22.12.2024

ნატოს საიუბილეო სამიტი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

პრობლემა, რომელმაც სერიოზულად შეაწუხა ევროატლანტიკური სივრცე, არც მეტი, არც ნაკლები ნატოს არსებობაა. ორგანიზაცია 70 წლის წინათ შეიქმნა საბჭოთა კავშირის „აგრესიისგან“ ევროპის კონტინენტის დასაცავად. ამ ხნის განმავლობაში მან ევროპასა და მსოფლიოს დაანახა საკუთარი სურვილები, ევროპის უსაფრთხოების დაცვის საქმეში და არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს. სხვას ვერაფერს ვიტყვით ჩრდილო აფრიკის არაბული სახელმწიფოს ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან გამომდინარე.

ნატო, საბჭოთა „აგრესიის“ შემაკავებელი, დღესაც აქტიური სამხედრო ბლოკია — უძლიერესი მსოფლიოში, ოღონდ ვისგან და რისგან იცავს ევროპას — ობიექტურ კითხვებს აჩენს თვით ამ ორგანიზაციის წევრებში.

ნატოს არსებობას ეჭვის თვალით უყურებდა აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი. საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას სრულიად ობიექტურად უჩნდებოდა კითხვა ნატოს არსებობის თაობაზე, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის შექმნის მიზეზი — საბჭოთა კავშირი და მისი მოსალოდნელი აგრესია აღარ არსებობს. გაუქმდა ნატოს საპირისპირო ორგანიზაციაც — ვარშავის მოლაპარაკების ქვეყნების სახით.

ტრამპი ამ მოსაზრებას პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც ახმოვანებდა — თუმცა შედარებით ნაკლებად. როგორც ჩანს, მასზე ზეგავლენა მოახდინეს „თეთრი სახლის“ ექსპერტებმა, პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა. მიუხედავად ზეწოლისა, ტრამპი შიგადაშიგ ლაპარაკობს ნატოს ყოფნა-არყოფნაზე, რითაც გულს უხეთქავს არა მარტო ამ ორგანიზაციის წევრებს, ისე ნატოს შტაბ-ბინაში მოკალათებულ მოხელეებს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის მაღალანაზღაურებადი მოხელეებისთვის შემოსავლის დაკარგვა? არ იარსებებს ნატო და არც ბრიუსელის შტაბ-ბინაც იარსებებს!

ტრამპის დამოკიდებულება ნატოსადმი, მისი ზიგ-ზაგური, გამოუცნობი პოლიტიკა დიდ თავსატკივარს უჩენს ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სტოლტენბერგს, სხვებს, ისე, როგორც ნატოს წევრ დიდი ქვეყნების — საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის ლიდერებს.

ნატოს გაუქმების შესახებ აქტიური განცხადებების გაკეთება ტრამპმა, არანაკლები სიმძიმის ფინანსური მოთხოვნით ჩაანაცვლა და რახანია ტვინს უბურღავს სხვა ნატოელ ლიდერებს, უსიტყვოდ შეასრულონ ტრამპის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი იძულებული იქნება დატოვოს ორგანიზაცია.

ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს შენახვა აშშ-ს ძვირი უჯდება. ნატოს დაფინანსების 70% ამერიკის მიერ იფარება, მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ევროპის ქვეყნები კეთილსინდისიერად არ ეკიდებიან ნატოს საწევროს გადახდას. სამი წელია ტრამპი ყველა სამიტზე მკაცრი ტონით მოუწოდებს წევრ ქვეყნებს საკუთარი ეროვნული შემოსავლებიდან 2%-ს შეტანას ნატოს ბიუჯეტში. ოფიციალური მონაცემებით, 29 წევრიდან მხოლოდ 9 იხდის პატიოსნად საწევროს — 2%-ს, სხვები კი გაცილებით ნაკლებს, რაც ტრამპს აღიზიანებს და ერთობ აგრესიულად განაწყობს მათ მიმართ.

ლონდონის საიუბილეო სამიტის პირველ დღეს, ტრამპმა თავისი აღშფოთება მედიის წინაშე გამოხატა და ისიც აღნიშნა, რომ თუ არ გადაიხდიან, ტრამპი მათ სანქციებსაც დაუწესებს.

გადახდა-არგადახდის კამათში შეჭრილმა აშშ-ს პრეზიდენტმა გადასახადის რაოდენობა ნაცვლად დასახელებული 2%-ისა, 4%-მდე გაზარდა. ტრამპმა თავისი სურვილი იმით დაასაბუთა, რომ ნატოს ბიუჯეტში აშშ-ი 4%-ზე მეტს იხდის. „გინდათ დაცვა — გადაიხადეთ ფული და ამერიკა დაგიცავთ, თუ არა, ის იფიქრებს ორგანიზაციაში დარჩენა-არდარჩენაზე“.

ტრამპს არ მოსწონს გერმანიის ზერელე დამოკიდებულება საწევროს გადახდასთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ ეკონომიკურად ძლიერი ისეთი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა, 1%-ს ნაცვლად 4% უნდა იხდიდეს, რაზეც გერმანიის კანცლერმა მერკელმა უპასუხა, რომ აღნიშნული თანხის გადახდას გერმანია ნაწილ-ნაწილ 2024 წლამდე თუ მოახერხებს. ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ გერმანია რუსულ გაზს ყიდულობს, რითაც ამდიდრებს რუსეთის ბიუჯეტს, რომელიც ახალ-ახალ იარაღს ქმნის, რითაც ემუქრება ნატოს და ევროპას.

ერთის შეხედვით ტრამპი მართალია. ამერიკას ძვირი უჯდება ნატოს შენახვა და ამისთვის მოუწოდებს მოკავშირეებს გაზარდონ საკუთარი უსაფრთხოების ხარჯები. მაგრამ იბადება კითხვა — რაში დაიხარჯება ფული?

რახანია ნატოს წევრი ქვეყნები ლაპარაკობენ გადაიარაღებაზე, ახალი სამხედრო ტექნიკის შეძენაზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეიარაღებაში ჯერაც არის მოძველებული საბჭოთა ტექნიკა, საბრძოლო იარაღი. გადაიარაღება ნიშნავს სამხედრო კომპლექსისთვის ახალ შეკვეთებს. ასეთ სამხედრო კომპლექსად უპირველესად აშშ-სა მოიაზრება. სამხედრო იარაღს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის საფრანგეთიც ამზადებს, მაგრამ შედარებით მცირე მოცულობით.

ამერიკელები პირველები არიან მსოფლიოში იარაღით ვაჭრობაში. მეორეზე — დიდი ინტერვალით, რუსეთია. ასე რომ, ნატოს წევრი ქვეყნების მიერ საწევროების კეთილსინდისიერი გადახდა, ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შეკვეთების ზრდასაც ნიშნავს.

გარდა ფინანსური საკითხისა, ნატოს შიგნით სხვა სერიოზულმა საკითხებმაც იჩინეს თავი. უპირველესად ევროპის ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნამ. ეს იდეა დიდხანს ტრიალებს ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, … . იდეის სერიოზულ სიბრტყეზე აყვანას ხელი შეუწყო ტრამპის „მსუბუქმა“ დამოკიდებულებამ ნატოს მიმართ. საფრანგეთისა და გერმანიის მეთაურებმა იფიქრეს, რომ ამერიკის არასტაბილური პოზიცია ევროპის უსაფრთხოებაში, საჭიროებს ევროპელთა აქტივიზაციას საკუთარი თავდაცვის საქმეში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მკაცრად გააკრიტიკა ნატო და განაცხადა, რომ „ნატოს ტვინი“ მკვდარია, ვინაიდან ორგანიზაციის მოწინავე ქვეყანა აშშ-ი გამოთქვამს ეჭვს ამ ორგანიზაციის არსებობის აუცილებლობაში.

მაკრონის იდეა ითვალისწინებს ევროპული არმიის შექმნას, ცხადია აშშ-ს გარეშე, ვინაიდან ევროპას ამ ქვეყნის დახმარების იმედი არ აქვს. მაკრონის გათვლით, ახალ სამხედრო ორგანიზაციაში არ იქნება თურქეთი, რომლის არმია ამჟამად, რაოდენობით, მეორეა ნატოში. არ არის გამორიცხული, რომ ახალი ორგანიზაციის მიღმა აღმოჩნდეს დიდი ბრიტანეთი და სხვა „პრობლემებიანი“ ქვეყნები, ნატოს დღევანდელი წევრები.

ევროპის არმიის შექმნა ნიშნავს ნატოს სიკვდილს, ვინაიდან ევროპის ქვეყნები, რომლებსაც უჭირთ ნატოს საწევროს გადახდა, ვერ შეძლებენ ევროპის არმიის შენახვას, მითუმეტეს, როდესაც ალიანსის არსებობის სამხედრო და იდეოლოგიური აზრი, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

საფრანგეთის პრეზიდენტს აშკარად არ მოსწონს ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით ნატოს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა, ავტომატურად ნიშნავს მთელს ბლოკზე თავდასხმას, და აქედან გამომდინარე აგრესორის მიმართ მთელი ბლოკის სამხედრო პასუხს. რატომ უნდა აიტკივოს თავი საფრანგეთმა ან ნებისმიერმა ნატოს სხვა წევრმა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების შემთხვევაში?

ამ ორ ქვეყანას დიდი პრობლემები აქვთ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ორივენი კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. ორივენი ასრულებენ რა მესამე მხარის დაკვეთას, რუსეთის წინააღმდეგ ახორციელებენ პროვოკაციულ, ვერბალურ და სხვა სახის გამოსვლებს.

საფრანგეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თურქეთის დამოუკიდებელი მოქმედება სირიაში — შეუთანხმებელი ნატოს დანარჩენ წევრებთან, ასევე მიმანიშნებელია „ნატოს ტვინის“ სიკვდილზე.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სამიტის ჩარჩოებში, მწვავე დებატები გაიმართა ტრამპსა და მაკრონს შორის. ტრამპმა გააკრიტიკა მაკრონი  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტვინის სიკვდილს“ ადგილი არ აქვს. მას მაშინ ექნება ადგილი, თუ წევრი სახელმწიფოები, საწევროს არ გადაიხდიან.

საფრანგეთის პრეზიდენტის დამოკიდებულება ნატოსთან უდავოდ გამორჩეულია სხვა წევრების პოზიციისგან, თუმცა ამ „სხვაში“ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები არ მოიაზრება. ისინი, განსაკუთრებით პოლონეთი, აშშ-ს მხარეს არიან და მას უჭერენ მხარს. ყველა ისინი ნატოში აშშ-ს მომხრეებად მოიაზრებიან.

საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი თვლის, რომ ნატოს არსებობა მხოლოდ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და სხვა ვირტუალური საფრთხეებისგან ევროპის დასაცავად — აბსურდია, ვინაიდან რუსეთს სულაც არ აქვს სურვილი თავს დაესხას ნატოს რომელიმე წევრს. მაკრონი თვლის, რომ რუსეთთან უნდა გაიმართოს კონსტრუქციული დიალოგი ურთიერთთანამშრომლობის  ჩამოყალიბების მიზნით. ნატოს გამოწვევა რუსეთი არ არის, ნატოს გამოწვევა ტერორიზმია, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

მაკრონის განცხადებამ რუსეთთან მიმართებაში მკაცრი რეაქცია გამოიწვია პოლონეთში, სადაც მაკრონს „კრემლისთვის სასარგებლო იდიოტი“ უწოდეს. არც თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს დაუშურებია სალანძღავი სიტყვები მაკრონისთვის. არანაკლები აღშფოთება გამოთქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმაც პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის დროს.

აღნიშნული მაგალითები ნათელი დასტურია იმ რთული ვითარებისა, რასაც ნატოს შიგნით აქვს ადგილი. ამას უდავოდ ვერ შევარქმევთ ერთსულოვნებას. დიდი სახელმწიფოები, რომელთა სიტყვას წონა აქვს, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, იხილავენ ნატოში არსებულ მდგომარეობას და როგორც ჩანს თვლიან, რომ ამ ორგანიზაციას უფრო მეტი თავისტკივილი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

ცხადია, ნატოს წევრებში საკმაოდ არიან ამ ორგანიზაციის თავგადაკლული დამცველები. მათი პოზიცია იგივეა, როგორიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის მოხელეებში. ყველა მათგანს სურს მსუყე ხელფასების შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა ევროპის ქვეყნების გადასახადის გადამხდელთათვის იმის მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არ ნიშნავს აგრესიის გაქრობას; რომ ეს აგრესია საბჭოთა კავშირის მემკვიდრის რუსეთისგან მოდის; რომ რუსეთი სისტემატურად ერევა ევროპის საკითხებში ინტერნეტის, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიის გამოყენებით და ა.შ.

სტოლტენბერგმა ნატოს არსებობის გამართლების მიზნით, „რუსეთის აგრესიას“, ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებიც დაუმატა და თქვა, რომ ჩინეთის სამხედრო მანქანის ზრდიდან გამომდინარე, ნატომ ყველაფერი უნდა იღონოს თავდასაცავად. სად ევროპა და სად ჩინეთი, მაგრამ თავის გადასარჩენად ანუ ნატოს შესანარჩუნებლად მიკვირს, რომ სტოლტენბერგმა მონღოლური „საფრთხე“ არ მოიმიზეზა.

ნატოს საიუბილეო სამიტი იმით იყო გამორჩეული, რომ წევრი სახელმწიფოების პოზიციები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც ცა და დედამიწა ისეა დაშორებული ერთმანეთისგან. სამიტის კულუარებში მიმდინარე საუბრებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრებსა და პლენარულ სხდომაზე გაჟღერებულ დაპირისპირებას.

ნატოს ლიდერმა აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა, ისე, როგორც წინა სამიტის დროს, მიატოვა შეკრება და ადრე გაემგზავრა მასპინძელი ინგლისიდან. მიუხედავად ნატოს წევრების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობისა საწევროების გადახდასთან დაკავშირებით, ტრამპმა მოახერხა ჯიუტთა დაყოლიება, რამაც ნატოს წლიური ბიუჯეტი 130 მილიარდი დოლარით გაზარდა.

იყო ისეთი მომენტიც, როდესაც ტრამპმა, მიუხედავად რუსეთიდან მომავალი გამოწვევებისა, მოუწოდა ნატოს აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან. ტრამპის მხრიდან ასეთი შეფასებაც გაჟღერდა, რომ რუსეთი არ არის ნატოს მტერი, რომ ტერორიზმია ის დიდი საფრთხე, რაც დგას ნატოსა და მსოფლიოს წინაშე. ზემოთ აღვნიშნე, რომ ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და ყველასთვის გასაკვირად პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ.

პოლონეთი, რომელიც წამსაც არ სტოვებს რუსეთის სალანძღავად, იცვლის პოზიციას, რაც „დიდი ბატონის“ ანუ აშშ-ს წინაშე უყოყმანო მორჩილებას უფრო ნიშნავს, ვიდრე რუსეთისადმი თბილი დამოკიდებულების გამოხატვას.

ამ ფონზე სრულიად მიუღებლად გამოჩნდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესტაიკოს გამოსვლა ნატოს ჩარჩოებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე. მან რუსეთი ტერორისტად მოიხსენია — ქვეყნად, რომელიც ნატოს ემუქრება და რომ არა უკრაინა, რუსეთი დიდი ხანია შეიჭრებოდა ევროპაში. მან უსაყვედურა ნატოს, რომ ის ვერ ხედავს უკრაინის ამ დახმარებას და საპასუხოდ არ იღებს მას ნატოში.

საერთო დოკუმენტში ჩაიწერა რუსული საფრთხის თაობაზე, ისე, როგორც ჩინურის და აქედან გამომდინარე შეიარაღების დაფინანსების გაზრდის თაობაზეც, რაც გამალებულ შეიარაღებას ნიშნავს.

ნატოს სამიტის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სოჭში გამართა შეხვედრა რუს სამხედროებთან, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი განცხადებისა მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, ნატო აგრძელებს თავის პოლიტიკას და რუსეთს მიიჩნევს მეტოქედ, რაც აიძულებს მას (რუსეთს) უპასუხოს ნატოს გამოწვევას.

პასუხი კი — ახალი, დახვეწილი იარაღის შექმნაა.

ასე რომ  ნატოს საიუბილეო სამიტის შემდეგ მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც სამიტამდე — დაძაბული და საფრთხის შემცველი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი