24.07.2024

საპრეზიდენტო კამპანია

ბატონ გურამ გოგიაშვილს

საპრეზიდენტო კამპანია კულმინაციურ ფაზაშია. პრეზიდენტობისთვის მებრძოლთაგან მხოლოდ კვარტეტია გამორჩეული – ზურაბიშვილი, ვაშაძე, ბაქრაძე, უსუფასვილის შემადგენობით. დანარჩენთა ხმა არ ისმის, არადა ამათ გარდა კიდევ 20-ია.

პრეზიდენტობის კანდიდატთა რაოდენობით საქართველომ მტკიცედ გაიმყარა ადგილი მესამე ქვეყნების სიაში, სადაც უმაღლესი სავარძლის მაძიებელთა რაოდენობა ლამის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება. მიუხედავად ჩვენი ევროპაში „დაბრუნებისა“ და „გაევროპელებისა“, ძველი „შარმი“ მაინც მოგვსდევს, რაც უდავოდ გამოიხატება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ჭარბ რაოდენობაშიც.

საპრეზიდენტო კამპანიის მიერ გამოკვეთილი კვარტეტი ამომრჩევლებს უხვი დაპირებებით კვებავს, თანაც ისეთით, პრეზიდენტის კომპეტენციაში რომ არ შედის. რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ქართულმა პოლიტიკამ ისე გაწვრთნა მოსახლეობა, რომ დაპირებას აღარაფრად აგდებს და მის ნაცვლად სადღეისოდ ნაბოძებ „სიკეთეებს“ (ფულის ან პროდუქტების სახით) ყაბულდება.

საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთის კრიტიკას თავს არიდებენ, მაგრამ მათი მხარდამჭერები ამგვარი თავშეკავებულობით სულაც არ გამოირჩევიან. ისინი ერთმანეთსაც ესხმიან თავს და პრეზიდენტობის კანდიდატებსაც.

ბრძოლის ველი ისევ ტელეკომპანია – განსაკუთრებით „TV პირველი“ და მისი თოქ-შოუებია. სტუდიაში მოპაექრე დაპირისპირებული მხარეები ლამის მუშტით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს – სიტყვით, ყვირილით და ბღავილით რომ  ვერაფერს ხდებიან. მათ გასაგონად ვიტყვი – ისეთი დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები გიკავიათ, შეთანხმება შეუძლებელია, რაც მაყურებელმაც იცის და თქვენგან მარტო იმას ელის, სეირი რომ ჰქვია. მაინც რა დონემდე უნდა მიიყვანო ტელემაყურებელი, თოქ-შოუს მართლა შოუსავით ან ცირკივით უყუროს?

არჩევნებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი და იმედი უნდა ვიქონიოთ კანდიდატები, ნაცვლად წარსულისა, სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკებენ.

აღნიშნული კვარტეტიდან გამოირჩევა სალომე ზურაბიშვილი, რომლის ნათქვამი, წაჩურჩულებაც კი უზომო რეზონანსს იწვევს ოპოზიციონერებს შორის, რომლებიც უხამს სიტყვებსაც არ იშურებენ ივანიშვილის რჩეულის ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის „შესამკობად“.

საპრეზიდენტო მარათონის დაწყებამდე ერთ-ერთ წერილში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ზურაბიშვილი იქნებოდა „ოცნების“ კანდიდატი, უფრო მეტიც ის გაიმარჯვებდა არჩევნებში. ჩემი წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი გამართლდა. იგივე იქნება მეორესთან დაკავშირებით. მაშინ „ოცნების“ პარლამენტარები უმტკიცებდნენ ხალხს, რომ პარტია თავის კანდიდატს დაასახელებდა და მას სხვისგან სასესხებელი არაფერი ჰქონდა.

ვერ გეტყვით, იყო თუ არა „ოცნების“ მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები (საკუთარ კანდიდატთან დაკავშირებით) შოუ? თუ ამას ჰქონდა ადგილი – შეცდომა იყო. უმჯობესი იქნებოდა თავიდანვე ეთქვათ სალომე ზურაბიშვილზე და არა ღობე-ყორეს მოდება.

ზურაბიშვილი გახდა ის სამიზნე, რომელსაც ოპოზიცია გულდაგულ ტყვიას-ტყვიაზე უშენს. მიუხედავად ამისა, კანდიდატი მეტნაკლებად იგერიებს შეტევას და ამ სიტყვიერ ხმალაობაში ახალ საკენკს უყრის ოპოზიციას – თავისი „სხარტი“ გამონათქვამებით.

ზურაბიშვილს უწუნებენ ქართულს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან საფრანგეთში დაბადებულის, გაზრდილის და განათლებამიღებული ადამიანისთვის ძნელია აქ დაბადებულ-გაზრდილივით ილაპარაკოს ქართულად. აშკარაა, რომ ლაპარაკისას ის, ფრანგულად აზროვნებს და ოდნავი შეყოვნების შემდეგ ქართულად გადმოგვცემს სათქმელს, ხშირად უცხოური სიტყვების მოშველიებით.

ამაში გასაკვირი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აქაური პოლიტიკოს-პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ისე ხშირად იყენებენ ინგლისურ სიტყვებს, გეგონებათ მათი მშობლები ან თვითონ ვაშინგტონში, ან სხვა ამერიკულ ქალაქში იყვნენ დაბადებულები. რატომღაც მოდადაა ქცეული ინგლისური სიტყვების რახარუხი, მაშინ, როდესაც მათი ქართული შესატყვისი უხვად გვაქვს.

პოლიტიკოსი გოგო-ბიჭების გასაგონად ვიტყვი – სხვისი კრიტიკა მაშინ არის მისაღები, როდესაც შენ გამართული ქართულით ლაპარაკობ – ყოველგვარი უცხოური სიტყვების მოშველიების გარეშე. სხვისი კრიტიკა მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც სიმართლეს ლაპარაკობ.

ზურაბიშვილს, გარდა ენისა, სხვასაც უწუნებენ ანუ გამონათქვამებს, ძირითადად წინა ხელისუფალთა დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი და მთავარი არის 2008 წლის ომის გაჩაღება. ზურაბიშვილმა, სააკაშვილის მიერ ცხინვალის ომის დაწყების თაობაზე უმალ განაცხადა და განაცხადა მაშინ, როდესაც სხვა ხმას არ იღებდა, პირიქით ომის გამჩაღებელ დამნაშავეს უმღერდა და გუნდრუკს უკმევდა.

დიახ! ომი სააკაშვილმა დაიწყო. დაბომბა რა მძინარე ცხინვალი. „როგორო, მძინარე ცხინვალი როგორ დაბომბაო“ – ყეფენ ოპოზიციონერები. მათ გასაგონად – ღამის თორმეტ საათზე ცხინვალელები კაზინოებში ერთობოდნენ თუ ძილს იყვნენ მიცემულნი?

არის თუ არა ზურაბიშვილი ორიგინალური, როდესაც ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ?

ნამდვილად არა და რატომ? იმიტომ, რომ საერთაშორისო კომისიამ, ტალიავინის ხელმძღვანელობით, დაადგინა ყოველივე, რომელიც გაზიარებულ იქნა ევროსაბჭოს, გაეროს და თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერაც. (იხილეთ ევროსაბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ სააკაშვილის წარმომადგენლებიც, რომლებიც დღეს ზურაბიშვილს ადანაშაულებენ ღალატში.)

რჩევისთვის – როდესაც ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ საერთაშორისო დოკუმენტს, შემუშავებულს ევროპის ცნობილი დიპლომატებისა და ექსპერტების მიერ, ამით უნდობლობას ვუცხადებთ იმ ინსტიტუტებს, საითკენაც თავქუდმოგლეჯილი მივექანებით.

ზურაბიშვილს უწუნებენ სხვა გამონათქვამსაც. მაგალითად, დაახლოებით ასეთს, რომ ვერ იოცნებებს ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე, ვინაიდან ის იცნობს ამ ორგანიზაციებს. რა არის ამაში ასაღელვებელი ან მოღალატური?

ზურაბიშვილმა თქვა სიმართლე, ვინაიდან ოცნებაშიც კი წარმოუდგენელია საქართველოს ხილვა ნატოში ან ევროკავშირში. ამასაც რომ ჰქონდეს ადგილი, მაშინ საქართველო უდავოდ დაკარგავს იმ თავისუფლებას და სუვერენიტეტს, რომელიც მას უბრძოლველად ხვდა წილად საბჭოთა კავშირის დაშლით.

ის, რომ ევროკავშირი ზენაციონალურ ორგანიზაციად იქცა და ისეთ ქვეყანასაც, როგორიც ინგლისია, დააკარგვინა სუვერენიტეტი, ფაქტია. სწორედ ამის გამო გადის ინგლისი ევროკავშირიდან. სწორედ ბრიუსელის მიუღებელმა პოლიტიკამ გამოიწვია უნგრეთის, პოლონეთის, იტალიის, ავსტრიის, სხვების უკმაყოფილება მის მიმართ, რომელიც შეიძლება გაყრით დამთავრდეს.

სატელევიზიო თოქ-შოუებში ზურაბიშვილის დამცველად „ოცნების“ წარმომადგენლები გამოდიან, მაგრამ ვაი ამ გამოსვლას – რამე არ შემეშალოს და ოპოზიციის სამიზნე არ გავხდეო. ჯიქურ მიჭრილ დამნაშავე „ნაცების“ დამადანაშაულებელ კითხვებს ისე პასუხობენ, თითქოს ისინი იყვნენ დამნაშავენი ომის გაჩაღებაში და არა მათი მოპაექრენი. ჯამში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „საქართველო მართალია“ (ასე ამბობენ „ოცნებელები“) და რუსეთი არის აგრესორი. ესოდენ მცდარი პოზიციით ვერც „ოცნება“ წაიწევს წინ და ვერც საქართველო.

„ნაცებს“ და მის ფრაგმენტებს გამუდმებით შეუძლიათ სხვისი დადანაშაულება, ამ შემთხვევაში რუსეთის, მაგრამ ამით თავს ვერ გაიმართლებენ. ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან ომის გამჩაღებელი დამნაშავეები. რისი თქმაც არ უნდა ერიდებოდეს „ოცნებას“.

„ნაციონალები“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ომის დაწყებასთან დაკავშირებით არაერთხელ გამოუყენებიათ რუსეთის პოლიტიკოსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია. ასეთი კი საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება.

ომის დაწყების თემის გააქტიურება იმის მაუწყებელია, რომ მსოფლიო საზოგადოებამ სათანადოდ ვერ შეაფასა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, არ დასაჯა აგრესორი, არ გამოააშკარავა ძალები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ომის გაჩაღებას, რაც უდავოდ მიანიშნებს კოლექტიური დასავლეთის სურვილზე არ დაინახოს კავკასიაში შექმნილი რეალობა.

საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე გარკვეული აქცენტები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს 73-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს. პრემიერის კეთილი სურვილები „ძმებთან“ სამომავლო ურთიერთობების თაობაზე ოფიციალურმა სოხუმმა და ცხინვალმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

„საქართველოს პრობლემა იმაშია, რომ გადაჭარბებით არის დარწმუნებული თავის ეკონომიკურ შესაძლებლობებში და რაც მთავარია გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაში. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის უღარიბესი ქვეყანაა, კრიტიკული პრობლემებით მოსახლეობის ცხოვრების დონესთან დაკავშირებით.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 28-წლიანმა დამოუკიდებლობამ დაამტკიცა მისი სიცოცხლისუნარიანობა. სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი, საერთაშორისო არენაზე ცნობილი და აღიარებული სახელმწიფო. და საქართველოს, „საერთო მომავლის“ არავითარი ილუზია არ უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნის საგარეო უწყება.

მკაცრია მეორე „დამოუკიდებელი“ ქვეყნის აფხაზეთის განცხადებაც: „უკვე  მერამდენედ საქართველოს ხელმძღვანელები იყენებენ რა საერთაშორისო ტრიბუნას, თავის მოტყუებით არიან დაკავებულნი. ცდილობენ რა დაარწმუნონ აუდიტორია და საკუთარი თავიც აფხაზეთთან „საერთო მომავლის“ შესაძლებლობაში, მაშინ, როდესაც ჯიუტად არ ამჩნევენ, რომ მათი „თანამოქალაქეები“ უკვე 25 წელია არიან სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოსთან არავითარი ურთიერთობა არ აქვთ“.

რაც შეეხება მესამე მხარეს, რუსეთს, მან საგარეო უწყების პირით გააკეთა განცხადება ასეთი სახის: „მსოფლიო საზოგადოებას არწმუნებენ რეალობისგან მოწყვეტილი წარმოდგენებით, რომ ამ რესპუბლიკების მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდნენ საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა „რუსი ოკუპანტები“. ქართულ მხარეს ჟენევაში აქვს საშუალება გააცნოს ამ რესპუბლიკების წარმომადგენლებს „სამშვიდობო ინიციატივების“ შინაარსი, მაგრამ ქართულ მხარეს ჯერ-ჯერობით ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია“.

ყოფილი ავტონომიებისა და რუსეთის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები მკითხველის სამსჯავროზე იმიტომ გამოვიტანე, რომ კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა პრობლემები, რომლებიც გამოიწვია 2008 წლის ომმა ანუ სააკაშვილის მავნე პოლიტიკამ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ, ქართულმა პოლიტიკამ დაგმოს მისი 2008 წლის მცდარი ქმედება, დამნაშავე, დამნაშავედ ცნოს და თვალთმაქცობის ნაცვლად რეალობას გაუსწოროს თვალი, საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ასეთი პოლიტიკით ვერაფრით დავარწმუნებთ აფხაზებსა და ოსებს ჩვენს მშვიდობის მტრედობაში და კეთილ სურვილებში. სიმართლე უნდა ითქვას ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ასეთი სიმართლე თქვა ზურაბიშვილმა 2008 წელს და წელსაც, რისთვისაც მას მადლობა უნდა ვუთხრათ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი