15.10.2024

ტერორიზმთან ბრძოლა – ყველას საქმეა!

ბატონ გურამ გოგიაშვილს

კაცობრიობისთვის 21-ე საუკუნის უსერიოზულესი გამოწვევა ტერორიზმია. კვირა ისე არ ჩაივლის ახალმა ტერორისტულმა აქტმა მსოფლიოს ყურადღება არ მიიპყროს. თითქმის არ დარჩა კონტინენტი ტერორისტული გამოხდომის გარეშე – ზოგან მცირე, ზოგან დიდი რაოდენობის მსხვერპლით.

ტერორიზმის ისტორია ასეულობით წელს მოითვლის, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობით მან თავი ჩვენს საუკუნეში იჩინა. ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა. დასავლელი სპეციალისტების აზრით პირველ პლანზე სოციალურ პრობლემებს ასახელებენ, რელიგიურ დაპირისპირებას, სიღარიბის სიმდიდრესთან ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულის წახალისებას ტერორისტულ აქტზე და ა.შ. სწორედ ამ უკანასკნელმა მოაქცია ტერორიზმის არეალში თანამედროვე საზოგადოება შიში მოჰგვარა მას, სიმშვიდე დააკარგვინა.

თანამედროვე ტერორიზმის აღორძინება უკავშირდება საბჭოთა შეზღუდული სამხედრო კონტიგენტის ბრძოლას ავღანეთში და მის წინააღმდეგ წამოწყებულ „პარტიზანულ“ ომს. ამ ომს თავისი შემკვეთი ჰყავდა აშშ-ის სახით. ცნობილი ამბავია, აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ავღანეთში მებრძოლი ოპოზიციური „თალიბანისა“ და ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ მომართვა საბჭოთა სამხედრო კონტიგენტის წინააღმდეგ.

თუ „თალიბანის“ ჩამოყალიბებაში ამერიკის სპეცსამსახურებს ნაკლები „დამსახურება“ აქვთ, ამას ვერ ვიტყვით „ალ-ქაიდას“ მიმართ. ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი უსამა ბინ ლადენი აშშ-ის სპეცსამსახურების შემოქმედებაა, რის შესახებ არაერთხელ დაიწერა და ითქვა თვით აშშ-ს პოლიტიკოსთა თუ ექსპერტთა მიერ.

მხვედველობაშია მისაღები ისიც, რომ ამერიკელ დამრიგებელთა გაწვრთნილი, შეიარაღებული და ხელით ნაგოგმანები ტერორისტები, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ადამიანთა კვლაში დახელოვნების შემდეგ, თვით მასწავლებლის წინააღმდეგ იქოჩრება და მასაც ისეთი თავდავიწყებით ებრძვის, როგორც აშშ-ს მიერ მიქსეულებს – სახელმწიფო იქნება ეს თუ პოიტიკური ფიგურა. მარტო აშშ-ზე განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტი რად ღირს?!

მასწავლებლის წინააღმდეგ ამხედრებული ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ დამრიგებლის შეგონებები აღარ ჭრის, რის შემდეგაც თვით დამრიგებელი უცხადებს ომს თავის „პირმშოს“. გაიხსენეთ აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული საიდუმლო ოპერაცია „ალ-ქაიდას“ მეთაურის უსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ, რომელსაც თვალს ადევნებდნენ აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ობამა, ადმინისტრაციის სხვა წევრები. ის ოპერაცია ვაშინგტონმა წარმატებით განახორციელა, თუმცა შესაბამისი დასკვნები არ გამოუტანია.

ისევ ახალი ტერორისტების მოძებნა, ისევ მათი წვრთნა და სათავეში ამერიკული ციხიდან გამოშვებული ალ ბაღდადის ჩაყენება. გათავისუფლებიდან თითზე ჩამოსათვლელ დღეებში ალ ბაღდადიმ ახალი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ შექმნა, საჯაროდ დააანონსა და მიზნებიც გამოაცხადა უწმინდურთაგან სირიის, ერაყის, ახლო აღმოსავლეთის, სხვა ქვეყნების გათავისუფლება.

რა იყო აშშ-ის პრეზიდენტის ობამას ადმინისტრაციის მიზანი?

უპირველეს ყოვლისა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობა, სირია-ერაყში ისლამური სახელმწიფოების ჩამოყალიბება, „ისლამური სახელმწიფოს“ უკიდურესად რადიკალური წევრების მმართველობიდან ჩამოშორება და დროთა ვითარებაში „ისლამური სახელმწიფოს“ შერბილებული მმართველობის დაწესება სირიაში, შემდეგ სხვაგან.

„ისლამური სახელმწიფო“ იყო ის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფოს მსგავსი მმართველობა შემოიღო. „ისლამურ სახელმწიფოში“ 80-ზე მეტი ქვეყნის ტერორისტი იყო გაერთიანებული, მათ შორის ტერორისტები პანკისის ხეობიდან, აჭარიდან. მათ სირიის ტერიტორიის 80% ეკავათ და სირიის ხელისუფლების დამხობის  შემდეგ, სხვა ქვეყნების „მიხედვასაც“ აპირებდნენ. სწორედ ამ დროს, სირიის ხელისუფლების თხოვნით, პროცესში რუსეთი ჩაერთო. შედეგი ყველასთვის ცნობილია. რუსეთმა, ირანმა, თურქეთმა, განსაკუთრებით რუსეთმა საჰაერო იერიშებით გაანადგურეს „ისლამური სახელმწიფო“ და გადარჩენილი ტერორისტები აიძულეს გაცლოდნენ სირიას.

რატომ ვერ შეძლო აშშ-ა და მის მიერ შექმნილმა კოალიციამ სირიაში მებრძოლი ტერორისტების განადგურება?

აშშ-ა, რუსეთის, სირიის ომში ჩართვამდე დაიწყო ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები, თუმცა უშედეგოდ. იბადება კითხვა – ნუთუ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალების მქონე სახელმწიფოს გაუჭირდა ტერორისტებთან ომი?

საქმე შემდეგშია აშშ-ს არც უფიქრია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება. მისი სურვილი იყო სირიაში მოკალათებული სხვა ტერორისტულ ანუ რადიკალურ ძალებთან ომი და არა „ლოიალურ“ ტერორისტებთან, რომლებსაც ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ აშშ-ის სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა და არა მარტო აშშ-ის, არამედ კოალიციაში შემავალ 50-ზე მეტ ქვეყანასთან, რაზეც მოწმობს ის სამხედრო მძიმე ტექნიკა, რომელიც აშშ-ი, ევროპის ქვეყნებშია დამზადებული და გადაცემული ტერორისტებისთვის.

ის, რომ აშშ-ი და მის მიერ შექმნილი კოალიცია მხოლოდ სიტყვით და არა საქმით იბრძვის სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ, ფაქტია. გარდა ამისა ნათელი მაგალითია ტერორიზმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც.

სირიაში ტერორისტები ხელისუფლების წინააღმდეგ აამუშავეს და რომ არა რუსეთ-ირანის მედგარი ბრძოლა, მსოფლიო „ისლამური სახელმწიფოს“ სახით მიიღებდა ტერორისტებით გაჯერებულ ქვეყანას, რომელიც მისი ლიდერის ალ ბაღდადის პირით აცხადებდა გავლენის სფეროს არა მარტო ახლო აღმოსავლეთში გაფართოებას, არამედ რუსეთის სამხრეთში, კავკასიაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ირანში და ა.შ.

სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდა, თუმცა მთლიანობაში ტერორიზმი ისევ ყვავის. ალ ბაღდადის მოწოდებით „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები სამშობლოს უნდა დაუბრუნდნენ, შეძლებისდაგვარად დაიწყონ „მშვიდი“ ცხოვრება და ნებისმიერ მოწოდებაზე გააკეთონ სწრაფი რეაგირება – ტერაქტების სახით.

სირია-ერაყიდან წასულმა ტერორისტებმა თავი აბურდულ ლიბიას შეაფარეს, სადაც აშშ-ის და ნატოს წყალობით ნოყიერი ნიადაგია შექმნილი ტერორიზმისთვის. ნაწილი ტერორისტებისა ავღანეთში გადაბარგდა, სადაც ასევე აშშ-ის წყალობით ხანგრძლივი, მრავალწლიანი ომია გაჩაღებული. ტერორისტების ნაწილმა უკრაინას მიაშურა და უკრაინელ ფაშისტებთან ერთად დონბასში ახორციელებს ტერორისტულ აქტებს.

ჩვენთვის უკვე ცნობილმა ავსტრალიელმა ტერორისტმა, რომელმაც ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში 50 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საბრძოლო წრთობა დონბასში, ქართულ ლეგიონში გაიარა.

ტერორიზმი კარგა ხანია ინტერნაციონალურია და რაც დრო გადის ახალ-ახალ კადრებს იზიდავს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სულ ახლახანს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათაშორისი საბჭოს წევრმა ისმაილ შაბანოვმა პრესას განუცხადა, რომ რუსეთი და ირანი მზად უნდა იყვნენ კავკასიაში მოვლენათა ნეგატიურად განვითარებისთვის. მან მოუწოდა საზოგადოებას ყურადღება მიაქციოს ირანის პრეზიდენტის როუჰანის განცხადებას: „ტერორისტებს შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან რეგიონის მოსახლეობას, ვინაიდან აშშ-ა შეცვალა საკუთარი გეგმები. ახლა მას ტერორისტები ავღანეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გადაჰყავს“.

შაბანოვი არ გამორიცხავს ტერორისტების ჩართვას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, აზერბაიჯანის მხარეს, რაც ხელს შეუწყობს ტერორიზმის ფართო გავრცელებას ამ ქვეყანაში.

ცნობილი ფაქტია, რომ დაღესტანსა და აზერბაიჯანის მთიან სოფლებში არსებობს „მიძინებული“ ტერორისტული ჯგუფები. მათ შეუძლიათ ჩრდილო კავკასიასა და ირანში გადასვლა და დესტაბილიზაციის გამოწვევა. მხედველობაშია მისაღები პანკისის ხეობაც – სწორედ აქედან წავიდა სირიაში, „ისლამურ სახელმწიფოში“ 200 „ბოევიკი“. პანკისი ისევ შეიძლება გამოიყენონ ბაზად, საიდანაც ტერორისტები გაიგზავნებიან დაღესტანში, აზერბაიჯანში, ირანში.

„როდესაც მექანიზმი ამუშავდება, დესტრუქციული ძალები ხანძარს გააჩენენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. სახელმწიფო, რომელიც ხელს შეუწყობს ან თვალს დახუჭავს ტერორისტთა ქმედებაზე სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა შაბანოვმა.

ძნელია იმის დადგენა რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა შაბანოვმა ეს განცხადება, მაგრამ უდავოდ დასაფიქრებელია. რომ იტყვიან „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-დან გამომდინარე საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ყურადღებაა გასამახვილებელი.

ტერორიზმთან ბრძოლა ყველას საქმეა, ვინაიდან მან არ იცის დანდობა – არც რელიგიური, არც გენდერული, არც ეროვნული და არც უმცროს-უფროსობის თვალსაზრისით.  მასთან გაერთიანებული ბრძოლაა საჭირო და არა ისეთი, ზოგიერთი ქვეყანა რომ აწარმოებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

ახალი ზელანდიის ტერორისტული აქტი ნაციონალურ-რელიგიურ საფუძველს ეყრდნობა, გარდა ამისა ნეოფაშისტურს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ამერიკა-ევროპა თვალს ხუჭავს ევროპაში, განსაკუთრებით ბალტიისპირა ქვეყნებსა და უკრაინაში ფაშიზმის აღორძინებაზე. ვაშინგტონ-ბრიუსელის აზრით თუ ნეოფაშიზმი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ – სრულიად დასაშვებია ნეოფაშისტური აქტიურობა.

თანამედროვე ევროპა პარალელებს ავლებს ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის და ლამის ერთ სიბრტყეში განიხილავს, ივიწყებს რა ფაშიზმის დამმარცხებლის უდიდეს წვლილს ყავისფერი ჭირისგან მსოფლიოს გადარჩენაში.

ბალტიისპირა ქვეყნებსა და უკრაინაში ტრადიციად იქცა ფაშისტების, ბანდერელების ჩირაღდნიანი მარშები. ფაშისტებს ამ ქვეყნებში გმირებად მიიჩნევენ, ხოლო მათ დამმარცხებელ საბჭოთა არმიის ვეტერან მეომრებს დამნაშავეებად.

უკრაინის კანომდებლობით ფაშიზმი აღორძინებულია, თუმცა მას სხვა სახელი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ჰქვია. ქვეყნის ეროვნულ გმირად არის გამოცხადებული ბანდერა გერმანიის ფაშიზმთან მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფი. ბანდერას, შუხევიჩის, სხვების ხელებზე პოლონელი, ებრაელი, რუსი, უკრაინელი ადამიანების სისხლია. თუმცა ამას არც აშშ-ი და არც ევროპაში ყურადღებას არვინ აქცევს.

ევროპელთა პოლიტიკა წყლის წვეთებივით ჰგავს გასული საუკუნის 30-40-იანი წლებისას. მაშინ „დემოკრატიულმა“ ევროპამ მეგობრული თვალით შეხედა იტალიურ-გერმანიულ  ფაშიზმს. პოლონეთმა პირველმა დადო ჰიტლერულ გერმანიასთან ხელშეკრულება, ხოლო საფრანგეთ-ინგლისმა, სხვებმა არაფრად ჩააგდეს ფაშისტური გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის განადგურება და ანექსია. ისინი ფაშიზმს მტრად არ მიიჩნევდნენ. მათთვის მტერი საბჭოთა კავშირი იყო. თუ რით დამთავრდა ევროპელთა მხრიდან ჰიტლერული გერმანიის მოქმედების უგულებელყოფა ცნობილია.

ისტორიის მწარე მაგალითები მეორდება. ფაშიზმმა კვლავ წამოყო თავი, თუმცა არავითარი რეაქცია არ ჩანს ამ პროცესის წინააღმდეგ. და როდესაც შეგნებულ დაუნახაობასთან გვაქვს საქმე, ახალი ზელანდიის ტერორისტულმა აქტმა არ უნდა გაგვაკვირვოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი