ხიდაშელის ოინები

საქართველო რომ აბსურდების ქვეყანაა, მტკიცება არ სჭირდება. თავდაცვის მინისტრის ხიდაშელის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ ბრძანების ხელის მოწერა ამის დასტურია. „ჩემი, ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება – მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება“, – თქვა მან პრეს-კონფერენციაზე.

„მე ვთქვი“ – ბრძანების კილოთი აცხადებს ქვეყნის ერთ-ერთი მინისტრი და წამითაც არ შეაქვს ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორეში.

როდესაც მინისტრი, თუნდაც თავდაცვის, ესოდენ ვოლუნტარისტულად იქცევა – ქვეყნის ავადმყოფობაა, თანაც სერიოზული, სიღრმისეული. ხიდაშელმა თავი, ყველას უფროსად ჩათვალა – პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის და აღგვისრულა დაპირება – „მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნებს“.

იყო თუ არა საკითხი პრემიერ-მინსტრთან ან ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან, პრეზიდენტთან შეთანხმებული?! იქნებ მსგავს „წვრილმანს“ არ სჭირდება შეთანხმება, იქნებ არც პრემიერი, არც პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის მატარებლები არ არიან და არის თავდაცვის მინისტრი – ხელისუფლების ერთპიროვნული გამგებელი?

„არაო!“, – თქვა პრემიერმა – „სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს“.

მინისტრის თვითშემოქმედება უწოდეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ხიდაშელის საქციელს. ხიდაშელის თავნებობამ არაერთხელ იჩინა თავი. გახსოვთ ალბათ, მის მიერ საფრანგეთთან იარაღის შესყიდვის (საჰაერო თავდაცვის სისტემა) ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მაშინაც, არც პრეზიდენი, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრემიერ-მინისტრი არ იყო საქმის კურსში. მათ პოსტფაქტუმ გაიგეს ეს ამბავი. 88 მილიონი ევრო დაუჯდა ქვეყანას ხიდაშელის თავხედობა. „თავდაცვის საჰაერო სისტემა გვჭირდებაო“, – ასე ბრძანა მან – „რუსეთის შეტევისგან თავდასაცავადო“.

ფრანგული ანტისაჰაერო სისტემა კი არა, ნატოს გაერთიანებული თავდასაცავი „ქოლგა“ ვერ იხსნის საქართველოს რუსული რაკეტებისგან, განა ეს არ უნდა სცოდნოდა სამხედრო საქმეში „გაწაფულ“ მინისტრს? ანდა, რა საჰაერო თავდაცვაზეა ლაპარაკი, როდესაც თბილისიდან 30 კილომეტრში რუსის ჯარი დგას?!

ფრანგულ რაკეტებს, როგორც ამბობენ, სხვა ხიბლი აქვს. სწორედ ამან იმოქმედა მომნუსხველად ხიდაშელის წინამორბედ ალასანიაზე და მანაც ლამის ელვის სისწრაფით გადაწყვიტა ხელშეკრულების გაკვარახჭინება. არ დასცალდა. გაათავისუფლეს. ხიდაშელმა მოასწრო და მოასწრო არა ქვეყნის საკეთილდღეოდ. იმ ფულით ბევრი სხვა აუცილებელი და საჭირო საქმის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ამაზე ხომ არ არის მომართული „საოცნებო“ ხელისუფლება?!

ხიდაშელის განცხადებით საყოველთაო სამხედრო სამსახური (გაწვევა) საჭირო არ არის, ვინაიდან თურმე სამხედრო სამსახური ისედაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ ასეთს აქვს ადგილი – ხელფასებს უნდა მივაწეროთ და არა პატრიოტულ შემართებას.

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მძვინვარებს, ჯარი ერთ-ერთი გზაა ხელფასის მიღებისა, მიუხედავად იმისა, იქ სამსახური დიდ რისკს უკავშირდება – სიცოცხლის გაწირვას სხვისი ქვეყნისთვის. ვერავითარი პატრიოტიზმით ვერ შეფუთავ იმათ გადაწყვეტილებას, ვინც სამხედრო სამსახურში მიდის (მცირედი გამონაკლისის გარდა), აქ ფულია მთავარი. ჯარში ასეთებიც უნდა იყვნენ, მაგრამ ძირითადი მასა წვევანდელებზე უნდა მოდიოდეს.

სამხედრო სამსახური აუცილებელი უნდა იყოს ახალგაზრდისთვის, თანაც არაუმოკლეს წლინახევრის ვადით. მას სხვა დატვირთვა აქვს – დისციპლინაში მოქცევა, რაც ესოდენ აუცილებელია ქვეყნის ახალგაზრდისთვის. მხოლოდ სამხედრო, სავალდებულო სამსახურის შემდეგ უნდა გაეხსნეს გზა სწავლისკენ, მუშაობისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ უნდა ჰქონდეს შრომისა და სწავლის უფლება.

მავანი მკითხავს – რატომ ასე მკაცრადო? უპირველესად იმიტომ, რომ სამშობლოს დაცვა სჭირდება არა მარტო დაქირავებული სამხედროს მხრიდან, არამედ ნებისმიერი ახალგაზრდის მხრიდან – ბიჭი იქნება ის, თუ გოგო. გარდა ამისა, იქნებ სამხედრო სამსახურმა გვიხსნას ნარკომანიისგან, სიზარმაცისგან, ქურდობისგან, სხვა მანკიერებისგან, უხვად რომ ჩაიბუდა ქვეყნის ახალგაზრდებში?

სულ ახლახანს, მეტად პატივსაცემმა პიროვნებამ, ყოფილმა სპორტსმენმა, ჟურნალისტმა, ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარემ, მინისტრმა, პარლამენტარმა გულდათუთქულმა მითხრა – პრაღის აეროპორტში დიდხანს მაყურყუტეს ჩემი პასპორტის შემხედვარეებმაო. საქართველოს მოქალაქეობას მიუბრყვია ესოდენი „ყურადღება“ და რომ არა დამხვედრ მასპინძელთა აქტიურობა, მომიწევდა უკან დაბრუნებაო. საქართველოს მოქალაქეთა „კეთილ“ საქმეებს გამოუწვევია ყოველივე. პრაღაში ბინა არ დაუტოვებიათ გაუძარცვავიო.

ამ პიროვნების გვარს განგებ არ ვასახელებ, ვინაიდან ვიცი, როგორ დაესხმებიან თავს „პატრიოტი“ ქართველები და არანაკლებ „პატრიოტი“ მედია.

გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, საფრანგეთი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, სადაც ქართველებს მხოლოდ ქურდებად იხილავენ. და ასეთ დროს, ნაცვლად იმისა, პრეზიდენტმა, პრემიერმა, მინისტრებმა მუდმივი ბოდიშის რეჟიმში იმუშაონ ევროკავშირთან, ჯიქურ აწვებიან – უვიზო მიმოსვლას რატომ არ გვაძლევთო.

დაავადება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს შეყრილი, ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და ის სწორედ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, მაგრამ ხიდაშელის მსგავსი მთავრობა ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს. რასაც მთავრობამ „თავი გაართვა“, ვითომდა ნარკომანიასთან ბრძოლის საბაბით, რეცეპტების შემოღებაა. მეტის გააზრების უნარი მან ვერ გამოავლინა. არადა, კარდინალური ზომებია მისაღები. ნაცვლად იმისა, ქვეყნის გადარჩენაზე ვილაპარაკოთ, ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკში ვაღამებთ და ვათენებთ, რითაც შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელს ვუწყობთ ქვეყნის დაცლას და ქურდების ევროპის ქვეყნებზე მისევას.

ვიზალიბერალიზაციის თემამ ისე გაააქტიურა ქართველ კრიმინალებზე ლაპარაკი, რომ მტერიც ვერ ინატრებდა ესოდენ PR-ს. მარტო ის რად ღირს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა თავიანთ შეკრებაზე ამ თემას დაუთმეს დიდი ყურადღება. დასავლურმა მედიამაც უმალ აიტაცა და რახანია აქტიურად ტრიალებს ქართველ კრიმინალთა „საგმირო საქმეების“ შესახებ.

ჩვენი ხელისუფლება, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, პირიქით ნიშნის მოგებით გვეუბნება ჩვენ და ევროკავშირს – კი, გვყავს ქურდები, მაგრამ მათი რაოდენობა ცოტაა სხვა ქვეყნების ქურდებთან შედარებითო.

დიდი შეღავათია. ქართველ იმიგრანტთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში სხვა ქვეყნებისას ჩამოუვარდება, მაგრამ კრიმინალური საქმეებით მესამე ადგილზეა მაროკოელთა, კოსოვოელთა შემდეგ – 3700 ძარცვა, წლის განმავლობაში. ამ „საამაყო“ ციფრის შესამცირებლად ყოველმხრივი მუშაობაა საჭირო და არა თავის მართლება ან სხვისკენ თითის გაშვერა.

ავიღოთ მაგალითი ჩვენს მეზობელ-„მეგობარი“ თურქეთისგან. ქვეყნის პრეზიდენტმა ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სახელზე გაგზავნილ წერილში აღიარა დანაშაული – რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება, ბოდიში მოიხადა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული პილოტის ოჯახს და კომპენსაციის ვალდებულებაც აიღო.

80-მილიონიანი თურქეთის პრეზიდენტი, დიდი ამბიციების, ჯიუტი და მტკიცე ხასიათის მქონე ერდოღანი ბოდიშს იხდის. გვიან, მაგრამ მაინც მან გამოძებნა საკუთარ თავში ძალა და ნაცვლად მტკიცებისა, რომ ბოდიშის მოსახდელად საქმე არ აქვს, ბოდიში მოიხადა. მხოლოდ ძლიერს შეუძლია ამის გაკეთება.

გავიხსენოთ ქართველ პოლიტიკოსთა მხარდამჭერი განცხადებები – ერდოღანი მართალიაო. საინტერესოა, რას იტყვიან ისინი ახლა?

იქნებ მაგალითი აგვეღო ერდოღანისგან? იქნებ ბოდიში მოგვეხადა ცხინვალში 2008 წლის აგვისტოში რუსი სამშვიდოების ჩახოცვისთვის, მძინარე ცხინვალელებისთვის, თავზე „გრადების“ დაყრისთვის, მანამდე კი აფხაზეთში გამართული ომისთვის და მოლაპარაკება დაგვეწყო მათთან და რუსეთთან?

მაგრამ არა – ჩვენ მაგრები ვართ, ისეთები, როგორც ერთი ახალგაზრდა, რომელმაც თავხედურად განმიცხადა – დამნაშავეც რომ ვიყოთ, მაინც არ უნდა ვთქვათო. აი, ამ ახალგაზრდის მსგავსად აცხადებს ერიც და ბერიც – ომი რუსეთმა დაიწყოო. და ამ ტყუილისა სჯერა. სჯერა ისიც, რომ ევროპაში ქართველი ქურდების რაოდენობა სხვა ქვეყნების ქურდების რაოდენობას ჩამოუვარდება. სჯერა იმისა, რომ საქართველო გაბრწყინდება და ა.შ.

არავითარ გაბრწყინებას ადგილი არ ექნება, თუ შრომას არ ვისწავლით, პატივისცემით არ მოვეპყრობით ყველას, შეცდომის შემდეგ, უმალ ბოდიშს არ მოვიხდით.

თვალი შევავლოთ ჩვენს თავს – სიმსუქნით ფორმადაკარგულს, ბრიყვის გამომეტყველებით და ამბიციებით გაჟღენთილს, საკუთარი თავის ქებით გადაღლილს, ზარმაცს, იოლი გზით ფულის მოხვეჭის სურვილით შეპყრობილს. თვალი შევავლოთ ე.წ. ბიზნესს, რომელიც თავდავიწყებით წოვს ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას სისხლს და ამისთვის არაფერს იშურებს, თუნდაც ფალსიფიცირებულ კვების პროდუქტებს.

თვალი შეავლეთ ჩვენს „სასიქადულო“ ფარმაცევტულ ბიზნესს, სააფთიაქო სისტემას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაფიას, რომელიც საარაკო ფასებში ჰყიდის მედიკამენტებს დამშეულ მოსახლეობაზე. თვალი შევავლოთ …

ძალიან ბევრი თვალის შევლება მოგვიწევს, რათა საშინელი სინამდვილე დავინახოთ. მაგრამ მარტო დანახვა გვიშვლელის?

თუ ამ დანახვას ობიექტური აზროვნება და საქმე არ მოჰყვა, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც გუშინწინ, გუშინ იყო და დღეს არის. მაშ ასე, იქნებ ერთხელ კიდევ ვცადოთ ქვეყნის და თავის გადარჩენა.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.