26.12.2024

აჟიოტაჟი „რუსთავი-2“-ის ირგვლივ

უკვე მერამდენე დღეა საქართველოს მოსახლეობა, მედია-პოლიტიკოსების წყალობით, ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის ალფრედ ხიჩკოკის საშინელებათა ფილმების მსგავს ვითარებაში იმყოფება. „საშინელებათა ფილმი“, ქართულ ვარიანტში, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-სა და მის ირგვლივ ატეხილი „საშინელებებია“, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად (ვგონებ შეგნებულად) თავს ეხვევა ქვეყნის მოსახლეობას, ძალაუნებურად აფიქრებინებს მას იმ „საშინელებებზე“, რომლებიც ხალხის მიერ სულაც არ აღიქმება ასეთად.

„რუსთავი-2“-ის ირგვლივ ატეხილი „საშინელებები“ იოტისოდენად რომ იყოს ცხოვრებისეული საშინელებების სადარი, მაშინ ხალხი რაღაც ყურადღებას მაინც გამოავლენდა, მაგრამ მსგავსს ადგილი არ აქვს. არც ტელეკომპანიის დამცველთა სახალხო ლაშქარი დგას „რუსთავი-2“-ის კარიბჭესთან, ვინაიდან მან (ხალხმა) იცის, რომ ტელეკომპანიის პრობლემა რა მოსატანია იმ პრობლემებთან – ხალხის წინაშე რომ სალ კლდესავით არის აღმართული და რომელთა გადალახვაც არცთუ იოლი საქმეა.

ტელეკომპანიის გამო ატეხილი მედიურ-პოლიტიკური გნიასი აშკარა მაჩვენებელია ავადმყოფობისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამ ავადმყოფობას პროვინციალიზმი, უგუნურება, უცოდინრობა ჰქვია. „რუსთავი-2“-ს ამბავმა თავისთავად დაუსვა ჩვენი ქვეყნის მედიას, პოლიტიკას, არასამთავრობო ორგანიზაციების „საძმოს“ დიაგნოზი – უვიცობა და მეტიჩრობა.

მხოლოდ მსგავსი ავადმყოფობით შეყრილ ქვეყანას შეუძლია 24-საათიან და ორკვირიან რეჟიმში ინტენსიურად ილაპარაკოს ტელეკომპანიაზე და მასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესის სკრუპულოზურ პერიპეტიებზე, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრევა, ეკონომიკური მდგომარეობა და აქედან გამომდინარე სოციალური პირობები გაუსაძლის ვითარებაშია.

საქართველოს რეალური მდგომარეობა რომ ისეთი არ არის, როგორსაც ხელისუფლება ხატავს, ყველა ჩვენგანისთვის ნათელია, მაგრამ როგორც ჩანს, არიან გამონაკლისები არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების, მათი ნათესავების და მედიის სახით, რომლებსაც ასე არ მიაჩნიათ. დანარჩენებთან შედარებით, ამ კატეგორიის უზრუნველყოფილი ცხოვრება, მაღალი ხელფასები, ხელფასებზე დანამატები, პრემიები, სხვა სიკეთეები აძლევთ მათ სხვაგვარად ანუ „რუსთავურად“ აზროვნების შანსს.

ცხადია, უზრუნველყოფილთა კატეგორიას მედიის ყველა წარმომადგენელი არ მიეკუთვნება, ისე, როგორც ყველა გაზეთი ან ჟურნალი, მაგრამ ვინც მიეკუთვნება, არცთუ მცირენი არიან. და არის ერთი ვაი-უშველებელი ატეხილი ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში. ჩვენ ანუ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 99% იძულებული ვართ ძალაუნებურად ვუსმინოთ ყმაწვილ გოგო-ბიჭების ე.წ. პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების, არასამთავრობოების ბოდვას – სიტყვის თავისუფლების, თავისუფალი მედიის, დემოკრატიის შებღალვის შესახებ.

არც ერთი სიტყვა უმაღლესი კანონის ანუ კონსტიტუციის პუნქტების შეუსრულებლობაზე – ხალხის დასაქმებასთან დაკავშირებით; არც ერთი სიტყვა კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე (რომელი ერთი ჩამოვთვალო) ფასების კატასტროფულ მატებაზე; არც ერთი სიტყვა სახელმწიფო კორუფციაზე – სააკაშვილის მიერ შემოღებულზე. არც ერთი სიტყვა არაპროფესიონალიზმზე, ჩერჩეტი, ღორმუცელა მოხელეების „ბაირამზე“, უსაგნო უცხოურ ვოიაჟებზე, გაუთავებელ უსაგნო ლაქლაქზე, უსაგნო საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებაზე და მასში სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ხარჯვაზე. არც ერთი სიტყვა უთავბოლო პოლიტიკაზე – საშინაოსა და საგარეოზე. არც ერთი კითხვა – დღევანდელი ვითარება რომ გაგრძელდეს, ხვალ რა დაგვემართება?

მაგრამ მრავალი სიტყვა „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით; მრავალი მხარდაჭერა ისეთი პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომლებიც დიდი ხანია პოლიტიკური სასაფლაოს მკვიდრები არიან. სხვას ვერაფერს იტყვი „ედპ“-ზე, „ლეიბორისტებზე“, სხვებზე და სხვებზე, რომელთა არსებობა ქაღალდს თუ შემორჩა. მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც „რუსთავი-2“-ის „ბალელშიკობით“ თავს ახსენებენ საზოგადოებას, როგორც „დემოკრატები“, რომის პაპზე უწმიდესნი. მათ შორის მებაირაღე „თავისუფალ დემოკრატთა“ პარტიაა – ე.წ. დიპლომატებით (ამ კეთილშობილური პროფესიის უცოდინრებით) გაჯერებული. და რაც მთავარია „ნაციონალური“ მოძრაობა“ – ყავისფერი პარტია, რომელმაც მრავალწლიანი სადამსჯელო მმართველობით ქვეყანაც დააქცია, მისი აწმყოც და გარკვეულწილად მომავალიც.

მომავალი რა შუაშიაო, არ მკითხოთ. „ნაცებმა“ ისეთი სულისკვეთება დაამკვიდრეს საქართველოში, რომ მის აღმოფხვრას მრავალი წელი დასჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქაღალდზე დარჩენილი თუ აქტიური პარტიების დიდი ნაწილი „ნაცთა“ მიერ შექმნილ და თავსმოხვეულ იდეოლოგიას იზიარებს და მხარს უჭერს.

„ნაცთა“ თავხედობას ადგილი არ ექნებოდა, რომ არა „ოცნების“ კოალიციის, განსაკუთრებით „რესპუბლიკელების“ „კეთილშობილური“ მიმტევებლობა. მიმტევებლობა არა საკუთარ, არამედ ხალხის ხარჯზე ჰქვია ამას და მეტი არაფერი. თორემ ისინი, რომ ისე დასჯილიყვნენ “ნაცთა“ მმართველობის დროს, როგორც ხალხი, სხვაგვარად მოიქცეოდნენ. იმის თქმა მაინც არ მოუწევდათ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა: „მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. … ისინი ამას იმსახურებდნენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს“.

დრო და რისკი არის მთავარი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებისას. „ოცნებამ“, „ნაცთა“ დასჯის დრო ხელიდან გაუშვა. ვერ გარისკა და რომ „ვერ“, კოზირები მისცა ხელში დამნაშავე პარტიას, დღეს რომ ბობოქრობს და ქვეყნის დესტაბილიზაციით იმუქრება და ამ მუქარას რომ თავის სასარგებლოდ იყენებს ე.წ. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ანგაჟირებული მედია და რაც მთავარია ქვეყნის პრეზიდენტი – დაკოდილი და უფუნქციო, მაგრამ მაინც პრეზიდენტი – როგორც თვით ამბობს, კონსტიტუციის გარანტორი. ჯერაც ისრაელში ვიზიტად მყოფმა, გვითხრა – თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და როგორც კი ჩამოვალ, მივხედავ საქმესო.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს მარგველაშვილი კარგახნით სტუმრობდა ისრაელს და მეორე დღეს კი არა, ერთი თვის შემდეგ აპირებდა დაბრუნებას… მაგრამ ვითარების ხელოვნურად დაძაბვას, სჭირდებოდა მისი განცხადება. ჩამოვიდა და რა ჩამოვიდა! ისეთი ცეცხლი დაანთო, მტრისას. თითქოს მართლაც პრეზიდენტი ყოფილიყო – ფაქტიური და არა ფიქტიური, ბუტაფორიული.

„მთავრობის მეთაურის გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას – თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას“, – ბრძანა მან.

არადა, თუ ვინმემ დაძაბა სიტუაცია, თვით პრეზიდენტია. და რატომ? როდესაც სრულიად მშვიდ ვითარებაში ქვეყნის პირველი პირი აკეთებს ასეთ განცხადებას, ვითარება მძიმდება. ვითომ „რუსთავი-2“-ს ყოფილი მფლობელისთვის დაბრუნება დაძაბავს ვითარებას და ხალხს რევოლუციისკენ კრავს ხელს?

ხალხს, რომელსაც „რუსთავი-2“-იც და მთავრობაც, პრეზიდენტიანად  ერთ ადგილას ჰკიდია და ლუკმაპურის ძებნაში აქვს ამომხდარი სული? თუ სასამართლო არ გამოიტანს „რუსთავი-2“-ს სასარგებლო განაჩენს – რევოლუცია მოხდება?

ბატონო პრეზიდენტო, აღარ არის ის დრო, როდესაც „ნაცებს“ ისეთის აგორება შეუძლიათ, რასაც ადგილი ჰქონდა წინათ – შს მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა რომ მოჰყვა. მაშინ, პარლამენის თავმჯდომარის და მისი ამქარის, „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის მიერ აგორებულ ჯანყს, უამრავი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პრეზიდენტმა „დედლური“ პასუხი გასცა, რითაც არა მარტო მომავალ „ნაცობას“ მისცა გზა, არამედ „რუსთავი-2“-ს უკიდეგანო პარპაშს. პრეზიდენტის გაუბედაობამ დაამკვიდრა ის განუკითხაობა, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი და რასაც ელექტრონული მედიის მიერ ქვეყნის მართვა ჰქვია.

სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც ამ ტელევიზიის მუშაკები სისტემატურად იკავებდნენ სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ საკანონმდებლო თანამდებობებს; როდესაც მათი თვიური ანაზღაურება ათასებს სცდებოდა და სცდება; როდესაც მათი სიტყვა კანონია და მეტიც.

„რუსთავი-2“-ს ხელმძღვანელმა გვარამიამ ბრძანა საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ში გახიზნვის შესახებ. არც ერთ ჭკუამყოფელს თავში აზრად არ მოსვლია კითხვა – რა ფულით? როგორ უნდა ირჩინოს თავი გვარამიას ოჯახმა აშშ-ი? ისე, როგორც არავის თავში აზრად არ მოსვლია უკრაინის სატელევიზიო ეთერში გაშვებული წამების ამსახველი ვიდეო-კადრების პირდაპირი შემოქმედნი, რატომ იმყოფებიან უკრაინის ხელისუფლებაში ან საქართველოში მყოფი „ნაცები“, რატომ დადიან დაუსჯელნი? პირიქით, რაც ქართულ პოლიტიკას მოუვიდა თავში – იმათი დასჯაა, ვინც ვიდეო-ფილმი უკრაინის ტელესივრცეში გაუშვა. არც არავის უთქვამს, რომ ამ კადრების იქ ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინელთა ცრუ მსოფმხედველობის შესაცვლელად.

ვაი, ჩვენს თავს. გარეთ 21-ე საუკუნის მეორე დეკადის ნახევარია – ახალი მენტალიტეტით, ახალი პოლიტიკით, ახალი ფასეულობებით, ჩვენ კი – ისევ „რუსთავი-2“-ს გავიძახით, ისევ ჭაობში ვბუყბუყებთ; ისევ, ისე ვფიქრობთ, როგორც 10-15 წლის წინათ. და ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც უმალ დაიჭირა „რუსთავი-2“-ს პოზიცია. როგორც ჩანს, მას აწყობს გონებადახშული ქართული პოლიტიკური სპექტრი, ჩამორჩენილი, დადამბლავებული საზოგადოება, რომლის ასეთად ქცევაში სწორედ „რუსთავი-2“-მა შეიტანა დიდი წვლილი.

გარეთ რომ 21-ე საუკუნის მეორე დეკადაა, მაშინ ვიგრძენი, როდესაც თვალი მოვაშორე მეტიჩრულად მოჭახჭახე ქართულ ელექტრონულ მედიას, ერთობ პროვინციულს, უზომოდ გაუნათლებელს, უმეცარს, მაგრამ ბრიყვულად ამბიციურს და შევხედე სხვას, არა აქაურს, იქაურს, საითკენაც თითქოს მივდივართ და იქაურს, საითკენაც არ მივდივართ.

ყველა მათგანი სხვაგვარად ლაპარაკობს, სხვაგვარად აზროვნებს, რაც იმის ნიშანია, რომ სხვაგვარად ფიქრობს. იქაური, საითკენაც არ მივდივართ, „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის ყოველწლიურ, მორიგ კონფერენციას წარმოგვიდგენდა მსოფლიოს ყოფილი თუ ამჟამინდელი კორიფეებით, გუშინდელი პრეზიდენტებით, პრემიერებით და მინისტრებით და დღევანდელი ანალოგიური თანამდებობების მატარებლებით – მეცნიერებით, ნამდვილი ექსპერტებით.

თითოეული მათგანის გამოსვლა იყო გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი დღის ღრმა ანალიზით სავსე, დიდი სიბრძნე და განსწავლულობა, რაც ესოდენ შორსაა (სამწუხაროდ) დღევანდელი საქართველოდან – გაუკუღმართებული, მამლაყინწური, გაუნათლებელი პოლიტიკისგან და მისი წყალობით ქვეყნისგან.

გარეთ 21-ე საუკუნის მეორე დეკადაა, ჩვენ კი ისევ რაღაც „რუსთავი-2“-სთვის ვასკდებით ერთმანეთს და ამ ყოჩურ ჯახში აღარც ქვეყანა გვახსოვს და აღარც საკუთარი თავი.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.