გამოფხიზლდი, საქართველო!

კიდევ რამდენიმე დღე და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოიშორებს სიტყვას „არჩეულს“ და შეუდგება პრეზიდენტობას. საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე საკმაო დრო გავიდა. პრეზიდენტმა ობამამ ყველაფერი იღონა, რათა არჩეული პრეზიდენტისთვის წყალი შეეყენებინა.

არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული, „დემოკრატები“ ბევრს ეცადნენ არჩეულის ავტორიტეტის შესალახავად. იყო ამომრჩეველთა საბჭოს წევრებზე ზეწოლაც; კონგრესში, ცენტრალური სადაზვერვო სამსაურის მოხსენების მოსმენაც და მტკიცება იმისა, რომ რუსმა ჰაკერებმა, რომლებმაც დემოკრატიული პარტიის ინტერნეტ-საიტებში შეაღწიეს, უდავოდ შეუწყვეს ხელი არჩევნების რესპუბლიკელთა სასარგებლოდ წარმართვას.

იყო რუსეთის ხელისუფალთა პირდაპირი დადანაშაულება ჰაკერებისთვის დირექტივების მიცემაში. იყო რუსი დიპლომატების აშშ-ნ გაძევებაც – მოტივით, ჰაკერებისთვის მხარის დაჭერა და ჯაშუშობა. იყო სხვაც, მეტად მნიშვნელოვანიც და რუსეთისთვის არცთუ სასიამოვნო ქმედებაც.

ყოველივე აღნიშნული თუ მსოფლიოს თვალში რუსეთის გაშავებისთვის ხდებოდა – ხშირ შემთხვევაში ვოლუნტარისტულად, დამამტკიცებელი ფაქტების მოშველიების გარეშე, უპირველესად არჩეული პრეზიდენტის ტრამპის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

აშშ-ი, თეთრი სახლის ბინადრის მიერ არჩეული პრეზიდენტისთვის საქმეების გადაცემა ყოველთვის იწვევდა პირველი ქვეყნისთვის შეუფერებელ გამოხდომებს ძველი აპარატის მხრიდან. პრეზიდენტ კლინტონის თეთრი სახლიდან გამოსვლას და გამარჯვებული ბუში-უმცროსისთვის საქმეების გადაცემას ისეთი სკანდალი ახლდა თან, უარესს რომ ვერვინ იფიქრებდა დემოკრატიული ქვეყნის მხრიდან. დემოკრატებმა ნაგვის ზვინები დატოვეს სამუშაო კაბინეტებში და მასთან ერთად დამტვრეული ავეჯი.

პრესის მიხედვით, არც დღეს მიმდინარეობს ხელისუფლების გადაცემის პროცესი უმტკივნეულოდ, მაგრამ ტექნიკური პრობლემები, რომლებსაც უდავოდ აქვს ადგილი, მონაგონია იმ პოლიტიკასთან, რასაც „ძველი“ ობამა იყენებს „ახლის“ გასაშავებლად.

ობამას ოფიციალური განცხადებები, ქვეშ-ქვეშური გადაწყვეტილებები, აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მას და მთლიანად დემოკრატებს ჯერაც ვერ მოუნელებიათ მათი რჩეულის ჰილარი კლინტონის დამარცხება.

ისე, კაცმა რომ თქვას, როგორი მოსანელებელია მთელი 2016 წლის განმავლობაში, მედიაზე ზეწოლით, საყოველთაო PR-ით კლინტონის თავბრუდამხვევი გამარჯვების წინასწარმეტყველება და ნაცვლად ამისა – დამარცხება?

კლინტონის გამარჯვებაში ისე დაარწმუნა დღევანდელმა ადმინისტრაციამ ამერიკელები და სხვები, რომ ნოემბრის არჩევნები უბრალო გასეირნება ეგონათ. ვერვინ წარმოიდგენდა, უპირველეს ყოვლისა თვით პრეზიდენტი ობამა, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა. არადა პირადად პრეზიდენტი ისე იყო ჩართული საარჩევნო პროცესში – კლინტონისთვის მხარის დასაჭერად, როგორც არც ერთი წინა პრეზიდენტი. ამის შემყურეს, უდავოდ გაუჩნდებოდა აზრი – ობამა ხომ არ  ატარებს კამპანიას მესამე ვადით ასარჩევად?

მესამე ვადაზე აშშ-ა რუზველტის სიკვდილის შემდეგ თქვა უარი. ობამას, ცხადია მსგავსი სურვილი არ ექნებოდა, მაგრამ „დემოკრატი“ პარტიელის ხილვა თეთრ სახლში კი გულით ეწადა. არც ერთ პრეზიდენტს ისეთი გულანთებულობა არ გამოუჩენია პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ, როგორც ობამას. მარტო ის რად ღირს, როდესაც პრეზიდენტის თვითმფრინავით, პრეზიდენტობის კანდიდატი კლინტონი ჩაიყვანა ერთ-ერთ ქალაქში ამომრჩევლებთან შესახვედრად.

მიუხედავად უპრეცედენტო ადმინისტრაციული რესურსის და მედიის გამოყენებისა, კლინტონმა წააგო და არა მარტო მან, უპირველესად ობამას მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ. უნებლიედ იბადება კითხვა – რა შუაშია რუსი ჰაკერები? დავუშვათ, მართლაც შეანგრიეს „დემოკრატთა“ საიტი – მერე რა? რა გავლენა იქონია ამან იმ ამერიკელებზე, ვინც ხმა ტრამპს მისცა? რუს ჰაკერებს მილიონობით ამერიკელი ამომრჩევლის ტვინი ხომ არ შეუნგრევიათ?

„დემოკრატების“ ინტერნეტ-„სეიფიდან“ მოპარულმა ცნობებმა იმოქმედეს ამომრჩევლებზეო? – შემედავება მავანი.

პრეზიდენტიდან დაწყებული, ნებისმიერი მოხელით, მედიით, შოუ-ბიზნესით დამთავრებული ყველა მხარეს კლინტონს უჭერდა, მაგრამ გაიმარჯვა ტრამპმა, ვინაიდან მისი აზრები მოეწონა ამომრჩეველს და ჩათვალა, რომ გაცილებით პროგრესულია, ვიდრე 8-წლიანი ობამასეული იდეები. გაიმარჯვა სიახლემ, ამერიკისთვის მოულოდნელმა და სხვაგვარმა აზროვნებამ, პრაგმატულობამ, არსებული ვითარების კრიტიკულმა ანალიზმა და ა.შ. რუსი ჰაკერები არაფერ შუაშია. დამარცხების ბაცილა ობამამ საკუთარ და პრეზიდენტობის კანდიდატის თავებში უნდა ეძებოს.

ტრამპის გამარჯვების არც საქართველოს პოლიტიკოსებს სჯეროდათ, ვინაიდან მათი სურვილი იყო მარტივი – „ნაცნობი“ ჰილარის გამარჯვება, იმ ვითარების უცილობელი გაგრძელება, რასაც საქართველოში წლების განმავლობაში ჰქონდა და აქვს ადგილი. ჰილარზე და დემოკრატებზე ჰქონდა აწყობილი აწმყო და მომავალი საქართველოს პოლიტიკას. სწორედ ამიტომაც სხვადასხვა პარტიის ნაკრები ეწვია აშშ-ს დემოკრატთა ყრილობას. იმ ყრილობას, ვინც თავის ჯილად კლინტონი დაასახელა.

ტრამპი არვის გახსენებია. არადა უკვე მაშინ ჩანდა ტრამპის შესაძლებლობები, მისი არაორდინალური აზროვნება, გამარჯვებისკენ სწრაფვა. პოლიტიკას ეს არ უნდა გამოპარვოდა! გამოეპარათ. რას ვიზამთ, არაპროფესიონალიზმის ბრალია, მაგრამ გაცილებით მეტი უმეცრებაა, როდესაც ნოემბრის შემდეგ იგივე პოლიტიკას აგრძელებ, რაც მანამდე გქონდა.

ტრამპის გამარჯვებამ არაფერი ასწავლა ქართულ პოლიტიკას. ის, ისევე ძველი გზით მიდის – ნატოს და ევროკავშირის ძახილით. აქ, უდავოდ იბადება კითხვა – საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმე ეცნობა ახლადარჩეული პრეზიდენტისა და მის მიერ შერჩეული გუნდის განცხადებებს? ახლა მაინც კითხულობენ ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლებს? ტრამპი ხომ იმას ამბობს, რასაც არჩევნებამდე ამბობდა? ვვარაუდობ, რომ მსგავსს ადგილი  არ აქვს, თორემ ტრამპის ნეგატიური მიდგომა ნატო-ევროკავშირის მიმართ ხომ არ გამოეპარებოდათ?

როგორც ჩანს გამოეპარათ. პრემიერ კვირიკაშვილის  ნაცოდვილარი  მკარნახობს ამას: „ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება უცვლელია. ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს მიუახლოვდეს. მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიხელმძღვანელებთ“.

ეს ფიცი მან და მისმა სამთავრობო გუნდმა ბრიუსელში დადეს გასული  წლის ბოლოს. იმ ბრიუსელში, რომელმაც თვითონ არ იცის რა გზას დაადგეს და კანკალით ელოდება ტრამპის გაპრეზიდენტებას. ბრიუსელს სხვა სატკივარიც აქვს. და ეს სატკივარი – დაშლაა. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ გამოიწვია ეს.

არანაკლები რყევები იქნება ამ გაზაფხულზე საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს. ერთ-ერთი კანდიდატი მარინ ლე პენი საფრანგეთს პირდება ევროკავშირიდან გასვლას და ფრანგული ვალუტის დაბრუნებას. მეორე კანდიდატი ფიიონიც ალმაცრად უყურებს ევროკავშირს. ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც, სხვაგან. ამ ფონზე ევროკავშირში გვინდაო – არცთუ გონივრული გადაწყვეტილებაა. თუ ევროკავშირი დარჩება, ის არ იქნება ისეთი, როგორიც დღესაა. შეეცდება ჩამოიშოროს პოლიტიკური ტვირთი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სახით რომ ირგუნა.

ასოცირებულმა წევრობამ თუ რა მისცა მოლდოვას – გარკვევით თქვა ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა დოდონმა. მისი ბრძანება – პრეზიდენტის სასახლიდან ევროკავშირის დროშის ჩამოსახსნელად, თავისთავად მეტყველებს მოლდოვას ევროკავშირთან დამოკიდებულებაზე. დოდონი პრაგმატიკოსია. მან იცის, რომ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ მოლდოვას მხოლოდ პოლიტიკური ვექტორის შეცვლა თუ გადაარჩენს. დოდონის აზრით, რუსეთთან და დსთ-სთან ურთიერთობა თუ იხსნის მოლდოვას სიდუხჭირისგან.

მოლდოვამ გაარკვია თავისი საქმე. დავრჩით უკრაინა და საქართველო – ორი მოჭარბებულად პროდასავლელები. უკრაინის პრობლემები უმძიმესია. არანაკლებად მძიმეა ჩვენიც. 25-წლიანმა უგზო-უკვლოდ ხეტიალმა არაფერი დაგვანახა, არაფერი გვასწავლა. ისევ იქითკენ ვიყურებით, საიდანაც სიკეთე არ ჩანს. არადა ჩვენზე ჩამორჩენილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რაღაცას ეწივნენ. რაც გვაქვს – მედიის მოჭარბებული ლაქლაქია, რომელიც სიტყვის თავისუფლებად ინათლება.

ტრამპი უნდა შეაწუხოთ – გვეუბნებიან ჩვენი ოკეანესგადაღმელი „კეთილისმსურველები“. გაიქეცით სასწრაფოდ და მუხლებში ჩაუვარდით, უთხარით თქვენი დამსახურების შესახებ ავღანეთში და სხვაგანო. ტრამპი, როგორც ჩანს გულმავიწყი არ არის. ერთ-ერთ ამერიკელ სენატორზე ბრძანა – ეგ არ იყო, რომ მაკრიტიკებდაო?!

თუ საქართველოს გაახსენებენ, სრული შესაძლებელია თქვას – ეგენი არ იყვნენ, გასულ ზაფხულს კლინტონის კანდიდატად წამოყენებას რომ დაესწრნენო?! შეიძლება მართლაც ვინმემ შეახსენოს საქართველო, მაგრამ რეაქცია უდავოდ არ ექნება.

საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრცის თემა პუტინთან შეხვედრის დროს განიხილება. ყველას ერთად და არა ცალ-ცალკე. დამთავრდა ის დრო, როდესაც ამერიკა, საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგოდ ათამაშებდა. ტრამპს რუსეთთან და პუტინთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება სურს და არა კონფრონტაცია. ასე, რომ პოლიტიკური თამაშის წესები იცვლება, რასაც საქართველოს პოლიტიკა ვერ ხედავს, დაყრუებულ-დაბრმავებული ისევ ძველს აწვება. მახსენდება რუსი პოლიტიკოსის ჟირინოვსკის სიტყვები – გაივლის წლები და საქართველო მაინც ჩვენთან მოვაო.

დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის სრული შესაძლებლობაა. 25-წლიანმა უგზო-უკვლო ხეტიალმა მძიმე დაღი დაასვა ეკონომიკას, სოციალურ ყოფას, კულტურას, განათლებას და ყველაფერ იმას, რაზეც ერი დგას. ე.წ. დამოუკიდებლობამ ის მაინც დაგვანახა, რანი ვიყავით და რას დავემსგავსეთ, მაგრამ ბევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ამ ტრანსფორმაციას ვერ გრძნობს, ვერ ხედავს, რაც არ არის გასაკვირი, რამეთუ ის არ იცნობს თავისი ქვეყნის უახლეს ისტორიას, არცთუ შორეულ წარსულს. ის სხვაგვარად აღზარდეს – დიდი მეზობლის სიძულვილით.

როდესაც პრეზიდენტყოფილი საქართველოს დაუძინებელ მტრებს შორის, პირველს რუსეთს ასახელებს,  რას იტყვიან ანტირუსულად განწყობილი ქართველები? ასეთთა რაოდენობა ცოტა არ არის. რას არ აცხადებენ ისინი – იმასაც, რასაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში ადგილი არ ჰქონია და იმასაც, რასაც ადგილი ჰქონდა – ერთი წუთითაც არ შეიტანენ ეჭვს – ეს, რომ იყო, იქნებ ჩვენი წვილიც არის ამაში?

არაფერია გასაკვირი იმაში, შენს მიერ ჩადენილი დანაშაული სხვას გადააბრალო, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის იქით შენი ნათქვამი დაუჯერებელი ხდება. განა ვინმეს სჯერა, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო. საქართველოში დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველო, მტარვალი და აგრესორი რუსეთის მსხვერპლია. მათ ვერ წარმოუდგენიათ, „უმანკო“ საქართველოს თავდასხმა მძინარე ცხინვალზე.

ისინი 2008 წლის ომშიც მართლები არიან, ისე, როგორც 200-წლიანი ურთიერთობების პერიპეტიებში. არც ერთ მათგანს თავში არ მოსდის სხვა დიდი ქვეყნების ანალოგიური დამოკიდებულება კოლონიების მიმართ. არც ერთს თავში არ მოსდის ასეთი რამ – რას გააკეთებდა საქართველო რუსეთის აგდილზე? აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, აჭარის მიმართ ძველი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არ იქნებოდა ისეთი ბუნჩულა და ფაფუკი, როგორიც გვგონია.

დიახ! რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაში იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ კარგი რომ მეტი იყო?! გამოფხიზლების, ახლებური აზროვნების, პრაგმატიზმის დროა. ამას გვიკარნახებს დღევანდელობა, მოსალოდნელი ძვრები მსოფლიოში. ახლა მაინც ნუ ჩამოვრჩებით პროცესებს.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.