ჩინეთის გიგანტური ნახტომი

ამერიკული ინგლისურით მოლაპარაკე ქართველ გოგო-ბიჭების გასაგონად – ხომ არ დადგა დრო, ჩინური ენის შესწავლის? დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ წლებში ჩინური ენის სპეციალისტები ხელზე სატარებლები იქნებიან – ამ უზარმაზარი ქვეყნის გრანდიოზული წარმატებების განხორციელების შედეგად.

ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხი თავის დროზე სერიოზულად განიხილა აჭარის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა – ჯერ, საქართველოში ჩინეთის ელჩს მიმართა თხოვნით (ის ხშირი სტუმარი იყო აჭარის ხელისუფლების), აჭარის საშუალო სკოლებისთვის ჩინელი მასწავლებლების გამოგზავნის თაობაზე, შემდეგ 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, პეკინსა და გუანდუნის პროვინციის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას, გაიმეორა იგივე თხოვნა.

ჩინეთში ვიზიტის მთავარი მიზანი კი თავისუფალი ეკონომიკური ზონების მუშაობის გაცნობა იყო. ჩინეთის ხელისუფლებამ ქართველ სტუმრებს ამ თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული პროვინციის, გუანდუნის მონახულება შესთავაზა.

ჩინური ენის სწავლების და თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის საკითხებს, მასპინძელთა მხრიდან სწრაფი რეაგირება მოჰყვა. სულ რაღაც 2 თვეში აჭარას გუანდუნის მთავარი ქალაქის, გუანჯოუს უნივერსიტეტის მეცნიერ-პრაქტიკოსთა ჯგუფი ეწვია, თავისუფალი ეკონომიკური ზონების მუშაობის პერიპეტიების ჩვენთვის გასაცნობად და პარლამენტში განსახილველი კანონპროექტის მოსამზადებლად.

პირველ ჯგუფს მალე მეორე ჯგუფიც მოჰყვა და საერთო ძალისხმევით შეიქმნა კანონპროექტი – საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის თაობაზე. კანონპროექტი, წინასწარ, საქართველოს პარლამენტის წევრებმაც განიხილეს და დადგა კენჭისყრის დღე. მანამდე კი „მოქალაქეთა კავშირის“ წევრების გარკვეულმა ნაწილმა, ცხადია საქართველოს პრეზიდენტის შევარდნაძის მითითებით, შორს დაიჭირა თავი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნიდან და კატეგორიული ნეგატიური განწყობა დააფიქსირა. წინააღმდეგობის საბაბი იყო ის, რომ ინიციატორი ოპოზიციონერი ასლან აბაშიძე და პარტია „აღორძინება“ იყო.

სასარგებლო საქმისადმი ვიწრო, პროვინციულმა მიდგომამ გამოიწვია ჩინელი სპეციალისტების მიერ მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნა. თითო-ოროლა ხმამ გადაწყვიტა კანონპროექტის არ დაკანონება, რამაც ფაქტობრივად გაჩანაგებული ქართული ეკონომიკა არსებულ მდგომარეობაში დატოვა. არადა კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა საქართველოს ეკონომიკა.

სხვათაშორის, აქვე მინდა ვთქვა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭირა სააკაშვილის მიერ შექმნილმა ახალმა პარტიამ. კანონპროექტის დაკანონების შემთხვევაში მოხდებოდა თუ არა ეკონომიკური გარღვევა, ანუ წინსვლა, დღევანდელი გადასახედიდან ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ჩინელი სპეციალისტების დახმარებით და ზედამხედველობით, რაც გამოითქვა კიდევაც მათი მხრიდან, რომ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგებოდა, ჩვენთვის, ამ საქმეში ჩართულთათვის, ცხადზე-უცხადესი იყო. ცნობისთვის, იმასაც მოგახსენებთ, რომ სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონების წაყოლბით მოხდა ჩინური ეკონომიკური აღორძინება.

რაც შეეხება მეორე საკითხს – ჩინელი პედაგოგების გამოგზავნას, ესეც გაკეთდა, თუმცა აჭარიდან ასლან აბაშიძის იძულებითი წასვლის შემდეგ, მსუყე წერტილი დაესვა. მანამდე კი მოხერხდა აჭარის უნივერსიტეტის სტუდენტების მოკლევადიანი სასწავლო მივლინება ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის უნივერსიტეტში, მასპინძელთა ხარჯით.

ჩინელი მასწავლებლების ხელფასებით და საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საკითხს აჭარის ავტონომია იღებდა თავის თავზე. მასწავლებლების თვიური ხელფასი 1500 დოლარი უნდა ყოფილიყო – ჩვენის აზრით, საკმაოდ მაღალი ხელფასი. ჩინელთა აზრით, არცთუ მომხიბლველი, ვინაიდან, როგორც გაირკვა, იქ, პედაგოგები მეტს იღებდნენ. ესეც თქვენი ჩინეთი!

დღეს, ჩინეთის შესახებ საქართველომ მეტი იცის, თუნდაც აქ თითქმის მუდმივ საცხოვრებლად ჩამოსული ჩინელების წყალობით. ჩინურმა მაღაზიებმა, რესტორნებმა და წვრილმა ბიზნესმა თავისი გააკეთა, ისევე, როგორც ჩინეთიდან შემოზიდული სხვადასხვა სახის პროდუქციამ. მაგრამ ღრმა ცოდნა ამ უზარმაზარი ქვეყნისა, ჯერაც არ გაგვაჩნია, რაშიც უპირველესად ქართული დიპლომატიაა დამნაშავე.

ჩინეთში, საქართველოს საელჩოში მომუშავე „დიპლომატები“ და არა მარტო ჩინეთში, სხვაგანაც, თავს არ იწუხებენ მასპინძელი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ყოფის, პოლიტიკის, კულტურის საქართველოს მოსახლეობისთვის გაცნობით. ქართული პრესა დამშეულია ამგვარი სტატიების დეფიციტით. დამშეულია საქართველოს საზოგადოებაც, ვინაიდან მან არცკი იცის, რა ქვეყანასთან აქვს საქმე. ეს, რომ ასე არ ყოფილიყო, ღია ეთერში არ შემედავებოდა ბატონი პეტრე მამრაძე და არ დამიწყებდა მტკიცებას – ჩინეთი ღარიბი ქვეყანააო.

ქვეყნის სოციალური ყოფა სხვადასხვა საზომით იზომება, მათ შორის ტურიზმით, ანუ გარე ტურიზმით, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში ჩინელი ტურისტების რაოდენობით მთელს მსოფლიოში. ჰოდა, ამ პარამეტრით ჩინეთი რახანია პირველია მთელს მსოფლიოში. თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ ჩინეთში ნაწარმი პროდუქცია – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ელექტრონიკა და ა.შ. ავსებს აშშ-ს, სხვა სახელმწიფოების სუპერმარკეტებს, საქმე სხვაგვარადაა.

მახსოვს, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გატარებული და საქართველოში ჩინეთის ელჩის ხშირი მოსვლები სამინისტროში, მაშინ სამინისტროს შენობაში შესვლა თავისუფალი იყო. უცბათ გაიღებოდა კაბინეტის კარი და შემოვიდოდა ჩინეთის ან სხვა ქვეყნის ელჩი. და იმართებოდა უშუალო საუბარი.

ჩვენ ზერელე წარმოდგენაც არ გვქონდა დიდი ჩინეთის შესახებ. აქ მყოფმა ელჩმა კი ზედმიწევნით, კარგად იცოდა რანი ვართ. ჩვენი ცოდნის გასაღრმავებლად ჩინეთის ელჩი მუდამ გვთხოვდა ჩინეთში საქართველოს საელჩოს გახსნას. პირველმა ჩინელმა ელჩმა და მისმა მომდევნოებმა ისე დაამთავრეს თავიანთი დიპლომატიური მისია საქართველოში, რომ საქართველოს ვერადავერ გაახსნევინეს საელჩო ჩინეთში – ფული არ გვაქსო, – იმიზეზებდა ქართული მხარე. ჩვენი ფულით გახსენითო – იყო პასუხი და ასეც მოხდა. თუმცა ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა დიპლომატიაში არსებულ ნორმებს.

აქვე აღვნიშნავ – მასპინძელი ქვეყნის ფულით გახსნილი საქართველოს საელჩო იყო ყაზახეთში, იტალიაში, სხვაგან, რაც დიპლომატიური ანბანის უცოდინარობაა და მეტი არაფერი.

ჩინეთის ელჩის მიერ მოტანილი ბუკლეტებით ვეცნობოდით ამ ქვეყანას და ვერ წარმოგვედგინა, სიმართლე იყო თუ ბლეფი. სიმართლეაო – ყურში ჩაგვძახა ნიკოლოზ გულიაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურმა წარმომადგენელმა ჩინეთში. „ფანჯრიდან რომ ვუყურებ პეკინის ცათამბჯენებს, თავი მანჰეტენზე მგონიაო“, – ამბობდა ის.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს, საქართველოს, ერთობ პატარა და მე ვიტყოდი შეუმდგარ ქვეყანას თითქმის 70 ქვეყანაში აქვს გახსნილი საელჩო, რაც ჩემის აზრით, სრულიად მიუღებელია, ვინაიდან იმ ქვეყნების უდიდეს უმრავლესობასთან საქართველოს პოლიტკიას, მითუმეტეს ეკონომიკას არასდროს ექნება შეხების წერტილი.

გარდა ამისა, პატივცემულო მკითხველო, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს 70 ელჩი? მათი უდიდესი ნაწილი შორს, ძალიან შორს არის დიპლომატიისგან და იმ მოთხოვნებისგან, რასაც დიპლომატია აყენებს – მაგრამ ეს თემა სხვა დროს და სხვა შემთხვევაშია განსახილველი, თანაც საფუძვლიანად, ვინაიდან საბიუჯეტო თანხების ამ საქმეში ხარჯვა ძვირი უჯდება ქვეყანას.

ჩემს მიერ მოყოლილი ისტორია არცთუ შორეულია. ისტორიის თვალსაზრისით ცინცხალი ამბავია და მიუხედავად ამისა, გიგანტური ნახტომი, მოშიმშილე ქვეყნისა. ნახტომი, რომელმაც ეკონომიკური თვალსაზრისით უძლიერეს ქვეყნებს გადაუფრინა და მილიარდნახევრიანი ქვეყანა მსოფლიოს პირველ ეკონომიკად მოავლინა. ძნელად მოიძებნება დარგი, სადაც ჩინელი, მოწინავე არ იყოს: სპორტი, კულტურა, მეცნიერება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. ამას წინათ ცნობილი რუსი პიანისტი დენის მაცუევი შურით ამბობდა: – „ჩინეთს 50 მილიონი პიანისტი ჰყავს“.

სულ ახლახანს რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ზუგანოვის ჩინეთში ვიზიტის დროს მოსკოვის ტელევიზიამ აჩვენა სასოფლო-სამეურნეო ობიექტის დათვალიერების სიუჟეტი. იყო მასპინძელთა შემდეგი სიტყვები – „დარდი ნუ გაქვთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რა რაოდენობითაც გინდათ, იმ რაოდენობას მოგაწვდითო“. და ეს არის გუშინდელი დამშეული ჩინეთი, ნაკლებად ნაყოფიერი ნიადაგით, მაგრამ სწორი გათვლებით და შრომით.

1989 წელს ჩინეთის ლიდერის დენ სიაოპინის ნათქვამმა – „მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერისაა კატა, მთავარია თაგვებს იჭერდესო“, სასწაულები მოახდინა, ანუ კომუნისტური ჩინეთი კაპიტალისტურად გადააკეთა და თანაც ისე, რომ დღეს ჩინელი მილიარდერების რაოდენობა ოდნავ ჩამოუვარდება ამერიკისას.

რაც შეეხება ეკონომიკას, ჩინეთი პირველია. 142 წელიწადის განმავლობაში აშშ-ი იყო მსოფლიო ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აი სავალუტო ფონდის ცნობით, ამ პირველობას ბოლო მოეღო. ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოებით ჩინეთმა გაუსწრო აშშ-ს – 17,6 ტრილიონი დოლარით, 17,4 ტრილიონ დოლარზე. ყოველივე ეს კი ნიშნავს, აშშ-თან შედარებით ჩინეთში არსებული ცხოვრების დონის სიიაფეს.

აშშ-ი 1872 წლიდან დაწყებული იყო მსოფლიო ლიდერი, მანამდე კი დიდი ბრიტანეთი, სადაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრე განხორციელდა სამრეწველო რევოლუცია. მაგრამ აშშ-ს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ (1865), იქ სწრაფად მოხდა ინდუსტრიალიზაცია, რასაც ხელი შეუწყო ამ კონტინენტზე 30 მილიონი ევროპელის გადასახლებამაც.

რამ განაპირობა აშშ-ს ლიდერობა? უპირველეს ყოვლისა მაღალმა შრომის ნაყოფიერებამ, ინოვაციამ და მსოფლიო საფინანსო რეზერვების 62%-ს დოლარებში ყოფნამ. მიუხედავად ამისა, ჩინეთი გადის პირველ ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ეკონომიკა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე აშშ-ს. ავიღოთ ტონა ქვანახშირი, ტონა ფოლადი და ასფალტი – ჩინეთში ისინი გაცილებით იაფია, ვიდრე აშშ-ი.

დავყოთ ქვეყნის საერთო ეროვნული პროდუქტი სამ ნაწილად. პირველი – სოფლის მეურნეობა, მეორე მრეწველობა და კაპიტალური მშენებლობა, მესამე – ტრანსპორტი, მომსახურეობა, ვაჭრობა, ბანკები.

ჩინეთში მთავარი აქცენტი მოდის მეორე ბლოკზე, აშშ-ი – მესამეზე.

აშშ-ი ეკონომიკა აწარმოებს ნაკლებს, ვიდრე ჩინეთი. უფრო მეტიც, ამერიკული მაღაზიები გადაჭედილია ჩინური პროდუქციით, თანაც იაფი, მაშინ, როდესაც ამერიკული ძვირია. ჩინური საქონლის ფასი და ხარისხი ჯობნის ამერიკულს. ჩინურ-ამერიკული სავაჭრო ურთიერთობების მადლით თითოეული ამერიკული ოჯახი ყოველწლიურად 1000 ამერიკული დოლარის დანაზოგს აკეთებს.

ამერიკელებმა ასეთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს – წლის განმავლობაში არ ყიდულობდნენ (ერთი ოჯახის წევრები) ჩინურ საქონელს. საბოლოოდ, ისინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

როდესაც მესამე ბლოკზე მოდის ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების მთავარი აქცენტი – ქვეყანა ცოტას აწარმოებს. ვიღაცამ უნდა აწარმოოს ხალხისთვის ყოველდღიურად საჭირო პროდუქცია. ამერიკა აწარმოებს ასეთ პროდუქციას, მაგრამ მისი თვითღირებულება გაცილებით მაღალია ჩინურზე. საკმარისი იქნება, ჩინეთმა მესამე ბლოკს დაუთმოს ყურადღება, ისიც ამერიკის დღეში აღმოჩნდება.

მახსოვს პრეზიდენტ რეიგანის განცხადება – აშშ-ს მრეწველობიდან განთავისუფლების თაობაზე. ასეც მოხდა. მრეწველობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადავიდა, მათ შორის ჩინეთში. აშშ-ი კი გადაიქცა ნოვაციებისა და ახალი გამოგონების, ანუ ტვინის სამყარო. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ამ იდეამ ბევრი ვერაფერი მოუტანა ქვეყანას.

აშშ-ი აშკარად ხედავს თავისი ჰეგემონობის დასასრულს. ის გრძნობს მის უკან მორბენალი ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, სხვების სუნთქვას. ჯერ-ჯერობით დოლარით, სავალუტო ფონდით, მსოფლიო ბანკით და მსოფლიოს 150 ქვეყანაში განლაგებული სამხედრო ბაზებით, ოკეანებში მცურავი ავიამზიდებით ახერხებს პირველობის შენარჩუნებას, ისევე როგორც „ფერად-ფერადი“ რევოლუციებით, ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდებით, რელიგიათა დაპირისპირებით. მაგრამ შეძლებს ყოველთვის და ყოველდღიურად ამ ტიტანური ავანტიურის განხორციელებას?

ვეჭვობ, რომ შეძლოს, ამიტომ ამერიკული ინგლისურით მოლაპარაკე საქართველოს პოლიტიკას ვურჩევ ახლა ჩინური ისწავლოს და ნაცვლად რაღაც სერიოზულის, ფუნდამენტურის შექმნისა, იღოღინოს, ყანწით ხელში და თქვას – „ღმერთი, რომ მიწებს არიგებდა, ქართველობა ქეიფობდა …“ და ამას ვამბობთ სიამაყით, დღევანდელი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

დიახ, ვიღიღინებთ და ვიმღერებთ, ამასობაში მიწა, რომელიც ჩვენი გვგონია, ფეხქვეშ გამოგვეცლება და დავრჩებით ცარიელ-ტარილნი, უმიწოდ და რაც მთავარია უტვინოდ, მხოლოდ სიმღერით – „მრავალჟამიერო“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.