ისევ ყბადაღებული „რბილი ძალის“ თაობაზე

ბატონ გურამ გოგიაშვილს

წინა სტატიაში ყურადღება გავამახვილეთ ე.წ. რბილ ძალაზე, რომელიც თავისი შინაარსით და მიზანმიმართულობით ერთი ქვეყნის მიერ, მეორის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მთავარი იარაღია. „რბილ ძალას“ ხშირად იმასაც უწოდებენ, როდესაც ერთი ქვეყანა, სხვა ქვეყანაში მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, სპორტის დემონსტრირებით სიმპათიას და გავლენას მოიპოვებს.

„რბილი ძალის“ გავლენა უკიდეგანოა. მისი „აღმოჩენა“ შესაძლებელია ნებისმიერ საქმეში, თუკი ვინმეს დაებადება ამის სურვილი. „რბილი ძალის“ თაობაზე სისტემატურად მსჯელობენ პოლიტიკოსები, რათა შიში, რიდი, უნდობლობა დათესონ სხვა ქვეყნის მიმართ, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის გონებაში.

„რბილი ძალის“ შესახებ ლაპარაკობენ აშშ-ს პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ და მოკავშირე ქვეყნების საზოგადოებას მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ მეტოქე ქვეყნების — რუსეთის, ჩინეთის, ირანის მიმართ, ვინაიდან მათი მოქმედება ნებისმიერ დარგში, სახიფათოა ამერიკისთვის და არა მარტო, ვინაიდან ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ ღირებულებებს.

„რბილი ძალა“ პროპაგანდის თვალსაზრისით, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ნეგატიურად განაწყობს მას სხვა ქვეყნის მიმართ. „რბილი ძალის“ გამომყენებელი მეთოდურად მოქმედებს საკუთარი პროგრამის, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებლად.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველომ ზედიზედ განიცადა ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი „რბილი ძალის“ ზემოქმედება. ამერიკელი ექსპერტების კარპენტერისა და კოფის მიერ გახმოვანებულ გეგმებს, საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მათზე მსჯელობა, ვერბალური პაექრობა, შეხლა-შემოხლა გრძელდება და როგორც ჩანს კარგა ხანს არ ჩაქრება, ვინაიდან ამ „გენიალური“ გეგმის ავტორები შიგადაშიგ პატარ-პატარა ნაპერწკალს მიუმატებენ ჩაქრობისკენ გადახრილ ლამპარს, თუკი ასეთს ექნა ადგილი.

თემები, რომლებიც აღნიშნულმა ექსპერტებმა გააჟღერეს, ნატოში საქართველოს გაწევრებას ეხება — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე და თუ ამას ადგილი არ ექნა — საქართველოში ნატოს შემოსვლას — ბაზების სახით.

მკითხველს, შესაძლოა ორივე წინადადება დღეს შეუსრულებლად მოეჩვენოს, მაგრამ ხვალ? ხვალ ხომ შესაძლებელი იქნება შეუძლებლის გაკეთება? ასე ფიქრობენ კარპენტერი და კოფი. და არა მარტო ისინი, არამედ მათ ზურგს უკან მდგომი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. მათი გეგმები დღეს ყურს ეხამუშება, მაგრამ სისტემატური გამეორებით მივეჩვევით და ხვალ ჩვეულებრივად მივიღებთ.

„რბილი ძალის“ გრძელვადიანი პროგრამა-ზეგავლენა თავის მიზანს მიაღწევს და ამ საქმეში არა მარტო ის ორი ამერიკელი, რომელიც ზემოთ ვახსენე, გამოიჩენს თავს, არამედ ჩვენს გვერდით მცხოვრები, „პატრიოტული“ სულისკვეთებით აღვსილი ჩვენი თანამემამულეებიც.

არც კარპენტერი და არც კოფი აღნიშნულ წინადადებებს არ შემოგვთავაზებდნენ, სათანადო მხარდაჭერის იმედი რომ არ ჰქონოდათ. თუ რით არის განპირობებული მხარდაჭერა, შეგახსენებთ — მარტივი რამით — დაფინანსებით. სახელიც მოუძებნეს დაფინანსებას — „რუსეთის რბილი ძალის წინააღმდეგ ბრძოლა“. 120 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი ამ „სამართლიანი“ საქმის განსახორციელებლად.

შეძლებს ვინმე ესოდენ მომნუსხველი თანხის ძალას არ დაემორჩილოს?

უდაოდ შეძლებს, თუკი 120 მილიონს, 220 დაუპირისპირისპირდება ანუ ამერიკელთა მიერ გამოყოფილ თანხას, რუსული გადააჭარბებს — მაშინ მზე ჩრდილოეთიდან ამოვა და ევროატლანტიკური ვექტორიც კარდინალურად შეიცვლება. მაგრამ რუსეთი სხვა ჭკუაზეა. მას მოსყიდვის გეგმა არ ხიბლავს, თვლის რომ ბუნებრივობაა საჭირო ამ საქმეში.

რუსული პოზიციის აღქმა უჭირს ამერიკულ ფულზე დამყნობილ ქართულ არასამთავრობო სექტორს. თვით ამერიკელებმა კარგად იციან, რომ რუსები არათუ 120 მილიონ დოლარს, ათასსაც არ გადაიხდიან საქართველოში პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნისთვის, მაგრამ ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით ამერიკელი გადასახადის გადამხდელის გამოსათაყვანებლად ხმამაღლა გაჰყვირიან რუსული „რბილი ძალის“ საშიშროებაზე.

თუ როგორ ნაწილდება აშშ-ს ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა, წინა სტატიაში აღვნიშნე, მაგრამ კვლავ გავიმეორებ „ხელი-ხელს ბანს, ორივე პირსო“ — პრინციპით. სანდო პროამერიკული არასამთავრობოთა ანგარიშებზე გადმორიცხული თანხის გარკვეული რაოდენობა ისევ იქ ბრუნდება, იმ თავგადაკლული „დემოკრატი“ პოლიტიკოსების ჯიბეებისთვის, რომლებიც ღამეებს ათენებენ საქართველოზე „ზრუნვაში“.

დარწმუნებული ვარ ამერიკელი პოლიტიკოსები და მათი ქართველი მოკავშირეები გუნებაში რუსთა ხანგრძლივ კეთილდღეობაზე ოცნებობენ. სწორედ ურჩხული, ბრჭყალებიანი რუსეთის “შიში“ იძლევა კონგრესის მიერ ფულის გამოყოფის შანსს, თორემ რუსეთი რომ ინგლისის ან საფრანგეთის მსგავსი იყოს, ვინ გამოყოფდა თანხებს?

მკითხველს ემახსოვრება ის ენთუზიაზმი, რომლითაც ქართველი პოლიტიკოსები შეხვდნენ კარპენტერის წინადადებას საქართველოს ნატოში უაფხაზეთოდ და სამხრეთ ოსეთის გარეშე შესვლასთან დაკავშირებით.

ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა, სხვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმის მტკიცებაში, რომ ეს არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას; რომ ამერიკელი ექსპერტის „ნაბოდვარი“ სწორედაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესანიშნავი გზაა.

ისინი და მათი მსგავსნი ასეთივე ენთუზიაზმით შეხვდნენ მეორე ამერიკელის, კოფის წინადადებას — სირიიდან გამოყვანილი ამერიკის ჯარის საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში, რუსეთის ყოფილ სამხედრო ბაზაზე განთავსების თაობაზე.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხიდაშელმა სიხარულით ლამის ტანზე შემოიხია და კოფის თავხედობას „საქართველოს ბრწყინვალე შანსი“ უწოდა. ყველა მათგანს და მათზე მიტმასნილ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ვისაც ამერიკის ჯარის საქართველოში განთავსება დიდ წარმატებად მიაჩნიათ, წარმოდგენაც არ აქვთ ამერიკული სამხედრო ბაზებით გამოწვეული პრობლემებით გაბეზრებული ადგილობრივი მოსახლეობის ანტიამერიკული გამოსვლების და მიტინგების, თაობაზე. ის ხალხი რახანია ითხოვს ჯარის გაყვანას, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, იაპონიაც კმარა.

სულ ახლახანს აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დროა საზღვარგარეთ განლაგებული ამერიკული ჯარი დაუბრუნდეს სამშობლოს. მისი შენახვა ძვირი ჯდება, თან მასპინძლები გაღიზიანებული არიან და სულაც არ უხარიათ ამერიკელი ჯარისკაცების მათ ტერიტორიაზე ყოფნა. ტრამპმა ამ ჯარის რაოდენობაც დაასახელა — 300000. ხუმრობა საქმეა ამ რაოდენობის ჯარის შენახვა, როდესაც უმდიდრეს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო სრულიად გაპარტახებულთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს (გაეროს მონაცემები)?

 ჩვენ კი, ვითომ რუსების შიშით, გვსურს ნატოში შესვლა და თუ ვერ მოვახერხეთ  აშშ-ს, ნატოს სამხედრო ბაზების გახსნა.

ტრამპის პრაგმატულ განცხადებას ამერიკელი „ქორები“ აგრესიულად უდგებიან. მათთვის უმთავრესია მეტოქე რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან დაპირისპირებით გარკვეული დივიდენდების მოპოვება. ასეთ ვითარებაში ვერვინ იწინასწარმეტყველებს ბეწვის ხიდზე მავალი ორი მეტოქე, ერთმანეთის შიშით — გამოგონილით თუ ნამდვილით, შმთხვევით თუ შეგნებულად როდის დაარღვევს ბალანსს, რასაც უდავოდ მოჰყვება მსოფლიოს კატასტროფა. არ არის გამორიცხული, რომ ამას ადგილი ჰქონდეს რუსეთის სამხრეთ საზღვართან, საქართველოში.

ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს, ისე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აშშ-ს გარკვეული წრეების, მეტადრე „ქორულის“ ინტერესებს ემსახურებიან, საქართველოს ყოფნა-არყოფნა, ფულური ინტერესების გამო სასწორზე აქვთ შემოდებული. მათი თვითშეგნება ამ გამონათქვამის — „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო“-ს სადარია. ასეთი ადამიანებისგან კარგს არაფერს უნდა ველოდეთ.

„რბილი ძალის“ საუცხოო მაგალითია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის რიჩარდ სტენგელის ახალი წიგნი, სათაურით „რატომ დავმარცხდით მზარდ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში“.

„დეზინფორმაციის ეს ცუნამი პირველად 2014 წელს ვნახე ყირიმის ანექსიის დროს. ამ მასშტაბის რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა მანამდე არასდროს მინახავს. რუსები ტყუილებს ავრცელებდნენ ყირიმის შესახებ. საბოლოოდ კი ვიხილეთ, როგორ გადაიზარდა მოქმედებად ეს ყველაფერი 2016 წელს ამერიკის არჩევნებში“, — წერს ავტორი.

მაინც რა მოეჩვენა სტენგელს დეზინფორმაციად და ტყუილად?

ის, ხომ არა საუკუნეთა განმავლობაში ყირიმი რომ რუსეთის შემადგენლობაში იყო და იქ მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უკრაინაში ყოფნას, რუსეთში ყოფნას ამჯობინებდა?

ყირიმელებმა რეფერენდუმით გადაწყვიტეს დამოუკიდებლობა, ხოლო შემდეგ რუსეთთან მიერთება, რითაც საბოლოოდ დაუსვეს წერტილი საბჭოთა მეთაურის ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებას — ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე.

სტენგელს, როგორც ჩანს გული წყდება ყირიმი რომ უკრაინას არ დარჩა, ვინაიდან აშშ-ი, უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, იქ დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავდა. შავი ზღვა ამერიკისა და ნატოს მოჭარბებული ყურადღების ცენტრშია, რაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ოდესაში ვიზიტის დროს. მან გარდა ამ თემისა, რუსეთს მოუწოდა სამხედრო ძალები გაიყვანოს დონეცკიდან.

არის თუ არა სტოლტენბერგის ნათქვამი დეზინფორმაცია? უდავოდ არის, ვინაიდან დონეცკსა და ლუგანსკში არავითარი რუსული სამხედრო ძალები არ არის, რაც ეუთოს დამკვირვებლებს არაერთხელ უთქვამთ. სტოლტენბერგის განცხადება, ისე, როგორც სტენგელის მოსაზრება, სრული დეზინფორმაცია და ტყუილია.

„მათი (რუსების) მიზანი დასავლეთში დემოკრატიისთვის, ნატოსთვის, ევროკავშირისთვის ძირის გამოთხრაა“, — წერს სტენგელი. კეთილი, მაგრამ აშშ-ს მიერ ასზე მეტი მილიონი დოლარის გამოყოფა, ანტირუსული კამპანიის გაძლიერებისთვის არ არის მიმართული? და თუ რუსები ამ კამპანიას სერიოზულ ბარიერს შეაგებებენ, რა გასაკვირია?

რუსეთი თვით მოუვლის თავის თავს, რაშიც ეჭვი არ მეპარება, მაგრამ დასავლელ, „კეთილისმსურველებს“ აყოლილი ქართული პოლიტიკა რომ ხიფათს გადაეყრება, უდავოა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი