნებისთვის, მაგრამ ჩვენ „სიმაგრესთან“ ერთად ულტიმატუმის ტოლი უკმეხი შეპოვრობაც დაგვჩემდა – არ შეგვიყვანთ ნატოში ან არ მოგვცემთ უვიზო მიმოსვლას და რუსეთისკენ გავიქცევითო.

თითქოს ის რუსეთიც იმის ლოდინში იყოს, ქართველები როდის დაგვიბრუნდებიანო. ცხადია, რუსეთი ზედაპირულად და არა სიღრმისეულად (როგორც ჩვენ გვგონია) იხილავს საქართველოს ვითარებას და ისეთი დასკვნა გამოაქვს, რომ ჩვენთან ურთიერთობის აღსადგენად რაიმე პოლიტიკური ნიშანი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მართალია, ის აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ არის დიალოგის დაწყებისთვის ქართული მხარის ინიციატივით, მაგრამ ეს ინიციატივა რომ არ ჩანს?

აქეთ-იქით მოხტუნავეს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ. ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

25-წლიანმა დამოუკიდებლობამ რომ რაღაც პოზიტიური შეგვძინა, ძნელად სათქმელია. საითკენაც გავიქეცით, „ღია კარს“ მივახალეთ თავი, როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებში ჩიხში აღმოვჩნდით და ნაცვლად იმისა, გადარჩენისთვის სერიოზულად ვიფიქროთ, პარტიას, პარტიაზე ვქმნით ალბათ იმ განზრახვით – თუ ხალხს არაფერს ვაძლევთ, სანახაობა მაინც მივცეთო.

ნაცვლად ევროპა-ამერიკის კარზე სიარულის და გამუდმებული ხვეწნა-მუდარისა – ნატოში მიგვიღეთ, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაგვიწესეთ და სხვა, უმჯობესია გამარჯვებულმა პარტიამ ქვეყნის პრობლემებს მიხედოს, ხალხის სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს, ისეთი საშინაო ვითარება შექმნას, რომ აღნიშნულით მსოფლიო დააინტერესოს.

არც შვედეთს და არც ფინეთს არასდროს აუტალახებიათ ნატოს კარი – ნატოში შეგვიყვანეთო. ამ წარმატებულ ქვეყნებს ნატო აგლეჯს კალთებს – ჩვენთან შემოდითო, მაგრამ ისინი თავს იკავებენ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. რუსეთის ფაქტორს იზიარებენ. არ სურთ შექმნილი პოზიტიური კავშირების გაუარესება, ეკონომიკური დივიდენდების უგულებელყოფა. ისინი პრაგმატულად, ქვეყნის სასიკეთოდ აზროვნებენ ანუ სახელმწიფოებრივად და არა პირადი შეღავათებისთვის. ოდესმე დადგება ასეთი დრო საქართველოში?!

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.