სჭირდება თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტი?

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემა იმდენი წლისაა, რამდენიც დამოუკიდებელი საქართველო. დროდადრო საკითხის აქტუალობა წინა პლანზე გამოდის და ვინც ამას ახმოვანებს, უმალ საწინააღმდეგო პოზიციების მატარებელთა კრიტიკის ქარიშხალში ეხვევა. ასეა ამჯერადაც — ახლებურად გაჟღერებულმა ნეიტრალიტეტმა ისეთი ანტინეიტრალური გნიასი გამოიწვია, უარესს რომ ვერ ინატრებდა ქართველ პოლიტიკოსთა მიერ მტრად შერაცხული ჩრდილოელი მეზობელი.

ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება ნეიტრალიტეტის მიმართ იმით არის განაპირობებული, რომ მას (ნეიტრალიტეტს) რუსეთი უჭერს მხარს და რახან ასეა, ის მიუღებელი უნდა იყოს საქართველოსთვის.

რატომ? — იბადება კითხვა, რომელსაც პასუხს სცემს პოლიტოლოგი ცუცქირიძე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 14 მაისის ნომერში. აი ისიც: „არსებობს ინტერესი, რუსეთის ინტერესი, საქართველო არ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. … უნდა ვეძებოთ სწორედ ასეთი მეგობრები ანუ თავისუფალი და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოების კავშირი. ასეთი ერთადერთია და ეს არის სწორედ ნატო“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცუცქირიძე არ არის ერთადერთი და უნიკალური. საქართველოს პოლიტიკური ელიტა, ზოგიერთთა გამოკლებით, იმ პოზიციაზეა, რაზეც პატივცემული პოლიტოლოგი.

საქართველოს ნატოში გაწევრების თემა, უფრო სწორად ნატოსთან თანამშრომლობა და შემდეგ მის კარზე მიკაკუნება — შემიშვითო, პრეზიდენტ შევარდნაძიდან იწყება და ალბათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევდა, რომ არა მომდევნოს ავანტიურისტული პოლიტიკური გადაწყვეტილება — ღამის ცხინვალის დაბომბვისა და იქ შეჭრის სახით.

ცხინვალმა მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა და ყველა მათგანი ნდობას ეხება ანუ რამდენად სანდო იქნება ნატოში შესული საქართველო თავისსავე ქვეყანაში მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით?! ანუ ნატოთი ზურგგამაგრებული საქართველო ხომ არ დაუწყებს ომს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მათი საქართველოში შემობრუნების მიზნით?!

ბრიუსელში, ისე, როგორც ნატოს წევრი ძლიერი სახელმწიფოების დედაქალაქებში ეს კითხვა არსებობს და მისი გაბათილება დღესდღეობით შეუძლებელია, ისე, როგორც მათი დარწმუნება, რომ საქართველო ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით წარმატებული ქვეყანაა; რომ საქართველო სამაგალითოა ყველა დონის არჩევნების სანიმუშო ჩატარების თვალსაზრისით; რომ საქართველო წარმატებით ატარებს სასამართლო რეფორმებს და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და რომელთა შეუსრულებლობა არ გააღებს ნატოს ჩარაზულ კარს.

და კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორი — რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია თავის საზღვრებთან ნატოს ჩექმის გამოჩენის, რაშიც მას ვერადავერ გავკიცხავთ, ვინაიდან მოახლოებული ნატო — ნიშნავს სამხედრო ბაზებს, სამხედრო კონტიგენტს, რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ ობიექტებზე ნატოს სარაკეტო სისტემების დამიზნებას და მათ გასანადგურებლად ამ რაკეტების საფრენი დროის 5-6 წუთამდე შემცირებას, რაც რუსეთისთვის მომაკვდინებელი იქნება.

უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგება ნიშნავს რუსეთის კაპიტულაციას ან განადგურებას. კაპიტულაციის შემთხვევაში — თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაკარგვას. ასე თვლის რუსეთი და ამ გათვლაში ის მართალია.

ობიექტურად თუ შევხედავთ რუსეთის დამოკიდებულებას ზემომოყვანილი სამეულის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით და იქ ნატოს სამხედრო ბაზების განლაგებას, არ უნდა გაგვიკვირდეს კრემლის ხისტი რეაქციაც — ნატოს ან აშშ-ს სამხედრო ბაზების გაჩენა აღნიშნულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და იქ ამერიკული დამკვრელური რაკეტების განლაგება გვაიძულებს ამ ბაზების განადგურებას.

ეს განცხადება რომელიმე რუს გენერალს კი არ ეკუთვნის, არამედ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. და ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ამას ვერ გაბედავს — ცდება, ისე, როგორც 2008 წელს. მაშინაც ფიქრობდნენ, რომ სუსტი რუსეთი თვალს დახუჭავდა სააკაშვილის ავანტიურაზე, მაგრამ არა!

„ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ჰყავს მტერი რუსეთის სახით, რომელიც ყველანაირი მეთოდით … ცდილობს ჩვენი ქვეყანა არსებობდეს მხოლოდ ფორმალურად, რუკაზე და რეალურდ არ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი“, — ამბობს ცუცქირიძე.

რუსეთი შეეცდებოდა, რომ ეს, ასე ყოფილიყო, დღეს, რომ მე-19 საუკუნე იყოს და არა ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლები. პოლიტიკაში არის წითელი ხაზები, რომელთა გადალახვა იწვევს კონფლიქტს, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა გაუარესებას, ომს და ა.შ. ასეთს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში. ინიციატორი ვითარების დაძაბვისა იყო სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომლებმაც წამოიწყეს საზარელი ავანტიურა — საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ შეიარაღებული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გამოყენებით.

ის, რომ ომის გამჩაღებელი სააკაშვილი იყო, ეჭვი არ შეუტანია სპეცკომისიას ტალიავინის ხელმძღვანელობით და გაეროს, რომელმაც ზედმიწევნით დაზუსტებით ჩამოთვალა საქართველოს ხელისუფალთა და სამხედროთა მიერ ჩადენილი დანაშაული.

არც ყურს და არც გულს სიამოვნებს ესოდენ მძიმე დანაშაულის მოსმენა, მაგრამ ფაქტია და მას ვერსად გავექცევით. სწორედ ეს აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის გამოსვლებში, რისთვისაც მას მოღალატეობა მიაწერეს. არადა ზურაბიშვილი ამას 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული აცხადებდა, ტალიავინზე ადრე. ის მართალი იყო და არის! ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა სიმართლის თქმა. მან გაბედა, რისთვისაც მას მადლობა ეკუთვნის და არა ლანძღვა.

ზოგიერთმა „პატრიოტმა“ ისიც თქვა — ეს რომ ასეც იყოს, მაინც არ უნდა ვთქვათ, ვინაიდან ქვეყანას აზიანებსო. თუ რა აზიანებს ქვეყანას — უპირველესად ტყუილია და თუ არ შევეშვებით ტყუილების თქმას, ბოდიშს არ მოვიხდით ჩადენილი დანაშაულისთვის, დამნაშავეებს ციხეში არ გავისტუმრებთ, კარგი არაფერი დაგვადგება.

ცნობისთვის – ფოლკლენდის ომის გამჩაღებელი არგენტინის ხელისუფლება და სამხედროები ციხეში გამოამწყვდიეს.

საქართველოში ხშირად გაისმის ისტერიული განცხადებები, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობა სურს, ისე, როგორც უკრაინის, მოლდოვას. დაახლოებით ანალოგიური მოსაზრება გაჟღერდა ცუცქირიძესთან ინტერვიუშიც. ჟურნალისტი ნოზაძე ასეთ კითხვას სვამს: „უკრაინამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობა შებღალა, სისხლში ჩაახშო. ასევე საინტერესოა შევარდნაძის მაგალითიც, რომელმაც დსთ-ში შეიყვანა საქართველო, მაგრამ ამის მიუხედავად ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღადგინა“.

თუ ვინ ჩაახშო სისხლში უკრაინის დამოუკიდებლობა საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის. დამოუკიდებლობის „ჩამხშობი“ რუსეთი, რომ უკრაინის ბანდერული ხელისუფლების მიერ საერთაშორისო არენაზე მუდამ სალანძღავად არის გამოტანილი, ფაქტია.

ფაქტია ისიც, რომ უკრაინის მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი — რუსული წარმოშობის, უკიდურესად შევიწროვებულია. ახალი კანონით მათ საყოფაცხოვრებო დონეზეც ეკრძალებათ რუსულად ლაპარაკი.

ვინც დონბასი სისხლში ჩაახშო — ოფიციალური კიევია, რომელიც დღესაც აგრძელებს დონეცკისა და ლუგანსკის დაბომბვას, რასაც მსხვერპლი ახლავს. 13000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა პრეზიდენტ პოროშენკოს დონბასურმა ავანტიურამ. და ალბათ ამაზე ნაკლები არ იქნებოდა, თუ არა მეტი, ყირიმელ რუსებს (80%) ჯერ დამოუკიდებლობა რომ არ გამოეცხადებინათ, შემდეგ კი თხოვნით არ მიემართათ კრემლისთვის, რუსეთის შემადგენლობაში დასაბრუნებლად.

კიევი ჯიუტად არ ასრულებს მინსკის შეთანხმებას, რომელსაც თავდებად გერმანია და საფრანგეთი უდგას. მინსკის შეთანხმებას, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო აწერს ხელს, გაეროს მიერ არის მოწონებული.

რაც შეეხება შევარდნაძეს და დსთ-ს — მან წაგებული ომის შემდეგ შეიყვანა საქართველო დსთ-ში. ისე კი უმჯობესი იქნებოდა შებრუნებით ყოფილიყო.

ენის დაუფიქრებელ ტრიალს საზღვარი არ აქვს.

რომელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და თავისუფლება შებღალა რუსეთმა — ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის თუ სომხეთის? რომელი ერთის?

ყველა მათგანი მჭიდრო კავშირურთიერთობაშია რუსეთთან — ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის თვალსაზრისით. პოლიტიკა ყველას დამოუკიდებელი და რუსეთისგან განსხვავებული აქვს. ისინი არ ლანძღავენ რუსეთს. პირიქით, თანამშრომლობენ მასთან. ისინი არ აჰყვნენ დასავლურ პროპაგანდას და არ დაუწყეს რუსეთს „ბწკენანი და ღრენანი“, არც ნატო-ნატოს ძახილით გააყრუეს სამყარო. ისინი პრაგმატულად მოიქცნენ და იქცევიან, ისე, როგორც თავის დროზე ფინეთი, ავსტრია, სხვები. ვინ მოიგო? ყველამ ერთად —  მათაც და რუსეთმაც.

დამოუკიდებლობის თითქმის 30-წლიანი, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ გამოჩნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც სიღრმისეულად გააანილიზებდა ვითარებას და ისე წარმართავდა ქვეყნის აწმყოსა და მომავალს რომ მშვიდობიან ვითარებაში ეცხოვრა ხალხს.

რა არის ცუდი ნეიტრალიტეტში, თუკი თავდებად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი იქნება? — არც არაფერი.

რას ნიშნავს ნატოს წევრობა? — უძილო ღამეებს, მუდამ რუსული აგრესიის შიშით ცხოვრებას, დაძაბულობას. გაუძლებს გათითოკაცებული ქვეყანა ასეთ ზეწოლას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ნატოში არვინ გვღებულობს და რომც მიგვიღონ — დაცულად მაინც ვერ ვიგრძნობთ თავს!

რაღა შორს მივდივართ, ვკითხოთ ბალტიისპირა ქვეყნებს, ჩვენი ჭკუის დამრიგებლებს — მშვიდ ძილთან დაკავშირებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი