გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის შთაბეჭდილებები

ბატონ გურამ გოგიაშვილს

გაეროს მიმდინარე გენერალური ასამბლეა უდავოდ შევა ამ ორგანიზაციის ისტორიაში — უკრაინის სახელით. მსოფლიოს ორგანიზაციის 190-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს ცნობიერებაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის არსებობა არაფერ განსაკუთრებულს და მნიშვნელოვანს არ უკავშირდება, დღეს კი ყველას პირზე აკერია „უკრაინა“, თან ისეთ ქვეყანასთან ერთად, როგორიც აშშ-ია.

უკრაინელი პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი უნდა იყოს საკუთარი ქვეყნისადმი ესოდენი ყურადღება, ვინაიდან ის უფრო უარყოფითა, ვიდრე დადებითი.

ამერიკა-უკრაინის, უფრო სწორად აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის და მისი უკრაინელი კოლეგის ზელენსკის სატელეფონო საუბარმა გენერალური ასამბლეის სესიის სრული ყურადღება მიიპყრო და უკან ჩამოიტოვა მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერებული მთელი რიგი საკითხები.

სენსაციას დახარბებულმა მედიამ უმალ აიტაცა საუბრის შინაარსი და ლამის რენტგენის სხივებში გაატარა ყოველი სიტყვა და წინადადება. ჟურნალისტებისთვის ცეცხლის შენთების ინიციატორმა აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ, კონგრესში მოკალათებულმა დემოკრატებმა, წამიც არ დააყოვნეს პრეზიდენტ ტრამპისთვის ახალი „ანტისახელმწიფოებრივი“ დანაშაულის მიწეპება, რაც მათი აზრით იმპიჩმენტის საწინდარია.

თუ როგორ წარიმართება დემოკრატთა ანტიტრამპული ძალისხმევა — ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტის ყურადღების დიდი ნაწილი ახალი კამპანიის ჩაქრობას მოხმარდება, ფაქტია.

აშშ-ს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი კარგა ხანია დაიწყო. დემოკრატიული პარტიის კანდიდატებიდან ჯერჯერობით პირველობა აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის მხარეზეა, რესპუბლიკელებიდან მას მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი დაუპირისპირდება.

ორივე პარტია გააფთრებით ებრძვის ერთმანეთს, „თეთრი სახლის“ დასაკავებლად, კონგრესში უმრავლესობის გასაყვანად. ორივე პარტია ძალას არ იშურებს ერთმანეთის ჩასაძირად, გასაშავებლად. ორივე გაფაციცებით ცდილობს მოიპოვოს მოწინააღმდეგეზე კომპრომატები — ხშირად ისეთი ნაცადი ხერხის გამოყენებით, როგორიცაა მოქრთამვა, დაშინება, ფალსიფიკაცია და ამ დროს მოულოდნელად, როგორც მწიფე ვაშლი, ისე ვარდება დემოკრატების ხელში ტრამპ-ზელენსკის სატელეფონო საუბარი, გაეროს შტაბ-ბინაში გამართული ხანმოკლე შეხვედრა.

ორი საუბრის დეტალებში აღწერა შორს წაგვიყვანს და არც არის საჭირო, ვინაიდან მკითხველმა იცის ამის შესახებ, ამდენად ვიტყვი მოკლედ: სატელეფონო საუბარში ტრამპი მიანიშნებს ზელენსკის, რომ ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული კორუფციის მასალები მას წარუდგინოს.

ეს ისტორია არასდროს ყოფილა სამსჯელოდ გამოტანილი. იყო ლაპარაკი — ჭორის დონეზე და ალბათ ასედაც დარჩებოდა, რომ არა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და მასში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის მონაწილეობა.

დემოკრატები ტრამპს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან უბრძანა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბაიდენის საწინააღმდეგო მასალების წარდგენა, რაც ძალის გამოყენებას ნიშნავს სხვა ქვეყნის პრეზიდენტზე, ამასთანავე აშშ-ს კონსტიტუციით დაუშვებელია პრეზიდენტის მიერ მოწინააღმდეგე კანდიდატზე კომპრომატების შესაგროვებლად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

ამ „თავგადასავლის“ მიხედვით, ბაიდენის საკითხი, რომელიც კორუპფციას უკავშირდება, ამასთანავე ძალის გამოყენებას (უკრაინის გენპროკურორის გათავისუფლება), დემოკრატების მიერ სულაც არ მიიჩნევა შეცდომად ან ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ძალის გამოყენებად, მაშინ, როდესაც ტრამპის მოქმედება საშინელებად აღიქმება.

ძნელი გამოსაცნობია — შეძლებენ თუ არა დემოკრატები ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ მოქმედ პრეზიდენტს რომ სულს ამოხდიან და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლისუნარიანობას შეუმცირებენ, ფაქტია.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც ტრამპ-ბაიდენის ორთაბრძოლის შუაშია მომწყვდეული, დასამშვიდებელი არაფერი აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი და ტრამპის სატელეფონო საუბარი იხილა მსოფლიომ. საუბარმა ყველას დაანახა, რამდენად „სუვერენული“ და „დამოუკიდებელია“ უკრაინა. ზელენსკი დაპირდა ტრამპს, რომ მალე დანიშნავს „თავის კაცს“ გენერალურ პროკურორად, რომელიც „მოუვლის“ ბაიდენის საქმეს.

ამერიკული მედია დამცინავად აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტს და მას მლიქვნელსაც უწოდებს ტრამპისთვის ქათინაურების მიძღვნის გამო, დაახლოებით ასეთის — ოო, ჩემო დიდო მასწავლებელო და ა.შ.

მედია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ტრამპ-ზელენსკის გაეროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის იმ ნაწილზე, სადაც ტრამპი ზელენსკის ურჩევს უკრაინის პრობლემებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს.

ტრამპის ნათქვამი არა მარტო უკრაინას ეხება, არამედ ჩვენც. ჩემის აზრით, უკრაინული „გაკვეთილის“ შესწავლა ურიგო არ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს ის რაღაც დასკვნებს აკეთებს და იმ ნაბიჯებს დგამს, მოჭარბებული სიფრთხილით და შიშით საზოგადოებას რომ დაპირდნენ 2012 წელს. ეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა. მხედველობაში მაქვს ზალკალიან-ლავროვის საუბარი, რომელიც გენერალური ასამბლეის ჩარჩოებში გაიმართა.

ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი გავაგრძელებ უკრაინულ თემას, რომელმაც ორივე პრეზიდენტს თავისტკივილის მეტი არაფერი მოუტანა.

გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ზელენსკის გამოსვლა არაფრით იყო გამორჩეული ან დასამახსოვრებული. მას უკრაინის დელეგაციის გარდა დარბაზში შემორჩენილი თითო-ოროლა დელეგატი თუ უსმენდა.

ზელენსკის სიტყვა და მოქმედება ( ტყვიის ჩვენება) ისეთივე სპექტაკლი იყო, როგორიც წინამორბედ პოროშენკოს — რუსული აგრესიის დამახასიათებელი თვალსაჩინოების დემონსტრირებით. გაეროს ტრიბუნაზე იდგა პოროშენკოს ორეული, ოღონდ დაპატარავებულ ფორმატში.

გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ოპოზიციამ. ტელეკომპანია „პირველების“ ეთერში ოპოზიციონერმა ბოკერიამ, რომელთანაც საუბარი ჟურნალისტ ჟიჟილაშვილს მიჰყავდა, განაცხადა, რომ ზურაბიშვილის სიტყვა იყო სუსტი, არაფრის მთქმელი — განსაკუთრებით რუსეთის მიმართ, რომ მას არ დაუდანაშაულებია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, არ გაუკიცხავს რუსეთი აგრესიისა და ოკუპაციისთვის და ა.შ.

ბოკერიას, დაუმსახურებელ, კრიტიკას ცეცხლი შეუნთო ჟიჟილაშვილის ნათქვამმა — ნახეთ, რა კარგად გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, რა კრიტიკული იყო რუსეთის მიმართო. როგორც ჩანს, ჟიჟილაშვილს სხვა პოლიტიკური გემოვნება აქვს — ავანტიურიზმისკენ გადახრილი. ის ერთადერთია, ვისაც ზელენსკის სიტყვა მოეწონა არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც.

რაც შეეხება ზურაბიშვილის გამოსვლას,  ეს იყო მოზომილი, ასამბლეის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საქართველოზე მორგებული გამოსვლა.

ის, რომ მასში არ იყო რუსეთის მიმართ ჭარბი ლანძღვა-გინება, მხოლოდ დადებითობას მატებს ამ სიტყვას. საქართველომ ლანძღვა-გინებით კი არ უნდა გამოიჩინოს თავი, როგორც ეს ბოკერიას და მისთანებს ჰგონიათ, არამედ აკადემიურობით, თავშეკავებულობით, ზრდილობით. რა მოუტანა ქვეყანას რუსეთის გინებამ?

ცუდის მეტი, არაფერი!

ახლა რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ზალკალიანის შეხვედრას რუს კოლეგა ლავროვთან. საუბრის დეტალები ჩვენთვის არ არის ცნობილი და ასეთად დარჩება ალბათ, ვინაიდან სახელმწიფოს ინსტიტუტი მოითხოვს ამას. სახელმწიფო დოკუმენტის ან საუბრის ცალმხრივი გასაჯაროება, მოლაპარაკებაში მონაწილე მეორე მხარის ჩაშვებაა, რაც შემდგომში, როგორც არასანდო პარტნიორს, წინ დახვდება.

აშშ-ს მაგალითი ანუ ტრამპის მიერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებამ დიდი უხერხულობა შეუქმნა უკრაინის პრეზიდენტს, ვინაიდან იმ საუბარში მარტო აშშ-უკრაინის ურთიერთობების გარდა გერმანია-უკრაინის, საფრანგეთ-უკრაინის ურთიერთობებიც იყო ნახსენები — ზელენსკის მხრიდან კრიტიკულად, რამაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ბერლინსა და პარიზში.

საუბრის დეტალების გამომზეურება ორი მხარის თანხმობით ხდება, რაც დიპლომატიაში, საერთოდ პოლიტიკაში მოტრიალე ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მან არაფერი იცოდა ორი მინისტრის შეხვედრის თაობაზე და ისტერიულად გაჰყვირის — ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილაო.

დამისახელეთ თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი წინასწარ უთანხმებს ოპოზიციას კოლეგა უცხოელთან დაგეგმილი შეხვედრის განსახილველ საკითხებს. გარდა ამისა, ზალკალიანს რომ წინასწარ ეთქვა ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა შევხვდეო, გაიმართებოდა ეს შეხვედრა?

ცხადია, არა! ვინაიდან ოპოზიცია და საქართველოს „კეთილმოსურნე“ დასავლელი პარტნიორები ხომ დაბეჯითებით გვეუბნებიან რუსეთთან შეხვედრას არაფერი მოჰყვება და ამდენად უმჯობესია თავის შეკავება. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების რუსეთზე ზეწოლით უნდა მოგვარდეს საქართველოს პრობლემებიო.

თუ რა შედეგი მოგვიტანა აბსტრაქტულმა „საერთაშორისო საზოგადოებამ“ — კარგად ვიცით. წლების განმავლობაში ჩაგვჩიჩინებენ, რომ თუ მაინცდამაინც აუცილებელია რუსეთთან შეხვედრა, ის უნდა გაიმართოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. ჩვენი რუსეთთან მარტო შეხვედრა გამორიცხულია, ვინაიდან რუსეთი მოგვატყუებს და მისთვის სასურველ რაღაცაზე დაგვიყოლიებს.

და ამას ამბობს არა მარტო ნაცური ოპოზიცია, არამედ მასზე აყოლილი მედიაც. შიშმა იმისა, რომ ჩვენ, მარტონი რუსეთს ვერ დაველაპარაკებით, ვინაიდან შეგვჭამს, დროში გაჭიმა მოსაგვარებელი პრობლემები. რუსეთი კი რახანია გვეუბნება — დავიწყოთ ლაპარაკი, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა — დასავლელ პარტნიორებს დაველაპარაკებიო.

დაელაპარაკა თუ არა, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთისკენ არვის გაუხედავს. იქნებ დაელაპარაკა და მათაც უთხრეს — შეხვედრა არ არის საჭიროო?

როგორც ვხედავთ, აკრძალული შეხვედრაც გაიმართა და ზალკალიანიც გადაურჩა ლავროვის შეჭმას. რაც შეეხება საუბარს, დიდი მარჩიელობაც არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ის შეეხებოდა ტერიტორიულ მთლიანობას, ბორდერიზაციას, ნატოში გაწევრებას და ა.შ.

ერთი შეხვედრა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, ფაქტია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გადაიდგა პირველი ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, რაც მისასალმებელია.

რაც შეეხება ნაცური ოპოზიციის გულისწყრომას — არ შეგვითანხმესო. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს რამეს უთანხმებდნენ?

ბოლოსდაბოლოს, 2008 წლის ცხინვალის ომით მათ ხომ ფაქტის წინაშე დააყენეს მთელი საქართველო?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი