რუსოფობებო, თვალი გაახილეთ!

ბატონ გურამ გოგიაშვილს

დიდი სახელმწიფოების პოლიტიკამ, განსაკუთრებით ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ს, სკოლის პერიოდი გამახსენა. მაშინ დაბალ კლასელებს გვეამაყებოდა მე-9-10 კლასელებთან ურთიერთობა და მზად ვიყავით შეგვესრულებინა მათი ნებისმიერი დავალება, თუნდაც ასეთი – პანღური ამოგვერტყა იმ მოსწავლისთვის, ვისაც მაღალკლასელები ამოიჩემებდნენ. ჰოდა, ერთი ასეთი დავალების შესრულება ჩემს თანაკლასელს მძიმედ დაუჯდა, შეურაცხყოფილის მხრიდან ისეთი სილა მიიღო, დღესაც კოშმარივით ახსენდება.

დღევანდელი პოლიტიკა სკოლის იმ ავადსახსენებელ მაგალითს მაგონებს, მაშინ „დიდები“ პანღურის ამორტყმაში გვაქეზებდნენ, ჩხუბის დაწყების მიზნით, დღეს?

დღესაც ანალოგიური ვითარებაა! განა პანღურის ამორტყმას არ ნიშნავს ის პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, პოლონეთის, რუმინეთ-ბულგარეთის ან მოლდოვის ე.წ. პოლიტიკოსები და არანაკლებ ე.წ. პოლიტოლოგ-ექსპერტები აკეთებენ რუსეთის მიმართ. და აკეთებენ არა იმიტომ, რომ მათ ეს სურთ, არამედ იმიტომ, რომ ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორს სურს, ოღონდ იმ განსხვავებით, თუ სკოლაში შეკვეთილი პანღურის მიზანი „დიდის“ ჩხუბში ჩაბმა იყო, „სტრატეგიულისთვის“ – ჩხუბში ანუ კონფლიქტში საკუთარი პერსონის ანუ ქვეყნის ჩართვა დიდად სასიხარულო არ არის. მისთვის მთავარი – ჩხუბში (ანუ კონფლიქტში) სხვისი ჩართვაა და ამ კონფლიქტის გარედან ყურება – ათასობით კილომეტრზე დაშორებული „თეთრი სახლიდან“, პენტაგონიდან, ცსს-დან და ა.შ.

მაგალითებიო, იკითხავთ. ვინ მოთვლის! განა უკრაინაში მიმდინარე ოთხწლიანი ომი ამის ნათელი დამადასტურებელი არ არის?! განა არაბულ სამყაროში, ერაყსა და სირიაში, განსაკუთრებით ლიბიაში მიმდინარე ომები ამაზე არ მეტყველებს?

განა 2008 წლის ცხინვალის კონფლიქტი – ტრაგიკულად დამთავრებული საქართველოსთვის ამის დასტური არ არის?!

არ მითხრათ – სააკაშვილმა გარისკა და თავის თავზე აიღო მძინარე ცხინვალზე „გრადების“ დაყრაო. არც ის მითხრათ, აშშ-ი წინააღმდეგი იყო და მიუხედავად ამისა „ჯიუტმა“ სააკაშვილმა გადადგა ავანტიურისტული ნაბიჯი.

სააკაშვილი არც ისეთი ჭკუათხელია, მსგავსი გაეკეთებინა ამერიკული „ზურგის“ გარეშე. იყო ეს „ზურგი“, რის შესახებაც არაერთხელ დაიწერა და ითქვა ამერიკელ-ევროპელი პოლიტიკოსების, ექსპერტების, სპეცსამსახურების მოხელეების მიერ. იყო ბაქრაძის მოწოდებაც – ჩანგლებით-დანებით პარტიზანული „ომის“ დაწყების თაობაზე, რაც მრავალწლიან „ცეცხლის კერას“ ნიშნავდა რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან – ამერიკელთა ესოდენ ნანატრ მძიმე ვითარებას რუსეთისთვის. ჩვენდა საბედნიეროდ, კონფლიქტი ელვისსისწრაფით მორჩა.

სულ ახლახანს, ტელეკომპანია BBC-მ აჩვენა დოკუმენტური ვიდეო-ფილმი კამპუჩიასთან დაკავშირებით. გაიხსენეს ომი სამხრეთ და ჩრდილო ვიეტნამს შორის, რომლის მთავარი შემკვეთი და მონაწილე აშშ-ი იყო. გაიხსენეს მეზობელი კამბოჯის წარმატებული ცხოვრება უფლისწულ ნოროდომ სიანუკის დროს.

გაიხსენეს სიანუკის მემარცხენეობა და კარგი ურთერთობა აშშ-ს მოწინააღმდეგე ჩინეთთან; აშშ-ის ცსს – ოპერაცია, რის შედეგად დაემხო უფლისწული და მისი ხელისუფლება. ძალაუფლება ხელში აიღო (ააღებინეს) პროამერიკელმა გენერალმა ლონ ნოლმა. ამ სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა ქვეყნის შიდა და გარე ძალების სისხლიანი დაპირისპირება, რაც საფრანგეთში განათლებამიღემული პოლ პოტის გამარჯვებით და კიდევ უფრო სისხლიანი რეჟიმით დასრულდა.

მილიონობით კამპუჩიელი გაწყვიტა პოლ პოტმა, რასაც მოჰყვა გარე ძალების, განსაკუთრებით ვიეტნამის მხრიდან კამპუჩიაში შეჭრა და პოლ პოტის დიქტატურის დამხობა.

ერთ დროს აყვავებული კამბოჯა, მისი დედაქალაქი პნომ პენი, აღმოსავლეთის პარიზად წოდებული, ნანგრევებად იქცა. რის ვაივაგლახით ცდილობს ახალი ხელისუფლება დანგრეულის შენებას. ვინ დაიწყო ყოველივე ეს? პასუხი მარტივია, თანაც ისტორიაში დაფიქსირებული – აშშ-ა.

ვინ დაიწყო ლიბიის მეთაურის პოლკოვნიკ კადაფის წინააღმდეგ ავანტიურა? აშშ-მა, ნატოს წევრი სახელმწიფოების ხელით. შედეგი – კადაფის დროინდელი აყვავებული ლიბიის მიწასთან გასწორება, ქვეყნის დაქუცმაცება, ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამხედრო ფორმირებებს შორის ომი.

ლიბიის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არის  ერაყში, მაგრამ ვაი იმ ხელისუფლებას. ამერიკელთა ექსპანსიის შედეგად მრავალწლიანი ომით გათანგული ქვეყანა სულს ღაფავს. დღე ისე არ ჩაივლის, ტერორისტული აქტებით შეძრულმა მოსახლეობამ დაღუპულები არ იგლოვონ.

სირიაზე აღარაფერს ვიტყვი, ყველამ ვიცით იქ რა ვითარებაა. ანალოგიური რამაა ავღანეთშიც, რამაც თავისთავად უნდა მიგვანიშნოს იმ შავბნელ ძალაზე, რომელიც მსოფლიო ბუნტის თავია (ისტორიულ-დოკუმენტური საბუთების მიხედვით), მაგრამ გვაქვს კი აღნიშნულის დანახვის, გარკვევის, მითუმეტეს გაანალიზების უნარი?!

როგორც ჩანს, არა! და არა, იმიტომ, რომ იმ „ძალამ“ ანალიზის უნარიც წაგვართვა და წაგვართვა ისე, ვერც ვიგრძენით. დაგვაბრმავა ისე, შავზე, თეთრს ვამბობთ და თეთრად აღქმულ შავს ვეთაყვანებით.

თქვენ რა გაღელვებთ, ვისაც უნდა ეთაყვანოსო – მეტყვის მავანი. ეთაყვანოს, ჩემო იმანო, მაგრამ არა საჯაროდ, ხალხის ჭკუის ასარევად, გონების დასაბინდად, გამოსათაყვანებლად. ამ მიზნის მიღწევა იოლია მაშინ, როდესაც მედია (ზოგიერთის გამოკლებით) დღენიადაგ გაჰკივის საღი აზრის საწინააღმდეგოს; ეთერს, გაზეთის ფურცლებს უთმობს ე.წ. ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს, დასავლური, კერძოდ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით გაზულუქებულ პირებს.

რა არის მათი მიზანი? მაქსიმალურად ასიამოვნონ დასავლელებს, მეტადრე ამერიკელებს; შეასრულონ მათი დავალება ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სკოლაში; რაც შეიძლება მაგრად ამოარტყან პანღური რუსეთს. ასე მოითხოვს ოფიციალური ვაშინგტონი. რუსი იყო, არის და იქნება საქართველოს მტერი, ამიტომ მასთან არავითარი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს – მოითხოვენ ჩვენგან, რასაც პირნათლად ასრულებენ ე.წ. პოლიტოლოგები, რომლებსაც მხედველობიდან გამორჩათ ისტორიული ჭეშმარიტება, რომ გუშინდელი მოსისხლე მტრები ივიწყებენ წარსულს და ერთმანეთს ეხუტებიან უკეთესი აწმყო-მომავლისთვის. ის, ვინც ამ მარტივ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, არ უნდა აწუხებდეს პოლიტოლოგიას, ექსპერტობას, თავს არ უნდა დებდეს რაღაცის ცოდნაზე, მითუმეტეს პატრიოტიზმზე.

სულ ახლახანს აშშ-ს ავიამზიდი, თანმხლები სამხედრო გემებით ვიეტნამის სამხედრო-საზღვაო პორტში შევიდა – სამშვიდობო, დიპლომატიური მისიით, ადრე კი პრეზიდენტი ბუში (უმცროსი) ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კომუნისტურ ვიეტნამში. არის ეს ვიეტნამის ან აშშ-ს დაჩოქება ერთმანეთის წინაშე?!

არამცდაარამც. ეს, არის პრაგმატული პოლიტიკა – ესოდენ აუცილებელი, საჭირო და დამახასიათებელი თანამედროვე პოლიტიკისთვის. ვინც ეს არ იცის, მას პოლიტიკაში, პოლიტოლოგიაში რა უნდა?!

დიდი სამამულო ომის უპირველეს დაზარალებულს, საბჭოთა კავშირს და მის მემკვიდრე რუსეთს პირი არასდროს უნდა მიებრუნებოდა აგრესორი გერმანიისკენ, რომელმაც ენით აუწერელი უბედურება მოუტანა მას. მაგრამ მიუხედავად ამისა, თითებზე ჩამოსათვლელი წლების გავლის შემდეგ, ორმა ქვეყანამ არათუ აღადგინა ურთიერთობა, არამედ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობაც.

ახლა კი მთავარზე. ა.წ. 7 მარტს გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ე.წ. პოლიტოლოგთა პასუხი „მოღალატეების“ მიმართ: „რომ გადავრჩეთ, ისევ რუსეთს უნდა მივემხოთ? ეს არის მოღალატეობა, ეს არის მონის ფსიქოლოგია“. მკვახე პასუხი ქართველმა „მოღალატეებმა“ იმ ღია წერილისთვის დაიმსახურეს, რომელშიც ასახულია დამოუკიდებლობის პერიოდში გადადგმული პროდასავლური ნაბიჯების შედეგად მიღებული მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა:

„საქართველომ, ცალმხრივად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო ნატოსთან პარტნიორობის გამო. მიგვაჩნია, რომ მოკავშირეობა ორმხრივი უნდა იყოს, ამიტომ შემოთავაზება უკიდურესად არაკორექტულია და არ შეეფერება მოკავშირეებს შორის ურთიერთობებს“. საკითხი ეხება ამერიკელი ლუკ კოფის შემოთავაზებას ნატოში აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე გაწევრებასთან დაკავშირებით. რა არის ამაში მოღალატეობრივი?!

არც არაფერი, მაგრამ ანალიტიკოსი ზარდიაშვილი სხვაგვარად აზროვნებს: „რაც რუსეთმა დამართა საქართველოს, რა ცოდვები აქვს საქართველოში ჩადენილი?! როგორ შეიძლება ამისთვის ხაზის გადასმა და ისევ რუსეთზე ლაპარაკი?! რომ გადავრჩეთ, ამიტომ ისევ რუსეთს უნდა მივემხროთ, ეს არის მოღალატეობა, მონის ფსიქოლოგია – იმისთვის, რომ გადარჩეს, თავისუფლებაზე უარს ამბობს და სხვის იმედზეა. ყველა ქართველი უნდა გაემიჯნოს ასეთ მოღალატეობრივ პოზიციას. აქ კომპრომისი არ შეიძლება“.

ამ მოწოდებას და არა მოსაზრებას ერთი სიტყვა აკლია „დავხვრიტოთ“! მოღალატეები ხომ იმსახურებენ ესოდენ მკაცრ ვერდიქტს?! და ამას მოუწოდებს „ყველა ქართველს“ „ანალიტიკოსი“. მას რატომღაც ჰგონია, რომ დღევანდელი საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალია; რომ საქართველოს ხელისუფლება შევარდნაძიდან დაწყებული დღემდე, დამოუკიდებლად წყვეტს საკითხებს. შევახსენებ შევარდნაძის ნათქვამს საქართველოში აშშ-ს ელჩის მისამართით – ვერაფერი გაგვიკეთებია ამათ გარეშეო.

რაც შეეხება „ანალიტიკოსის“ შემდეგ ნათქვამს – „რაც რუსეთმა დამართა საქართველოს“ – არის გრძელი ჩამონათვალი, მათგან მხოლოდ რამდენიმეს გავიხსენებ: დემოგრაფიულად, სულიერად, ეკონომიკურად გავერანებული საქართველოს გადარჩენა, ფეხზე დაყენება, მოსახლეობის ლამის 6 მილიონამდე გაზრდა, რაც შესაძლებელი გახდა გარე და შიდა მტრობის ალაგმვით; ერის დასვენებით, იარაღზე და თავდაცვაზე ფიქრის ნაცვლად ქვეყნის აღმშენებლობაზე ფიქრით.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქვეყანას არასდროს ჰქონია ისეთი გიგანტური აღმასვლა, უკლებლივ ყველა დარგში, როგორსაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა პერიოდში. ეს ფაქტია და რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ წარსული, ისტორიაშია ჩაწერილი, რომლის ამოშლა შეუძლებელია.

თუ რა გვარგუნა ე.წ. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წლებმა, ზედმიწევნით ობიექტურად არის ჩამოყალიბებული იაკობ ლეჟავას წერილში, რომელიც გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკის“ 6 მარტის ნომერში. ყველა მათგანს არ ჩამოვთვლი. მოვიყვან ზოგიერთს:

„დასავლელი მრჩევლების დახმარებით და აქტიური მონაწილეობით გატარებული ე.წ. დემოკრატიული რეფორმების წყალობით აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია, გაუარესდა; ისედაც პატარა ჩვენი სათაყვანებელი საქართველო კიდევ უფრო დაქუცმაცდა და მოსახლეობისგან დაიცალა; დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია; სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე; ახალგაზრდობა სულ უფრო და უფრო ეფლობა გარყვნილებისა და ნარკომანიის ჭაობში; განათლება და მეცნიერება ისეთ დონეზეა, რომ ფაქტობრივად არ არსებობს. …“.

გავაგრძელო, „თავისუფლების“ მებაირახტრეთა გულის გასახარად?

ზარდიაშვილს ზურგს უმაგრებს ფსიქოლოგი, ე.წ. პოლიტოლოგი საყვარელიძე, რომელიც ღია წერილის ავტორებს, ღვაწმოსილ, საზოგადოებაში დაფასებულ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს: „გაუგებარია, რატომ გამოიდეს თავი, რასაც ქართულად მატრაკვეცობა ჰქვია. მაგ წერილის უკან სრული პოლიტიკური გაუთვითცნობიერება დგას“ – და ამას ამბობს კაცი, რომელიც პოლიტიკაში ისეა ჩახედული, როგორც უმაღლეს მათემატიკაში.

რომ იყოს, შეურაცხყოფას არ მიაყენებდა მეზობელ სომხეთს. აი რას ბოდავს ის: „რუსეთი აგრესორია და ტანკი უდგას შენს ტერიტორიაზე. დავუშვათ გადავედით იმ პოზიციაზე, რომ მოდით, დავუჩოქოთ აგრესორს (ბატონო, რამაზ! რატომ მაინცდამაინც „დაჩოქება“? დიპლომატიაში დაჩოქებას და წაკუზვას, რაც ჩვენი ყველა ხელისუფალის მიერ იყო გამოხატული აშშ-ს და დასავლეთის მიმართ, სხვა პოზიციებიც არსებობს – მოლაპარაკება პარიტეტულ საწყისებზე.) და აღარ იქნება აგრესორი. ამ პოზიციის ილუსტრაცია არის სომხეთი, რომელიც ყველაზე კარგად და ყველაზე უფრო დაჩოქილია; რომელსაც რუსეთმა წაართვა ქონება, ამავე პერიოდში წაართვა სუვერენიტეტი, ჯარის დამოუკიდებლად მართვის საშუალება და პრაქტიკულად, არაფერი არ მისცა. მტერი იქნება თუ მეგობარი, რუსეთი ერთნაირად სახიფათოა“.

რატომ უდგას რუსეთს ტანკი შენს ტერიტორიაზე? იმიტომ ხომ არა, რომ საყვარელიძის მსგავსმა მრჩევლებმა (ის ხომ სააკაშვილის მრჩეველი იყო) და ამერიკელმა „პარტნიორებმა“ აიძულეს სააკაშვილი (ყოველ შემთხვევაში არც ხელი შეუშალეს) მძინარე ცხინვალზე თავდასხმაში?! სააკაშვილი აგრესორია, რაც სათანადოდ შეფასდა ევროკავშირის სპეცკომისიის მიერ (ტალიავინი).

„დაჩოქილმა“ სომხეთმა ომი მოუგო აზერბაიჯანს და მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს დაპყრობილ ტერიტორიებს. სომხეთის ჯარს – ამიერკავკასიაში ერთობ გაწვრთნილს და კბილებამდე შეიარაღებულს, უბატონოდ ხმას ვერვინ სცემს, მათ შორის თურქეთიც. საქართველოს ჯარს – აშშ-ის და ნატოს სამხედრო სპეციალისტების მიერ გაწვრთნილს, ცხინვალში შეჭრისთვის – მწარე მუშტი აგემა რუსეთმა.

„დაჩოქილმა“ სომხეთმა ყველაფერი გააკეთა აფხაზეთში (სადაც აბორიგენ მოსახლეობაზე მეტი სომეხი ცხოვრობს) საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად. სომხეთმა, ჩვენნაირი ეიფორიული კეკლუცობის გარეშე, დაამყარა ევროკავშირთან ურთიერთობები. გარდა ამისა, ისეთი პენსიები დაუნიშნა თავის მოქალაქეებს, ჩვენ რომ კარგა ხანს არ გვექნება. აი, ეს არის რუსეთის მიერ „დაჩოქილი“ სომხეთი.

„ერთადერთი მხარე, რომლის ინტერესები ჩვენს ინტერესებს ემთხვევა, ეს არის დასავლეთი“, – აცხადებენ ზარდაშვილ-საყვარელიძეები და დასავლეთის მიერ წახალისებულები, მოსახლეობას ტვინს ურეცხავენ, არწმუნებენ, რომ არაფერი დაგვიშავდება, თუ ნატოში აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე შევალთ. „რომ არ შევიდეთ, რუსეთი ჩაგვყლაპავს“. ვაი, ჩვენს თავს. ასეთთა ზეწოლით დაბეჩავებულებმა როგორღა უნდა გავარჩიოთ შავი თეთრისგან?

დარწმუნებული ვარ აშშ-ა ჯადოსნური ჯოხი რომ აიქნიოს და გვიბრძანოს რუსეთთან დაახლოება, სწორედ ესენი და მათთნაირები იქნებიან პირველნი რუსეთის ქება-დიდებაში.

P.S. ვაშინგტონიდან ჩიტმა გასახარი ამბავი მოგვიტანა – ტრამპი დათანხმდა ჩრდილო კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის წინადადებას მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. შეხვედრა მაისს არ გასცდება.

ჩრდილოეთ კორეის არსებობის განმავლობაში მსგავსი მაღალი დონის შეხვედრა არ გამართულა. არის თუ არა ეს პრაგმატული პოლიტიკა – დამახასიათებელი თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრებისთვის?! რუსოფობებო, თვალი გაახილეთ!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი