დატრიალებულმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა

კოკისპირული წვიმის შედეგად დატრიალებული ტრაგედია მრავალი წლის განმავლობაში გაჰყვება ქვეყანას. გაჰყვება ისე, როგორც გასული საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში მომხდარი უბედურება, ისიც წყლის მოვარდნის სახით, დიდი ნალექის მოსვლის გამო. გაჰყვება იმაზე მეტად მწარედ, ვიდრე ადრინდელი, თუნდაც მარტივი მიზეზის გამო – იმჟამინდელს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამჟამინდელს – მოჰყვა და მერე როგორი.

ადამიანთა მსხვერპლს ემატება ზოოპარკის ცხოველთა მსხვერპლი – ძვირად ღირებულთა, ბავშვთა აღზრდისთვის უმნიშვნელოვანესთა.

მოვარდნილმა წყალმა წალეკა მიმდებარე ტერიტორია. უსერიოზულესი პრობლემა შექმნა სატრანსპორტო კომუნიკაციების საქმეში. გააჩინა არაერთი უსახლკარო ოჯახი – მძიმე ტვირთი სახელმწიფოს ისედაც მწირი ბიუჯეტისთვის. როდის, რა დონით მოხდება დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება – ძნელი სავარაუდოა. ჯერაც დაუკმაყოფილებელია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულების საცხოვრისთან დაკავშირებული საკითხები.

ხელისუფლება მუშაობს, თითქოს ოპერატიულად, მაგრამ მოზღვავებული პრობლემები, გამოუცდელობა, ნაკლები პროფესიონალიზმი არ აძლევს მას საშუალებას სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის. მაგრამ ვიყოთ გულწრფელნი და ვთქვათ – მოველოდით მისგან (ხელისუფლებისგან) თუნდაც ასეთ მოქმედებას?!

„ოცნების“ ხელისუფლების განვლილი მუშაობიდან გამომდინარე – ნამდვილად არა! ალბათ ეს არის მთავარი ხალხის პასუხებში, რომლებიც ტელეჟურნალისთა შეკითხვაზე – როგორ მოგწონთ ხელისუფლების მუშაობა, უყოყმანოდ აცხადებენ – დადებითად! ამ პასუხში უფრო მეტი ემოციაა და მასთან ერთად წინა ხელისუფლების სიძულვილი, რომელთა გამოისობითაც გაინავარდა სტიქიამ.

მე, იმ რესპონდენტთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც საჯაროდ ამბობენ – ხელისუფლების მოჭარბებული ქება, კრიზისული ვითარების დროს, მთლად მისაღები არ არის და რატომ – ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. და უნდა გაეკეთებინა იმიტომ, რომ ეს მისი მოვალეობაა. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ბუნებრივი თუ არაბუნებრივი კატაკლიზმების დროს.

ბუნებრივი კრიზისის პიკმა ჩაიარა, მაგრამ დარჩა პრობლემების კასკადი, რომელთა ამოხსნაც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მათ, დრო და სახსრები სჭირდება. გარდა ამისა ჩავლილი ვითარების საფუძვლიანი შესწავლა, ანალიზი და დამნაშავეთა გამოვლინება, დასჯა. სისხლის მსმელობას ნუ დამაბრალებთ, მაგრამ მდინარე ვერეს ხეობაში „თათარიახნად“ განხორციელებული მშენებლობა, რომ კარგს არაფერს მოიტანდა, იმთავითვე იყო ცნობილი. თქვენმა მონა-მორჩილმა არაერთი სტატია მიუძღვნა გმირთა მოედნის უნიათო ესტაკადასა და მდინარის ხეობაში გადებულ გზას. უდავოდ დიდი „ნიჭი“ იყო საჭირო, რომ გმირთა მოედანზე, საცობებით ცნობილზე, კიდევ მეტი საცობები შექმნილიყო.

ესტაკადას იმიტომ აშენებენ, რომ განიტვირთოს გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი და არა პირიქით. ბატონ თამაზ შილაკაძეს – მშენებლობის ავტორს, პირიქით გამოუვიდა. „დეზერტირის“ ბაზრიდან მოდინებულ ტრანსპორტს, მთავრობაში „ჩაწყობა“ სჭირდება ესტაკატაზე მოსახვედრად.

ანალოგიური ვითარებაა სანაპიროდან მომავალი ტრანსპორტისთვის. მარტო ამ დისკომფორტისთვის ღირდა პროექტის ავტორის „შეწუხება“ შესაბამისი ორგანოების მხრიდან, მაგრამ ამას ადგილი არ ჰქონია. შეგნებულად არ ვეხები მდინარე ვერეს ხეობას და იქ განხორციელებულ მშენებლობას. ამაზე ალბათ პროკურატურა იტყვის, მაგრამ იტყვის? ან როდის? მას ხომ უამრავი საქმე აქვს გამოსაძიებელი – წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი? ამჯერად მაინც მიექცეს ყურადღება და დროულად იქნას გამოძიებული საქმე. ამას მოითხოვს დაღუპულ ადამიანთა სულები.

დატრიალებული ტრაგედია სამაგალითოდ უნდა იქცეს თბილისის მერიისთვის და წერტილი უნდა დაესვას იმ უკანონო, ვითომ კანონიერ მშენებლობებს, რასაც თბილისში აქვს ადგილი. უნდა შეწყდეს ვერეს ხეობაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, როგორც ბუნებასთან, ფლორასთან შეუთავსებელის. წერტილი უნდა დაესვას დეველოპერთა ღორმუცელობას, რომელებიც უმოწყალოდ ჩეხავენ და ანადგურებენ მრავალწლიან ხეებს, მწვანე ოაზისებს – სიმწვანით მწირ თბილისში.

წერტილი უნდა დაესვას იპოდრომისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიების გაჩეხვას და საცხოვრებელი კორპუსების, რესტორნების ჩადგმას. წერტილი უნდა დაესვას ძონძებჩამოფარებული, თბილისისთვის უნიკალური შენობების უაზრო დაკონსერვებას, ე.წ. მეპატრონეთა თავხედობას, რომლებიც მიუხედავად დაპირებისა, რეკონსტრუქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, თითს-თითზე არ ადებენ. როდის უნდა ეღირსოს დედაქალაქს რეკონსტრუქციაჩატარებული „იმელის“, „თბილისის უნივერმაღის“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი, მაუდის კომბინატის შენობები? ამ უკანასკნელს რომ რაღაც ფუნქცია ჰქონოდა, ზოოპარკის ვეფხვი ხომ არ შეაფარებდა იქ თავს?

ჩაიკეტა გმირთა მოედანი და უმალ გაჩნდა ვაკე-საბურთალოსთან დაკავშირების პრობლემა. ჭონქაძის ქუჩიდან დაწყებული, აბაშიძის ქუჩის ჩათვლით, ისეთი საცობი შეიქმნა, რომ 2 საათიც კი  ნაკლები გამოდგა იქიდან თავის დასაღწევად. მერიამ ვერაფრით მოიფიქრა – დროებით, მელიქიშვილის ქუჩის ორმხრივი მოძრაობის გახსნა. ვერც მერიამ და ვერც „სახელოვანმა“ პატრულმა ვერ მოიფიქრეს თავისუფლების მოედნიდან ვაკემდე, ზემო გადასასვლელი გზის თუნდაც ერთი საპატრულო მანქანით უზრუნველყოფა.

უკვე მერამდენე დღეა და მერია ვერ ახერხებს მტვრით დაბურული ტროტუარების, სამანქანო გზების ჩარეცხვას, ისე, როგორც თამარაშვილის გზის დაწყებული მოასფალტების დამთავრებას. მოვარდნილი წყლის შემდეგ, ახლა მტვრის ავარდნილი ღრუბლებით ვიხრჩვებით. თბილისელები „მედგრად“ ვიტანთ ამას, ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. არადა სახანძრო მანქანებით ქუჩის ჩარეცხვას რა უდგას? ამასასც ხომ დიდი თანხები არ სჭირდება?!

მერია უნდა იყოს კატეგორიული წინააღმდეგი ისეთი მშენებლობებისა, რასაც ადგილი აქვს თბილისის უბნებში: სპორტის სასახლის წინ და ირგვლივ, „დეზერტირების“ ბაზრის გაყოლებით – სავაჭრო პავილიონების ტროტუარებზე და ავტოსადგომზე ჩადგმის, რომელიღაც „ფეოდალის“ მიერ ბაზრის წინ მდებარე ტერიტორიის შემოღობვის და კერძო ავტოსადგომის გახსნის; დელისზე, ტროტუარზე ვებერთელა აფთიაქის შენობის დაყუდების; თბილისის „პანორამით“; ძცელი ქალაქის „გაუპატიურების“ და ა.შ. მაგრამ თბილისის პრობლემები ხომ მარტო მერიის პრობლემები არ არის? ის საქართველოს და მისი მთავრობის პრობლემებიცაა.

საშინაო საკითხები მჭიდროდ უკავშირდება საგარეოს და თუ საშინაოში მოვიკოჭლებთ, საგარეოშიც ვერ ვივლით გამართული. დღეს, ძნელია საშინაოსა და საგარეოს ერთმანეთისგან დაშორება, ისე, როგორც ეკონომიკის, პოლიტიკისგან. ეს განსაკუთრებით ჭირს „დამოუკიდებელ“ საქართველოში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციაში „ნატრენინგალი“ ყმაწვილი ხან ქვეყნის საშინაო ცხოვრების „აღმშენებლობით“ არის დაკავებული და ხან საგარეო საქმეებით.

გვაქვს შებრუნებითი მაგალითებიც დანელიას სახით. როგორც ამბობენ, ის დიპლომატია, მაგრამ ამჯერად სოფლის მეურნეობას „ხელმძღვანელობს“. ასეთი „ვუნდერკინდები“ ბევრი გვყავს საქართველოში და შესაბამისი ცხოვრებაც გვაქვს. აი, ისეთი – მოვლენ, ჭამენ და წავლენ, რომ ჰქვია. მოვიდა ვიღაც ხოკრიშვილი. იყო, ჭამა და წავიდა. ბიოგრაფია შეივსო მინისტრობით და დიდი „დამსახურებისთვის“ ხელისუფლებამ გერმანიაში, საქართველოს ელჩის მრჩევლობაც უბოძა.

რით არის ცუდი ხოკრიშვილისთვის? არაფრით. ქვეყნისთვის – …? ქვეყანას ვინ ჩივის! მთავარია დღევანდელი ხელისუფალნი იყვნენ განცხრომაში! უცხოეთის ვოიაჟებიდან დაბრუნებულმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა ჟურნალისტის შეკითხვაზე – „რა ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელიო“, – უპასუხა ანუ არ უპასუხა – „მაგას როგორ გეტყვით, ხელშეკრულება საიდუმლოაო“.

კეთილი და პატიოსანი. ის, რაც იცის თინიკომ, არ უნდა იცოდეს საქართველომ. მაგრამ,  თინიკო ხომ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრია? რატომღაც მან თავი საქართველოდ წარმოიდგინა, ხოლო საქართველო – თინიკოდ.

როგორც ჩანს, მეტიჩარა და თავსგასული პოლიტიკოსების პარპაში უკიდეგანო და უსასრულოა. სწორედ ასეთმა ვოლუნტარიზმმა დააქცია საქართველო და თანაც ისე, კარგა ხანს რომ არაფერი ეშველება. „სახელმწიფოც მე ვარ და კანონიც“ – ასე გვაცხოვრებდა სააკაშვილი თითქმის 10 წლის განმავლობაში. „ოცნებაც“ და თინიკოც ამ გზას არ უხვევენ. სხვაგვარად რომ იყოს, რაღაცას მაინც გაგვანდობდა.

არადა, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რაზეც კულისებშია საუბარი, საქართველოს ცუდის მეტს არაფერს მოუტანს, ვინაიდან ანტირუსულია და ჩვენი მეზობელიც შესაბამის ნაბიჯს გადადგამს. თინიკო ანგარიშს ვერ უწევს ერთ რამეს – მთელი საქართველო რომ ანტისარაკეტო ქსელში მოექცეს, რუსეთის რაკეტებს, სასაცილოდაც არ ეყოფათ.

სულ ახლახანს, პუტინმა განაცხადა, რომ წლის ბოლოდე რუსეთის არმია უახლეს 40 ბალისტიკურ რაკეტას მიიღებს, ისეთს, რომლიც ნებისმიერ ანტისარაკეტო სისტემას გაანადგურებს.

ბალისტიკური რაკეტები კი სულაც არ არის საჭირო ერთი მტკაველი საქართველოს მოსასპობად. ამ შემთხვევაში საშუალო სიშორის რაკეტებიც საკმარისია. გარდა ამისა, რუსეთს, რომელიც შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესშია, სულაც არ სჭირდება რაკეტები. მას სხვა იარაღიც თავზე საყრელად აქვს, საქართველოს მოსახლეობის ძილის დასაფრთხობად. მაშ, რისთვის იღვწის ხიდაშელი ან რისთვის „ჩალიჩობდა“ ალასანია? იმისთვის, რომ ვიღაც ოკეანისგადაღმელმა წამქეზებელმა შეაქოს. შეაქოს და დიდხანს დატოვოს თანამდებობაზე, პოლიტიკაში?

თინიკოს ცალფეხზე ჰკიდია რუსეთის მიერ ნიშანში ამოღებული საქართველო და ის, რომ მცირე კონფლიქტის შემთხვევაში, ქვეყანა პირველი გაიწირება. მაინც, რა ძალა აქვს ევროატლანტიკურ შექებას, მხარზე ხელის მოთათუნებას, მითუმეტეს მწვანე დოლარს?!

თინიკოს მსგავსი „ვუნდერკინდი“ – იუსტიციის მინისტრის სახით ხომ მძიმედ დაუჯდა ქვეყანას? მან ისეთი სავიზო კანონმდებლობა შექმნა, ლამის გახსნილი საქართველო გასული საუკუნის 60-იანი წლების ალბანეთს დაამსგავსა.

გლობალიზაციის ეპოქაში რომ მთელი რიგი ქვეყნების მიმართ უსუსური საქართველო სავიზო რეჟიმს შემოიღებს – სატირალია და ვინ არის ამის შემოქმედი? – უცხოეთში „ნატრენინგალი“ და ნამუშევარი, იურისპრუდენციის „კარუზო“ წულუკიანი. მის მიერ შემუშავებულმა კანონმა – პარლამეტგავლილმა და დამტკიცებულმა, მილიონობით დოლარ-ევრო დააკარგვინა ქვეყანას. რატო? იმიტომ, რომ ასე უნდოდა ევროატლანტიკას. მაინც რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არ შემოსულიყო ირანელი, ჩინელი, ევროპელი, ერაყელი. უმთავრესად კი ირანელი. რატომ? – იმიტომ, რომ აშშ-სა და ისრაელს არ უყვართ ეს ქვეყანა. იმიტომ, რომ აშშ-ი ნომერ პირველ მტრად მიიჩნევდა ირანს. რა იქნება ამ თვის ბოლოდან, ყველასთვის ნათელია, მაგრამ არა ხელისუფლებისა და წულუკიანისთვის.

მკითხველს შევახსენებ, რომ ივნისის ბოლოს ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ირანსა და „ექვსეულს“ შორის (გაეროს 5 მუდმივი წევრი და გერმანია), რის შემდეგაც მოიხსნება ყველა სანქცია ირანის წინააღმდეგ და დაიწყება აქტიური თანამშრომლობა ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. საქართველო?

საქართველო აღმოჩნდება შორს მოსროლილი სანაგვეზე, იმისთვის, რომ არ გამოიჩინა გონიერება და ცალმხრივად აჰყვა დასავლურ პროპაგანდას. დასავლელები კი აქაოდა სანქციები აღარ იქნებაო, ირანის საზღვართან რიგში არიან ჩამდგარნი სარფიანი ბიზნესის გასაჩაღებლად. თქვას ახლა წულუკიანმა – ამ კანონის მიღებისთვის ევროკავშირმა შეგვაქოო. შესაძლოა, ეს ასეც იყო, მაგრამ საქართველომ რომ მილიონობით უცხოური ვალუტა დაკარგა?!

პატივცემულო მკითხველო, მსოფლიოში მოგეპოვებათ ქვეყანა, ცხადია საქართველოს გარდა, რომელიც სხვა ქვეყანასთან აწყობილ ტურიზმსა და ბიზნესს დაანგრევს; გზას გადაუკეტავს მას; არ მისცემს ბიზნესის წარმოების საშუალებას; აუკრძალავს საბანკო ოპერაციებს; გაწყვეტს საჰაერო კომუნიკაციას და ა.შ. და ეს ყველაფერი საქართველოს „საოცნებო“ ხელისუფლებამ გააკეთა ირანის წინააღმდეგ.

საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან გაფორმებული უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა და ირანელებს ისეთი სავიზო რეჟიმი დაუწესა, თავის დროზე ალბანეთის ლიდერი ენვერ ხოჯაც რომ ვერ ინატრებდა.

საქართველოში შემოსასვლელი ვიზის მისაღებად, ირანელს 50 კითხვაზე უნდა გაეცა წერილობითი პასუხი, ლამის მეზობლების ფეხსაცმლის ზომებიც უნდა აღენიშნა კითხვარში. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ შეეძლო და შეუძლია ირანში შესვლა.

„დემოკრატიული“ საქართველო ფეხქვეშ თელავს ორ ქვეყანას შორის პარიტეტულობის პრინციპს. მართალია, წელს რაღაც-რაღაცები შეიცვალა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე-პრემიერი ეწვივნენ ირანს, დაპირებაც აღუთქვეს ირანის ხელისუფლებას საქმის გამოსწორებისთვის, მაგრამ …

გადაიდგა ნაბიჯები, თუმცა ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ირანისთვის. 50 პუნქტიანი კითხვარის შემცირება და სავიზო მოსაკრებლის დაკლება, ელექტრონული ვიზის შემოღება – არ არის ის, რასაც ირანი აკეთებს ჩვენს მიმართ (საქართველოს მოქალაქის თავისუფალი შესვლა ირანში).

არის ერთი ნოვაციაც – თუ ირანელს პასპორტში აქვს აშშ-ს ან ევროკავშირის ნებისმიერი წევრის, მაგალითად ლიტვის, მიერ გაცემული ვიზა, მას შედარებით იოლად გასცემენ საქართველოს ვიზას. ეს ნოვაცია არა მარტო ირანს ეხება, არამედ ჩინეთს, ეგვიპტეს, ერაყს. აქვე იბადება კითხვა – არის თუ არა ეს შეურაცხმყოფელი ამ ქვეყნებისთვის?

ლიტვა, ჩინეთის ნებისმიერი სოფლის მოსახლეობის ნახევარსაც ვერ უტოლდება, მაგრამ ქართველების მიერ საზომ ერთეულადაა ქცეული. აქვს ირანელს პასპორტში ლიტვის ვიზა და გზა საქართველოსკენ ხსნილია.

რჩევისთვის, იქნებ ლიტვას, ესტონეთს ან ლატვიას გაეცა საქართველოს ვიზა? მკითხველო, არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ვიზადაწესებული ქვეყნები მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად არიან აღიარებულნი და ასეთი შეურაცხყოფა. გარდა ამისა, ჩინეთი ხომ მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა? მაგრამ, როგორც ჩანს იურისპრუდენციის  „კარუზომ“  არ იცის ამის შესახებ და არ აცის არა მარტო მან, არც არავინ ამ მთავრობიდან.

არანაკლებ ბუნდოვანია საჰაერო მიმოსვლის დაპირების შესრულება. ქართულ მხარეს, რატომღაც არ მოსწონს ირანული ავიაკომპანია „მახანი“, რომელმაც უნდა განახორციელოს ფრენები. ევროპელები არ ემადლიერებიანო მას – ვაცხადებთ ჩვენ. არადა, როგორ დაფრინავენ მისი თვითმფრინავები ევროპაში?

საქართველოს, ირანთან, კვირაში 3-4-ჯერ ჰქონდა საჰაერო კავშირი. ზაფხულის განმავლობაში არსებობდა ჩარტერული რეისები ირანის ქალაქებსა და ბათუმს შორის. ათასობით ტურისტი სარგებლობდა ამ რეისებით. „გონიერმა“ „ოცნებურმა“ ხელისუფლებამ გააუქმა ყოველივე და ირანში წამსვლელს „შესანიშნავი“ პირობები შეუქმნა – ტრანზიტი სხვა ქვეყნის გავლით. მაგალითად, ბაქოს გავლით მგზავრს 12 საათის ყურყუტი უწევს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში.

დამისახელეთ თუნდაც ერთი ბიზნესმენი, რომელიც 12 საათს დაკარგავს აეროპორტში. ასე ბიზნესი არ განვითარდება. უყურებ ბაქოს აეროპორტს და მის ფართო შესაძლებლობებს უცხოური ავიაკომპანიების მომსახურების თვალსაზრისით. მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიები დაფრინავენ ბაქოში, მათ შორის წინათ ჩვენთვის კარგად ცნობილი „ბრითიშ-ეავე“-იც. მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიები თავისთავადი რეკლამაა აზერბაიჯანისთვის, ჩვენთვის? – არა. რა დონის უნდა იყოს ხელისუფლება, რომ ბრიტანეთის ავიაკომპანია აეძულებინა შეეწყვიტა ფრენები საქართველოში?! ესენი იტყვიან, რომ ტურიზმს ავითარებენ?

„მიზეზ-მიზეს დოშს მარილი აკლიაო“ – ასეა საქართველოს ხელისუფლების საქმე. არადა, ქვეყნის მწირი არსებობა რომ სულ სხვას მოითხოვს? საქართველო რომ სულ სხვა კონტინენტზე იყოს და ჩვენც მისგან საკმაო დაშორებით ვცხოვრობდეთ, ნაკლებად ვიფიქრებდით მის აწმყოსა და მომავალზე. მაგრამ ეს ქვეყნაც იქ არის, სადაც არის და ჩვენც იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ და იმდენად შეგვტკივა გული, რამდენადაც საკუთარზე, ღვიძლზე, უნდა შეგვტკიოდეს. მაგრამ უნდა ამ ხელისუფლებას ჩვენი გულისტკივილი?

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.