08.12.2024

მსოფლიო „ჟენევა-2“-ის მოლოდინში

იანვრის მეორე ნახევარი საინტერესო პოლიტიკური მოვლენებით იქნება დახუნძლული. სეზონს, დავოსის ყოველწლიური ეკონომიკურ-პოლიტიკური თავყრილობა გახსნის, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ გაიმართება ორი, სუფთა პოლიტიკური კონფერენცია – ტრადიციული და ყოველწლიური მიუნჰენის და „ჟენევა-2“-ის – სირიის საკითხთან დაკავშირებით.

იანვარში ადგილი ჰქონდა ირან-„ექვსეულის“ ტექნიკურ შეხვედრას, რომელმაც მთელი რიგი საკითხები განიხილა, გამომდინარე ჟენევაში მიღწეული წინასწარი შეთანხმებიდან. 20 იანვრიდან იწყება ნახევარწლიანი ხელშეკრულების შესრულების ათვლა, რომლის წარმატებით დასრულება გზას გახსნის სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმებისკენ.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ გასული წელი ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის სრული ტრიუმფის წელი იყო, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გაიმარჯვა რეფორმატორად წოდებულმა ჰასან როუჰანიმ. დღიდან გამარჯვებისა, უფრო სწორად ინაუგურაციისა, ახალი პრეზიდენტი აქტიურად შეუდგა იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, რაც მან ხალხთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ჰასან როუჰანი, გამარჯვებული პრეზიდენტის უიშვიათესი წარმომადგენლია, რომელმაც სავარძლის დაკავებასთან ერთად დაიწყო ირანელთათვის მიცემული დაპირებების დაუყოვნებლივი შესრულება. მრავალ დაპირებათა შორის იყო მთავარი – დასავლეთთან საერთო ენის გამოძებნა, თუნდაც ისეთ რთულ საკითხებში, როგორიცაა ირანის ბირთვული კვლევები, ურანის გამდიდრების პროგრამის „მაგატეს“ ექსპერტებისთვის გაცნობა და აქედან გამომდინარე ირანის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა.

ყველაფერი დაიწყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ახალი პრეზიდენტის გამოსვლით, რომელიც იყო ლაკონური, პრაგმატული, აგრესიული რიტორიკიდან დაცლილი, დიდი სურვილით, ვითარების გაუმჯობესებისთვის. ნიუ-იორკში ყოფნის დროს, ამერიკულ მხარესთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯი იყო 30-წლიანი გაუცხოვებისა და ურთიერთკინკლავის ფონზე.

გასული 30 წელი აღსანიშნავი იყო უპირველესად იმით, თუ როგორ იგერიებოდა ახალგაზრდა ისლამური სახელმწიფო მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყნის გამუდმებულ ღია თუ ფარულ აგრესიას.

იყო 8-წლიანი ომი ერაყთან – აშშ-ს მიერ ინსპირირებული და ვაშინგტონის მხარდაჭერილი, ცხადია სადამ ჰუსეინის სასარგებლოდ. მანამდე იყო ირანელი ახალგაზრდების მიერ თეირანში, აშშ-ს საელჩოს ბლოკადა, რომლებმაც ამ აქტით გამოხატეს თავიანთი გულისწყრომა აშშ-ს მიერ ირანელთა საძულველი შაჰის რეზა ფეჰლევის მხარდაჭერის გამო.

იყო ირანის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების სერია, რომელთაგან ერთ-ერთმა ირანის ახალი მთავრობის სრული შემადგენლობა გაანადგურა. იყო ის, რასაც ჰქვია აშშ-ს მიერ ირანის ნომერ პირველ მტრად შერაცხვა და აქედან გამომდინარე ირანის გაშავება მსოფლიოს მასმედიის საშუალებით.

იყო და არის აშშ-ს მიერ ინიცირებული და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ეკონომიკური სანქციები, რომლებმაც ირანის მოსახლეობის ცხოვრებას სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა. აშშ-ს ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნით ევროკავშირმა, სხვა ქვეყნებმა საკუთარი სანქციები დააწესეს ირანის წინააღმდეგ. გართულდა ირანული ნავთობის ექსპორტი  და საბანკო ოპერაციები. ფაქტიურად ირანი აღმოჩნდა ბლოკადაში, რომელმაც გააუარესა ირანელთა სოციალური ყოფა.

ეკონომიკურ სანქციებს ადგილი არ ექნებოდა, რომ რუსეთსა და ჩინეთს მხარი არ დაეჭირათ ამერიკელებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრის დროს. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან გადაიდგა ეს ნაბიჯი, რომელმაც რუსეთ-ირანის კონსტრუქციულ ურთიერთობებში სინანულის ელემენტი გააჩინა.

უშიშროების საბჭოს კენჭისყრა რუსეთ-ამერიკის კულუარული მოლაპარაკებების ნაყოფადაც შეიძლება ჩაითვალოს, რაზეც ხშირად აკეთებდნენ აქცენტს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, რუსეთის მხრიდან არ ღირდა ამერიკის წისქვილზე წყლის დასხმა. არ ღირდა  იმიტომ, რომ მას არ მოჰყოლია აშშ-რუსეთის ურთიერთობების ისეთი გაუმჯობესება, როგორსაც კრემლი მოელოდა.

„გადატვირთვა“ დასრულდა, მაგრამ ამ პროცესიდან გამომდინარე, ცუნამის სიძლიერის ძვრები არ ყოფილა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან აშშ-ი დასავლეთის ტიპური წარმომადგენელია, რომლისთვის ჩვეულებადაა ქცეული გემოგასული საღეჭი რეზინის გადაგდება. ამერიკისთვის მთავარია საკუთარი ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებისთვის დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხებით ბრძოლა.

ამერიკა ყოველთვის გაუცინებს რუსეთს პოლიტიკურ სცენაზე, მაგრამ პარალელურად, კულისებში ანტირუსულ კამპანიას გააჩაღებს. ამის ნათელი დასტურია აშშ-ს ადმინისტრაციის განაცხადება, რომ ბოიკოტს არ უცხადებს სოჭის ოლიმპიადას, მაგრამ ხელისუფლება არ დაესწრება მას. არანაკლებ საგულისხმოა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, რომელიც აფრთხილებს სოჭში წამსვლელ თავის მოქალაქეებს, მოჭარბებული ყურადღებით იყვნენ ტერორისტული აქტების გამო, თან მხედველობაში მიიღონ ის, რომ სოჭში სასტუმროების დეფიციტია, გარდა ამისა, რუსეთში აკრძალულია გეი მიტინგები და გამოსვლები.

და ეს ის უწყებაა, რომლის ხელმძღვანელი ჯონ ქერი, თავის რუსი კოლეგის თხოვნის საპასუხოდ, ჟენევაში გამართული მოლაპარაკების წინ, აიდაჰოს ფალოსური ფორმის კარტოფილებს გადასცემს. და არა მარტო კარტოფილებს, აშშ-ი სპეცსამსახურების თანამშრომლებსაც აგზავნის მოსკოვსა და სოჭში, ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

პარადოქსებით არის აღსავსე საერთაშორისო ურთიერთობები. ძნელია მის ჩახლართულ ლაბირინთებში გარკვევა, მაგრამ ისეთი დიდი და პრეტენზიების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც რუსეთია, შავის და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევა ძნელი არ უნდა იყოს.

ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციამ, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებასთან დაკავშირებით, როგორც ბრძანება ისე იმოქმედა მის მოკავშირე ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებზე, რომლებმაც, ყურით მოთრეული მიზეზით, უარი თქვეს სოჭში გამგზავრებაზე.

ესეც თქვენი „გადატვირთვა“. სრულიად დასავლეთმა მამათმავალთა კურტუმოს ქნევის დონეზე დაიყვანა ოლიმპიური თამაშები, ხოლო ნობელის პრემიის ლაურეატებმა, რუსეთის პრეზიდენტისთვის მიწერილი წერილით, სადაც მკაცრი მოთხოვნაა რუსეთის მიერ მიღებული გეი პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის გასაუქმებლად, გამოავლინა დასავლეთის ნამდვილი სახე.

ბარაქალა თქვენს მარჯვენას, რომელმაც ხელი მოგაწერინათ დოკუმენტზე. მსოფლიოში, სადაც შიმშილით ყოველ წუთს ათეულ-ათასობით მცირეწლოვანი ბავშვი კვდება, მამათმავლების „გაგულავებაა“ მთავარი? მამათმავლობა გადაარჩენს მსოფლიოს? დარწმუნებული ვარ, გათხოვილ ყოფილ ვიცე-კანცლერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს გიდო ვესტერველეს, სხვა მაღალჩინოსან გეებს ასე ჰგონიათ, მაგრამ ასეა საქმე?

აშშ-ი ყოველთვის იქნება გეების ინტერესების დამცველი და გეების ინტერესების წინააღმდეგ ამხედრებული რუსეთის ხელისუფლების  გამკიცხავი. და არა მარტო გეების საკითხში, სხვა უფრო მნიშვნელოვანში, სახელმწიფო პოლიტიკა და ინტერესები რომ ჰქვია.

ამერიკელთა შეხედულებების მიუხედავად, რუსეთს თავისი ინტერესები უნდა ჰქონდეს თუნდაც ისეთი, რასაც 16 იანვარს ჰქონდა ადგილი. ამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ირანისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღო შვეიცარიის ქალაქ მონტროში „ჟენევა-2“ კონფერენციის საკითხებთან დაკავშირებით. რუსეთი დაბეჯითებით მოითხოვს კონფერენციაში დაინტერესებული ყველა მხარის, მათ შორის ირანისა და საუდის არაბეთის მონაწილეობას. აშშ-ი არ იზიარებს რუსეთის მოსაზრებას ირანის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მას ჯერ არ მიუღია გაეროს მოწვევა და თუ მიიღებს, ის აუცილებლად დაესწრება კონფერენციას.

პუტინთან შეხვედრის დროს განხილული იქნა რუსეთ-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხიც. გადაწყდა, რომ რუსეთი შეიძენს ირანის ნავთობს, რაც ვაშინგტონს არ სიამოვნებს. რუსეთის მხრიდან დაბეჯითებით ითქვა, რომ ადგილი ექნება ირანული ნავთობის იმპორტს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს აშშ-ს.

გასული წლის მიწურულს აშშ-ს კონგრესმა გადაწყვიტა თავი შეიკავოს ირანის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღებაზე. მკითხველს შევახსენებ, რომ „ქორი“ რესპუბლიკელები, ისეთები, როგორებიცაა სენატორი მაკკეინი, სხვები, კატეგორიულად მოითხოვდნენ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც საგრძნობი პროგრესი აღინიშნა „ექვსეულ“-ირანის მოლაპარაკებაზე. მოთხოვნის მიზეზი იყო პრიმიტიული – ირანი მოგვატყუებს და გააგრძელებს ურანის გამდიდრებასო.

კონგრესის გადაწყვეტილება არის ასეთი – ვიდრე მოქმედებს წინასწარი შეთანხმების გამოსაცდელი ვადა, ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღება წერტილს დაუსვამს პროგრესს. კონგრესის წინაშე გამოსვლის დროს სახელმწიფო მდივანმა ქერიმ აღნიშნა შემდეგი: „ჩვენ დავუბრუნდებით სანქციების საკითხს იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი შეთანხმება უშედეგო გამოდგება. ამჟამად ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და სანქციების შემოღება ზიანს მოუტანს შეთანხმებას“.

ნავთობიანი და გაზიანი ირანი, ამავდროულად ბირთვული იარაღის გარეშე, სასურველი პარტნიორია ევროკავშირისთვის. და ეს, რომ ასეა, თეირანში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტითაც დამტკიცდა. საქმიანი კონტაქტები აღდგა „მაგატესთანაც“. ამ ორგანიზაციის ექსპერტებმა გასული წლის ბოლოს გასინჯეს არაკის მძიმეწყლის რეაქტორი. „ირანმა გამოავლინა სრული გამჭვირვალობა“, – ითქვა მათი მხრიდან.

გასული წლის დეკემბერში ირანში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. მთელ რიგ საკითხებთან ერთად, რომელიც განხილულ იქნა ამ ვიზიტის დროს, იყო „ჟენევა-2“ კონფერენციის თემებიც. კონფერენციაში ირანის მონაწილეობა არ უნდა იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რამეთუ, სპეციალისტთა აზრით, ის, რაც სირიაში ხდება, მეტწილად განპირობებულია ირან-საუდის არაბეთის ინტერესებით. ეს ორი ქვეყანა იბრძვის ახლო აღმოსავლეთის ლიდერობისთვის, აგრეთვე ენერგომატარებლების სატრანზიტო გზებისთვის.

ლავროვის ვიზიტი სხვა მოსაზრებითაც იყო გამოწვეული, უპირველესად რუსეთის პოზიციის განსამტკიცებლად ირანში. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წინასწარი შეთანხმებით არის დაგეგმილი, ადგილი ექნება ირანის, დასავლეთთან, კერძოდ აშშ-ნ და ევროკავშირთან დაახლოება. დაიწყება მთელ რიგ საკითხებში დაახლოების პროცესი, რაც თავისთავად იმოქმედებს რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტებაზე.

ექსპერტთა გათვლით, აშშ-ი შეეცდება ირანთან აღადგინოს ძველი ურთიერთობები არა მარტო ეკონომიკის დარგში. 80 მილიონიანი ირანი სწორედ ის მსუყე ლუკმაა, რომლის მირთმევასაც შეეცდება აშშ-ი. გარდა ამისა, ირანში ფეხმოკიდებული ამერიკა თავის გავლენას გააფართოებს კასპიისპირა ქვეყნებში, პაკისტანში, ინდოეთში, კავკასიაში, რითაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ამ რეგიონში რუსეთის ინტერესებს. ამდენად ირანთან რუსეთის მჭიდრო ურთიერთობას, რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ირანის წინა, კონსერვატიულ ხელისუფლებას რუსეთი მთელ რიგ საკითხებში მთავარ იმედად მიაჩნდა, განსაკუთრებით სანქციების მოხსნის თვალსაზრისით. ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის გარეშე ეს პრობლემა არ გადაიჭრება. ახალი ირანი აინტერესებს დასავლეთს, მაგრამ რუსეთსაც აინტერესებს ის და არ აპირებს პოზიციების დათმობას, როგორც ირანში, ისე რეგიონში.

რას სთავაზობს რუსეთი ირანს? უპირველესად კოსმოსის დარგში თანამშრომლობას. რუსეთი დაეხმარება ირანს ხელოვნური თანამგზავრის გაშვებაში. მეორე – ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობას, განსაკუთრებით ატომურში. ამ დარგში რუსეთ-ირანი რახანია მუშაობენ. მესამე – სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. სამივე მიმართულებით რუსეთს, დასავლეთთან შედარებით, პრიორიტეტული პოზიციები უკავია, მაგრამ მათი აღსრულება მხოლოდ სანქციების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რუსეთ-ირანის ტანდემის გამარჯვებაზე მიანიშნებს დასავლეთის პოზიციების შეცვლა სირიის ხელისუფლების, კერძოდ ბაშარ ასადის მიმართ. დასავლეთი აღარ გამოდის „ჟენევა-2“ კონფერენციაში სირიის ხელისუფლების მონაწილეობის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, დასავლეთი აღარ მოითხოვს ბაშარ ასადის გადადგომას. პირიქით, ის მიიჩნევს, რომ გადადგომის შემთხვევაში ქვეყანაში ადგილი ექნება ქაოსს და რადიკალი ექსტრემისტების მიერ ხელისუფლების უზურპაციას. საინფორმაციო-სააგენტო „როიტერის“ მიხედვით, ახალი აქცენტები ბაშარ ასადის მისამართით აშშ-ს და დიდ ბრიტანეთის მიერ ისმება, რაც თავისთავად აახლოებს რუსეთის და მათ პოზიციებს. ყოველივე აღნიშნული კი ანერვიულებს საუდის არაბეთს, რომელსაც დღემდე ვერ მოუნელებია აშშ-ს უარი სირიის დაბომბვაზე.

სირიის კონფლიქტმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია. სუნიტები და შიიტები არაბულ ქვეყნებში აგროვებენ ფულს კონფლიქტში მონაწილე მხარეების დასახმარებლად. საუდის არაბეთი, რომელიც აფინანსებს სირიის რადიკალებს, ცდილობს გააერთიანოს არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ.

ისლამის ორ შტოს – სუნიტებსა და შიიტებს შორის განხეთქილება არა მარტო სირიაში შეინიშნება, არამედ ახლო აღმოსავლეთში. რეგიონის ზოგიერთი მონარქია, მათ შორის საუდის არაბეთი, იარაღითა და ფულით ეხმარება „ალ-კაიდასთან“ დაახლოებულ ორგანიზაცია „ან ნუსრას“.

ქუვეიტში, სადაც წლების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სუნიტები და შიიტები, დაპირისპირება შეინიშნება. ქუვეიტის სუნიტები სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევენ სირიის ანტიასადურ ძალებს.

არც სხვა ქვეყნებშია დამშვიდებული ვითარება, რაც თვალნათლივ მეტყველებს იმაზე, რომ სირიის კონფლიქტმა უკვე გადალახა ამ ქვეყნის საზღვრები და სხვადასხვა ფორმით რეგიონის ქვეყნებს მოედო.

სწორედ მეტასტაზების შესაჩერებლად არის განპირობებული „ჟენევა-2“ კონფერენცია. სწორედ მან უნდა დაუსვას წერტილი სირიის ომს და აქედან გამომდინარე, მთელ რიგ პრობლემებს. სწორედ მან უნდა დააფიქსიროს დასავლეთისა და რუსეთის ერთიანი პოზიცია კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონის აფეთქება გარდაუვალი იქნება. რამდენად განხორციელდება პოზიციათა შეჯერება – „ჟენევა-2“ გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.