07.12.2024

სწორი დასკვნები ისტორიის გაკვეთილებიდან

წინა სტატიაში, რომელიც საბჭოური ცხოვრების გახსენებას მიეძღვნა, აღვნიშნე, რომ საბჭოთა კავშირი არ დაინგრეოდა ე.წ. ლიბერალები რომ არ გამოჩენილიყვნენ კომპარტიის რიგებში, განსაკუთრებით მაღალ და უმაღლეს პარტიულ თანამდებობებზე.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით ათასობით ტომი დაიწერა და მომავალშიც დაიწერება, მაგრამ ჭეშმარიტება ვერადავერ დადგინდება. ერთნი იტყვიან, რომ საბჭოეთი განწირული იყო, ვინაიდან მისი ეკონომიკა ვეღარ უზრუნველყოფდა ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნებს.

მეორენი დაგვიმტკიცებენ, რომ კომუნისტური მანქანა ვერც იდეოლოგიურად და ვერც ეკონომიკურად ვეღარ პასუხობდა თანამედროვეობას. მესამენი – საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა, თვით შიგნით ანუ მმართველობის ეშელონებში რომ არ გაჩენილიყო სახელმწიფო სისტემის არსებობის საწინააღმდეგო ბაცილა. სწორედ ამ ბაცილამ, სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ წლებში, ბოლო მოუღო მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას – რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის სურვილით, დღიდან მისი გაჩენისა, მთელი მსოფლიო გამოდიოდა. და არა მარტო სურვილით, არამედ აქტიური ქმედებით. კაპიტალიზმის მტერი იდეოლოგიის მატარებელი საბჭოეთი, უდავოდ შიშს იწვევდა კაპიტალიზმში. ხუმრობა ხომ არ იყო, საბჭოეთის წარმატებისთვის თვალის გასწორება?!

წარმატებები კი ნამდვილად არსებობდა, როგორც მრეწველობაში, ისე სოფლის მეურნეობაში, რის შესახებაც არაერთხელ დაიწერა იმჟამინდელი ცნობილი დასავლელი მწერლებისა და პუბლიცისტების მიერ. ისინი ხშირად სტუმრობდნენ საბჭოთა კავშირს და ყოველი ვიზიტის დროს ხედავდნენ, წინა ვიზიტის შემდეგ, განხორციელებულ წარმატებებს. საბჭოეთმა შეძლო ისეთი გიგანტური ნაბიჯების გადადგმა, რამაც ქვეყანა ღრმა ჩამორჩენილობიდან, მოწინავეთა რიგებში ჩააყენა.

გასული საუკუნის 20-30-იან წლებში დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნები ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდნენ, მაგალითად, აშშ-ი. გავიხსენოთ ე.წ. „მშრალი კანონი“ – დალევ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს – შენი ფეხით წახვალ ციხეში, მუშათა მოძრაობის ათასობით წარმომადგენლის დაპატიმრება, აშშ-დან გასახლება, ხოცვა. შემდეგ მაკარტიზმის პერიოდი და „კუდიანების“ დევნა, ანტისაბჭოური ისტერია.

ანალოგიური ვითარება იყო იტალიაში. და რომ არა მუსოლინი, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში, რკინის ხელით გაუსწორდა შუასაუკუნეების გადმონაშთებს, დღეს ეს ქვეყანა, შესაძლოა დაქუცმაცებული, უსუსური ყოფილიყო. თვით იტალიელები, სრულიად ადეკვატურად აღიქვამენ იმ პოზიტიურს, რაც განხორციელდა დუჩეს მმართველობის დროს – სხვა მხრივ, შიდა პრობლემების გადაჭრა შეუძლებელი იქნებოდაო – ამბობენ ისინი, თუმცა ისინი იმასაც არ ივიწყებენ, რა უბედურება მოუტანა ფაშიზმმა.

ავიღოთ იაპონია, რომელიც მეიძის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ, კაპიტალიზმის განვითარების გზას დაადგა. ეს სისტემა, ფორმით, სამხედრო-ნაციონალისტური, დიქტატურა იყო – უმოწყალო რეპრესიებით და ყოველგვარი, მცირედი სხვაგვარი აზროვნების ჩახშობით.

იმჟამინდელ იაპონიაში დემოკრატიის, პლურალიზმის, ადამიანის უფლებების ნიშანწყალიც არ იყო. იმპერატორის გაღმერთება, მის წინაშე მასობრივი მუხლმოდრეკა, ათასჯერ აღემატებოდა სტალინის პიროვნების კულტის პერიოდს.

ცნობისთვის, ამერიკელების მიერ იაპონიის ქალაქების ბირთვული დაბომბვის შემდეგაც, იაპონელებს თავში აზრადაც არ მოსვლიათ ჰიროჰიტოს ძეგლების ნგრევა, პრემიერ-მინისტრ ტოძიოს ლანძღვა, მარშალ ოიამას, ადმირალ იამამოტოს გაშავება. იაპონელები დღესაც ქედს იხრიან საკუთარი იმპერატორის და ყველა იაპონელი გმირის წინაშე, მათ შორის ტოგოს, კამიკაძეების და ა.შ. რატომ ხდება ეს? იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარის ლანძღვა, რა შეცდომაც არ უნდა ჰქონოდათ დაშვებული, არ შეიძლება, ვინაიდან მტრის წისქვილზე ასხამს წყალს?

საბჭოთა კომპარტიის ხელმძღვანელობით განხორციელებული აღმშენებლობა თვალშისაცემი იყო, მაგრამ მის რიგებში ჩაბუდებული ბაცილის წყალობით, კომუნიზმისა და კაპიტალიზმის მეტოქეობა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ამ გზაზე ტრილიონობით ამერიკული დოლარი დაიხარჯა, როგორც კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანთა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა მოქრთამვის, ისე ანტისაბჭოური პროპაგანდისთვის.

მსოფლიოს, თითო-ოროლა კომუნისტური სისტემის ქვეყანა შემორჩა, მათ შორის – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოს, გამოცდილი პარტიული მუშაკის დენ სიაოპინის გადაწყვეტილებით, ჩინეთში დიდი გარდაქმნები განხორციელდა. კომუნისტურ სისტემაში გაჩნდა კერძო საკუთრება, რამაც იდეოლოგიურად კომუნისტური ქვეყანა, ეკონომიკური თვალსაზრისით კაპიტალისტურად გარდაქმნა.

ქვეყნის წინაშე ურთულესი პრობლემა იდგა – მილიარდნახევრიანი სახელმწიფოს გამოკვება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობამ, პრაგმატული მუშაობით გაართვა თავი. გაამართლა დენ სიაოპინის ლოზუნგად ქცეულმა გამონათქვამმა – „არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერისაა კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“.

თანამედროვე ჩინეთი, აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, წარმოუდგენელ წარმატებებს აღწევს არა მარტო ეკონომიკაში, არამედ მეცნიერებაში, კულტურაში, სპორტში, კოსმოსის ათვისების საქმეში, სამხედრო მშენებლობაში. ამას წინათ, სახელგანთქმული რუსი პიანისტი დენის მაცუევი ამბობდა – ჩინეთში 5 მილიონი პიანისტიაო.

ჩინეთმა არა მარტო შიმშილობის პრობლემა დაძლია, არამედ შეუდგა საშუალო ცხოვრების დონის მისაღწევი პროგრამის შესრულებას, რომელიც 2020 წლისთვის დასრულდება. ის, რომ ეს პროგრამა წარმატებული იქნება, ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან 1978 წლიდან დაწყებული ყველა პროექტი ჭარბი წარმატებით განხორციელდა.

სახელმწიფოში გატარებული კარდინალური გარდაქმნების ავტორი და მთავარი წარმმართველი, ჩინეთის კომუნისტური პარტია იყო და არის. კომუნისტური სისტემა უცვლელია, ისე, როგორც მის მიერ ამორჩეული ეკონომიკური ცხოვრების გზა.

ჩინეთის კომპარტია რახანია სერიოზულად იხილავს საბჭოთა კავშირის კპ დაშლის მიზეზებს. ამ საქმეში ჩართულია ჩინელი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. ფართომასშტაბიანი საქმიანობაა გაშლილი, რომლის მიზანია პარტიაში არ დაუშვან კადრების ლიბერალიზაცია, აქეთ-იქით გადახრა-გადმოხრა. პირველად პარტიულ ორგანიზაციებში ხდება დოკუმენტური ფილმის დემონსტრირება, რომელშიც ასახულია საბჭოთა სისტემის თანდათანობითი დასუსტების პროცესი.

ჩინელთა მიხედვით, კომპარტიის დაშლის მთავარ დამნაშავედ მიხეილ გორბაჩოვი და მისი თანამოაზრეები არიან. ზოგი თვლის, რომ საბჭოთა სისტემის კრიზისი მაშინ დაიწყო, როდესაც კრემლმა, ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში არ განახორციელა რეფორმები.

ფილმი ექვსნაწილიანია, სადაც ასახულია საბჭოთა კავშირის სიძლიერე და წარმატებები, ამასთანავე მოგვიანებით გაჩენილი უწესრიგობა და ა.შ. ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელები მოუწოდებენ დოკუმენტური ფილმის მნახველებს, სწორი დასკვნები გამოიტანონ ისტორიის გაკვეთილებიდან.

მაინც რაში გამოიხატება ისტორიის გაკვეთილები? საბჭოთა კავშირი დაიშალა არა იმიტომ, რომ სუსტი იყო მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია, არამედ იმიტომ, რომ მას განუდგნენ, უპირველესად მიხეილ გორბაჩოვი და მისი თანამოაზრეები.

ფილმის დემონსტრირება შემადგენელი ნაწილია იმ ფართომასშტაბიანი კამპანიისა, რომელიც წამოიწყო ჩინეთის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა სი ძინპინმა. მისი მიზანია, პარტიაში დისციპლინის განმტკიცება, პარტიული კადრების დარწმუნება, რომ საჭიროა ბრძოლა იდეოლოგიური საფუძვლების სიწმინდისთვის, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მაო ძედუნის, სხვა პარტიული ხელმძღვანელების, ძველი თაობის პარტიული მოღვაწეების დროს.

დასავლელი ექსპერტების მიხედვით, ფართომასშტაბიანი კამპანია გამოწვეულია აშშ-ს ძირგამომთხრელი მუშაობის გამო. ჩინელი კომუნისტების მიხედვით, ამერიკელებს შემუშავებული აქვთ კომპარტიის დამხობის გეგმა – მშვიდობიანი რევოლუციის გზით, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჩინურ საზოგადოებაში დასავლური ღირებულებების გავრცობა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამეცნიერო წრეებისა და პოპ-კულტურის მეშვეობით.

ჩინეთის კომპარტიის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მმართველობის ცვლის ათწლიანი ციკლი, რაც ყოველ ათ წელიწადში კომპარტიისა და სახელმწიფო მმართველობის რგოლების შეცვლას ნიშნავს.

2012 წლის ნოემბერში განხორციელდა მორიგი ცვლა. გენერალურ მდივნად და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გამოცდილი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე სი ძინპინი, პრემიერ-მინისტრად ლი კეციანი. შეიცვალა სახალხო კრების წევრები და თავმჯდომარე. შეიცვალნენ  ყველა ისინი, ვინც გასული 10 წლის განმავლობაში იყვნენ მაღალ თანამდებობებზე.

დღევანდელი ჩინეთის პარტიული თუ სახელმწიფო მუშაკები ქუჩიდან არ აურჩევიათ, ისინი წინა 10-წლიანი მმართველობითი ციკლის აქტიური შემოქმედნი იყვნენ. ისინი ე.წ. ტრენაჟს გადიოდნენ, სახელმწიფო მართვაში. მათი საქმიანობა, პირადი ცხოვრება პერმანენტული დაკვირვების ქვეშ იყო. პარტია უყურებდა სამომავლო მაღალი თანამდებობის კადრებს, აფასებდა მათ შრომას, შესაძლებლობას, გამოჰქონდა დასკვნები – რამდენად შესაძლებელი იყო მათთვის მაღალი თანამდებობების მინდობა.

2012 წლის პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საბაზრო ეკონომიკის გაფართოების და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მიღება არცთუ იოლი იყო, ვინაიდან ჩინეთის კომპარტიაში არსებული მემარცხენე ძალები ამტკიცებდნენ, რომ პრიორიტეტი სახელმწიფო სექტორს უნდა ჰქონოდა. ამგვარი მიდგომა პოპულარულია იმათში, ვინც აღშფოთებულია შემოსავლების დიდი სხვაობით და მოხელეთა გამდიდრებით.

სი ძინპინს სურს დაანახოს ყველას, რომ საბაზრო ეკონომიკური გარდაქმნები ერთია, ხოლო პოლიტიკური – სხვა, რომ პარტია არ დაუთმობს ლიბერალებს, ამიტომაც მედიასა და ინტერნეტში შემოღებულია აკრძალვა ისეთი თემების განხილვაზე, როგორიცაა კონსტიტუციის რეფორმა, ხელისუფლების დაყოფა, დემოკრატიზაცია.

კამპანიის ამოცანაა, ფართო საზოგადოებას შეაგნებინოს, რომ ჩინეთში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ისეთ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ და არიან გორბაჩოვი, ელცინი, სხვები. სი ძინპინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კომპარტიის კრახის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო – იდეოლოგიური მუშაობის ჩავარდნა.

ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობის აქტიური მუშაობა – მიმართული პარტიული მუშაკების თვითშეგნების ამაღლებაზე – მუდმივი პროცესია, რომლის ოდნავი მოდუნება, პარტიისა და ქვეყნის რღვევის მომასწავლებელი იქნება. ასეთ მოდუნებას უკვე ჰქონდა ადგილი. მაშინ დენ სიაოპინს ტიანანმენზე ტანკების გამოყვანა დასჭირდა. რომ არა მკაცრი გადაწყვეტილება, ვინ იცის რა ვითარება იქნებოდა ჩინეთში და არა მარტო იქ, არამედ მთლიანად რეგიონსა და მსოფლიოში.

ჩინეთი, იუგოსლავია არ არის, თუმცა მისმა დაშლამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, საბჭოეთის დაშლა სისხლიანი რევოლუციით არ მომხდარა, მაგრამ დაშლით გამოწვეულმა ვითარებამ, ეთნიკურმა კონფლიქტებმა, ველური კაპიტალიზმით გამოწვეულმა გაუსაძლისმა პირობებმა ასეულ-ათასობით ადამიანი გაისტუმრა საიქიოს.

სამწუხაროდ, დასავლეთში არსებულ გარკვეულ ძალებს, რომელთა უმთავრესი დევიზია – რაც უარესი, მით უკეთესი, თავიანთ პროგრამაში როგორც ჩინეთის, ისე რუსეთის დაშლა აქვთ დაფიქსირებული. ეს ძალები აქტიურად მოქმედებენ, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ, მაგრამ სახელმწიფოებრივი მართვის მანქანის ოდნავი შეფერხება, მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. ეს კარგად იციან პეკინში, ამიტომაც, ის ცდილობს წინ აღუდგეს სავარაუდო მოვლენებს. ამ მხრივ რუსეთისთვის სასარგებლო იქნებოდა ჩინური გამოცდილების გაზიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ აცდება იმ შავი მიზნების განხორციელებას, რასაც აშშ-ს გარკვეული წრეები ისახავენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.